მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ყრმათა საკითხავი

ყრმათა საკითხავი


7-11-2017, 00:03

ყრმათა საკითხავი

 

   ქალაქ ლასიას, სადაც პირველად აწამეს წმიდა გიორგი, ქრისტიანების მიმართ შეურიგებლობით და დაუნდობლობით გამორჩეული კერპთმსახური მეფე სელინოსი განაგებდა. ასეთი საქციელისათვის, საკუთარი ბოროტების შესაფერისად მიეგო კიდევაც უფლისაგან: ქალაქის ახლოს ვეება ტბას ადამიანებზე მონადირე კაციჭამია ურჩხული დაეპატრონა, რომელსაც ვერაფერი ავნო მის წინააღმდეგ არაერთგზის წარგზავნილმა მეფის მხედრობამ. ქალაქის მცხოვრებლებმა მეფე დაადანაშაულეს, რომ იგი არ ეძიებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ გამოსავალს მხოლოდ იმით მიაგნო, რომ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგრიგობით ეძლიათ მსხვერპლად ურჩხულისათვის და, როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ქალიშვილს.

   მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ადამიანები იძულებულნი იყვნენ თავიანთი შვილები გაემეტებინათ, ვიდრე ბოლოს მეფის ასულის რიგიც არ დადგა.

   დარდისაგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით პატარძალივით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ქალიშვილი და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თანამოქალაქეებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც თვით საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისათვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი. მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. რაღა ექნა სელინოსს, და ისიც ბედს დამორჩილდა.

   სწორედ იმ დღეს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ურჩხულის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო თავისი სამშობლოს, კაბადოკიისკენ მიმავალ წმიდა გიორგის, რომელმაც ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და, რა იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა ჭაბუკს, რაც შეიძლება მალე გასცლოდა იმ სიკვდილის ალაგს, მაგრამ როდესაც წმიდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდ მასთან ერთად მომკვდარიყო კიდეც, მაშინღა მოუთხრო თავისი განსაცდელის შესახებ.

   წმიდა გიორგიმ გამოჰკითხა ქალს, რომელ ღმერთს მსახურობდნენ მამამისი და თანამოქალაქენი და, როდესაც გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართი ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღვთის სახელით იხსნიდა მას ურჩხულისაგან. მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა - მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო პასუხად უფლისაგან: „ყავ, რაიც გნებავს, მე შენთანა ვარ!".

   სწორედ ამ დროს გამოჩნდა კიდეც ტბიდან საშინელი ურჩხული. შიშით შეძრული ქალი, მაინც კიდევ თავდაუზოგავი ჭაბუკის გადასარჩენად ზრუნავდა - ბოროტ ურჩხულს გაეცალეო, აფრთხილებდა. ამ დროს ჭაბუკი წმიდა სამების მიმართ ლოცვად ხელაპყრობილი და სულიწმიდის შეწევნითა და წმიდა გიორგისაგან პირჯვრის გადასახვის ძალით ურჩხული მის ფერხთა ქვეშ დაეცა. წმ. გიორგიმ უბრძანა ქალს, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება ურჩხულისათვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი ლამის იყოს გაქცევას აპირებდნენ, რომ წმიდა გიორგიმ დაამშვიდა და მოუწოდა, ედიდებინათ უფალი, რომლის შემწეობითაც მოაკვდინებდა იგი ურჩხულს, რათა მას აღარ ევნო ადამიანებისათვის.

   მეფემ და დიდებულებმა ერთხმად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება. წმიდა გიორგიმაც წამსვე განგმირა მახვილით უწმინდური და ქალიშვილი მეფეს ჩააბარა. მთელი ერი დაემხო წმიდანის წინაშე, ფეხებს უკოცნიდნენ და ჭეშმარიტ ღმერთს განადიდებდნენ. წმიდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე, რომელსაც მიეგებნენ მეფე და დიდებულები და თხუთმეტ დღეში ორმოცდახუთი ათასი კაცი მოინათლა. ბედნიერმა მეფემ უფლის სადიდებლად შესანიშნავი ტაძარი ააშენა. როდესაც ტაძარი აშენდა, წმიდა გიორგიმ კიდევ ერთი სასწაულის ღირსი გახადა ქალაქი - ტაძარი საკურთხეველში დღემდე არსებული საკურნებელი წყარო აღმოაცენა. სწორედ ზემოთაღწერილი მოვლენის აღსანიშნავად გამოსახავენ ხოლმე ხატებზე წმიდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც საზარელ მხეცს ჰკლავს.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 


უკან დაბრუნება