მთავარი > საცდურები, ნარკომანია, მთავარი გვედის ფოტო > საწამლავთმოყვარეობა - XX ს-ის ჭირი

საწამლავთმოყვარეობა - XX ს-ის ჭირი


2-03-2018, 00:03

 

   ორმოცდაათი ან ასი წლის შემდეგ, ჩვენი შვილთაშვილები XX ს-ს აღიქვამენ, როგორც პერიოდს, რომელშიც ბობოქრობდა საშინელი ჭირი, თუ რა თქმა უნდა, მაცხოვრის მეორედ მოსვლა არ შეწყვეტს დროის აღრიცხვას დედამიწაზე.

   ამ ჭირის სახელია ნარკომანია.

   მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ავადდება ათასობით ადამიანი. ნარკომანია უმეტესად შთანთქავს ახალგაზრდებს. მისგან გარდაცვალებისა და თვითმკვლელობის ფაქტები პროცენტულად ძალიან მაღალია, გადარჩენის კოეფიციენტი კი ძალიან დაბალი - მხოლოდ 1%.


   უცხოურ სიტყვას „ნარკომანია" ყველაზე მეტად მიესადაგება სიტყვა „საწამლავთმოყავრეობა". თვით ნარკომანებიც ნარკოტიკს ხშირად საწამლავს ეძახიან.

   ისმის კითხვა: რამ განაპირობა ნარკომანიის ასეთი ეპიდემიური გავრცელება ქვეყანაში, სადაც ოცი, ოცდაათი წლის წინათ ასე ახლოს არ იცნობდნენ ნარკოტიკს?

   ამ კითხვაზე რომ პასუხი გავცეთ, ჯერ უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტი - ნარკომანთა საშუალო ასაკი არ აღემატება 30 წელს, მათგან ნახევარი კი 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა. ეს გახლავთ ჰოლივუდურ ფილმებზე გაზრდილი ახალგაზრდობა. მათი ლოზუნგებია: „აიღე ამ ცხოვრებიდან საუკეთესო", „აკეთე რაც გსურს", „ისიამოვნე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს". ეს ის თაობაა, რომელმაც არ იცის არც ღვთის მცნებები, არც კომუნისტური მორალი, თაობა, რომელიც გაიზარდა გარდაქმნის დროს, არასტაბილურ, გაურკვეველ და გაღიზიანებულ გარემოში, სადაც გაუსაძლისი პირობებით თავზარდაცემული მშობლები ცდილობდნენ როგორმე ერჩინათ ოჯახი, შვილები კი იხრწნებოდნენ დასავლური თავდაჯერებული და შეუზღუდავი იდეოლოგიით.

   სიამოვნებისა და ნეტარების განცდა უშრომელად, აკრძალული ნაყოფის მიღება, რა თქმა უნდა, ტრაგედიით მთავრდება, რადგან „ნეტარება", რომელსაც გვანიჭებს ნარკოტიკი, სწრაფად ქრება, მას მოყვება ავადმყოფობა („ლომკა"). აქ კი იწყება ყველაზე საშინელი ეტაპი. ადამიანს, რომელმაც განიცადა უნარკოტიკობის ავადმყოფობა, ეშინია მომავლის. მომდევნო დღე მისთვის უპირველესად ტანჯვაა, თუ არა აქვს ნარკოტიკი, ტყუილი და ძარცვაა, რადგან კონტაქტი აქვს დამნაშავეთა სამყაროსთან, და კიდევ მარტოობაა.

   ნარკომანი კეთროვანია, დაკარგული ადამიანი, უსინდისო, ქურდი, ცრუ და უმადური. იგი ხშირად დაწყევლილია საკუთარი დედის მიერ. ბევრი მათგანი, დატანჯული მარტოობით, მიტოვებული ყველას მიერ, იღებს სასიკვდილო დოზას.

   ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც მშობლები მარხავენ შვილებს. გვაქვს კი უფლება გულგრილად ვუყუროთ გლოვას მშობლებისა, რომელთაც ამ ბოროტებამ წაართვა უახლოესი ადამიანები? გვაქვს უფლება დავივიწყოთ ის საშიშროება, რომელიც ელოდება დამწყებ ნარკომანს?

   როგორ მოვიქცეთ? რა ვიღონოთ?

   საჭიროა უდიდესი მოთმინება, თავმდაბლობა, იმედი, ბევრი შრომა და რა თქმა უნდა ლოცვა. ლოცვის გარეშე ყველაფერი მოჩვენებითი, უსარგებლო, უიმედო და უაზროა. მხოლოდ ლოცვა გვაძლევს იმედს, და თუკი არსებობს გადარჩენის 1%, უნდა გამოვთხოვოთ ღმერთს ჩვენი შვილი, ძმა თუ ახლობელი ადამიანი. თვითონ ნარკომანს კი, უძღები შვილის მსგავსად, ზეციური მამის იმედი უნდა ჰქონდეს, ირგვლივ ყველა რომ განუდგეს, მან უნდა გაიხსენოს, რომ ღმერთს უყვარს იგი და სულგრძელად ელოდება თავისი შვილის დაბრუნებას. „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რათა შეინანონ" (ლუკა, 5, 32), „რამეთუ მოვიდა ძე კაცისაი მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა" (ლუკა, 9, 10).

   ამ სიტყვებით მაცხოვარი გვამხნევებს, გვახსენებს მომავალ ცხოვრებას, სადაც არ იქნება ავადმყოფობა და ჭირი. მანამდე კი, ჩვენი ცოდვების გამო, ყველამ უნდა ვატაროთ საკუთარი ჯვარი. „ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს" (მათე, 10, 22).



ნარკომანის სიკვდილი (იგავი)


   ერთმა ახალგაზრდა ნარკომანმა ნარკოტიკის დიდი დოზა მიიღო და უგონოდ დაეცა. ოთახში შემოვარდა დედა და დაინახა, როგორ წაიყვანა სიკვდილმა მისი შვილი.

   საწყალი ქალი საშინელ სიცივეში კაბის ამარა გამოვარდა გარეთ, რომ შვილი მოეძებნა და სიკვდილისაგან ეხსნა. გზად შავსამოსიანი, ულამაზო დედაკაცი შემოხვდა. დედაკაცმა უთხრა: „სიკვდილი ეწვია შენს სახლს, მე დავინახე, საით წაიყვანა მან შენი შვილი, მაგრამ არ გეტყვი, სანამ არ მომცემ შენს სილამაზეს და ახალგაზრდობას, მე კი ნაცვლად მოგცემ სიბერეს, სიმახინჯესა და ჭაღარა თმებს". „რად მინდა ახალგაზრდობა და სილამაზე, თუ შვილი გვერდით არ მეყოლება? სიხარულით მოგცემ ყოველივეს" - უთხრა დედამ უცნობ ქალს. „სიკვდილი გაიქცა ტყისკენ" - თქვა ქალმა". დედამ ტყეს მიაშურა. აქ მას შემოხვდა ეკლის ბუჩქი, რომელმაც უთხრა: „მე გეტყვი, საით წავიდა სიკვდილი, თუ შენი მკერდით გამათბობ, შემომხედე, როგორ მცივა, მალე გავიყინები". დედამ მაგრად მიიკრა ბუჩქი, ეკლები შეესო სხეულში და სისხლმა დენა დაუწყო. ბუჩქი გათბა და, მიუხედავად ყინვისა, მასზე ყვავილები გაიშალა. „სიკვდილი წავიდა ტბისკენ" - მიასწავლა დედას ბუჩქმა. ტბამ კი ასე უთხრა ქალს: „მე ვაგროვებ მარგალიტებს, შენ ძალიან ნათელი და სუფთა თვალები გაქვს, მომეცი ისინი და გადაგიყვან მეორე ნაპირზე" – „ოჰ, რას არ გავცემ, ოღონდ დავიბრუნო ჩემი შვილი" - თქვა დედამ და აუსრულა ტბას სურვილი. ტბამ დედა მეორე ნაპირზე გადაიყვანა.

   „მე სახე ვიცვალე მოხუც ქალად, ბუჩქად და ბოლოს ტბად, მაგრამ შენი სიყვარული ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა" - უთხრა დედას სიკვდილმა და დაუბრუნა შვილი, მასთან ერთად ახალგაზრდობა, სილამაზე და ნათელი თვალები.



მოამზადა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება