მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > რატომ ცდილობენ შეღწევას იქ, სადაც ოდითგანვე მართლმადიდებლობა იქადაგებოდა?
რატომ ცდილობენ შეღწევას იქ, სადაც ოდითგანვე მართლმადიდებლობა იქადაგებოდა?4-12-2017, 00:03 |
ლათინური დასავლეთის ექსპანსია, როგორც ჩანს, თავისი განვითარების ახალ ფაზაში გადადის. პაპისტებმა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყეს აღმოსავლეთისაკენ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ძირძველი მართლმადიდებელი ქვეყნების დამორჩილებისაკენ მიილტვიან. ჯვაროსნული ომი ბიზანტიის წინააღმდეგ, კონსტანტინეპოლის აღება და განადგურება, ათონის წმიდა მთის მართლმადიდებელი ბერების ამოხოცვა და მონასტრების განადგურება, დასავლეთ უკრაინაში ძალისმიერი გზით უნიის დამკვიდრება და სერბეთში განვითარებული მოვლენები, - პაპისტების სამარცხვინო ისტორიულ რეალობას წარმოადგენს. დღეს ვატიკანი ძირძველ მართლმადიდებელ ქვეყნებში უსირცხვილოდ ცდილობს „ეპარქიების" გახსნას და დასძენს, რომ კათოლიციზმი იქ (საქართველოში, რუსეთში, სერბეთში, უკრაინაში და ა.შ.) ტრადიციულ რელიგიას წარმოადგენს. ცნობილია არა ერთი მაგალითი, როდესაც მართლმადიდებელ ქვეყნებში არეულობის ჟამს ვატიკანი თავისი მიზნის აღსრულებას ცდილობდა. ამას ერთი მხრივ სიყვარულის დიალოგით, მეორე მხრივ ძალადობით ახორციელებდა. მაგრამ რას წარმოადგენს დღეს ლათინური დასავლეთი? რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს მართლმადიდებელ ქვეყნებს? ვსაჭიროებთ უცხოელი მისიონერების ქადაგებას? დღეს პაპისტები როგორც არასდროს, მწვავე სულიერ კრიზისს განიცდიან: დღითი-დღე მცირდება მათი მრევლი. ახალგაზრდებზე ზემოქმედების მიზნით ღვთისმსახურებაში მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ათასგვარ გასართობ საშუალებებს იყენებენ. სასულიერო პირები იცვლიან პროფესიას. ამ ფაქტების დასადასტურებლად პროტოპრესვიტერი მაქსიმე კოზლოვის სტატიიდან „და-ეკლესია" მოვიყვანთ რამოდენიმე მაგალითს. ვესტმინსტერის (ინგლისი) კარდინალმა მერფი კორონიმ 2000 წ. თქვა: „ამჟამად ბრიტანეთში ქრისტიანობა პრაქტიკულად დამარცხებულია". მსგავსი გამონათქვამები ადრეც გაისმოდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 1989 წლიდან 1999 წლამდე ინგლისის კათოლიკურმა „ეკლესიამ" 490 ათას ადამიანისაგან შემდგარი მრევლი დაკარგა. იქნებ უნდა გაიხსნას ახალი ეპარქიები და ეკლესია ხალხთან დააახლოვონ. ბრიტანეთში მუსლიმანთა რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია, ისინი რეგულარულად დადიან მეჩეთში და მაღალი რელიგიურობით გამოირჩევიან. იქ ხომ არ არის საჭირო მისიონერობა, არა ქრისტიანულ და ათეისტ მოსახლეობაში? ტაძრები ცარიელდება საფრანგეთშიც, სადაც მოსახლეობის 70% კათოლიკეა. მღვდლები იცვლიან პროფესიას, 1989 წლიდან 2000 წლამდე მარტო საფრანგეთში კათოლიკე მოძღვრების რიცხვი 12 ათასი ადამიანით შემცირდა. ათი მღვდლიდან მხოლოდ ერთია ორმოც წელზე ნაკლების, ხოლო ყოველი მესამე 65 წელს გადაცილებულია. ღვთისმსახურთა ახალი თაობით შევსება პრაქტიკულად არ ხორციელდება, კათოლიკე სემინარისტების რიცხვი საფრანგეთის მრავალმინიონ მოსახლეობაში მხოლოდ 165 ადამიანია. ფრანგ მორწმუნეთა უმრავლესობა 50 წელს გადაცილებულია. ასი ფრანგი ახალგაზრდიდან მხოლოდ ორი დადის ეკლესიაში. ცნობილი პუბლიცისტი ემილ პულა წერს: „საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია უდაბნოდ გადაიქცა. ამ უდაბნოში ჯერ კიდევ არსებობს რაღაცნაირი ცხოვრება და აქა-იქ ჩნდება სუსტი ამონაზრდები, მაგრამ უკვე აღარასდროს გარდაიქმნება ბაღნარად". გერმანიაში კათოლიკურ „ეკლესიას", ისევე როგორც პროტესტანტულს, კორპორაციის სტატუსი ენიჭება. მას მრავალი სოციოლოგიური ფუნქცია გააჩნია, იკრიბება ეკლესიისთვის შესაწირი გადასახადი. კათოლიკები აქაც უდიდესი პრობლემების წინაშე დგანან. 1992 წ. კათოლიკური მრევლიდან 190 ათასი ადამიანი წავიდა. 1990-დან 1996 წლამდე საკვირაო მსახურებაზე დამსწრეთა რიცხვი ყოველი მეხუთე კათოლიკეთი შემცირდა. ეკლესიის გადასახადის საერთო რაოდენობა 10%-ით დაეცა. იტალია - ბურჯი რომაული კათოლიციზმისა, მიუხედავად ამისა, ღვთისმსახურთა რიცხვი 25 წელიწადში 50 ათასით შემცირდა. ე.ი. 2000-ზე მეტი ღვთისმსახურით წელიწადში. ჰოლანდიის თხუთმეტ მილიონიან მოსახლეობაში სასულიერო პირობა მხოლოდ 30 ადამიანს სურს. აი, ამგვარი სიტუაციაა ლათინურ დასავლეთში! მზრუნველობის მიპყრობა ამ ქვეყნებისაკენ უფრო ბუნებრივი ხომ არ იქნებოდა? მართლმადიდებელი ქვეყნების კი არა, იქნებ ევროპის განახლებულ ქრისტიანიზაციაზე და ევანგელიზაციაზე უფრო ღირს დაფიქრება? მართლმადიდებელ ქვეყნებში ღვთის შეწევნით, იზრდება მრევლი, იხსნება ახალი და აღორძინდება ძველი ეკლესია-მონასტრები, იკურთხება ახალი სასულიერო პირები. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლითაც ლათინური დასავლეთის ნეგატიური მხარეები იკვეთება: რომაული კათოლიციზმი ვატიკანის მეორე კრების შემდეგ უფრო და უფრო ორგანიზაციას ემსგავსება. ის ღებულობს ამასოფლის სულისკვეთებას, ითვისებს ჰუმანურ და პროგრესულ იდეოლოგიას, და იზიარებს მას. მესაზე სასულიერო პირები, მართლმადიდებლური კატეხიზმოსაგან განსხვავებით, სახით ხალხისაკენ არიან მობრუნებულნი. ხაზი ესმება მესიის ახლებურ გაგებას. ხან აშკარად უარყოფილი აქვთ ქრისტეს რეალური მონაწილეობა ევქარისტიის დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთან თვით საიდუმლოც არ სრულდება. თანამედროვე ვატიკანის მზაკვრული პოზიცია მართლმადიდებლ ეკლესიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ მაშინ გამოვლინდა, როდესაც პირველად „და-ეკლესიის" ტერმინი გამოიყენეს. (აღსანიშნავია, რომ ვატიკანი დღესაც აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა საიდუმლოს, ეპისკოპოსებს ეპისკოპოსებს უწოდებს, ნათლობას ნათლობად აღიარებს. მაგრამ თუ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლმოსილებას აღიარებენ, რატომ ცდილობენ შეღწევას იქ, სადაც ოდითგანვე მართლმადიდებლობა იქადაგებოდა?
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |