მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > უძველესი დროის დევკაცები (ყრმათა საკითხავი)
უძველესი დროის დევკაცები (ყრმათა საკითხავი)5-12-2017, 00:03 |
ყოველ ერს გააჩნია გადმოცემა დევკაცების შესახებ, რომლებიც უძველეს დროში ცხოვრობდნენ დედამიწაზე. ისინი ზეადამიანური ძალით იყვნენ დაჯილდოებულნი. დედამიწაზე ოდესღაც დევკაცების არსებობის შესახებ ზღაპრებისა და ლეგენდების გარდა წმინდა წერილიც მოწმობს. წმინდა წერილში ნახსენები გოლიათები მითიური არსებები კი არა, რეალური ადამიანები არიან. ბიბლიაში მითითებულია ქვეყნები, სადაც დევკაცები ცხოვრობდნენ, აღწერილია მათი გარეგნობა და ფიზიკური ძალა. ისინი ყანაკის ძეებად იწოდებიან. მათ შესახებ ებრაელებმა პირველად მოსეს მზვერავების მეშვეობით შეიტყვეს. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი. მისირიის ქვეყნიდან გამოსული ებრაელები ფარანის უდაბნოში აღმოჩნდნენ. ხალხი წუწუნებდა და ძალიან უკმაყოფილო იყო მოსეს გადაწყვეტილებით, რომელმაც მისირიის ნოყიერი მიწებიდან უდაბნოში მიიყვანა ისინი. ხალხის დასამშვიდებლად, მოსემ, ღვთის განგებით, თორმეტი ტომიდან თორმეტი რჩეული ადამიანი გაგზავნა ქანაანის დასათვალიერებლად. მზვერავები ქანაანის ქვეყანაში ორმოცი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დაბრუნებულმა თვისტომებს ქანაანის მიწების ნოყიერებისა და სიმდიდრის შესახებ უამბეს, მაგრამ მზვერავები ძალიან შეშინებულნი იყვნენ იმ ქვეყანაში მცხოვრები დევკაცებით: „იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდით მათ თვალში" (რიცხვ. 13-33). დევკაცების შესახებ თბილისში სხვა ადგილასაც ვკითხულობთ. დევკაცად მოიხსენიება ბასანის მეფე ოგ და ფილისტიმელი გოლიათი. ოგ მეფის შესახებ წერია: „რადგან მხოლოდ ოგ, ბასანის მეფე იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბამი: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა" (მეორე სჯული 3. 11). ე.ი. ოგ მეფე ყოფილა 5-6 მეტრი სიმაღლით და 3 მეტრი სიგანით. ფილისტიმელ გოლიათზე კი, რომელიც დავითმა მოკლა, ვკითხულობთ: „გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე (ე.ი. დაახლოებით ოთხი მეტრი). თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა, ჯაჭვის ჯავშანი ემოსა; ჯავშანის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო" (1 მეფ. 17.4-8). აი, როგორები იყვნენ უძველესი დროის დევკაცები.
დამარცხებული დევკაცები
ყანაკის ძენი ფლობდნენ უდიდეს ფიზიკურ ძალას და შესანიშნავად იყვნენ შეიარაღებულნი, მაგრამ არსადაა ნათქვამი მათი სულიერი და მორალური ძალის შესახებ. ებრაელებს დევკაცების სახელის ხსენებაც კი თავზარს სცემდა. როცა ფილისტიმელმა გოლიათმა საულის ლაშქრიდან საპაექროდ გამოიწვია მეომრები, ყველა აცახცახდა. ერთ ადამიანს შეუშინდა მთელი არმია და ეს შიში ორმოც დღეს გრძელდებოდა! მაგრამ ფიზიკური ძალა, შეიარაღებული და დევკაცური აღნაგობა უძლური აღმოჩნდა ღვთის ნების წინაშე. უფლის ნებით, ქვითა და შურდულით, დაამარცხა იესეს ძემ, დავითმა უკანასკნელი დევკაცი, ფილისტიმელი გოლიათი. უთხრა დავითმა ფილისტიმელს: შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით. დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი, დაგამარცხებ და თავს მოგკვეთ... გაიგებს ყველა, რომ არა შუბითა და მახვილით იხსნის უფალი... სტყორცნა დავითმა შურდულიდან ქვა გოლიათს და უსულოდ დასცა მიწაზე... ასე აღიგავენ პირისაგან მიწისა უძლიერესი დევკაცები, მათ არ გააჩნდათ სულიერი ძალა, ჭეშმარიტი რწმენა და ამიტომაც დამარცხდნენ უფლის ნების წინაშე, ამიტომაც დაიღუპა და გაქრა მათი მოდგმა დედამიწაზე. ასე მოგვითხრობს წმ. წერილი.
თანამედროვე ყანაკის ძენი
- მითხარი, შვილო, როგორ ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები? დაბრმავდა ბაბუაშენი და ვეღარ ხედავს, რას აკეთებენ ადამიანები ევროპაში, მსოფლიოში. - იარაღდებიან ბაბუ. - ვის წინააღმდეგ იარაღდებიან თანამედროვე ადამიანები, შვილო? - ადამიანების წინააღმდეგ, ბაბუ. - ეს ძველი ამბავია, როგორც კაენი და ლამექი, მაგრამ მითხარი, შვილო, რომელ იარაღზე ამყარებენ იმედს თანამედროვე ადამიანები? - ყველაზე მეტად ეიმედებათ სხეული და უახლესი ტექნიკა. ომისათვის ათასგვარი იარაღი დაამზადეს მიწაზე და მიწის ქვეშ, წყალზე, წყალქვეშ და ცაში საბრძოლველად. - რომელ ღმერთს ეთაყვანებიან ისინი? - სხეულს, ფულსა და იარაღს, ამ ღმერთებზე ამყარებენ იმედს. - ოჰ, ისინი ხომ ვამპირი დევკაცები, ყანაკის ძენი არიან! ისინი დაიღუპებიან, ასე მკარნახობს გონება, მაგრამ იქნებ ისინი ამავე დროს პტივისცემით, მოწყალებით, მადლიერებით, სულიერი სიწმინდით, ერთგულებით და მოთმინებითაც იარაღდებიან? - არა, ბაბუ, ისინი ამას ყავლგასულ მორთულობად მიიჩნევენ. მათი მთავარი იარაღი ფიზიკური ძალა, ანგარიში, დიციპლინა, ფული, ტექნიკა, მომწამვლელი ნივთიერებები, ტყვია, აგიტაცია, შპიონაჟი და საიდუმლო საზოგადოებებია... - ჩემო კეთილო, ისინი ნამდვილი ურჩხულები არიან, რომლებიც ოდესღაც ქანანის მიწაზე ცხოვრობდნენ და რომლებიც უფლის ნებით უფლის ერმა გაანადგურა... თანამედროვე დევკაცებიც დაიღუპებიან, ყანაკის ძეთა მსგავსად, რადგან არ შეიძლება უფალს უყვარდეს ისინი. - ახლა ის მითხარი, შვილო, ყველა ერი ერთნაირად უარყოფს მორალსა და სულიერებას და მხოლოდ იარაღზე ამყარებს იმედს თუ განსხვავებაა ერებს შორის? - განსხვავება არსებობს, მაგრამ ეს განსხვავება თანდათან მცირდება. შეიარაღების თვალსაზრისით ევროპა ყველას უსწრებს. მისკენ მიილტვიან აზიისა და აფრიკის დამოუკიდებელი ქვეყნებიც. ისინი წყევლიან ევროპას, მაგრამ მაინც მიელტვიან მას, დასცინიან, მაგრამ სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან მას, ამაყობენ თავიანთი რწმენით, მაგრამ კარს უღებენ ევროპულ ურწმუნოებას. ყველანი ევროპული მონობისაგან გათავისუფლებას ცდილობენ, მაგრამ ევროპელი ბოროტების უფრო დიდ მახეში ებმებიან. დღეს ყველა ერი ომისთვის ემზადება, არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს... - მისმინე შვილო, ვერც ყანაკის ძენი და ვერც კერპთაყვანისმცემლები ვერ გაიმარჯვებენ. ვერც ფიზიკური ძალა, ვერც იარაღი ვერ უშველის მათ. გჯერა ჩემი შვილო? - მჯერა, ბაბუ, მჯერა ყველაფრის, რასაც შენ მეუბნები. შენ ჩემთვის ცოცხალი ბიბლია ხარ. - ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო შვილიშვილო.
წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |