მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია

ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია


30-11-2017, 00:03

ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია

 

   მეშვიდე საუკუნეა სოფელ ლიხაურს შემაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობი ტაძარი.

   აჭისწლის ხმაურსა და იისფერი მთების სიჩუმეს შერწყმია ეკლესიის ზართა გუგუნი...

   მეშვიდე საუკუნეა რეხუელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლი იფარავს სოფელს...

   „ლიხაურის ეკლესია ოდნავ შემაღლებულ ადგილას დგას იმავე სახელწოდების სოფლის შუაგულში... ეკლესიის ეზო საკმაოდ ვიწროა, მას მხოლოდ ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვისაგან ნაგები ოთხკუთხოვანი სამრეკლო" - გვაუწყებს დიმიტრი ბაქრაძე. სწორედ სამრეკლოზე ამოუკითხავს დიდ მეცნიერს ასომთავრულით შესრულებული წარწერა: „ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო რეხუალისაო, შეიწყალე გიორგი გურიელი და დედოფალი ელენე. ამინ და კირილეისონ". წარწერა 1422 წლითაა დათარიღებული.

   ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის აგების თარიღი მისსავე საგანძურში დაცული ყოველადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასომთავრულ წარწერაშია გაცხადებული. ტაძარი მე-14 საუკუნეში, 1350 წელს აუგია გურია-სვანეთის ერისთავთ-ერისთავს კახაბერ ვარდანის ძეს.

   ლიხაურის ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან სამი სარკმელი გარეთა მხრიდან ფაქიზი ორნამენტებითაა შემკული. მაგრამ არაფერია ცნობილი უცნობ ოსტატზე, ვინც ასეთი რუდუნებით გამოკვეთა ტაძრის ჩუქურთმა შორეულ საუკუნეში. ტაძრის მომხატველის ვინაობაზეც დუმს ისტორია, თუმცა ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილ ფერგადასულ ფრესკაში თავისი დიდი რწმენა და სიყვარული ჩაუქსოვია ჩვენს შორეულ წინაპარს.

   აურაცხელი საფასე, წმინდა ნივთი და ხატი ინახებოდა ლიხაურის ეკლესიაში, აქვე ელაგა სიგელ-გურჯები და ძველთაძველი ფოლიანტები.

   ტაძარში დაცული იყო უძველესი ხატი წმ. იაკობისა. ხატის ოქროს გარსამოსი ქართული ოქრომჭედლობის ნამდვილ სამშვენისს წარმოადგენდა. ექვსი ხოშორი მარგალიტი ამკობდა ხატის ერთ მხარეს, ხოლო გარსამოსის მეორე მხარეს ამოტვიფრული იყო ქართული პალეოგრაფიის საუცხოო გამოვლინება - „კიდურ-წერტილოვანი" ასომთავრული. ექ. თაყაიშვილი ხატს, წარწერის მიხედვით, თამარ მეფის დროს მიაკუთვნებდა.

   აქვე იყო დაცული ძვირფას ჩარჩოში ჩასმული ღვთისმშობლის ხატი და ცხრა საუკუნის წინათ ტყავზე გადაწერილი ოთხთავი, რომლის შესახებ თედო სახოკია წერს: „ლიხაურის ეკლესიაში შენახულია ტყავზე დაწერილი ოთხთავი ასომთავრული ხუცურით. აქაურს მღვდელს კონტრიძეს დაუკაზმინებია ეს განძი ჩვენის საეკლესიო მწერლობისა და საკმაო სისუფთავითაც კი შეუნახავს"...

   მამა ნესტორი (კონტრიძე) ლიხაურის ტაძრის უკანასკნელი მოძღვარი იყო კომუნისტური რეჟიმის დროს. 1924 წელს ბოლშევიკებმა ლიხაურის ტაძარი დაარბიეს და გაძარცვეს. წმინდა ნივთები ხელებშეკრული მამა ნესტორის თვალწინ ცეცხლში ჩაყარეს...

   ბოლშევიკებისაგან შეურაცხყოფილი მამა ნესტორი მოწამეობრივი სიკვდილით აღესარულა 1931 წელს...

   გარდასულ საუკუნეებზე არა ნაკლებ სასტიკმა წლებმა ჩაიარა...

   ექვსი ათეული წელი დასჭირდა რწმენის დაბრუნებას...

   1989 წელს ზარებმა ისევ მოუხმეს მორწმუნეთ ტაძარში...

   და ასე გრძელდება დღემდე...

   წელს ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღშენებიდან 665 წელი შესრულდა.

   როგორც იმ შორეულ საუკუნეებში, აქ დღესაც აღსრულდება წმ. საიდუმლო...

   ტაძრის პირველი მოძღვრის მამა გურამის წინამძღვრობის დროს ტაძარი ხელახლა მოიხატა.

   ღვთის შეწევნით, მორწმუნეთა ღვაწლითა და ტაძრის წინამძღვრის მამა ზაქარია (მარგალიტაძე) ლოცვა-კურთხევით სამრეკლოს მშენებლობაც დასრულდა...

   აჭისწყლის ხმაურსა და გოლიათი მთების სიჩუმეს კვლავ ეფინება ზართა გუგუნი...

   ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო რეხუელისაო, შეეწიე და დაიფარე შენდამი მავედრებელნი. ამინ!




Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება