მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჰარი პოტერი მართლმადიდებლური თვალთახედვით - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ჰარი პოტერი მართლმადიდებლური თვალთახედვით - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


13-12-2017, 00:03

ჰარი პოტერი მართლმადიდებლური თვალთახედვით - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს წიგნები ჰარი პოტერზე წარმოაჩინოს ძმები გრიმებისა და ანდერსენის ჯადოსნური ზღაპრების სახით, როგორც სრულიად უწყინარი საკითხავი მასალა ბავშვებისათვის, მაგრამ მათ შორის პრინციპული განსხვავებაა. ბავშვობა ზღაპრების კითხვისას ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ ეს ლიტერატურული ჟანრი, ფანტაზია და გამოგონება, მხოლოდ წარმოსახვის შედეგია. უფრო მეტიც, იგავური, დამრიგებლური სახის მქონე ხალხური ზღაპრები ყოველთვის აღმზრდელობით ხასიათს ატარებდა. რაც შეეხება ამ წიგნს, იგი იმგვარადაა დაწერილი, რომ ბავშვის მიერ სინამდვილედ აღიქმება. მისი მეშვეობით ყრმა ემოციური სისტემით ერთვება დემონურ სამყაროში, რომელიც ლუციფერის მიერ სამართლიანობისა და სიკეთის სამყაროს სახითაა წარმოდგენილი. მასში დაცემული ანგელოზები და მათი მედიუმები - ჯადოქრები და მაგები - „ეხმარებიან" ადამიანებს, „იცავენ" ხიფათისა და ძალადობისაგან. ერთი სიტყვით, ამ წიგნებში ნეგატივის მსგავსად ყველაფერი შებრუნებულია: ბნელ სამყაროს ნათლის სახე მიუღია, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ნათელი სამყარო მასში წყვდიადის საუფლოდ იქნება გარდასახული, თუმცა კი ეს პირდაპირ არაა წიგნებში ნათქვამი.

   კიდევ ერთი საშიშრობის შესახებ: თითქოს პოზიტივმა მოჭამა თავისი დრო. ადამიანები ერთგვარად შემობრუნდნენ რელიგიისკენ, მაგრამ გახდნენ თუ არა ისინი ნამდვილად რელიგიურნი, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ქრისტიანობის მოთხოვნები და ამა სოფლის სული სულ უფრო მეტად უპირისპირდებიან ერთმანეთს... საკუთარ ვნებებში მცხოვრები ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად რყვნიან საგანგებოდ შერჩეული კინოფილმებით სექსსა და ძალადობაზე, მხოლოდ დიდი შრომის, რუდუნებისა და საკუთარ თავთან ბრძოლის ფასად შეძლებს ქრისტიანულ ცხოვრებაში ჩართვას და აქაც პარადოქსს ვაწყდებით: ჩვენი თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის რელიგიური გრძნობა, რომელიც სინამდვილეში ღმერთთან უნდა აახლოვებდეს, უნდა უჩვენებდეს ქრისტიანობის მთელ სილამაზესა და დიდებულებას, რეალურად ცრუ მისტიციზმადაა გადაქცეული. როგორც ჩანს, წარმართულ სამყაროს ოკულტური მისტიციზმის, უფრო სწორად კი სატანიზმის სახით სურს რევანშის აღება თავის დამარცხებაში.

   ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან როგორც სიკეთის, ასევე ბოროტების მიმართ, ისინი ხარბად ითვისებენ გარე შთაბეჭდილებებს, ამიტომ განსაკუთრებულად საშიშია მათი ცნობიერებით მანიპულირება, იქნება ეს სატელევიზიო გადაცემებისა თუ შესაბამისი ფორმით მოწოდებული ოკულტური ლიტერატურის მეშვეობით. ხრწნა მიმდინარეობს ორი მიმართულებით: ბავშვები ხელოვნურად აღვივებენ სექსუალურ გრძნობას, რომელიც მათ სულს უმახინჯებს, შემდგომ კი აწვდიან ოკულტიზმის შხამს, რომელსაც თითქოს პირდაპირ სისხლძარღვებში უშხაპუნებენ, მსგავსად არცთუ შორეულ წარსულში გაბატონებული ათეიზმისა. ამჟამად, თუმცა რელიგიას ხელაღებით არ უარყოფენ, მაგრამ ცდილობენ შერყვნან და თავდაყირა დააყენონ იგი: კეთილი სულების სახეს აძლევენ რაღაც უცნობ, უხილავ არსებებს, რომლებიც ანაცვლებენ ანგელოზთა სამყაროს და ამ სიცრუით ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, ახვევენ დემონებთან ურთიერთობის ქსლებში. წმ. მამები გვასწავლიან, რომ ღმერთთან ურთიერთობისთვის საჭიროა ცოდვებთან, ვნებებთან ბრძოლა, გულის განწმენდა, შეუწყვეტელი ლოცვა. დემონებთან კავშირისთვის კი სურვილის გარდა არაფერიც არაა საჭირო. რატომ გახდა ესოდენ პოპულარული რამდენიმე ტომად გაწელილი ზემოთ ხსენებული მოთხრობა? ნუთუ თავისი სიტყვის ძალით იგი ლიტერატურული ხელოვნების მიერ არა მხოლოდ ჩვენს დროში, არამედ გასულ ასწლეულებშიც შექმნილ ნიმუსებზე უკეთესია? საქმე ისაა, რომ წიგნის ავტორმა ზუსტად შეიგრძნო თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნა - დაიკმაყოფილოს მისტიკური გრძნობა არა უმაღლესი ქრისტიანული იდეალით, არამედ ეგოისტური, რომანის ფორმით წარმოდგენილი დემონიზმით, რომელიც შეუსაბამობაშია ადამიანთა უმრავლესობის სხვა ყოფით იდეალთან - კომფორტულობასთან. ქრისტიანობა - თავგანწირვა, სხვათათვის მსხვერპლად მისვლაა, ოკულტიზმი კი - სულიერი ძალადობის რელიგიაა, მაგრამ ბოროტება შიშველი, შეუნიღბავი სახით იმდენად შემზარავია, რომ ამგვარი სახით წარდგომა არ შეუძლია. ნიცშემ სცადა შეექმნა ჰიმნი ბოროტებისათვის, მაგრამ ბოლოს შეშლილობამდე მივიდა, რამეთუ მეტად შემზარავია ბოროტება საკუთარი სახით. ამდენად, ცდილობენ მის შენიღბვას სიკეთის მსგავსად, ფარავენ კოსმეტიკით, რათა დაფარონ მისი სატანური შტრიხები.

   ბოროტება არასოდეს გაუწევს სამსახურს სიკეთეს! იგი მოჩვენებით სიკეთეს მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანების სატყუარად იყენებს. აქედან გამომდინარე, ჰარი პოტერის წიგნებს ვაფასებთ, როგორც ბავშვთა სულების წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას.

   ჩვენ მოვუწოდებთ მშობლებს, დაიცვან საკუთარი შვილები ამ ოკულტური დივერსიისაგან არა მხოლოდ აკრძალვის მეთოდით, არამედ განმარტების საშუალებით, თუ რაში მდგომარეობს ამ წიგნების ბოროტება და ვინაა მათი ნამდვილი ავტორი. საჭიროა ვასწავლოთ მათ ლოცვა, ვაზიაროთ ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტებებს, ჩავრთოთ ეკლესიურ ცხოვრებაში, რითაც განუვითარებთ სწორ სულიერ ინტუიციას, რათა მათ არა მხოლოდ საკუთარი არასრულყოფილი ცნობიერებით, არამედ გულითაც გაიგონ და იგრძნონ ის მძიმე, ბნელი სული, რომლითაც ამ წიგნების ფურცლებია გაჟღენთილი.



არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება