მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > „პატივი ეც მამასა და დედასა შენსა“

„პატივი ეც მამასა და დედასა შენსა“


18-11-2017, 00:03

„პატივი ეც მამასა და დედასა შენსა“

 

   ვუყურებთ რა დედის მკერდთან მიკრულ ჩვილს, ვხედავთ, როგორ აღძრავს დედის ღიმილი მის ბაგეებზე საპასუხო ღიმილს; როგორ შეჰყურებს ბავშვი დედის თვალებს ალერსის მოლოდინით და როგორი ღიმილით პასუხობს დედის მოფერებას, რომელსაც ჯერ ვერ გებულობს, მაგრამ გრძნობს. ასე, დაბადებიდანვე მჟღავნდება ბავშვებში მშობლებისადმი სიყვარული. ნუთუ ძნელია შევინარჩუნოთ ის გრძნობა, რომელიც დაბადებიდანვე ბუნებრივადაა ჩანერგილი ჩვენში?

   მშობლები მზრუნველად და დიდხანს გვფარველობენ შობამდე და შობის შემდეგ. მათი ვალდებულები ვართ პირველი სიტყვისათვის, ნაბიჯისათვის, ლოცვისათვის, სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. შეიძლება კი ჩვენ არ ვგრძნობდეთ ყველა ამ სიკეთეს, არ ვპასუხობდეთ სიყვარულზე სიყვარულით? სიყვარული ხომ საპასუხო სიყვარულს ბადებს.

   ვის არ სურს დიდი ხნის სიცოცხლე? მაგრამ დიდი ხნის სიცოცხლე მოსაწყენია, თუკი უფალი არ გვაკურთხებს ბედნიერებით. და აი, უფალი გვპირდება სასურველ დღეგრძელობას და ბედნიერებას, თუკი მშობლებს მივაგებთ პატივს - „პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა" (გამ. 20,12).

   ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებაში გვხვდება მწუხარებაც, გამოწვეული მშობელთა, ნათესავთა, მეგობართა ავადმყოფობით ან სხვა უსიამოვნებებით. მშობლის მოსიყვარულე მიმართავს უფალს ლოცვით ახლობელთა განკურნებისათვის ან სხვა მწუხარებებიდან დახსნისათვის და მისი ვედრება შესმენილ იქნება: „მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და ვედრების ჟამს შესმენილ იქმნება" (ზირ. 3,5).

   „საქმით და სიტყვით პატივი ეც მამასა, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე. რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის" (ზირ. 3, 8-9)

   აი, აღთქმული ბედნიერება, რომელიც მშობელთა კურთხევით მოიპოვება! მშობელთა ლოცვა უერთდება ღვთის სიტყვას და ვრცელდება მთელს შთამომავლობაზე - შვილებზე, შვილიშვილებზე და შვილთაშვილებზე.

   „გაიხსენეთ ნოეს მიერ იაფეტის კურთხევა: „განუფართოს ღმერთმა იაფეთს!" და შეხედეთ როგორ მოქმედებს ეს კურთხევა დღესაც, რამდენიმე ათასი წლის შემდეგაც იაფეტის შთამომავლებში, ევროპელებში, რომლებიც ავრცელებენ თავიანთ ვაჭრობას, ძალაუფლებას, რელიგიას, ზნეს და მრავლდებიან ყველა ქვეყანაში" (წმ. ფილარეტ მოსკოველი).

   შვილთა დალოცვის ეს წმინდა ჩვეულება დღესაც მოქმედებს. ამჟამადაც მშობელთა პატივისმცემელი შვილები ღებულობენ მშობელთა კურთხევით აღთქმულ ბედნიერებას, ჩვენს დროშიც „კურთხევა მამისა განამტკიცებს შვილთა სახლებს".

   მშობლის წყევლით უბედურება ქამმა საკუთარ თავზე და შთამომავლობაზე გამოსცადა. გავიხსენოთ ეს ამბავი: „დაიწყო ნოემ მუშაკობა და გააშენა ვენახი. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას. აიღეს სემმა და იაფეტმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე. უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მოქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!" (დაბ. 9, 20-25). ეს წყევლა დღემდე მოქმედებს ქამის შთამომავლობაზე. (ქამის შთამომავლობა ცხოვრობდა ქანაანში, ვიდრე ისინი ებრაელებმა ამ ხალხის დიდი ნაწილი გაწყვიტეს).

   „დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი" (იგავ. 20,20).

   „მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ" (იგავ. 30,17).

   მეხუთე მცნების მრავალმნიშვნელობა, შესრულების სიმარტივე და დარღვევის შემთხვევაში მრისხანე მუქარა გვავალდებულებს და აღგვაგზნებს მისი ზუსტი და მკაცრი შესრულებისათვის. ამისათვის უნდა ვიცოდეთ რა განსაკუთრებულ ვალდებულებებს გვაკისრებს. ესენია:

   1. პატივისცემით ვეპყრობოდეთ მშობლებს;

   2. ვემორჩილებოდეთ მათ;

   3. ავადმყოფობისა და მოხუცებულობის ჟამს ვიზრუნოთ მათზე;

   4. გარდაცვალების შემდგომ, ისევე როგორც სიცოცხლეში, ვილოცოთ მათი სულების ხსნისათვის და ერთგულად შევასრულოთ მათი ანდერძი, რომელიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო და საღვთო კანონებს. (ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო).

   მოკლედ შევეხოთ თითოეულ მათგანს.

   მეხუთე მცნება პირველ რიგში გვაკისრებს მშობლების პატივისცემას, რისთვისაც საჭიროა არა მარტო ის, რომ ყოველი ქმედება იყოს განმსჭვალული თავაზიანობით, ფრთხილი მომსახურებით, სიმშვიდით და ურისხველობით, არამედ ისიც, რომ ყოველი სიტყვა იყოს სიყვარულის, თავაზიანობის და მათდამი ღრმა პატივისცემის გამოხატულება.

   მზრუნველი შვილები იცავენ მშობლებს მცირედი უსიამოვნებისა და გაწბილებისაგანც კი, არ დაუშვებენ მათთან ურთიერთობაში არც მკვეთრ პასუხს, არც შეურაცხმყოფელ უთანხმოებას, არ აჩვენებენ არც უხეშ და არაკეთილგანწყობილ გამომეტყველებას, არც დამცინავ ღიმილს. მშობლის გული შვილის გულთან ისე ახლოსაა ბუნებით, რომ ყოველი მკვეთრი მოძრაობა ერთში იწყებს მსგავს ქმედებას მეორეში. ამიტომ, შვილების მხრიდან ყოველი ძალზე მცირედი წყენაც კი მშობელთა გულებში მტკივნეულად აღიქმება. ყველაზე გაუნათლებელი მშობელიც კი ადვილად არჩევს შვილების მოფერებას შეურაცხყოფისაგან.

   მეხუთე მცნება გვავალდებულებს მშობლებისადმი მორჩილებას. მორჩილება საჭიროა არა მარტო საბავშვო ასაკში, როცა ბავშვი ერთნაირი გაურკვევლობით მიიწევს, როგორც აალებული ნახშირისაკენ, ისე სათამაშოსაკენ, არამედ ნებისმიერ ასაკში. მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლის შენარჩუნება. თვით წმიდა ქრისტიანული სარწმუნოება არის ღრმა მორჩილება და ქრისტიანები წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებით არიან „შვილნი მორჩილებისანი".

   შვილები უნდა ემორჩილებოდნენ მშობლების რჩევა-დარიგებებს და ბრძანებებს უსიტყვოდ არა მარტო მნიშვნელოვან, არამედ უმნიშვნელო საქმეებშიც და არა მარტო კეთილ და მშვიდ მშობლებს, არამედ - ჭირვეულებსაც.

   მხოლოდ იმ შემთხვევაში თავისუფლდებიან შვილები მშობელთა რჩევებისა თუ ბრძანებებისაგან, როცა ისინი აშკარად ეწინააღმდგებიან სარწმუნოებას და ზნეობას; სამოქალაქო და საეკლესიო კანონებს. ჰეროდიადას ქალიშვილი, რა თქმა უნდა, სამართლიანად მოიქცეოდა, თუ არ შეასრულებდა დედის დანაშაულებრივ ნებას, რომელიც ითხოვდა წმ. იოანე ნათლისმეცემელისათვის თავის მოკვეთას. (მარკ. 6, 24).

   საულის შვილი იონათანი, არ მოერიდა თავისი მამის ნების წინააღმდეგ წასვლას, რადგან ხედავდა როგორი უსამართლო იყო მამის ზიზღი დავითის მიმართ (I. მეფეთა 19-20). მსგავს შემთხვევებშიც კი მშობლების მიმართ უნდა ვიყოთ მშვიდები და ურისხველები.

   „როცა მშობლები, ნათესავები, აღმზრდელები, ხელმძღვანელები მოითხოვენ თქვენგან იმას, რაც ეწინააღმდეგება თქვენს მიდრეკილებებს, გემოვნებას, მაგრამ რაც საჭირო ან სასარგებლოა, ან უკიდურეს შემთხვევაში უვნებელია, დაუთმეთ მათ მორჩილების მოვალეობის გამო, ვინაიდან თვით უფალი იესო, ღვთაებრივი უბრძნესობა, დამორჩილდა ხურო იოსებს. მაგრამ, როცა თქვენი მშობლების, ნათესავების, პატივსაცემი და საყვარელი ხალხის საცოდავი მაგალითი და სურვილები განგაშორებთ ღვთისადმი წმინდა მოვალეობის შესრულებისაგან, გირღვევთ სინდისის სიმშვიდეს, ეწინააღმდეგება თქვენი უკვდავი სულის ცხონებას, მაშინ შეეკითხეთ თქვენ თავს იესოს სიტყვებით: „ვინ არს დედაი ჩემი ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?" (მათე 12, 48). გაიხსენეთ, რომ თქვენ გყავთ ჩვეულებრივზე უკეთესი და ამაღლებული ნათესაობა, რომ ღმერთი თქვენი მამაა, ხოლო ეკლესია - დედა; რომ ღვთის ნების აღმსრულებლები, წმინდანები თქვენი არიან, უკიდურეს შემთხვევაში უნდათ იყონ თქვენი ძმები, ნუ დამდაბლდებით ასეთი დიდებული ნათესაობის წინაშე, ნუ განეშორებით ასეთ კეთილ და არაჩვეულებრივ ოჯხს; აღასრულეთ ნება ღვთისა ნაცვლად ადამიანურისა! (წმ. ფილარეტ მოსკოველი).

   წმინდა ისტორია მოგვითხრობს აბრაამის შვილის ისააკის მშობლებისადმი მორჩილების საოცარ მაგალითს.

   „ღმერთმა გამოსცადა აბრაამი და უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილ ისააკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ. ადგა დილაადრიან აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისააკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც და წავიდა იმ ადგილისაკენ, ღმერთმა რომ მიანიშნა. მესამე დღეს შორიდან დაინახა უფლის ნაჩვენები მთა. აბრაამმა მსახურ ბიჭებს უთხრა: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ისააკი იქ წავალთ, ვილოცებთ და თქვენთან მოვბრუნდებით. აიღო აბრაამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისააკს, თავის შვილს, ხელში დაეჭირა ცეცხლი და დანა და ასე წავიდნენ ორნი ერთად. ისააკმა აბრაამს, თავის მამას უთხრა: მამაჩემო! ცეცხლი და შეშა მოგაქვს, აღსავლენი კრავი სადღა არის? უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. მიადგნენ დანიშნულ ადგილს, იქ აბრაამმა სამსხვერპლო აღმართა, დააწყო შეშა, შეკრა ისააკი, თავისი შვილი და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ" (დაბ. 22, 2-9). ისააკმა უსიტყვოდ მისცა თავი მამას. იცოდა, რომ მამის განრისხება სიკვდილზე უარესია, ამიტომ ბოლომდე დარჩა მისი მორჩილი. „რომლის ქცევამ უნდა გაგვაკვირვოს და გაგვაოცოს უფრო მეტად? - შესძახებს წმ. იოანე ოქროპირი - მამის ვაჟკაცურმა სულმა თუ შვილის მორჩილებამ? ის არ გაქცეულა, არ გაბრაზებულა მამის საქციელის გამო, არამედ დამორჩილდა მის ნებას და როგორც კრავი, უსიტყვოდ დაწვა სამსხვერპლოზე".

   მეხუთე მცნება ასევე გვავალდებულებს მოხუცებულობის, მძიმე ავადმყოფობის, მწუხარების და საჭიროების შემთხვევაში მშობლებზე ზრუნვას.

   გავუწიოთ ყოველგვარი დახმარება და ვანუგეშოთ, გავუყოთ ბოლო ლუკმა-პური, თუნდაც თავად შეჭირვებაში, მწუხარებაში და უძლურებაში ვიყოთ. ძველი აღთქმის ისტორია გადმოგვცემს რუთის სახით ნაზი, მზრუნველი სიყვარულის მაგალითს დედა-დედამთილისადმი (რუთ. 1-4). რისთვისაც განადიდა ღმერთმა და ღირსი გახადა გამხდარიყო წინაპარი დავით მეფის და ჩვენი უფლის იესო ქრისტესი.

   ტკივილის მწუხარებით იკუმშება გული, საკუთარი მშობლების შეურაცხმყოფელ შვილებთან შეხვედრისას.

   „ერთხელ, მრევლთან სტუმრობისას - ამბობს ერთი მოძღვარი - შვდივარ სახლში და თვალში მხვდება კუთხეში განმარტოებით მჯდომი მოხუცი. მისმა ჭაღარა თმამ, შრომისაგან დაუძლურებულმა და წლების სიმძიმისაგან მოხრილმა სხეულმა თავიდანვე პატივისცემისა და თაყვანისცემის გრძნობა აღძრეს ჩემში. მივუახლოვდი, რომ გავსაუბრებოდი. მის სახეზე მოწყენილობა და მწუხარება იკითხებოდა.

   - რა დაგემართა მეგობარო? ძალზე დამწუხრებული მეჩვენები. როგორ, შენს სტირი! ვინ გაწყენინა? რაიმე უბედურება ხომ არ მოხდა თქვენს ოჯახში?

   - ოჰ, სიკვდილს ვნატრულობ და ყოველდღე ვევედრები ღმერთს წამიყვანოს ამ ქვეყნიდან, სადაც არაფრისათვის არ ვვარგივარ, სადაც ყოველდღე მამადლიან პურს, რომელსაც ვჭამ და ყოველთვის ცრემლებით ვალტობ. ხუთი შვილი მყავს. ეს საცოდავი ხელები მუშაობდნენ მხოლოდ მათი გამოკვებისათის. ვზრდიდი უდიდესი მზრუნველობით. ისინი მოვაწყვე საკუთარი ოფლით შეგროვილი ხარჯით. ახლა, როცა აღარაფერი მაქვს და არ შემიძლია საკუთარი შრომით თავის რჩენა, ჩემი შვილები ვერ მიტანენ. ისინი ერთმანეთში კამათობენ, თუ რომელ მათგანს არ უნდა მოუწიოს ჩემი წაყვანა სახლში. მე აქ თითქოსდა მოწყალების გამო ვიმყოფები. თუ დავაპირებ რაღაცის თქმას, უცებ გამაჩუმებენ; თუ მივცემ რაღაც შენიშვნას, მეტყვიან, რომ ჭკუიდნ შევიშალე; თუ საკუთარ უბედურებაზე ვწუხვარ, სიკვდილს მისურვებენ. შვილიშვილებიც კი შეურაცხმყოფენ და დასცინიან ჩემი მოხუცებულობის სისუსტეებს. აი, რა დღეში ვარ.

   რა გითხრათ მსგავს უმდურ, უხეშ შვილებზე? ისინი უტყვი ცხოველების დონემდე დადიან. ასეთ შვილებს შენდობა არა აქვთ!

   შვილები ვალდებულები არიან იყვნენ ლმობიერნი მშობლების ნაკლოვანებების - როგორც ზნეობრივი, ისე გონებრივი - მიმართ და შეძლებისდაგვარად დამალონ ისინი სხვებისაგან. სიყვარული „ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოვლივეს ითმენს" (1. კორ. 13, 7). თუნდაც დედ-მამის ქცევა არ იყოს უნაკლო, შენ ვალდებული ხარ სულგრძელად გადაიტანო მათი სისუსტეები და ნაკლოვანებები მარტო იმისთვისაც, რომ ისინი ითმენდნენ შენი ბავშვობის სისუსტეებს, არ მიგატოვეს, როცა ჩვილობაში მომაბეზრებლად ტიროდი, ყმაწვილობაში აწბილებდი მათ შენი სიჯიუტით და ცელქობით. ისინი ყველაფერს უწუწუნოდ ითმენდნენ. გეფერებოდნენ მაშინ, როცა უნდა დაესაჯე და სასჯელსაც კი სიყვარულით გადებდნენ... შენთვის კი აუტანელია მათი სიუსტეები; ადანაშაულებ მათ გაუნათლებლობაში და მანკიერებებში, რომლისგანაც თავად შენ დაგიცვეს. სხვების თანდასწრებით ამცირებ მათ; მზად ხარ უარი თქვა შენს ვლდებულებებზე და თვით შვილობაზეც კი. როგორი უსამართლობაა! როგორი უმადურობაა! დედ-მამის სისუსტეების მიმართ მომთხოვნელებო, ასეთივე მკაცრები თუ ხართ საკუთარი თავის მიმართ? მშობლების ნაკლოვანებებს რომ ვერ ითმენთ, საკუთარ თავს თუ განჯით სწორედ მშობლების მიმართ ამ მოუთმენლობისა და უმადურობის გამო?

   „შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში. თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და ნუ შეურაცხყოფ მას, რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები. შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები. მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელთა და დედის განმრისხებელი დაწყევლილია უფლისგან" (ზირ. 3, 12-16). „მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დივიწყებ დედაშენის ტკივილებს. გახსოვდეს, რომ მათგან დაიბადე; რას მისცემ მათ ამის სანაცვლოდ?" (ზირ. 7, 27-28).

   სიკვდილი ვერ აუქმებს მშობლების მიმართ მოვალეობებს. მაინც რას გვაკისრებ გარდაცვილი მშობლების სიყვარული? - მათი სულების ხსნისთვის ლოცვას. ჩვენთვის სასიამოვნოა წასული მამებისა და ძმების გახსენება, რამეთუ გვაახლოებს მათთან და მათ არყოფნას გვიმსუბუქებს. ღვთის წინაშე მათთვის ლოცვით, ჩვენ მათ ვანიჭებთ იმ ერთადერთ შვებას, რომელიც სწყურია მათ სულებს - ღვთისგან შენდობას. როცა სიამოვნებას ვანიჭებთ ცოცხალ მშობლებს, უხარია თუ არა მათ შემყურე ჩვენს გულებს? იცოდეთ, რომ გარდაცვლილ მშობლებზე ლოცვის დრო, ჩვენ ვანიჭებთ მათ ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენთ.

   ილოცეთ შვილებო, ევედრეთ უფალს, რათა მიუტევოს თქვენს გარდაცვლილ მშობლებს ცოდვები და დაამკვიდროს იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ. მათი შეცოდებანი შეიძლება ხდებოდა თქვენდამი სიყვარული გამო. შეიძლება ისინი აქეზებდნენ კიდევაც თქვნს ჭირვეულობას, გულგრილნი იყვნენ თქვენი სისუსტეებისადმი, უფრთხილდებოდნენ თქვენ თავმოყვარეობას, ბევრს ზრუნავდნენ თქვენს ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე და ამჟამად პასუხი უნდა აგონ ღვთისა დ საკუთარი სინდისის წინაშე. იტანჯონ თქვენი ბედნიერებისათვის არასწორი ხერხების გამოყენების გამო, ყველა თქვენი პირადი ცოდვის გამო, რომელთაც ისინი ლმობიერად უყურებდნენ. ვისი იმედი უნდა ჰქონდთ თქვენს მიცვალებულ მშობლებს, თუ არა თქვენი, მათი საყვარელი შვილების! ვისი ლოცვები შეიძლება იყოს უფრო გულითადი და მხურვალე თუ არა შვილების ლოცვა გარდაცვლილ მშობლებზე!

   სიკვდილის წინ, თქვენმა მშობლებმა ვერ დაგიტოვეს ქონება, მაგრამ უეჭველია, დაგიბარებდნენ კეთილ, ღვთის კანონთან შესაბამის ცხოვრების წესს. დაიცავით და აღასრულეთ მათი ანდერძი. იუდეველმა, რექაბის შვილმა იონადაბმა დაუბარა თავის შვილებს, ღვინო არ დაელიათ. შვილებმა დაუჯერეს, მთელი ცხოვრება არ დაულევიათ ღვინო და თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს გადასცეს მშობელთა ანდერძი, რომლებიც თავის მხრივ წმინდად იცავდნენ მას და აი, უფალმა უთხრა რექაბიანთა თემს: „რაკი დაემორჩილეთ თქვენი წინაპრის, იონადაბის ანდერძს, იცავთ მას და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან დაგიბარათ, ამიტომ ასე ამბობს საბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არასოდეს მოაკლდეს იონადაბ რექაბის ძეს ჩემს წინაშე მდგომელი კაცი" (იერ. 35, 18-19).

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება