მთავარი > კითხვა-პასუხი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > პასუხი კთხვაზე - რა არის სულიერი ცხოვრება

პასუხი კთხვაზე - რა არის სულიერი ცხოვრება


23-02-2018, 00:03

 

   ნამდვილი ცხოვრება სწორედ სულიერი ცხოვრებაა. სხვა ყველაფერი მატერიალურია. მატერიაა ჩვენი სხეულიც. მიწა, მიწიდან აღებული. მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი - აი, ოთხი სტიქია, რომლისგანაც ადამიანის სხეული შეიქმნა. შეიქმნა იგი ისეთი ხელოვნებით, ისე გასაოცრად, რომ ვერც გამოთქვამ და ვერც აღწერ, მაგრამ მაინც, სხეული მხოლოდ მატერიაა და არა სიცოცხლე. ოთხთვალა მგზავრი არ არის, არც გალიაა - ჩიტი. მაშინ რა არის სიცოცხლე? წმ. წერილის პირველივე გვერდი ამას ნათლად განმარტავს: „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად".

   შენ გესმის არსი სიტყვებისა მეშვეობით და უშუალოდ? მეშვეობით, ანუ მიწისაგან შექმნა ღმერთმა ადამიანის სხეული, ხოლო უშუალოდ სიცოცხლის სული შთაბერა მას. ასე იქცა კაცი ცოცხალ სულად. ამგვარად ადამიანი მატერიაა, მაგრამ მატერია ცოცხალი სულითა რომელიც უშუალოდ შემოქმედისაგან მიიღო. სწორედ ამ ცოცხალი სულით აქვს მას კავშირი თვით შემოქმედთან და მთელ ზეციურ სამყაროსთან, პაწაწინა ალი - თანაზიარი მარადიული ღვთაებრივი ცეცხლისა. და თუმც სხეულით მწერების გვერდით მიწაზე დავხოხავთ, ამ ალით ზეცასა და მარადისობას ვერთვით.

   ცოცხალი სული სხეულში, მუდმივად დაცული და გაცხოველებული ღვთაებრივი სულის მიერ - აი, ეს არის ადამიანი სიცოცხლე.

   რეალურად, სულიერი ცხოვრება მოულოდნელი შრომაა იმისათვის, რომ ამ ღვთაებრივი სულის მიღება დავიმსახუროთ. რატომ უნდა ვიშრომოთ მის მოსაპოვებლად? ის თვით შემოქმედმა გვიბოძა, არცერთ ჩვენგანს არ უყიდია და არაფერი გადაუხდია მასში, მარადიული სიყვარულით მოგვენიჭა იგი. საჩუქარი უსასყიდლოა, საჩუქარი საჩუქარია, მაგრამ ის, ვინც ისეთი ძვირფასი ძღვენი მიიღო, როგორიც სიცოცხლეა, თავი ამ ძღვენის ღირსად უნდა წარმოაჩინოს.

   როგორ ვუპასუხებთ უფალს სიყვარულით სიყვარულზე, როგორ წარმოვაჩენთ ამ ღვთაებრივი ძღვენის ღირსეულობას - ესაა უდიდესი მეცნიერება, რომელსაც სულიერი მეცნიერება ეწოდება, იგი ყველა დანარჩენ მეცნიერებას აღემატება, ისე, როგორც ცხოველმყოფელი ღვთიური სული აღემატება ყოველივეს. ეს მეცნიერება ადამიანური არ არის, იგი თვით სულიწმიდისგანაა. უძვირფასესი ძღვენის მომნიჭებელი თვითონ გვასწავლის როგორ გავხდეთ მისივე ღირნი. თუ გსურს ამ ტკბილსა და ნათელ მეცნიერებას ეზიარო, დაე, იკურთხოს შენი სურვილი!

   მშვიდობა და სიხარული მოგანიჭოს ღმერთმა!

 

 

კაცს, რომელიც აცხადებს, რომ ღმერთი სწამს, მაგრამ არ ლოცულობს

 

   იშრომე რწმენის განსამტკიცებლად. დროთა განმავლობაში ლოცვის მოთხოვნილებას იგრძნობ. შენი რწმენა ჯერ კიდევ სუსტია, ამიტომაც ვერ გაიძულებს ილოცო.

   გვინახავს, როცა წისქვილის ბორბალს წყლის მცირე ჭავლი ეცემა, იგი არ იძვრის, მაგრამ მოიმატებს წყალი და ბორბალიც დაიძვრება. რწმენა და სულიერი ძალაა. მცირე რწმენა ვერ აღძრავს გონებას ღმერთზე ფიქრისათვის, გულს - მისადმი სალოცავად. ძლიერი რწმენა კი გონებას, გულს და მთელ სხეულს შეძრავს ადამიანისას.

   შენ ამბობ, რომ მაცხოვრის სიტყვების წაკითხვისას: „თქვენმა მამამ იცის რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ" (მათ. 6. 8) დაასკვენი, რომ ლოცვა საჭირო არ არის. ცხადია, უფალმა იცის რა გვჭირდება, მაგრამ მას სურს მისადმი ვილოცოთ. ამიტომაც გვიანდერძა მოუკლებლად ვილოცოთ და გვასწავლა კიდეც როგორ.

   ეს უფრო ადვილია აუხსნა მშობლებს, ვიდრე შენ, უცოლოს. მშობლებმაც იციან, რა სჭირდებათ შვილებს, მაგრამ სურთ, რომ ბავშვებმა სთხოვონ მათ. რადგან თხოვნა არბილებს და აკეთილშობილებს ბავშვის გულს. მას მორჩილს, მორცხვს, გამგონეს, გულმოწყალესა და მადლიერს ხდის. ხედავ, რამდენ ზეციურ ნაპერწკალს აღანთებს ლოცვა ადამიანის გულში?

   წამიკითხავს, რომ ერთი მგზავრი გზად სახლის წინ შეჩერდა, სადაც მუშათა რაღაც შეკრება იყო. უეცრად, სიჩუმე ჩამოვარდა. მუშებმა სალოცავად დაიჩოქეს. მაგრამ ერთი მათგანი გარეთ გამოვიდა და სახლის წინ ბოლთას სცემდა. მგზავრმა ჰკითხა:

   - რა ხდება იქ?

   - ღმერთს ევედრებიან. მე კი ამის მრცხვენია და გარეთ გამოვედი. მგზავრი დადუმდა. ლოდინი განაგრძო.

   - ვის ელოდები? - ჰკითხა მუშამ.

   - ველოდები ვინმეს გამოსვლას, გზა რომ მიმასწავლოს.

   - მე რატომ არ მკითხავ. მეც ხომ შემიძლია გიჩვენო გზა?

   მგზავრმა თავი გაიქნია და მიუგო:

   - ჭეშმარიტ გზას ვერ მიმასწავლის ის, ვისაც ღმრთისა და საკუთარი ძმების ერცხვინება.

   ვფიქრობ, შენ ლოცვის გრცხვენია და შენი რწმენა სუსტია. გაუფრთხილდი, გაუფრთხილდი შენში ამ პატარას. როცა გაიზრდება, ასმაგად გადაგიხდის გაწეული შრომისათვის. მტკიცე რწმენა შენი ცხოვრების ჩარხს მოაბრუნებს და ახალ ცხოვრებას გაპოვნინებს.

   მშვიდობა შენდა და ღმერთმა გაკურთხოს!

 

 

 

წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი) 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება