მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > განსაცდელის ჩივილის გარეშე გადატანა მოწამეობის ტოლფასია - წმიდა იოანე ოქროპირი
განსაცდელის ჩივილის გარეშე გადატანა მოწამეობის ტოლფასია - წმიდა იოანე ოქროპირი5-01-2018, 00:03 |
ღმერთისაკენ მიმავალი მრავალი გზა არსებობს. მრავალი იმიტომ, რომ ადამიანებს ღმერთმა თავისკენ ზეაღსვლა გაგვიადვილოს. ადამიანთაგან ზოგი ქალწულებით ბრწყინავს, ზოგიც ოჯახური ცხოვრებით განიდიდება, ზოგნი კი ქვრივობით შეიმკობიან. ზოგიერთმა ყველაფერი უარყო, ზოგმა ნახევარი; ერთნი მართალი ცხოვრებით ცხონდებიან, მეორენი კი - სინანულით. შენ ვერ შესძელი თავის წმინდად შენახვა ნათლობის საბანელის შემდეგ? - შეგიძლია სინანულით განიწმინდო. ან კიდევ სიმდიდრით, მოწყალების საშუალებით. არა გაქვს სიმდიდრე? - მაშინ შეეწიე ავადმყოფს, მოინახულე პატიმარი, დამაშვრალს მიაწოდე ჭიქა წყალი, შეიფარე მწირი შენს ჭერქვეშ, შესწირე სახარებისეული ქვრივის მსგავსად ორი ქანქარი, იტირე მტირალთან ერთად, ესეც მოწყალებაა. მაგრამ თუკი შენ არაფერი გაგაჩნია, სრულიად უქონელი ხარ, ფიზიკურად სუსტი და სიარულიც გიჭირს, მაშინ მოითმინე ყველაფერი ეს მადლობით და მიიღებ უდიდეს ჯილდოს. ასეთი იყო ლაზარეს სათნოება. იგი ფულით არავის დახმარებია, ანკი როგორ შესძლებდა ამის გაკეთებას, როცა ყოველდღიური საკვებიც კი არ გააჩნდა; არც საპატიმროში დადიოდა, რადგან წამოდგომაც კი არ შეეძლო; არც ავადმყოფებს ნახულობდა, რადგან თავად მას ძაღლები ულოკავდნენ წყლულებს. მაგრამ ლაზარემ ამის გარეშე მოიპოვა უფლის ჯილდო. მოიპოვა ჭირთა უდრტვინველად დათმენით. იგი ხედავდა სასტიკსა და არაადამიანს პატივსა და ფუფუნებაში, ხოლო საკუთარ თავს უდიდეს განსაცდელში. მიუხედავად ამისა, მას არ წარმოუთქვამს არცერთი უღირსი სიტყვა და ამიტომაც დაიმკვიდრა აბრაამის წიაღი. იგი თითქოს არაფრით გამოირჩეოდა მიცვალებულისაგან. უმოქმედოდ იწვა მდიდრის კარებთან, მაგრამ განიდიდა პატრიარქთან ერთად, რომელიც უამრავი საქმით იყო გამშვენებული. მან, ვინც არ არიგებდა მოწყალებას, არც ხელი გაუწვდია დაჩაგრულისათვის, არ შეუფარებია მწირნი და არ შეეძლო რაიმე ამის მსგავსი ემოქმედა, მოთმინებისათვის მიიღო ნათელი გვირგვინი, რადგანაც ყველაფრისათვის უდრტვინველად მადლობდა ღმერთს. ნამდვილად უდიდესი საქმეა შეინარჩუნო მადლიერება, სიბრძნე და მოთმინება ასეთი განსაცდელის დროს. ეს არის ყველაზე დიდი სათნოება. ამისათვის შეიმკო იობი. ამიტომ ამბობდა ეშმაკი: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ, ყველაფერს გაიღებს კაცი" (იობი; 2, 4). იოლი საქმე როდია, შეჭირვებული სული ისე შეზღუდო, რომ სულ მცირედიც არ შესცოდოს, მაგრამ ეს მოწამეობის ტოლფასია. იგი თავია სათნოებათა. ასე რომ, საყვარელო, თუკი სნეულება შეგეყრება, ხურვება ან რაიმე სხვა, ნუ გაიძულებს ტკივილი, უღირსი თქვა, პირიქით, მადლიერი დარჩი ღვთისა, განადიდე იგი და მიიღებ იმავე ჯილდოს. მაინც რატომ უნდა წუწუნებდე, ან უღირსად მეტყველებდე, ნუთუ ტკივილი ამით შეგისუსტდება? მაშინაც კი, ტკივილიც რომ შესუსტებულიყო, არ იქნებოდა სასარგებლო ამგვარი ქცევა, რადგან თუ ვეცდებით სხეულს მოვგვაროთ შვება, დავკარგავთ სულის ცხონებას. ჩივილითა და უღირსი სიტყვების თქმით ტკივილი კი არ შესუსტდება, პირიქით, უფრო გაძლიერდება. როცა ეშმაკი დაინახვს, რომ წარმატება მოიპოვა - დაგვაწყებინა ჩივილი, უფრო გააღვივებს ქურას, გააძლიერებს ავადმყოფობას, რათა საბოლოო მიზანს მიაღწიოს. ამგვარად, როგორც უკვე ვთქვი, ტკივილი რომც გვიმსუბუქდებოდეს, ეს მაინც არ უნდა გავაკეთოთ, და თუ არანაირ სარგებელს არ ნახულობ, რატომ იღუპავ თავს? არ შეგიძლია გაჩუმდე? მადლობდე ღმერთს, განადიდე იგი, რომელიც გამოგცდის ამ ღუმელში. ჩივილის მაგიერ დიდებისმეტყველებდე, მაშინ ჯილდოსაც უდიდესს მიიღებ და ტკივილიც შეგიმსუბუქდება. ნეტარი იობი ასე ამბობდა: „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი" (იობი; 21). ან „სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი არ გვინდა" (იობი; 2, 10). ასე რომ, ვაჟკაცურად გადაიტანე რაც შეგემთხვევა, ეს შენთვის მოწამეობის ტოლფასი ღვაწლია. მხოლოდ ის კი არაა მოწამეობა, როცა კერპს მსხვერპლს შევსწირავთ და ამის გამო ვევნებით, არამედ ისიც მოწამეობაა, როცა ტკივილის მიუხედავად, აუგს არ ვიტყვით. იობი იმიტომ შეიმკო, რომ ჭირი მხნედ გადაიტანა, და პავლეც იმიტომ განიდიდა, რომ მადლობით აიტანა გვემა, ჭირი და სხვა მრავალი განსაცდელი.
მოამზადა დეკანოზმა ზაქარია მარგალიტაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |