მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > „აკურთხევდით და ნუ სწყევთ“ - წმიდა ბერი პაისი
„აკურთხევდით და ნუ სწყევთ“ - წმიდა ბერი პაისი27-02-2018, 00:03 |
- გერონდა, როდის აქვს წყევლას ძალა? - წყევლას მაშინ აქვს ძალა, როდესაც ის რეაქციაა უსამართლობის წინააღმდეგ. მაგალითად, თუ ერთი ქალი დასცინის გაჭირვებულს ან ბოროტებას სჩადიან მის მიმართ და ეს უკანასკნელი დაწყევლის, ამ შემთხვევაში წყევლა მოქმედებს. ანუ, თუ მე ვიღაცას უსამართლოდ მოვექეცი და მან დამწყევლა, მაშინ წყევლას ძალა გააჩნია. მაგრამ თუ უსამართლობას ადგილი არ ჰქონია, მაშინ წყევლა მაწყევარს დაუბრუნდება. - როგორ გავთავისუფლდეთ წყევლისაგან? - სინანულითა და გულწრფელი აღსარებით. მე მრავალი მსგავსი შემთხვევა მსმენია. ადამიანებმა, რომელნიც იტანჯებოდნენ წყევლის გამო, გაიაზრეს თავიანთი ტანჯვის მიზეზი, შეინანეს, აღსარება თქვეს და ყველა მათი უბედურება დასრულდა. თუ დამნაშავე ადამიანი იტყვის: „ღმერთო მე ესა და ეს უსამართლობა ჩავიდინე, შემინდე" და გულწრფელად აღიარებს ცოდვას აღსარებაზე, მაშინ ღმერთი შეუნდობს მას. - გერონდა, ისჯება მხოლოდ ის ადამიანი, რომლის მიმართაც გაისმის წყევლა, თუ ისიც, ვისგანაც წყევლა გამოვიდა? - ის, ვისკენაც მიმართულია წყევლა, ამ ქვეყანაზე იტანჯება. მაგრამ ის, ვისგანაც გაისმის წყევლა, ამ ქვეყნადაც დაისჯება და იმ ქვეყნადაც. შესაძლოა ვიღაცამ ვიღაცას მართლაც აწყენინა, მაგრამ დაწყევლით ის თითქოს იღებს იარაღს და კლავს. რა უფლებით აკეთებს ამას? რაც არ უნდა გავნოს შენმა შეურაცხმყოფელმა - მისი მოკვლის უფლება შენ არა გაქვს. თუ ადამიანი ვიღაცას წყევლის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში მრისხანების ვნება მძლავრობს. მართალი ადამიანიდან გამოსულ წყევლას გარკვეული ძალა გააჩნია. განსაკუთრებით ძლიერ მოქმედებს ქვრივის წყევლა. მახსოვს, ერთ მოხუც ქალს ცხენი ჰყავდა. და რადგან ცხენი მოუსვენარი იყო, ეს ქალი მას საძოვარზე მაგარი ბაწრით აბამდა. ერთხელ სამი მეზობელი ქალი იმავე სოფლიდან ტყეში შეშის მოსაჭრელად წავიდა. ერთი მათგანი მდიდარი, მეორე - ქვრივი, ხოლო მესამე - ობოლი და ძალიან ღარიბი იყო. დაინახეს დაბმული ცხენი და თქვეს: „მოდით ავიღოთ ეს ბაწარი და შეშა შევკრათო". მათ ბაწარი სამ ნაწილად დაჭრეს და თითოეულმა თავისი შეშა შეკრა, ხოლო ცხენი გაიქცა. მოვიდა მოხუცი, ვერ იპოვა ცხენი და დაღონდა. დაიწყო ცხენის ძებნა - სანამ იპოვა, ძლიერ დაიღალა. ბოლოს იპოვა ცხენი და აღშფოთებულმა თქვა: „დაე, იმ ბაწრით წაიღონ ამის ჩამდენი!" გავიდა დრო. ერთხელ მდიდარი მეზობლის ძმა იარაღით თამაშობდა (რომელიც არ ეგონა ტყვიით დატენილი). იარაღმა უეცრად გაისროლა და იმ მდიდარ ქალს კისერში მოხვდა. ქალი სასწრაფოდ უნდა წაეყვანათ საავადმყოფოში. გადაწყვიტეს ხის კიბეზე მისი დასვენება, ხოლო მოძრაობის დროს რომ არ გადმოვარდნილიყო, ბაწრით გადაკვრას საჭიროებდა. იპოვეს ის მოპარული ბაწარი, მაგრამ არ იყო საკმარისი. გაიქცნენ მეზობლებთან, მოიტანეს ორი მოპარული ბაწრის ნაწილიც. შეკრეს ის საცოდავი და მიიყვანეს საავადმყოფოში. ასე ასრულდა იმ მოხუცი ქალის წყევლა. საბოლოოდ ის მდიდარი ქალი გარდაიცვალა - განუსვენე, უფალო. ხედავთ, ვისზე იმოქმედა წყევლამ: მდიდარზე, რომელიც არ განიცდიდა მატერიალურ ნაკლებობას. ორი დანარჩენი ქალი ღარიბი იყო, ამიტომ ჰქონდათ გარკვეულად შემსუბუქებული ვითარება.
მშობლის წყევლა ძლიერად მოქმედებს
იცით, რომ მშობლის წყევლა, მეტიც, უბრალო წუხილიც კი ძლიერად მოქმედებს შვილებზე. ამის შემდეგ შვილებს მოსვენება ეკარგებათ. მთელი მათი ცხოვრება წამებად იქცევა. ამ შემთხვევაში ხდება ის, რის შესახებაც ამბობს ისააკ ასური: „სიბილწის გამო დასჯილი ამქვეყნად იგემებს თავის გეენას", ანუ ამქვეყნიური ტანჯვით ის ამცირებს თავის ჯოჯოხეთურ სატანჯველს. მაგრამ ის მშობლები, რომლებიც შვილებს ეშმაკთან „გზავნიან" – „უბოძებენ" შვილებს მას. ამის შემდეგ ეშმაკი ეუფლება ასეთ ბავშვებს, ის ამბობს: „შენ მიბოძე ისინი მე". ფარესებში (წმ. არსენ კაბადოკიელის და ბერი პაისის სოფელი) ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. მათი ბავშვი ძალიან მტირალა იყო და მამა ხშირად ამბობდა: „დაე, უწმინდურმა წაგიღოს!" და რა მოხდა: ღვთის დაშვებით ბავშვი დროდადრო ქრებოდა თავისი საწოლიდან. უბედური დედა მიდიოდა ხაჯეფენდისთან (ასე უწოდებდა ფარესის მოსახლეობა წმ. არსენი კაბადოკიელს). დაგვლოცე ხაჯეფენდი! ჩემი შვილი ეშმაკმა გაიტაცა". ხაჯეფენდი მოდიოდა მათთან ოჯახში, კითხულობდა ლოცვას ბავშვის საწოლთან და ჩვილი ბრუნდებოდა. ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. „ხაჯეფენდი, დამლოცე" - კვლავ და კვლავ ევედრებოდა უბედური დედა და ეკითხებოდა წმ. მამას: „რით დასრულდება ყოველივე ეს?" – „მე თქვენთან მოსვლა არ მიჭირს - ამბობდა წმ. არსენი. განა თქვენთვის რთულია ჩემთან მოსვლა? როდესაც ეშმაკს მოსწყინდება, დაგიბრუნებთ შვილს". იმ დროიდან ბავშვი აღარ ქრებოდა. მაგრამ როდესაც ბავშვი გაიზარდა მას „ეშმაკის პირმშო" უწოდეს. ის სოფელში არავის ასვენებდა. ეს ბავშვი მიდიოდა ჯერ ერთთან და ეუბნებოდა: „ესა და ეს შენზე ამა და ამას ამბობს", შემდეგ მიდიოდა მეორესთან და იგივეს ეუბნებოდა. ხალხში უთანხმოება იწყებოდა, ხან საქმე ჩხუბამდეც კი მიდიოდა. შემდეგ მიხვდნენ, რომ ვიღაც მათ ერთმანეთში აბეზღებდა, მოილაპარაკეს დაეკავებინათ დამნაშავე და დაესაჯათ. მაგრამ ის ბავშვი იმდენს ახერხებდა, რომ ორივე მხარე მას ბოდიშს უხდიდა. აი, სადამდე მიაღწია მისმა მზაკვრობამ. ის ნამდვილი „ეშმაკის პირმშო" იყო! ღმერთმა იმიტომ დაუშვა ეს შემთხვევა, რომ ბავშვის გაქრობის ისტორიის გაგრძელების ხილვით ადამიანები გონს მოსულიყვნენ, შეეკავებინათ თავი წყევლისაგან და ყურადღებით ყოფილიყვნენ. - მაგრამ თუ მშობელი დაწყევლის შვილს და გარდაიცვლება, მაშინ როგოღა მოიშორონ მათ მშობლის წყევლა? - ვინც საკუთარ თავს დაუკვირდება და აღიარებს, რომ თავის დროზე აწვალებდა მშობლებს და ამიტომაც დაწყევლა მშობელმა, გულწრფელი აღსარების და სინანულის შემთხვევაში მათ ყველაფერი მოუწესრიგდებათ. თავისი სულიერი წარმატებით ისინი შეეწევიან თავის მიცვალებულ მშობლებსაც. - გერონდა, მეც დამწყევლეს მშობლებმა, როდესაც მონასტერში წამოვედი... - ეს წყევლა ერთადერთია წყევლათა შორის, რომელიც კურთხევად გადაიქცევა.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |