მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ცხონების ნავსაყუდელი

ცხონების ნავსაყუდელი


17-01-2018, 09:55

ცხონების ნავსაყუდელი

 

   „სულ ერთი არაა, თუ როგორ გვწამს? ღმერთი ერთია, უბრალოდ ადამიანებს სხვადასხვაგვარად წარმოუდგენიათ ის, სხვადასხვაგვარად ეთაყვანებიან მას... და რა არის ამაში ცუდი? ყველა რელიგია ხომ თავის მიმდევრებს სიკეთისა და მშვიდობისაკენ მოუწოდებს, და გონიერი ადამიანი უბრალოდ არ საჭიროებს სარწმუნოებრივ წვრილმანებში გარკვევას. გწამდეს ღმერთი, არ გააკეთო ცუდი, სავსებით საკმარისია ცხოვრებისათვის - ამგვარად, ან მსგავსად აზროვნებს დღეს მრავალი ჩვენი თანამედროვე.

   ისინი არ არიან ათეისტები - ათეისტობა დღეს უბრალოდ მიუღებელია. ისინი პლურალისტები არიან. სარწმუნოებრივი და სულიერი ცხოვრების საკითხები მათ იმდენად აინტერესებთ, რამდენადაც ამ თემაზე კულტურულ საზოგადოებაში საუბარი მიზანშეწონილია. შობას კათოლიკურ ეკლესიაში მიდიან, იქ ორღანი უკრავს და მშვენივრად მღერიან სენტიმენტალურ საშობაო სიმღერებს. აღდგომას - მართლმადიდებლურ ტაძარში, იქ პასკას, კვერცხს წყლით აკურთხებენ, იქვე მონათვლაც შეიძლება. ასეთ ადამიანებთან საუბარი იმაზე, თუ რაში მდგომარეობს მართლმადიდებელი სარწმუნოების არსი და რატომ არის მხოლოდ ის მაცხოვნებელი სარწმუნოება - უაზრობაა. მათ რწმენა არა აქვთ, მაშასადამე, არც მისი შინაარსი აინტერესებთ. სამწუხაროა!

   მაგრამ უფრო მეტად სამწუხარო ისაა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთ მრევლშიც კი მართლმადიდებლური სწავლებისადმი ანალოგიური, გულგრილი დამოკიდებულება შეიმჩნევა - ტაძარში დავდივართ, სანთელს ვანთებთ, დილით და საღამოთი ვლოცულობთ, აღსარებას ვამბობთ, ვეზიარებით. მეტი რაღა მოგვეთხოვება? „განა არ ვცხონდებით იმით, რომ გვწამს ღმერთი და ტაძარში დავდივართ?"

   რას ვიტყვით? მართლაც, „ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა სჯულისასა" (რომ. 3. 28) მაგრამ როგორ ვიწამებთ იმას, რაც არ ვიცით? წმინდა წერილში მრავალგზის არის მითითებული გააზრებული რწმენის აუცილებლობის შესახებ. მაცხოვარმა ადამიანს გონებრივი მონაცემები უპირველეს ყოვლისა იმისთვის მიანიჭა, რომ მას შეეცნო ჭეშმარიტი ღმერთი. ნეტარს უწოდებს წმიდა დავით მეფსალმუნე იმ ადამიანს, რომელსაც „შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავს იგი დღე და ღამე" (ფს. 1. 1). თავად მაცხოვარი ამბობს: „გამოეძიებდით წიგნთა" (ინ. 5. 39). პირველმა ქრისტიანებმა, მიიღეს რა მოციქულთაგან სასიხარულო უწყება მაცხოვრის განკაცების შესახებ, ზედმეტად არ მიიჩნიეს „მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან უკეთუ ესე ესრეთ არს" (საქმე. 17, 11). „ეკრძალე თავსა შენსა და მოძღვრებითა მით დაადგერ მათ ზედა, რამეთუ ამას რაი ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი" (ტიმ. 4. 16). გვმოძღვრავს პავლე მოციქული.

   სარწმუნოებრივი სწავლების ჭეშმარიტებანი განყენებული თეორიები როდია, რომელნიც არ ზემოქმედებენ ჩვენს ცხოვრებაზე. ეს რომ ასე ყოფილიყო, სარწმუნოებისათვის არ დადებდა თავს მილიონობით აღმსარებელი. მათ ერეტიკოსებთან თუ გინდ ერთ-ერთ სიტყვაში თანხმობას, წამება და სიკვდილი ამჯობინეს. სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებისადმი მათი გულგრილობა მხოლოდ ჭეშმარიტების უცოდინარობაზე მეტყველებს.

   ნებისმიერი აღმსარებლობა, ადამიანის შინაგან ცხოვრებას თავისი ნორმებისა და კრიტერიუმების მიხედვით ცვლის. ადამიანი, როგორც წესი, ემსგავსება მას, ვინც უყვარს და ვისიც სჯერა. ქრისტიანისათვის იდეალი ქრისტეა. ქრისტეა ჩვენთის მიბაძვის მაგალითიც. ახლაც ვკითხოთ საკუთარ თავს: ვასრულებთ კი იმას, რაც გვასწავლა ქრისტემ, გულწრფელად რომ ვთქვათ - იშვიათად (ნაკლებად) და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვსურს ან არ შეგვიძლია (ხშირ შემთხვევაში არ გვსურს), არამედ იმიტომაც, რომ არ ვიცით წესიერად, თუ რას გვასწავლის მაცხოვარი, რა გზა შემოგვთავაზა მან ჩვენ, რათა მივაღწიოთ მარადიულ ცხოვრებას. ღმერთი ნამდვილად ერთია. და იესო ქრისტე, ძე ღვთისაც ერთია „გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13. 8) სარწმუნოებაც, რომელიც მან მოგვცა ერთია: „ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება" (ეფ. 4. 5) მასასადამე, ღვთისაკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზაც ერთია „და ეს გზა მოგვმადლა ჩვენ იესო ქრისტემ: „მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი"" (ინ. 14. 6) ნუ მოვიტყუებთ თავს, სხვა გზა ცხონებისა არ არსებობს.

   რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს რელიგიური პლურალისტებისათვის, მხოლოდ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შეინარჩუნა მოციქულებრივი გადმოცემა მთელი სისრულით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, - ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია. ვისაც არ სწამს მარადიული ცხოვრების, ქრისტეს აღდგომის, საყოველთაო აღდგომის, ვინც დადის ეკლესიაში მხოლოდ იმისათვის, რომ დაანთოს სანთელი „ჯანმრთელობისთვის" ვინც მარხულობს იმისათვის, რომ „განიწმინდოს ორგანიზმი" და ამასთანავე საერთოდ არ სურს საკუთარი ცხოვრების გამოსწორება - მისთვის ეკლესიის სწავლება, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრება, უინტერესოა.

   უფალი იტყვის: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მათ. 16. 24).

   მაშ, მივყვეთ ქრისტეს, როგორც ამას პირველი ქრისტიანები, პირველი მოწამეები აკეთებდნენ. მათ არ იცოდნენ დოგმატური ღვთისმეტყველება, მაშინ ასეთი რამ არც არსებობდა. ეკლესია თავისი სწავლების ფორმულირებას, ერეტიკოსების მიერ სახარებისეული ჭეშმარიტების დამახინჯების მცდელობის საპასუხოდ, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ახორციელებდა. მრავალ მოწამეს არა მხოლოდ არ გააჩნდა ღვთისმეტყველური განათლება, არამედ ნათლობაც მოწამეობრივი აღსასრულის დროს - საკუთარი სისხლის დაღვრით მიიღო. მაგრამ მათ როდი ჰქონდათ გაურკვეველი „აბსტრაქტული ღმერთის" ან გაუცნობიერებელი „სიკეთის" რწმენა. არა, მათი რწმენა სავსებით კონკრეტული იყო. მათ სწამდათ მაცხოვარი, იესო ქრისტე, ძე ღვთისა, რომელიც ჯვარს ეცვა ადამიანების ცოდვების გამო და აღსდგა, რათა საყოველთაო აღდგომისას აღადგინოს ყველა მისი მრწმენი. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა ქრისტიანებმა არ იცოდნენ წმიდა წერილი, ისინი აღიარებდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის სამ ძირითად დოგმატს. ღვთის განკაცებას, გამოსყიდვას და აღდგომას. სწორედ ამგვარი რწმენა და აღმსარებლობა შეეწეოდა მათ მოწამეობრივი აღსასრულის დროს. გაგვაჩნია კი ისეთი რწმენა, რომლითაც განვმართლდებით? ხომ არ მოგვიფიქრებია საკუთარი „დოგმატები" საკუთარი „სწავლება", რომელსაც მივსდევთ, იმიტომ, რომ ასე უფრო მოხერხებულია? ხომ არ ვემსგავსებით ფარისევლებს, რომელნიც „შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რათა მოძღურებაი თქუენი დაამტკიცოთ" (მარკ. 7. 9).

   გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: „სარწმუნოებისა თქვენისამებრ გეყავნ თქუენ!" (მათ. 9. 29). როგორი რწმენაც გვაქვს - ისეთივე იქნება ჯილდოც. ჭეშმარიტი სარწმუნოებისამებრ - ჯილდოც ჭეშმარიტია. მაგრამ როგორ განვასხვავოთ ჭეშმარიტება სიცრუისაგან, მართლმადიდებლური სწავლების შემეცნების გარეშე?



მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება