მთავარი > სინანული, მთავარი გვედის ფოტო > უფალო, მომმადლე პეტრეს სინანული, მეზვერის თავმდაბლობა და მეძავის ცრემლები
უფალო, მომმადლე პეტრეს სინანული, მეზვერის თავმდაბლობა და მეძავის ცრემლები6-06-2024, 22:28 |
აღსარება - გულის შემუსვრაა სინანულით, განწმენდის სურვილია, ცოდვისაგან განშორებაა. გადავწყვიტეთ ანგარიშის ჩაბარება და გაგვიჩნდა მაცდუნებელი ფიქრები: „ხომ არ გადავდო", „ვარ თუ არა კარგად მომზადებული"? და ა.შ. საჭიროა ხშირად ვთქვათ აღსარება. ოთხივე მარხვაში ერთხელ მაინც, ჩვენ, ვინც ვთვლემთ და ვზარმაცობთ, ვინც არ ვიცით რაა სინანულის განცდა, აუცილებელია კვლავ და კვლავ ვისწავლოთ მონანიება, - ეს ერთი; მეორე - აუცილებელია ერთი აღსარებიდან მეორემდე არ მოვეშვათ, ვიფხიზლოთ. უხერხულობას ბადებს ჩვენში მოძღვრის საკითხიც: ვისთან მივიდე? შეიძლება თუ არა მოძღვრის შეცვლა და რა შემთხვევაში? წმ. იოანე კრონშტანდტელი ამბობს: „სიყვარული ნებაყოფლობითი უნდა იყოს, მოძღვარმა კი არ უნდა გვაიძულოს" ადამიანისთვის, ვინც დაწყლულებულია ცოდვათაგან, სულერთია ვისთან იტყვის აღსარებას და ვინ მოაშორებს მას ამ მძიმე ტვირთს. სხვა საქმეა, თუ ჩვენ აღსარების ნაცვლად მოძღვართან სასაუბროდ და რაღაცის გასარკვევად მივდივართ. უმჯობესია სულიერი საუბრისათვის მოძღვარს აღსარებიდან თავისუფალი დრო შევურჩიოთ. აღსარების დროს ასეთი საუბრები უფანტავს ყურადღებას აღმსარებელს, ითრევს მას საღვთისმეტყველო კამათში, უნელებს სინანულის გრძნობას. აღსარება არაა საუბარი საკუთარი ნაკლის, ხასიათის უარყოფითი მხარის შესახებ, არც „ღვთისმოშიშობის ჟესტია", აღსარება - გულის შემუსვრაა სინანულით, განწმენდის სურვილია, ცოდვისაგან განშორებაა. აღსარებისთვის პირველი მოსამზადებელი მოქმედება გულის გამოცდაა. „ხედავდე შენს უამრავ ცოდვას სისრულით და მთელი სისაძაგლით - ეს ღვთის მადლია", - ამბობს წმ. იოანე კრონშტანდტელი. ჩვეულებრივ, სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი ადამიანების აღსარება ასე იწყება: „არაფერი მაქვს განსაკუთრებული", „როგორც ყველას მხოლოდ წვრილმანი რაღაცეები", „არ მომიპარავს, არ მომიკლავს" და ა.შ. პატივმოყვარეობა, საყვედურების ვერ დათმენა, გულქვაობა, ამპარტავნება, კაცთმოთნეობა, რწმენისა და სიყვარულის უკმარისობა, სულმოკლეობა, სულიერი სიზარმაცე - ეს რა, მთავარი ცოდვები არ არის? განა ჩვენ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ საკმარისად გვიყვარს ღმერთი, რომ ჩვენი რწმენა მტკიცე და მხურვალეა, რომ ნებისმიერი ადამიანი მოყვასი და ქრისტესმიერი ძმაა? რომ მივაღწიეთ სიმდაბლეს, სიმშვიდეს, მორჩილებას? და თუ არა, მაშინ რაში გამოიხატება ჩვენი ქრისტიანობა? რატომაა, რომ წმიდა მამები, რომლებმაც დაგვიტოვეს სინანულის ლოცვები, ღვთის წინაშე თავს ყველაზე ცოდვილებად თვლიდნენ და ასე ხმობდნენ იესო ტკბილის მიმართ: „...არა რომელმა ჰსცოდა ქვეყანასა ზედა საუკუნითგან, ვითარ მე ვსცოდე უბადრუკმან და უძღებმან, მოწყალე მექმენ უფალო..." ხოლო ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ყველაფერი კარგადაა და სულიერებაც არ გვაკლია. საჭიროა სინდისის გამოღვიძებაც. აღსარებისთვის მზადების დროს შევამოწმოთ ჩვენი თავი მცნებების, ლოცვების, სახარების გარკვეული ადგილების მიხედვით (მაგ. ზიარების წინ მე-4 ლოცვა, სამოციქულო - რომ. 12. ეფეს. 4. იაკობ. 3). უნდა ვეძებოთ ცოდვების ძირი - მაგ. გაფანტული ლოცვა, თვლემა და უყურადღებობა წირვა-ლოცვაზე, წმ. წერილის კითხვისადმი უინტერესობა. ხომ არაა ამ ცოდვების მიზეზი ჩვენი მცირედ მორწმუნეობა და ღვთისადმი უსუსური სიყვარული? დავინახოთ ჩვენი თავკერძობა, უჩობა, თავის მართლება განსაცდელის დროს წუწუნი, ჯიუტობა, დაუთმობლობა და გამოვიკვლიოთ მათი კავშირი პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებასთან. თუ ჩვენ ვამჩნევთ თავს საზოგადოებაში ტრიალის სურვილს მრავლისმეტყველებას, ცინიზმს, ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ ოჯახურ კომფორტს, ჩვენ გარეგნობას და არა მარტო ჩვენსას, არამედ ჩვენი ახლობლებისას, - ყურადღებით გამოვიძიოთ, ხომ არ არის ეს პატივმოყვარეობის ერთ-ერთი ფორმა? თუ ჩვენ მტკივნეულად განვიცდით საყოფაცხოვრებო მარცხს, პრობლემებს, გვიმძიმს ახლობელ ადამიანებთან განშორება, უნუგეშოდ ვგლოვობთ მიცვალებულებს, ხომ არ მეტყველებს ეს იმაზე, რომ არ გვჯერა ღვთის განგების? არის კიდევ ერთი დამხმარე საშუალება, რათა აღმოვაჩინოთ ჩვენი ცოდვები - გავიხსენოთ, რაში გვადანაშაულებენ ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანები, ჩენი ახლობლები. თითქმის ყოველთვის მათი საყვედურები და შენიშვნები საფუძვლიანია. აუცილებელია, აღსარების წინ შენდობა ვითხოვოთ, ვის წინაშეც დამნაშავენი ვართ და სუფთა სინდისით წარვსდგეთ ღვთის წინაშე. არ უნდა ჩავვარდეთ უკიდურესობასა და სასოწარკვეთილებაში. ლოცვით და კეთილი საქმეებით გავიუბრალოოთ გული და გავითავისუფლოთ სული.
აღსარებაზე მოძღვარს ცოდვების სია კი არ უნდა მივუტანოთ, არამედ სინანულის გრძნობა, არა დეტალურად დამუშავებული დისერტაცია, არამედ შემუსვრილი გული
შენი ცოდვების ცოდნა კიდევ არ ნიშნავს სინანულს, მაგრამ ღმერთი მიიღებს გულწრფელ, კეთილსინდისიერ აღსარებას ცრემლებისა და ღრმა სინანულის გარეშე. შემუსვრილი გული და ცოდვების გლოვა აუცილებელია მივიტანოთ აღსარებაზე, მაგრამ თუ ჩვენს გაქვავებულ გულს არ ძალუძს ტირილი? ეს არ უნდა გვექცეს კიდევ ერთ მიზეზად, რომ აღსარება გადავდოთ. შეიძლება აღსარების თქმის დროს შეეხოს ჩვენს სულს ღმერთი. დაგვეხმარება და გაგვაძლიერებს აღსარების მომზადებისას ლოცვა, სიკვდილზე ფიქრი, სახარების, წმინდანთა ცხოვრების კითხვა, თავის თავთან ბრძოლა, კეთილი საქმეების კეთება, მარხვა, რომელიც ჩვენი სხეულის დაძაბუნებით არღვევს სულიერი ცხოვრებისათვის დამღუპველ სხეულებრივ კეთილდღეობას. ჩვენი უგრძნობელობა აღსარების დროს გამოწვეულია ღვთის შიშის უქონლობით და მცირედმორწმუნეობით. ამას უნდა შევებრძოლოთ და წინ აღვუდგეთ. აღსარების მესამე, მნიშვნელოვანი მომენტია ცოდვების სიტყვიერი აღიარება. არ უნდა დაველოდოთ მოძღვრის კითხვებს, აღსარება გმირობა და თვითიძულებაა. უნდა ვილაპარაკოთ გულახდილად და არ მივჩქმალოთ ცოდვის სისაძაგლე, ძალიან ძნელია აღსარების დროს გავექცეთ თავისმართლებას, შემამსუბუქებელი გარემოებების დაბრალებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ეს პატივმოყვარეობის, სინანულის უქონლობის, კვლავ ცოდვაში ყოფნის დამადასტურებელია. ზოგჯერ აღსარების დროს უჩივიან ცუდ მეხსიერებას, თითქოს ამის გამო ვერ იხსენებენ ადრე ჩადენილ ცოდვებს. მართალია, ხშირად გვავიწყდება ჩვენი ცოდვები, მაგრამ ნუთუ ეს მხოლოდ ცუდი მეხსიერების ბრალია? მაგ. გვაწყენინეს ან პირიქით, - ვიღაცა მტლად დაედო ჩვენს პატივმოყვარეობას. წარმატებები, ჩვენი მისამართით თქმული ქება-დიდება კარგად გვახსოვს წლების განმავლობაში. ყველაფერი, რაც ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, დიდხანს და გარკვევით გვახსოვს, და გვავიწყდება ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ არ ვანიჭებთ ცოდვებს დიდ მნიშვნელობას? მონანიების შედეგია სულიერი სიმსუბუქის, სისუფთავის, განუსაზღვრელი სიხარულის გრძნობა. როგორი ძნელი და შეუძლებელი გვეჩვენება ცოდვა და რა შორს იყო თურმე ჩვენგან ღვთიური სიხარული. ჩვენი სინანული ფუჭი იქნება, თუ არ გადავწყვეტთ და არ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ აღიარებული ცოდვა არ გავიმეოროთ. თვლიან, რომ ადამიანის ბუნება ისეა დაცემული, ეს შეუძლებელიაო. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ასე არაა. გამოსწორების კეთილი სურვილი, აღსარებები, ხშირი ზიარება - სულიერი ცვლილებების საწინდარია. ჩვენ ჩვენით ნუ გადავწყვეტთ, მოვერიეთ ცოდვებს თუ პირიქით - გაგვიუარესდა მდგომარეობა, ღმერთი, განსაკუთრებული ღვთიური განგებით, ყოველთვის არ გვაჩვენებს ჩვენს წარმატებებს, რათა დაგვიფაროს პატივმოყვარეობისა და ამპარტავნებისაგან. თვით ცოდვასთან ბრძოლა, განცდა და სინანული - ეს უკვე შენაძენია. და კიდევ, „არ შეშინდე - ამბობს იოანე კიბისაღმწერელი - ღვთის გზაზე მდგარი თუნდაც ყოველდღე დაეცე, გაუძელი და შენი მფარველი ანგელოზი შეიწირავს შენს მოთმინებას". და თუ ვერ ჰპოვე ტკივილის შემსუბუქება, განახლება, მოიკრიბე ძალა და კვლავ დაუბრუნდი აღსარებას, ბოლომდე გათავისუფლდი ცოდვის ბიწისა და სიმყრალისაგან, ცრემლებით განბანე სული. ვინც ამისთვის იღვწის, იგი აუცილებლად იპოვის შვებას. მხოლოდ არ უნდა მივიჩნიოთ ჩვენი წარმატებები საკუთარ დამსახურებად, არ დავეყრდნოთ საკუთარ ძალებს, არ მივენდოთ შესაძლებლობებს, არამედ ღაღად-ვჰყოთ: „გაფანტული გონება ჩემი მოკრიბე, უფალო, გაყინული გული გამილღვე, მომმადლე პეტრეს სინანული, მეზვერის თავმდაბლობა და მეძავის ცრემლები".
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |