მთავარი > თანამედროვე მამები, წმ. გიორგი, მთავარი გვედის ფოტო > ძველ ქართულ კალენდრებში ნოემბერს გიორგობისთვედ მოიხსენებენ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ძველ ქართულ კალენდრებში ნოემბერს გიორგობისთვედ მოიხსენებენ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


23-11-2017, 00:03

ძველ ქართულ კალენდრებში ნოემბერს გიორგობისთვედ მოიხსენებენ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   მრავალი ერის ენაზე საქართველოს „გიორგის მიწას" უწოდებენ. ეტიმილოგიურად ეს სახელწოდება სხვადასხვაგვარად შეიძლება განიმარტოს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ქართველი კაცის შეგნებაში წმ. გიორგი მისი მფარველია. ისტორიაში გარკვეული ციკლური საიდუმლოება შეინიშნება: უკანასკნელი ქართველი მეფე წმ. გიორგის სახელს ატარებდა, თითქოს ნიშნად იმისა, რომ ქვეყნის ბედს მას შემდეგ წმ. გიორგი განაგებს. რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზი იყო, ცნობილია, რუსები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ წმ. ნიკოლოზს. ბულგარეთის უკანასკნელი მეფე ბორისი იყო. მოციქულთასწორი ბორისის დროს (IX ს.) ქრისტიანობა გავრცელდა ბუგლარეთში. ერთი სიტყვით, ხალხის მიერ განსაკუთრებულად პატივცემული წმინდანები ქვეყნის მფარველები ხდებიან.

   ნოემბერში ეკლესია წმ. გიორგის ურმისთვალზე წამების დღეს იხსენიებს. მთელი საქართველო განსაკუთრებულად დღესასწაულობს ამ დღეს. ძველ ქართულ კალენდრებში ნოემბერს გიორგობისთვედ მოიხსენებენ.

   წმ. გიორგი დიდგვაროვანი ოჯახის შვილი იყო. მამამისს დიდი თანამდებობა ეკავა რომის ჯარში. წმ. გიორგი ბეირუთში დაიბადა, სულ მალე ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა მისი მამა, დედა-შვილი გაემგზავრნენ პალესტინაში და ქალაქ ლიდიაში დასახლდნენ. მან შეასწავლა წმ. გიორგის წმიდა წერილი. ხშირად უამბობდა ქრისტეს მოწამეებზე და ახსენებდა ღირსეულ მამას.

   წმ. გიორგი სამხედრო სამსახურში ჩადგა და სულ მალე, მისი განსაკუთრებული მონაცემების გამო, ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, დიდ წარმატებას მიაღწია. მას ტრიბუნის და სარდლის წოდება მიანიჭეს.

   იმ დროს რომის იმპერიას სენატი მართავდა, მაგრამ მმართველობის ეს ფორმა უფრო მეტად თეატრალურ დეკორაციას წარმოადგენდა. იმპერიის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საიდუმლო სხდომებზე განიხილებოდა, სადაც იკრიბებოდნენ მხოლოდ იმპერატორი და მისი უახლოესი მეგობრები. ერთხელ, დიოკლეტიანემ, ერთ-ერთი ასეთი სხდომის დროს, ქურუმთა გავლენით განაცხადა, რომ სურდა ქრისტიანობის განადგურება. იქ მყოფებმა გადაწყვეტილება მოუწონეს. მიიღეს ეგრეთწოდებული ედიქტი (განაჩენი) ქრისტიანების წინააღმდეგ. ამ განაჩენით ყოველგვარი ქრისტიანული მსახურება იკრძალებოდა. ტაძრები ან უნდა განადგურებულიყო, ან წარმართებს გადასცემოდა. ყველა ქრისტიანული წიგნი უნდა დამწვარიყო. ქრისტიანად ყოფნა უმძიმეს სახელმწიფოებრივ დანაშაულს უტოლდებოდა, რაც სიკვდილით ისჯებოდა. ქრისტიანობის უარმყოფელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა წარმართულ რიტუალებში ყველაფერი ეპატიებოდა. დიოკლეტიანეს თითქოსდა კალიგულას სურვილის აღსრულება მოუნდა: „კაცობრიობას რომ ერთი თავი ჰქონდეს, მე ერთი დარტყმით მოვჭრიდი მასო".

   ამის გამგონე წმ. გიორგიმ იმპერატორს მიმართა: „მეფეთა და მთავართა ვალია დაიცვას სიმართლე და მისი მოსახლეობა, თქვენ კი გადაწყვიტეთ გაანადგუროთ უდანაშაულო ადამიანები. ამით თქვენ ბოროტებით ბარბაროსებს აღემატებით".

   - ვინ გასწავლა შენ ამის თქმა? - შეეკითხა ანფებადი მაგნენტი.

   - ჭეშმარიტებამ - უპასუხა გიორგიმ.

   - რა არის ჭეშმარიტება?

   - ქრისტე, რომელსაც თქვენ კვლავ ჯვარს აცმევთ.

   მაშინ იმპერატორის ბრძანებით დაიჭირეს წმ. გიორგი. სცემეს, უზარმაზარი ლოდი დაადვეს მკერდზე და საპყრობილეში ჩააგდეს.

   მეორე დილით დიოკლეტიანე მივიდა საპყრობილეში და ჰკითხა:

   - როგორ გრძნობ თავს, გიორგი?

   კარგად, - უპასუხა მან.

   პასუხმა განარისხა იმპერატორი და ბრძანა ურმისთვალზე სასტიკად ეწამებინათ იგი. მოწამე ბაწრით მიაბეს ბორბალს, რომლის ქვეშაც დანებითა და ლურსმებით მოჭედილი ფიცარი იყო გადებული. ჯალათები ატრიალებდნენ ბორბალს. ალესილი კაუჭი ტანის ნაწილებს აგლეჯდა მოწამეს. როგორც წესი, ასეთი წამების შემდეგ ადამიანი კვდება, წმ. გიორგი კი ცოცხალი დარჩა. იგი მომდევნო წამებას ელოდა.

   წმ. გიორგის სიტყვები - „მე კარგად ვარ", - რომელიც დიოკლეტიანემ დაცინვად მიიღო, ჭეშმარიტება იყო. ასეთ დროს უფალი ზეციდან ანუგეშებს მოწამეს.

   ერთ-ერთ თავის ქადაგებაში იოანე ოქროპირი ამბობს: „ქრისტესთან ერთად ჯოჯოხეთშიც კარგიაო".

   ექვსი თვის შემდეგ წმ. გიორგის სიკვდილი მიუსაჯეს - მას თავი მოჰკვეთეს.

   წმ. გიორგი იყო ქართველთა განმანათლებლის - წმ. ნინოს ნათესავი. დიდმოწამის ცხოვრება და მოღვაწეობა ჯერ კიდევ წმ. ნინოს მეშვეობით გაიგო ქართველმა ხალხმა. მას შემდეგ გაბრწყინდა წმ. გიორგის სახელი საქართველოში. ყველაზე მეტი ტაძარი საქართველოში წმ. გიორგის სახელზეა აგებული. აღსანიშნავია, ეკლესია, სადაც წმ. ნინოა დაკრძალული, წმ. გიორგის სახელობისაა. თითქოს თვით მოციქულთა სწორი წმ. ნინო სიკვდილის წინ ესაუბრა თავის ძმას საქართველოს შესახებ.

   ქართველ ბაგრატიონ მეფეთა გერბზე გამოსახულია წმ. გიორგი - ურჩხულის დამამარცხებელი. დიდმოწამის ხატი ამოქარგული იყო ქართულ დროშაზე. ომის დროს ალამი ეჭირა რუსთავის ეპისკოპოსს, ხატები კი - მღვდლებს, ქართველი მეომრები მკერდით ატარებდნენ წმ. გიორგის ხატს.

   ამხედრებული ურჩხულის განმგმირავი წმ. გიორგი გახლავთ ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების სიმბოლო; ეს არის გამარჯვება ქრისტიანისა ცოდვის ურჩხულზე. გულში დაბუდებულ ვნებებზე, გამარჯვება სიკეთისა და სიმართლისა ბოროტებაზე და სულიერ წყვდიადზე.

   „ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის".

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება