მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა კვიპრიანე კართაგენელი

წმიდა კვიპრიანე კართაგენელი


6-11-2012, 12:35
წმიდა კვიპრიანე კართაგენელი
 
 

   ერთ არს ღმერთი, ერთ არს ქრისტე, ერთ არს მისი ეკლესია, ართ არს სარწმუნოება და ერთ არს ერი, რომელიც სხეულის მთლიანობაშია შეერთებული თანხმობის კავშირით. ერთიანობა არ უნდა დაირღვეს, არ უნდა დანაწევრდეს ერთი სხეული კავშირების დაშლით, არ უნდა დაქუცმაცდეს პატარ-პატარა ნაწილებად: ყოველივე, რაც მაცოცხლებელ საწყისს მოშორდება, კარგავს სიცოცხლის წყაროს და განცალკევებით ვეღარ განაგრძობს არსებობას („ეკლესიის ერთიანობის შესახებ" [31, გვ. 192]).

 

 

* * *

   როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე, შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვის განმარტებისა შენებურად. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა" [34, გვ. 446].

 

 

* * *

   ყოველი, ვინაც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისთვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს; იგია უცხო, უხმარი, მტერი ეკლესიისა. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა. უფალი ასე გვასწავლის: „რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერ ჩემი არს, და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მათე 12.30). ქრისტესმიერი მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდგომია. ვინც სხვაგან შეკრებს, და არა ეკლესიაში, ის განაბნევს ქრისტეს ეკლესიას.

   . . . მძიმე, აღუხოცელი დანაშაული განხეთქილებისა წამებითაც კი ვერ განიწმიდება. მოწამე ვერ იქნება ის, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფება; ვერ მოიპოვებს სასუფეველს იგი, ვინც დაუტევა ეკლესია, ეკლესია, რომელიც დაიმკვიდრებს სასუფეველს („ეკლესიის ერთიანობის შესახებ" [31, გვ. 177, 185]).

 

 

* * *

   მტკიცედ აღვიბეჭდოთ მეხსიერებაში: როდესაც სხვები დამორჩიულდნენ და სულით დაეცნენ, მატათია მამაცურად იცავდა უფლის სჯულს (1 მაკაბ., თავი 2); როდესაც ებრაელები დაიფანტნენ და ღმერთის რწმენისაგან განდგომა დაიწყეს, ილიამ გასძლო თავის დიად ბრძოლაში; დანიელი ვერ შეაშინა ვერც მარტოობამ უცხო ქვეყანაში, ვერც უმოწყალო დევნამ და მან არაერთგზის ვაჟკაცურად დაამტკიცა თავისი სარწმუნოება; სამი ყრმა მუქარამ ვერ გასტეხა, ბაბილონის ცეცხლს მათ თავიანთი სარწმუნოება დაუპირისპირეს და ტყვეებმა გამარჯვებული მეფე დაამარცხეს. თუმცა არიან ამჟამად ორპირნი და გამცემელნი, რომელნიც ეკლესიაში იმყოფებიან და ეკლესიას აღუდგებიან, არყევენ სარწუნოებასა და სიმართლეს, მაგრამ უმეტესობა იმარხავს საღ გონებას, წმიდა რელიგიას და სულს - მხოლოდ თავისი ღმრთის ერთგულს. სხვისი ორგულება ვერ არღვევს მათ ქრისტიანულ რწმენას და უფრო მეტადაც განაცხოველებს მას, წარმართავს ზეციური დიდებისაკენ, თანახმად ნეტარი მოციქულის სიტყვებისა, რომელიც გვარწმუნებს და გვეუბნება: „არამედ რაი? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაი ღმრთისაი განაქარვოსა? ნუ იყოფინ. იყავნ ღმერთი მხოლოი ჭეშმარიტ და ყოველი კაცი ცრუ" (რომ. 3.3-4). თუკი ყოველი კაცი ცრუა და სიმართლე მხოლოდ ღმერთთანაა, მაშ ღმრთის მონებმა და განსაკუთრებით ეპისკოპოსებმა რა უნდა აკეთონ? - დაუტეონ კაცობრივი სიცრუე და გზააბნეულობა, დაიცვან უფლის დანაბარები და ღმრთის სიმართლე შეიმოსონ (წერილი 67 [35, გვ. 215]).

 

 

* * *

   საყვარელნო ძმანო, უნდა ვუფრთხილდეთ არა მარტო აშკარა და თვალსაჩინო ტყუილს, არამედ ისეთსაც, დახვეწილი ცბიერებითა და მზაკვრობით რომაა შენიღბული. მას მერე, რაც მტერი იძლია ქრისტეს მოსვლით, ანუ მოვიდა ნათელი, წარმართთა განმანათლებელი და აღმობრწყინდა მაცხოვნებელი მნათობი, კაცთათვის ბედნიერების მომტანი, მას მერე, რაც ბოროტმა იხილა კერპები მიტოვებული, თავისი სახლები და ბომონები დაცარიელებული, განა შეიძლება უფრო დახვეწილი მზაკვრობისა და ცბიერების წარმოდგენა, ვიდრე ის ახალი ტყუილი, მტერმა რომ მოიფიქრა - თვით ქრისტეანის სახელით აცთუნოს გაუფრთხილებელნი? მან გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ერთიანობა. ვის დაბრმავებასა და ძველ გზაზე შეფერხებას ვერ ახერხებს, ის ახალი გზით შეჰყავს შეცდომაში. თვით ეკლესიიდან იტაცებს ადამიანებს და სწორედ მაშინ, როდესაც ისინი უკვე უახლოვდებიან ნათელს, როცა თავს აღწევდნენ ამა ქვეყნის უკუნეთს, მათთვის შეუცნობლად ახალ ბნელეთში ხვევს. ასე რომ, ისინი სახარებით არ ცხოვრობენ და ღამის წყვდიადში დაეხეტებიან, თანაც ჰგონიათ, თითქოს ნათელში ვლენან. ასეთია მზაკვრული მანქანება მტერისა, რომელიც მოციქულის თქმით, გარდაისახება „ანგელოსად ნათლისა" (2 კორ. 11.14) და თავის მსახურებს სიმართლის მსახურებად წარმოაჩენს, ისინი კი: ღამეს დღედ აცხადებენ, წარწყმედას - ცხონებად, სასოების საფარველქვეშ სასოწარკვეთილებას მალავენ, სიმუხთლეს რწმენას უწოდებენ, ანტიქრისტეს ქრისტეს სახელდებენ, ტყუილს სიმართლედ ასაღებენ და დახვეწილი მზაკვრობით განაქარვებენ ჭეშმარიტებას.

. . . უფალი ჩვენს თავისუფალ ნებას უფრთხილდება და ამიტომ უშვებს, რომ ჩვენი გულისა და გონების გამოცდით, ჭეშმარიტების ძიების გზით, ნათლად გამოჩნდეს ღირსეულთა წმიდა სარწმუნოება. ამას წინასწარ გვამცნებს მოციქულის პირით: „რამეთუ წვალებანიცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაითა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ" (1 კორ. 11.19). ასე ხდება ერთგულთა გამოცდა და ორგულთა მხილება, ასე ეყრებიან მართალთა სულები უსჯულოთა სულებს და ბზე - ხორბალს, ჯერ კიდევ სამსჯავროს დღემდე! („ეკლესიის ერთიანობის შესახებ" [31, გვ. 175, 180]).

 

 

* * *

   დაე ჩვენი ძმები გადაჭრით განუდგნენ და გაექცნენ საუბრებს იმათთან, ვისმა „სიტყუამან . . . ვითარცა სრსვილმან საძოვარი პოვოს" (2 ტიმ. 2,17). ხომ ამბობს მოციქული: „განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი" (1 კორ. 15.33) და კიდევ: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ" (ტიტე 3.10-11). სოლომონის პირით სულიწმიდა მეტყველებს: „გულარძნილსა პირთა შინა თვისთა მოსიეს წარსაწყმედელი, კაცი უგუნური აღმოითხრის თავისა თვისისა ბოროტსა და ბაგეთა შინა თვისთა ცეცხლი დაიუნჯის" (იგავთა 16.27); და კვლავ გვირჩევს: მოზღუდე ყურნი შენნი ეკლითა და ნუ ისმენ სიტყვათა უსჯულოთასა, და ისევ: „ბოროტნი უსმენენ ენასა სჯულისა გარდამავალსა, ხოლო მართალნი არა ყურად იღებენ ბაგეთა მზაკუართასა (იგავთა 17.4). თუმცა კი ვიცით, რომ რომში მყოფი ჩვენი ძმები დაცულნი თქვენი შორსმჭვრეტელობით და თავადაც საკმაოდ ფრთხილნი და მღვიძარენი, არ წამოეგემიან მწვალებელთა ანკესს და არ მოტყუვდებიან, რადგან მტკიცედ დაიმახსოვრეს ღმრთის მცნება-მოძღვრებანი და დიდია მათში შიში ღმრთისა, მაგრამ მაინც შიშისა და სიყვარულის სიჭარბე მაიძულებს მოგწეროთ: არ გააბათ ასეთებთან არავითარი კავშირი, ნუ გაიყოფთ ტრაპეზს ურიგო ხალხთან, ნურც დაელაპარაკებით მათ; გავექცეთ მათ ისევე, როგორც ისინი გაექცნენ ეკლესიას; ხომ სწერია: „უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი" (მათე 18.7). ნეტარი მოციქული არა მარტო გვირჩევს, არამედ გვიბრძანებს კიდეც, განვეშოროთ ასეთებს: „გამცნებთ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან" (2 თესალ. 3.6). არ არსებობს კავშირი სარწმუნოებასა და ურწმუნოებას შორის; ვინც ქრისტესტან არ არის, ის ქრისტეს წინააღმდეგია; ვინც მისი ერთობისა და მშვიდობის მტერია, ის ჩვენთან ვერ იქნება. თუკი ისინი მოვლენ ლოცვებითა და შეწყალების სურვილით, შევისმინოთ მათი; ხოლო თუ ლანძღვითა და მუქარით აგვავსებენ, დაე, იქმნენ განგდებულნი (წერილი 59-ე [35, გვ. 208]).



უკან დაბრუნება