მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > უკეთური აზრები

უკეთური აზრები


17-02-2018, 00:03

 

ბოროტი ზრახვები

 

   საყვარელო ძმაო! შენ ამბობ, რომ ხშირად ლოცვის დროსაც კი უკეთური აზრები გიპყრობს. ნუ აფორიაქდები. ბოროტი აზრები ხომ შენი ნების საწინააღმდეგოდ აღიძვრებიან გონებაში. შენ არ გსურს, მაგრამ ისინი მაინც დაგსდევენ, ამიტომ შენ მათზე პასუხს არ აგებ.

   ბოროტი ზრახვები, რომლებიც შენ გაღელვებენ, შენგან კი არა, ეშმაკისგანაა. სხვადასხვა მკრეხელობას სწორედ ისე ჩაგაგონებს, რათა ჯერ მოწყენილობაში, შემდეგ კი სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს. მტერი მზაკვარია. მან იცის ვის როგორ დაესხას თავს. სუფთა სულს უწმინდურ ზრახვებს ჩააგონებს. მაგრამ შენ, ძმაო, ნუ მოიწყენ და სასოს ნუ წარიკვეთთ! ებრძოლე მტერს! შენი ბოროტი ზრახვების შესახებ სულიერი მოძღვრის გარდა არავის უამბო, ადამიანები ვერ გიშველიან. მტერს თვითონ ებრძოლე. შენი მტერი უხილავია და შენც იგი უხილავი იარაღით, ლოცვით მოიგერიე.

   თუ უკუეთური აზრები მაცხოვრის მიმართ აღიძვრება, გონებაში იკითხე: „უფალო იესო ქრისტევ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ - მაშინ: - „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე ცოდვილი". თუ აღიძვრება უკეთური აზრები, განუწყვეტლივ იმეორე: „წმინდაო ღვთის სათნომყოფელო (სახელი) ევედრე ღმერთს ჩემთვის - ცოდვილისათვის".

   ეს მშვიდი ლოცვები გამუდმებით წარმოთქვი და მტერი უკან დაიხევს. ბოროტ ზრახვებს წმიდა ლოცვებით დაახშობ.

 

 

●●●

   თუკი სულში ვნებიანი ზრახვები, გრძნობები და სურვილები ჩნდება - რაც ყველას ემართება - ეს მისი შერყვნის მაჩვენებელია, მაგრამ ეს ჯერ ცოდვა არაა. ცოდვა მაშინ იწყება, როცა მავანი მათ თვითნებურად აკავებს და ეთანხმება მათ. ვინც, ბოროტ ზრახვას თუ გრძნობას, შემჩნევისთანავე, რისხვით განაგდებს, ის საკუთარ უდანაშაულობას შეინარჩუნებს და მტრის საცდურების მოგერიებისათვის ქებას დაიმსახურებს, როგორც მტრის განმდევნელი მეომარი.

   წესად დაიდე - მტრის ყოველი თავდასხმის დროს, ბოროტი ზრახვებისა თუ გრძნობების მოგერიებით და უარყოფით არ დაკმაყოფილდე, ამას ლოცვაც შეუერთე, რომ სულში საწინააღმდეგო აზრები და გრძნობები წარმოიქმნას. ცოდვასთან ბრძოლა ყოველთვის ასე დაამთავრე. ეს ჭრილობიდან ხიჭვის ამოღების მსგავსებაა.

   როცა უკეთური მოქმედებები შეგაწუხებს, აზრები მაშინვე რომელიმე წმინდა, ბიბლიური მოვლენისაკენ (მაცხოვრის ფერისცვალება, ვნება, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება და სხვა) მიმართე, ამით ყოველივე უზნეოს განაგდებ. ან სიკვდილზე, საშინელ სამსჯავროზე და მის შედეგებზე იფიქრე და იესოს ლოცვა რწმენით გაიმეორე (წმ. თეოფანე დაყუდებულის წერილებიდან).

 

 

საცდურები

 

   საცდურები ყველგან გარს გვახვევია. მათგან თავის დასაღწევი ადგილი არ არსებობს.

   სახლში ზიხარ? მოწყინება, სევდა და სასოწარკვეთილება თავს გესხმის და გამარცხებს. სტუმრად წახვალ? რას არ გაიგონებ, ერთთან ისაუბრებ - ვიღაცას განიკითხავ; სხვას დაელაპარაკო - უქმმეტყველებაში ჩავარდები. თუ თავს ზედმეტი საუბრის უფლებას მისცემ, უმეტესად საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის საზიანო იქნება. იქვეა ზედმეტი საჭმელ-სასმელის მიღება; გამფლანგველი და მაცდუნებელი თამაშობანი; კეთილმსახურებისა და წმ. სარწმუნოების გამკიცხავი საუბრები, განსაკუთრებით ახალი საუკუნისა და მიმართულების ადამიანებთან, რომელთაც სირცხვილის გრძნობა, სინდისი და ყოველგვარი კეთილი, ქრისტიანული დაკარგული აქვთ.

   სანახაოებებით გადაწყვეტ დროის გატარებას? იქ ძვირფასი დროისა და მნიშვნელოვანი სახსრების დაკარგვის გარდა, შენს სულში დამღუპველ ხრწნილებას შეუმჩნევლად და ადვილად შეიტან. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ეს სანახაობები ისტორიულ-პატრიოტული და ზოგჯერ შემეცნებითი დატვირთვის მიღმა ისეთ ბილწ სიტყვებსა და მოქმედებებს წარმოაჩენენ, რომლითაც მხოლოდ გარყვნილ სულს შეუძლია დატკბეს, რომელსაც უხეში ტკბობის გარდა სხვა სიამოვნება ცხოვრებაში არ გააჩნია.

   გაექეცი საცდურებს ქრისტიანო! უწმინდურთა საკრებულოში ნუ წახვალ; ცოდვათა გზაზე ნუ დადგები და წარმწყმედელთა სავარძელში ნუ ჩაჯდები, ბოროტს განეშორე და სიკეთეს იქმ! თუ ბაგეები ბილწსიტყვაობისა და განკითხვისათვის გაქეზებენ, - ნუ გახსნი მათ. მზაკვრობებს თვალი მოუხუჭე და გრძნობები საცდურთაგან დაიცავი. ერიდე სახლიდან გასვლას, კეთილი საქმე გაიჩინე, განსაკუთრებით სასულიერო წიგნების კითხვა; ნუ გამოტოვებ წირვას ღვთის ტაძარში, სადაც გარეშე საგნებით ნუ გაერთობი და გულითადად ილოცე.

   როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი მეომარი, ღვთისგან ბოძებული ყველა იარაღით აღიჭურვე: აღიღე ჯვარი, მარხვა შეიყვარე; ლოცვით განმტკიცდი; თავმდაბლობით, სიწმინდით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით შემოიზღუდე!

   გწამდეს, რომ ხილულ თუ უხილავ მტრებს ყოველთვის და ყველგან ამ წმინდა, ზეციური იარაღით დაამარცხებ.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება