მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > იღუმენ ნიკონის ცხოვრებიდან
იღუმენ ნიკონის ცხოვრებიდან8-03-2018, 00:03 |
გადასახლებიდან სასწაულებრივად დაბრუნებული მამა ნიკონი 1944 წელს კალუგელი ეპისკოპოსის ბასილის მიერ დადგენილ იქნა ქ. კოზელსკის ხარების ტაძრის წინამძღვრად, სადაც 1948 წლამდე მსახურობდა. აქ იგი ასკეტურად ცხოვრობდა, მსახურებიდან თავისუფალ დროს სახარების კითხვაში, ლოცვასა და წმ. მამათა ცხოვრების შესწავლაში ატარებდა, მისი ქადაგებები ღრმა სულიერებით იყო სავსე, განსაკუთრებული ძალისა და დამაჯერებლობის. ასე იზიდავდა მამა ნიკონი გარშემო მორწმუნეებს. 1948 წ. იგი ქ. ბელევში, ს. ეფრემოვში გადაიყვანეს, შემდეგ სმოლენსკში, ბოლო ეპისკოპოსის სერგის კურთხევით, იმ დროისათვის გაღატაკებულ ეპარქიაში, ქ. ჟგატსკში გაამწესეს. ბევრი უსიამოვნება და ამსოფლიური პრობლემები გადაიტანა მამა ნიკონმა ჟგატსკში. მაგრამ, მისი თქმით, სულიერი თვალსაზრისით ბევრი რამ მისცა ამ პერიოდმა. მთავარი, როგორც თვითონ აღნიშნავდა, მორჩილების სწავლა იყო. „რა არის ღვთის წინაშე ჩვენი საქმეები, ჩვენი ლოცვა და საერთოდ ვინ ვართ ჩვენ? ყოველი დღე უნდა დაიწყო მეზვერის ლოცვით: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს". მივხვდი, რომ მე არაფერი ვარ, ხოლო ჩემი არსებობა - ღვთის დიდი წყალობა. ჩვენ, ღვთის ქმნილებებს, რა გვაქვს საამაპარტავნო, რა უნდა დავუპირისპიროთ მას? ღმერთმა დაგვაჯილდოვა უდიდესი პატივით - ვიყოთ ღვთის შვილები. გამოგვისყიდა, რომ აღვედგინეთ, გვიშველა - ეს ხომ მისი, უზეშთაესის მოწყალებაა. ვცოდავთ, ვცოდავთ, ღმერთი გვპატიობს - კვლავ მისი დიდსულოვნება. ჩვენ რა გვაქვს? ჩვენი არაფერი და ეს ადამიანმა არა გონებით, არამედ გულით უნდა გაითავისოს. ყველა დიდი და შთაგონებული ლოცვის ძირი მეზვერის ლოცვა უნდა იყოს: „ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს", „მატლ ვარ და არა კაც", ფიქრობთ რომ, მხოლოდ ლამაზი სიტყვებია დავით მეფსალმუნის სინანული?! არა, ისინი იმ მდგომარეობის ნაყოფია, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. და ეს ითვლება მოჩილების პირველ ეტაპად. მინდა გითხრათ მთავარი, ადამიანმა უნდა იგრძნოს ღვთის სიყვარული არა მარტო გონებითა და გულით, არამედ მთელი მისი არსებით, ქედმოდრეკილი ლოცვას აღუვლენდეს, მადლობდეს ღმერთს უდიდესი მოწყალებისა და სიყვარულისათვის, მას უნდა უნდოდეს მაცხოვრის გვერდით ჯვარცმა და იმ ტკივილის გადატანა, რაც ღმერთმა ჩვენთვის, ცოდვილთა გადასარჩენად დაითმინა. ჩვენ კი, პატარა მწუხარების ატანა გვიჭირს. ეკლესიის განწესებით ლოცვის დასაწყისი სიტყვებია: „დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა". დიდება, მადლობა ღმერთო, შენი უსაზღვრო მოწყალებისთვის, სიყვარულისთვის, შეწყნარებისთვის. იმისთვის, რომ შენ, უზენაესმა, რომლის წინაშეც ზეცისა ძალნი ძრწიან, მოგვეცი პატივი, ვიყოთ შენი შვილები, მოგვეცი უფლება, გიწოდოთ ჩვენი ღმერთი, ვითხოვოთ შეწევნა, ვილოცოთ შენს წინაშე. ღმერთი ყველაფერს აკეთებს ადამიანის გადასარჩენად, მის გასახარად. არ შევუშინდეთ სიძნელეებს, მწუხარებებს, ყველაფერი ღვთის ნებაა. გაიგეთ? გონებით გასაგებია, ხოლო გულით გაგებამდე ბევრი გვაკლია. გულამდე რომ ჩავიდეს ღვთის სიყვარული, განმარტოებით უნდა ილოცო. აუცილებლად! ხოლო შემდეგ სახარებისეულად უნდა იცხოვრო, ცოდვები მოინანიო. ადამიანი არა მარტო უნდა მიხვდეს, არამედ იგრძნოს, რომ ცოდვილია და ღვთის წინაშე დადგეს, როგორც მეზვერე. ამას ადვილად ვერ მიაღწევს. იგი მრავალგზის დაეცემა, ღვთის მცნებებს დაარღვევს. დაეცი - აიძულე თავი, ადგე. და ბოლოს და ბოლოს მიხვდები, რომ იღუპები ღვთის გარეშე". სასულიერო ლიტერატურიდან მამა ნიკონი აღიარებდა წმ. მამათა ქმნილებებს, ეკლესიის მოღვაწეთა ნაშრომებს. მაგ, განსაკუთრებული სიყვარულით იხსენიებდა ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვს (იმ დროისათვის ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვი წმინდანად შერაცხული არ იყო). საზღვარგარეთის შესახებ მამა ნიკონი ამბობდა: „კარგია, რომ ჩვენთან საზღვრები ჩაკეტილია. ეს ღვთის წყალობაა ჩვენს ხალხზე, ასე რომ არ იყოს, წაგვლეკავდა (განსაკუთვრებით ამერიკიდან) სატანური, სექტანტური ლიტერატურა. ჩვენი ხალხი საზღვარგარეთულს ყველაფერს დახარბებულია და ადვილად დაიღუპებოდა. ავიღოთ ბერდიაევი, როგორ ბილწ გამოთქმებს იყენებს წმ. მამებთან მიმართებაში. მას შეიძლება არც აქვს წაკითხული წმ. მამათა ნაშრომები, ან წაიკითხა უსულგულოდ. არ ესმის რა არის ქრისტიანობა და ამიტომ წერს ასეთი კადნიერებით. ბევრი, განსაკუთრებით მიგრაციაში, სულიერ საკითხებს არასწორად განმარტავდა, რა საოცარი წიგნები აქვთ წმ. მამებს. შეიძლება მათ მაგივრად მაკულატურა ვიკითხოთ?" მამა ნიკონს ძალიან უყვარდა ღვთისმსახურება. იგი ლოცულობდა გულმოდგინედ, ყურადღებით, მთელი სულითა და გულით, რასაც გრძნობდა ტაძარში მდგომი მრევლი. წირავდა უბრალოდ. ვერ იტანდა არტისტიზმს და პოზიორობას კითხვის, გალობის, მსახურების დროს. „არტისტებს" შენიშვნებს აძლევდა. მამა ნიკონი ხშირად იმეორებდა: საეკლესიო გალობამ ტაძარში მდგომს გონება უნდა მოუკრიბოს, სული განაწყოს ლოცვისთვის, თუ არ დაეხმარება ადამიანს ლოცვაში, ხელი არ უნდა შეუშალოს მაინცო. მამა ნიკონი არავის უშვებდა საკურთხეველში, მით უმეტეს, უსაქმოდ იქ არავის აჩერებდა. არასოდეს საუბრობდა და არც სხვას ანებებდა. აღსარებას ლოცვის დაწყებამდე ან წინა დღეს იღებდა, ხოლო ლიტურღიაზე არასოდეს. ამბობდა, რომ წირვის დროს ადამიანი უნდა ლოცულობდეს, აღსარების რიგში კი არ უნდა იდგესო. მამა ნიკონი აღსარების შემდეგ ყველას არ აზიარებდა. თუ ადამიანს მძიმე ცოდვა ჰქონდა, და არც მარხვა შეუნახავს დიდი ხანია, მამა ნიკონი ზიარებას მომავალი მარხვისთვის განადიდებდა, ამასთან ეპიტემიად გარკვეული რაოდენობის მეტანიებს და ლოცვებს აძლევდა. მამა ნიკონს ძალიან არ უყვრდა, როცა წესი სრულდებოდა ჩქარა, გაურკვევლად, იგი ამბობდა, უმჯობესია, ნაკლები წაიკითხო, მაგრამ მორჩილებით, კრძალულებით და გარკვევით, ვიდრე შევრყვნათ ლოცვა და ღვთის სიტყვაო. მამა ნიკონის აზრით, რუსმა ხალხმა იმიტომ დათმო ადვილად რწმენა რევოლუციის შემდეგ, რომ ქრისტიანობა მხოლოდ გარეგანი წესების შესრულებით ამოიწურებოდა: წყლის კურთხევა, ჯვრისწერა, ნათლობა, წესის აგება, მარხვის დროს საკვების შეზღუდულად მიღება. ხალხმა არაფერი იცოდა ვნებებთან ბრძოლის შესახებ და არც არავინ ასწავლიდა. ამიტომ იყო, როცა ხალხს გამოუცხადეს, რომ საეკლესიო წესი, ეს ტყუილი, მღვდლების მოგონილია, უმრავლესობამ ღვთის რწმენა ადვილად დათმო, რადგან მათთვის ღმერთი წეს-ჩვეულება იყო, თუკი წესი აღმოჩნდა ტყუილი, ე.ი. ღმერთიც გამოგონილია. წმ. მამა ხშირად იმეორებდა, რომ სამღვდელოების ყველაზე საშინელი მტერი ხალხისთვის თავის მოწონების მცდელობა, ღვთისმსახურების გარეგნულად ლამაზად ჩატარების სურვილია. ვინაიდან ეს ყველაფერი მღვდელს არტისტად, ფარისევლად, ხოლო ხალხს კერპთაყვანისმცემლად აქცევს, რომელმაც ქრისტე დაივიწყა და ყურადღება მხოლოდ გარეგნულ მხარეზე გადაიტანა. მამა ნიკონი მკაცრი და მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ. დგებოდა არა უგვიანეს ექვსი საათისა, წვებოდა თორმეტისთვის. დილით, როცა წირვა არ ჰქონდა, ლოცულობდა და მოლოდ 10 საათისთვის საუზმობდა. კითხულობდა წმ. მამებს, მუდმივად - ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვს. იგი სულიერ წინამძღვრად უანდერძა მამა ნიკონმა თავის ახლობლებს. თვლიდა, რომ უდიდესი სულიერი საზრდო იყო ბრიანჩანინოვის თხზულებები. მამა ნიკონი ამბობდა: „რადგან წმიდა მამები ჩვენთვის მიუწვდომლები არიან, შეიძლება არასწორად გავიგოთ ბევრი რამ. ეპ. ეგნატემ ფაქტიურად თანამედროვე რუსულზე გადმოიღო მათი სწავლება". მამა ნიკონი არასოდეს ტოვებდა წამოჭრილ საკითხს გაურკვევლად. იმწამსვე იღებდა განმარტებით ლექსიკონს, ცნობარს. ფრანგული და გერმანული ენების კარგი მცოდნე კითხულობდა საზღვარგარეთულ ლიტერატურასაც. მამა ნიკონი არავის ანებებდა მის მაგივრად გაეკეთებინა საშინაო საქმე. მიუხედავად იმისა, რომ გადასახლების წლებმა მას საშინლად შეურყია ჯანმრთელობა, აწუხებდა გული და ხელ-ფეხის სახსრების რევმატიზმი, თვითონ ანთებდა და წმენდდა ღუმელს, სხლავდა და უვლიდა ხეხილს, ჭრიდა და აპობდა შეშას. სანამ მამა ნიკონს ფიზიკური ძალა ჰქონდა, მუხლჩაუხრელად შრომობდა. გააშენა ხეხილის ბაღები, გჟატსკში უსასყიდლოდ ამარაგებდა მსურველებს ვაშლით, ალუბლით, სხვადასხვა ხილით. ატარებდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს ტაძრებში. გულისტკივიულით ლაპარკობდა იმ ეპისკოპოსების შესახებ, რომლებსაც თვითნებურად გადაჰყავთ მღვდელი ადგილიდან ადგილზე. უგულებელყოფენ მღვდლისა და მრევლის აზრს და ამით დიდ ზიანს აყენებენ თვით ეკლესიას. ადამიანებთან დამოკიდებულებაში მამა ნიკონი სხვადასხვაგვარი იყო, ზოგს წყნარად ელაპარაკებოდა, ზოგს ნუგეშს სცემდა, ხოლო ზოგიერთებს პირდაპირ ამხელდა. მან არ იცოდა რა იყო კაცთმოთნეობა, არ უყვარდა კაცი ფარისეველი და ცბიერი. ეშმაკეულებს კვეთებულს არ უკითხავდა, ერიდებოდა ხალხის იაფფასიან აღიარებას, ისინი ყოველთვის ეძებს საკვირველმოქმედებებს, შორსმჭვრეტელებსა და წინასწარმეტყველებს. „ხალხის უმრავლესობამ - გულისტკივუილით აღნიშნავდა წმ. მამა, - არ იცის რა არის ქრისტიანობა და გადარჩენის, სასუფევლის გზას კი არ ეძებს, არამედ იმათ, ვინც მიეხმარება აქ, ამ წუთში, მოაცილებს სატკივარს და იხსნის მწუხარებისაგან". ამ განწყობით მასთან მისულებს მამა ასე მოძღვრავდა - „არ გინდა მწუხარება - ნუ სცოდავ, შეინანე ჭეშმარიტი სინანულით, არ ჩაიდინო ბოროტება მოყვასის წინაშე, არც საქმით, არც სიტყვით, აზრითაც კი, ტაძარში ხშირად იარე, ილოცე, გულმოწყალე იყავი შენი ახლობლების, მეზობლების მიმართ და უფალიც შეგიწყალებს და მწუხარებასაც აგარიდებს თუ საჭიროა". ზოგიერთები ასეთი დარიგებით უკმაყოფილნო მიდიოდნენ წმ. მამისაგან. იგი არ ეუბნებოდა მათ, რა უნდა გაეკეთებინთ, რომ ძროხას ბევრი მოეწველა, ქმარი სმას გადაჩვეოდა, არც სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს აძლევდა ასეთი რამეებისათვის. 1956 წ. აღდგომის დღესასწაულისთვის მამა ნიკონი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში ეპისკოპოს მიქაელის მიერ. 1962/63 წლების ზამთარში იღუმენი ნიკონი დაუძლურდა. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ვეღარ იღებდა საკვებს, ხოლო მანამდე დღეში ერთხელ სვამდა მხოლოდ რძეს, ცოტა თეთრი პურით და კენკრით. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ის იყო მშვიდი, ყურადღებიანი და მსუბუქი ღიმილი ჰქონდა სახეზე, გარდაცვალებამდე მხოლოდ 10 დღით ჩავარდა ლოგინად. ღვთისმშობლის მიძინებისთვის უკანასკნელად მიიღო აღსარება ახლობლებისაგან. თვითონ რამოდენიმეჯერ ეზიარა სახლში. გარდაცვალებამდე ნათელი გონება ჰქონდა და ბოლო წუთამდე მოძღვრავდა გარშემო მყოფებს: ეცხოვრათ მცნებების აღსრულებით, მუდმივი სინანულით, ხშირად ეკითხათ ეგნატე ბრიანჩანინოვი, განრიდებოდნენ ამსოფლიურ ფუსფუსს, რომელიც ასე აშორებს ადამიანის სულს ღმერთს. მის გამო დამწუხრებულებს ეუბნებოდა: „მე არაფერი მჭირს საგლოვი. მადლობა ღმერთს, რომ დავასრულე მიწიერი გზა. არასოდეს მდომებია სიცოცხლე, ვერ ვხედავდი ვერაფერს საინტერესოს ამსოფლიურ ყოფაში, და ვერც იმას ვხვდებოდი, რატომ ებღაუჭებოდნენ ადამიანები მას ასე გამწარებით. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არაფერი გამიკეთებია ღვთისათვის სათნო. ერთადერთი, მხოლოდ მისკენ ვისწრაფვოდი. ამიტომ მაქვს მისი უზომო მოწყალების იმედი. ღმერთი არ მოიძულებს და არ გაწირავს მისკენ მიმავალ ადამიანს. მე თქვენზე ვდარდობ, რა გელით კიდევ? ამბობენ, ცოცხლებს შეშურდებათო მკვდრების". იღუმენი ნიკონი მშვიდობით მიიცვალა 1963 წლის 7 სექტემბერს. დაკრძალვის დღეს, წირვაზე, ტაძარი ხალხით იყო სავსე. ბევრი აღნიშნვდა განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას და სევდანარევ სიხარულს, რაც მთელი ლიტურღიის დრო იგრძნობოდა. აცხოვნე უფალო, მონა შენი, იღუმენი ნიკონი, და მისი წმიდა ლოცვებით შეგვიწყალე ჩვენ. ამინ.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |