მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ყრმათა საკითხავი იგავი

ყრმათა საკითხავი იგავი


28-02-2018, 00:04

 

   ოდესღაც ცხოვრობდა ერთი ქრისტიანული ოჯახი: მამა, დედა და პატარა შვილი. მათ ჰყავდათ ერთი მოსამსახურე მოხუცი კაცი; თავს მცირე მიწის ნაკვეთით, ძროხითა და ერთადერთი ცხენით ირჩენდნენ. ალალი შრომით დაგროვილი ფულით მათ იყიდეს ახალი მიწის ნაკვეთი პატარა სახლით. ახლმა მეზობლებმა სიხარულით მიიღეს ისინი და ერთხმად გააფრთხილეს, რომ ამ ნაყოფიერ მიწაზე ხვრელში ცხოვრობდა შხამიანი გველი, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა წინა მფლობელებს. „პირველსავე დღეს მოკალით გველი, რათა მშვიდად იცხოვროთ" - ურჩიეს კეთილმა მეზობლებმა. ოჯახის უფროსმა გადაწყვიტა ასეც მოქცეულიყო, აიღო ბასრი ბარი და გველის ხვრელისაგან გაემართა. მისდა გასაკვირად გველი არ დამალულა, წინ შეეგება, კბილებით ოქროს ფული ეჭირა. დაუდო ფული ფეხებთან გლეხს და გაეცალა იქაურობას. ოჯახის უფროსმა აიღო ფული, ყურადღებით დაათვალიერა და იმწამსვე დიდძალი ვალის ერთი ნაწილის გადახდა გაიფიქრა. მეზობლების რჩევა კი, რა თქმა უნდა, დაავიწყდა. მეორე დღეს მან ისევ აიღო ხელში ბარი და ხვრელისაკენ გაეშურა, მაგრამ ქვეწარმავალმა კვლავ ოქროს მონეტა მოუტანა. გლეხმა გველის მოკვლა კვლავ გადადო. ასე გრძელოდებოდა ერთი თვის განმავლობაში.

   ერთხელ გველი მიეპარა ოჯახის ძროხას და სასიკვდილოდ უკბინა. ოჯახის უფროსი განრისხდა, იმწამსვე ბარი აიღო ხელში და გველის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ გაიხსენა, რომ ყველდღიურად მოტანილი ოქროთი შესაძლებელი იყო ორი ძროხის ყიდვა და გაჩერდა.

   ყველაფერი ძველებურად დარჩა: გველს მოჰქონდა ოქროს მონეტები, გლეხი კი მათ ინახავდა. მალე გველმა ცხენსაც უკბინა და მოკლა. გლეხი ისევ ხვრელისაკენ გაეშურა, მაგრამ გაახსენდა, რომ გველის მოტანილი ოქროთი ის უკვე ათ ცხენს იყიდდა და ყველაფერი ძველებურად დატოვა.

   და აი, მოხდა ნამდვილი უბედურება: გველმა მოხუცი მოსამსახურე დაგესლა, მოხუცი საშინელი ტკივილისაგან ოჯახის წევრების თვალწინ გარდაიცვალა. „ახლავე მოვკლავ გველს" - გაიფიქრა განრისხებულმა ოჯახის უფროსმა, მაგრამ შემდეგ გახედა ახალაშენებულ სახლს, უამრავ საქონელსა და შემოსავალს და გაიფიქრა: „მოსამსახურე მოხუცი და ავადმყოფი იყო, ის მცირე შეშინებისაგან მოკვდებოდა, ამის გამო ხომ არ დავკარგავ ასეთი შემოსავლის წყაროს". და გველს არაფერი ავნო.

   გამდიდრებულ გლეხს ამჯერად უარესი უბედურება დაატყდა თავს. გველმა მის შვილს უკბინა, ბავშვი ატირებული დედის კალთაში გარდაიცვალა.

   გამწარებული გლეხი გველის მოსაკლავად გაიქცა.

   მზაკვარი ქვეწარმავალი გლეხის შესახვედრად გამოძვრა. ამჯერად პირით ოქროს მონეტა კი არა, ბრილიანტის ქვა ეჭირა. გლეხი შეჩერდა, ერთადერთი შვილის დაკარგვით გამოწვეული მწუხარება ნელ-ნელა ტკბილი აზრებით უქარწყლდებოდა. „თუ ბრილიანტი ნამდვილია, მასში აღებული ფული თვით გუბერნატორს გამატოლებს..." და ბრილიანტი აიღო. ქვა მართლაც ძალიან ძვირფასი აღმოჩნდა. გლეხმა შვილის საფლავზე დიდებული ნიში დადგა, გველი კი ცოცხალი დატოვა.

   მალე გველის გვერდით გველის ნაკბენისაგან გარდაცვლილი დედაც დაასფლავეს. „ბევრს უკვდება ცოლი, მართალია, ის კეთილი და მშრომელი ქალი იყო, მაგრამ, ძალიან უბრალო და შეუფერებელი იმ დიდებული საზოგადოებისათვის, რომელშიც მე ვტრიალებ" - გაიფიქრა მაძღარმა და კმაყოფილმა გლეხმა. გველი კი რაღა თქმა უნდა, არ მოკლა.

   გველი აგრძელებდა ოქროების მოტანას. ერთხელაც მან თვით ოჯახის უფროსი დაგესლა სასიკვდილოდ. მთელ სხეულში გაფანტული შხამისაგან დასუსტებულმა გლეხმა ღმერთი გაიხსენა. ცრემლმორეული ძალიან ნანობდა, რომ თავიდანვე არ მოკლა ქვეწარმავალი. გლეხმა შეჰფიცა ღმერთს, რომ გადარჩენის შემთხვევაში მოკლავდა გველს და მთელ სიმდიდრეს გლახაკებსა და ეკლესია-მონასტრებს დაურიგებდა.

   ღმერთმა ისმინა მისი ვედრება. გლეხს ტკივილები ნელ-ნელა გაუქრა და ცოცხალი გადარჩა.

   მაგრამ ღვთის ეს სასწაული დიდხანს როდი ახარებდა გლეხს. ღვთისათვის მიცემული ფიცი მძიმე ლოდად აწვა გულზე. „იქნებ ეს გველი არც ისე შხამიანია და შეშინებულმა ამაოდ შევაწუხე ღმერთი, ამგვარი ცხოვრებისეული წვრილმანით" - ფიქრობდა გლეხი. რამდენიმე დღეში საშინელმა ქვეწარმავალმა კვლავ უკბინა მას. სასიკვდილოდ განწირულმა გლეხმა კვლავ შეჰღაღადა ღმერთს: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი! მე, როგორც კაცმა შევცოდე, შევცდი, ახლა მჯერა, რომ შენ განმკურნე. გევედრები, გადამარჩინე, რადგან ჩავეფლე უსჯულოებაში, ვცდუნდი ვერცხლისმოყარეობით და მარადიული ჯოჯოხეთის ღირსი ვარ. მაგრამ თუ განმკურნავ, გავცემ ყოველივეს ბოლო მონეტამდე, მოვკლავ გველს და წავალ მონასტერში".

   ღმერთმა ისმინა მისი ვედრება. გლეხი გადარჩა და შეშინებულმა ოქროთი სავსე ტომარა სოფლის ეკლესიაში მიიტანა, მრავალი ღარიბ-ღატაკი ანუგეშა, უთვალავი ოქრო მისცა მღვდელს ახალი ტაძრის ასაშენებლად. ამგვარად გლეხი კიდევ ორჯერ მოიქცა, მაგრამ შემდეგ დაწყნარებულმა, დაანება ტაძარში სიარულს თავი და თანდათან დანაპირებიც დაივიწყა. გველი აგრძელებდა მონეტების მოტანას და მოწყალებაში გაცემული თანხა მალე დაუბრუნდა.

   ამის შემდეგ გველმა მესამედ უკბინა გლეხს. უგუნური ტიროდა, ლოცულობდა, იმეორებდა თავის დანაპირებს, უმატებდა ახალ დაპირებებს, მაგრამ ღმერთმა არ ისმინა მისი ვედრება და გლეხი მოკვდა. მისი ქონება უცხო ხალხს დარჩა და დიდხანს იყო მიზეზი ჩხუბისა, სიცრუისა და მკვლელობებისა.

   გველი არის ცოდვა, რომელიც ღრმად ზის ჩვენს გულში და რომელსაც ღვთისა და მოყვასის ღალატის შემთხვევაში მოაქვს ადამიანისათვის სიმდიდრე.

   ამ იგავში, არა მხოლოდ ვერცხლისმოყვარეობას, არამედ ნებისმიერ ვნებას დამონებული ადამიანი საკუთარ თავს დაინახავს.




მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება