მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ჯვრის თაყვანისცემა და მისი პროფანაცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ჯვრის თაყვანისცემა და მისი პროფანაცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე6-04-2024, 19:42 |
ჯვარი იესო ქრისტეს განკაცებამდე სამარცხვინო სიკვდილის სიმბოლოს წარმოადგენდა, მაგრამ ქრისტეს განკაცებისა და ჯვარცმის შემდეგ იგი გამარჯვების სიმბოლო გახდა და ქრისტიანის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაიკავა. ჯვრით ამშვენებენ ტაძრის გუმბათებს, მას ატარებენ გულ-მკერდზე, ის გამოსახულია ქრისტიანთა ოჯახებში. მორწმუნე ადამიანი საჭიროების დროს ბოროტისაგან დასაცავად პირჯვარს ისახავს. არ არსებობს ქრისტიანი ჯვრის გარეშე, ისევე როგორც ჯვარი - ქრისტეს გარეშე. ჯვარი, ქრისტეს წყალობით, ცხონების იარაღი, სიხარულის, განწმენდისა და აღორძინების წყარო გახდა. ჯვრით დამარცხდა სატანის ტირანია. ჩვენ მართალნი ვართ, როცა მკერდით ვატარებთ ჯვარცმულ ქრისტეს, „რამეთუ სიტყუა იგი ჯუარისა წარწყმენდულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩვენ ცხორებულთა ამათთვის ძალ ღმრთისა არს" (1 კორ. 1. 18). ამასვე მოწმობს ჯვრის შესახებ წმინდა იოანე ოქროპირი: „ქრისტემ ჯვარზე გაკვრით გაანადგურა სიკვდილი, თავისი წმინდა სისხლით განწმინდა ჯვარი და თავისი მაცხოვნებელი სიკვდილით სამუდამოდ აღამაღლა იგი". ორი ათასი წლის განმავლობაში ჯვარი ინარჩუნებს პირველად მნიშვნელობასა და მაცხოვნებელ ძალას. ეკლესიის ისტორია და წმიდა მამათა ნაშრომები დღესაც მოწმობენ ჯვრის სასწაულთმოქმედების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია წმიდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის ცხოვრების მაგალითი. მან, ღვთის განგებით, ცაზე გაბრწყინვებული ჯვარი იხილა და ხმა მოესმა: „ამით სძლიე". მართლაც, ჯვრის შემწეობით კონსტანტინე დიდმა მრავალი მტერი დაამარცხა. ეჭვგარეშეა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ ერთგულ შვილს ჯვრის სასწაულთმოქმედების შესახებ მოწმობა საკუთარი ცხოვრების მაგალითითაც გააჩნია. ჯვრის მაცხოვნებელი ძალის ყურადსაღები მაგალითი მოთხრობილია წმ. მოწამე ნიკონის ცხოვრებაში. თავდაპირველად ნიკონი წარმართი იყო კერპებს სცემდა თაყვანს. გაწვევისა და მცირედი მომზადების შემდეგ ის ომში გაგზავნეს. ნიკონის დედა ქრისტიანი იყო. საყვარელ შვილთან დამშვიდობების დროს მან თქვა: „განსაცდელის დროს პირჯვარი გადაიწერე!" დედის სიტყვები ნიკონმა ხუმრობად მიიჩნია. იგი მხოლოდ ომში სიკვდილის რეალურ საფრთხეში მყოფს მოაგონებდა, იმწამსვე გადიწერა პირჯვარი და თქვა: „ქრისტე ღმერთო, დამიფარე სიკვდილისაგან და შენი მონა გავხდები". ჯვრის სასწაულთმოქმედი ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან არა მხოლოდ იხსნა ნიკონი, არამედ თავისი ჯარის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეატანინა. მრავალი გმირული საქციელისათვის დაჯილოებული ნიკონი სახლში დაბრუნდა. მალე იგი მოინათლა და შემდეგ, ღირსეული ცხოვრების გამო, ეპისკოპოსიც გახდა. თავისი ცხოვრება წმ. ნიკონმა მოწამეობრივად დაასრულა. ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ვალდებულია ჯეროვანი პატივი მიაგოს და თაყვანი სცეს მაცხოვრის ჯვარს. ასევე ყოველ ქრისტიანს პირჯვრის სწორი გამოსახვა გვმართებს. პირჯვრის გარდასახვის დროს ჩვენ შევაერთებთ სამ თითს, რითაც წმინდა სამების სიმბოლოს გამოვხატავთ. დანარჩენ ორ თითს ხელის გულზე მივიკრავთ. ორი თითი ქრისტეს ორ ბუნებას, - ღვთაებრივსა და კაცობრივს ნიშნავს. ამგვარად დაწყობილი მარჯვენა ხელის თითებით ჩვენ თანმიმდევრულად გადავისახავთ ჯვარს, ჯერ შუბლზე, - გონების განწმენის მიზნით, მუცელზე (ჭიპთან) - სულისა და გრძნობების განწმენდის ნიშნად. შემდეგ კი - მარჯვენა და მარცხენა მხარზე, რათა ყოველი ჩვენი მოქმედება კურთხეული იყოს სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ". გარდა ამისა, ყოველ ჩვენგანს ჯვრის უპატივცემულობისა და შეურაცხყოფისაგან დაცვა გვმართებს, თუნდაც სიკვდილის ფასად. ქრისტეს მიერ საყვარელნო, უკანასკნელ ჟამს ხშირად ვხედავთ ჯვრის გამოსახულებებს მიუღებელ ადგილებზე (მაგ. ფეხსაცმელზე), შეტრიალებულ ჯვრებს, როკ-ჯგუფების მიერ ჯვრების შეურაცხყოფასა და ა.შ. მართლმადიდებელ ქრისტიანს ჯვრით ამგვარი პროფანაციის წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლა მართებს. VI მსოფლიო კრების 73-ე კანონი კატეგორიულად გვიკრძალავს ჯვრის გამოსახულების გათელვას, თუ გინდ ის ქვიშაზე იყოს დახატული, ხოლო დამნაშავის ეკლესიისაგან განყენებას ბრძანებს.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |