მთავარი > კითხვა-პასუხი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > საუბარი არქიმანდრიტ რაფაელთან (კარელინი)

საუბარი არქიმანდრიტ რაფაელთან (კარელინი)


10-01-2018, 00:02

საუბარი არქიმანდრიტ რაფაელთან (კარელინი)

 

   1. კითხვა: რა არის ლოცვა?

   პასუხი: ლოცვა არის სიტყვის მეშვეობით ღმერთთან მიახლება, ღვთისსათნო საუბარი ადამიანისა თავის შემოქმედთან. სულიერი კავშირი ქმნილებისა თავის შემქმნელთან. ლოცვა არის სინანულის, მადლიერების გრძნობისა და თხოვნის გამოხატვა ზეციური მამისადმი. ლოცვა არის მოწმობა იმისა, რომ ჩვენ სისტემატურად დამოკიდებული ვართ ღვთის განგებასა და შემწეობაზე.

   სულიერების მაღალ საფეხურზე ადამიანის ლოცვა ღვთისადმი, როგორც უზენაესი სილამაზისადმი, სრულყოფილი სიბრძნისა და სათნოების წყაროსადმი, სიყვარული მოთხოვნილება ხდება.

   ლოცვა არის ადამიანში ღვთის ხატების განათლება და ღვთის მსგავსების განხორციელება.

   2. კითხვა: როგორ ილოცოს დამწყებმა ქრიტიანმა? რა რაოდენობის ლოცვა წაიკითხოს ქრისტიანმა რელიგიური ცხოვრების დასაწყისში?

   პასუხი: წმინდა მამები ამბობენ: იქონიე ლოცვის წესი. სულიერი მოძღვრის კურთხევით ყოველდღიური შესრულებისათვის აიღე გარკვეული რაოდენობის ლოცვის წესი. ლოცვის კანონი დამოკიდებულია ცხოვრებისეულ პირობებზე თუ სხვადასხვა მიზეზებზე. მაგალითისათვის მივუთითებთ ერთ-ერთ ლოცვის კანონზე: დილის და საღამოს ლოცვები, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კანონი, ფსალმუნი (ერთი კანონი), სახარება (ერთი თავი), სამოციქულო (ერთი ან ორი თავი). ეს წესი შეიძლება გაიზარდოს. გარდა ამისა, ადამიანს შეუძლია წაიკითხოს ნებისმიერი ლოცვა, პარაკლისი თუ კანონი. განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გვმართებს იესოს ლოცვის კანონის შესრულებაც. ზოგიერთნი ამისთვის იყენებენ ფსკვნილს. არსებობს უსაფუძვლო ცრურწმენა, თითქოს ერისკაცს არა აქვს ფსკვნილზე ლოცვის თქმის უფლება. ეს არის ბოლო ორი საუკუნის მანძილზე სულიერი ცხოვრების დასუსტების შედეგი, როდესაც ფსკვნილს მხოლოდ ბერების ხელში ხედავდნენ.

   დამწყები ქრისტიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში მონაწილეობა. მან თავისი ინდივიდუალური ლოცვების წესი არ უნდა ანაცვალოს ეკლესიის ღვთისმსახურებას.

   ქრისტიანს შეუძლია მიმართოს ღმერთს საკუთარი სიტყვებითაც და თხოვოს მას კონკრეტული საჭიროებისამებრ.

   ამრიგად, შეგვიძლია შემდეგი ლოცვის სახეობების მითითება: ეკლესიის ღვთისმსახურება, პირადი ლოცვა, რომელიც წიგნით ლოცვასაც გულისხმობს, იესოს ლოცვა და საკუთარი სიტყვებით აღვლენილი ლოცვა.

   დღის განმავლობაში ხშირად უნდა მივმართოთ ღმერთს. მიმართვის საუკეთესო ფორმა იესოს ლოცვაა.

   3. კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნა?

   პასუხი: იმიტომ, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს შეურყევლად შენარჩუნებული სამოციქულო გადმოცემა. ე.ი. სწავლება, რომელიც იესო ქრისტემ მისცა თავის მოწაფეებს, ამ სწავლებას იცავს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია.

   4. კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელს სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან და განხეთქილების შემომტანებთან?

   პასუხი: მართლმადიდებელ ქრისტიანს, ყველა ადამიანისადმი განურჩევლად ნაციონალური თავისებურებებისა, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიური მიმართულებისა, სიყვარული და კეთილგანწყობა მართებს. მაგრამ მიუღებელია რელიგიური ურთიერთობა მათთან, ვინც წმინდა ეკლესიის გარეთ იმყოფება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვილოცოთ ასეთი ადამიანებისათვის, რომ ისინი მართლმადიდებელ ქრისტიანებად მოიქცნენ. სექტანტებთან და განხეთქილების შემომტანებთან კამათი დასაშვებია მხოლოდ მათთვის, ვისაც გააჩნია ღვთისმეტყველური ან თვითგანათლება. ერეტიკოსების ექსპანსიისა და ქადაგების საწინააღმდეგო მოქმედებები შეათანხმეთ თქვენს სულიერ მოძღვართან, რადგან შეცდომასა და არცოდნას შეიძლება უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.

   5. კითხვა: ვინ არის სექტანტი?

   პასუხი: სიტყვა „სექტა" ნიშნავს ჯგუფს. სექტა არის საზოგადოება, რომელიც არ იზიარებს ეკლესიის დოგმატურ სწავლებას და გამოყოფილია წმ. ეკლესიისაგან. სექტანტებისაგან განსხვავებით, განხეთქილების შემომტანნი უარყოფენ არა დოგმატურ სწავლებას, არამედ ეკლესიის სტრუქტურასა და იერარქიას. ერთიც და მეორეც განაშორებს ადამიანს ღვთის მადლისაგან და ართმევს მას ცხონების საშუალებას.

   6. კითხვა: როგორ ვებრძოლოთ მათ?

   პასუხი: სექტანტებს უნდა ვებრძოლოთ შთაგონებით და არა ქუჩური ექსცესებით. უნდა ვიზრუნოთ ანტისექტანტური ლიტერატურის გავრცელების და ღვთისმეტყველური ცოდნის გაღრმავებისათვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია თვით მართლმადიდებლებმა ვიცხოვროთ ქრისტიანულად და მაგალითი მივცეთ სხვებს სახარებისეული მცნებების შესრულებაში. ჩვენი ცოდვები და შეცდომები სექტანტებისთვის საკვებ მასალას წარმოადგენს.

   ქრისტიანობამ სძლია ამ სოფელს სიყვარულით და არა კამათით. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „სიტყვა შეიძლება სიტყვას დაუპირისპირო, მაგრამ ცხოვრებას რას დაუპირისპირებ?" სხვა ადგილას წმ. მამა წერს: „სიტყვის ქადაგებას ცხოვრების წესით ქადაგება სჯობია, მაგრამ მათი შერწყმა შენს მსახურებას სრულყოფილს გახდის".

   7. კითხვა: როგორ ცხონდება თანამედროვე ქრისტიანი?

   პასუხი: განსაცდელისათვის ღვთისადმი მადლიერებითა და მტრებისათვის ცოდვების მიტევებით.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება