მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ...“

„თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ...“


9-01-2018, 00:04

 

   „თქვენ ისე გძინავთ და ისევენებთ" - ეუბნებოდა მაცხოვარი თავის მოწაფეებს, როცა აღასრულებდა განწირულის ღვაწლს გეთსიმანიის ბაღში. სამგზის მისულმა სამგზის ჰპოვა ისინი მძინარენი და თითქოს დაენანა სიმშვიდის დარღვევა, მარტოდმარტო დაემხო მიწას ზეციური მამისამი აღვლენილი მხურვალე ლოცვით (მათ. 26. 39-45). ჭეშმარიტად, საყვარელნო ძმანო, ის სიტყვა და საქმე უფლის ჩვენისა, შეგვიძლია მივუსადაგოთ ჩვენ წმინდა დედას - ეკლესიას. როცა გვიყურებს იგი ბავშვებივით მონებივრეს. ყოველი შუაღამის მოახლოებისას ცდილობს ჩვენს გამოფხიზლებას მსხნელის ხმით: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში", მაგრამ თუ კი ჩვენ არ გვსურს წამოდგომა, მაშინ თავისი მსახურებითა და არცთუ ბევრი მღვიძარე შვილით, - ჩვეულებრივ, დაუძლურებული ბერებით - განმარტოვდება სალოცავებში, როგორც უფალი გეთსიმანიის ბაღში, და იქ აღასრულებს „შუაღამის ლოცვებს" ჩვენი სულებისათვის. ჩვენ გვძინავს და ვისვენებთ, ის კი განუწყვეტლივ იმეორებს საუფლო ლოცვაში ჩვენთვის „პურს არსობისას", არ კმაყოფილდება ტაძრებში აღვლენილი საყოველთაო ლოცვით და როგორც დედა ყრმას, გვიმზადებს განსაკუთრებულ საზრდოს - გვთავაზობს „დილის ლოცვებს", დადგენილს შინ წასაკითხად.

   მას სურს, გაღვიძებისთანავე ჩვენი პირველი სიტყვა იყოს ლოცვით მოწოდება სიცოცხლისმომნიჭებელი სამების ყოვლადწმიდა სახელისა, პირველი ქმედება კი პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის სამგზის გამოსახვა. იგი ცდილობს მოგვანიჭოს ანგელოზებრივი სიწმინდე და სურს ვიგალობოთ ანგელოზთა საგალობელი: „წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, შენ ღმერთო..." მაგრამ რაკი ასე შორსა ვართ სიწმინდისაგან და ხშირად უფრო ცოდვილნი ვიღვიძებთ, ვიდრე დაძინებამდე ვიყავით, ეკლესია მოითხოვს, უპირველესად მადლობა შვწიროთ შემოქმედს, რომელმაც არ ინება ჩვენი წარწყმედა „უსჯულოებათა შინა ჩვენთა", არამედ ჩვეული კაცთმოყვარებითა და სულგრძელობით აღგვადგენთ სარეცელისა და ძილისაგან, ხოლო შემდგომ ამისა ყოველ ლოცვას აღავსებს მონანულის გოდებითა და გონების განათლებისათვის ვედრებით.

   მოწყინება, თავდავიწყება, უგუნურება და დაუდევრობაა თითქმის ყოველთვის მიზეზი ჩვენი მოუწესრიგებელი ცხოვრებისა, ეკლესია შეგვეწევა ლოცვით მივმართოთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს რათა თავისი, უბრძოლველი ძლიერებით „ყოველთაგან ვნებათა" განგვათავისუფლოს ჩვენ. რაკიღა ცხოვრების ყოველ წუთს გვჭირდება ზეციური მეთვალყურე და დამხმარე, ეკლესია მოითხოვს, მფარველ ანგელოზს შევავედროთ „შეურაცხი სული ჩვენი", დაე, ნუ განგვეშორება იგი „ბილწებათა ჩვენთათვის".

   მრავალგზის დავიძინეთ და გავიღვიძეთ, ასე იყო გუშინ და დღეს, იქნებ, ასე იყოს ხვალაც, მაგრამ ვინ იტყვის, რომ ხვალ უკეთესნი ვიქნებით, აღვასრულებთ ნათლის საქმეებს? იქნებ, მეტად ჩავინთქათ ცოდვიან წყვდიადში?

   ოჰ, ძმებო, რამდენჯერ აღუთქვით ჩვენი ცოდვილი ცხოვრების შეცვლა და რადენჯერ ვეცრუეთ თავსა და უფალს! სადაა საქმენი, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი გადარჩენა? „ნუ გამოეძიებ საქმეთა ჩემთა, რამეთუ ბოროტ არიან", რაღა დაგვრჩენია გადასარჩენად? მადლი და რწმენა. ამიტომაც გვავალებს დედა ეკლესია დილის ლოცვების დასაწყისშივე წარმოვთქვთ სიმბოლო სარწმუნოებისა, ხოლო შემდგომ გვთავაზობს უძლიერეს  ლოცვას. მაცხოვრისადმი აღვლენილს, რომელშიც ცდილობს არა მარტო გული მოულბოს უფალ - ღმერთს, არამედ თითქოს არწმუნებს კიდეც გადაგვარჩინოს არა ჩვენი საქმეების დამოწმებით, არამედ თავისი გარდაუვალი აღთქმის, უსაზღვრო მადლისა და განუზომელი გულმოწყალების წყალობით.

   ვის ძალუძს კეთილ საქმეთა სანაცვლოდ მხოლოდ რწმენით წარსდგეს და დაიცვას თავი მართლმსაჯულების წინაშე? ეკლესია გვიბოძებს ამ უძლიერეს საფარველს!

   ამრიგად, დედა ეკლესია არა მარტო ლოცულობს ჩვენთვის ღმრთისა მიმართ, არამედ გვიცავს კიდეც მის წინაშე და არა მარტო თვითონ გვიცავს, არამედ ჩვენ, უღირსთ, გვანიჭებს გარკვეულ შეუვალ უფლებას თავდაცვისათვის!


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება