მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე თავისი დროის სულიერი მდგომარეობის შესახებ

წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე თავისი დროის სულიერი მდგომარეობის შესახებ


3-01-2018, 00:04

წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე თავისი დროის სულიერი მდგომარეობის შესახებ

 

   წმ. ეპისკოპოსი ეგნატე თავის დროის სულიერ მდგომარეობაზე დიდი წარმოდგენის როდი იყო. ის თვლიდა, რომ ქრისტიანული საზოგადოება ერთიანი სულიერი სხეულით, ერთგვარი აზროვნებითა და სულისკვეთებით, ერთი საერთო თავით - ქრისტეში უნდა იყოს გაერთიანებული, ხოლო როდესაც საზოგადოებაში ძლიერდება ცოდვა, ეს საოცარი ერთობა ქრება და მის ნაცვლად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის მიუღებელი დანაწილება, შეხედულებათა სხვადასხვაობა და გაუტანლობა ჩნდება.

   თავისი სულიერი ჭვრეტით წმინდა მღვდელმთავარი ხედავდა, რომ ცოდვის ნაირსახეობამ ღრმად გაიდგა ფესვები იმდროინდელი საზოგადოების ყოველ ფენაში - დაწყებული გლეხის ქოხიდან ვიდრე მეფის სასახლემდე.

   ელიტარულ საზოგადოებაში წმინდანი პირფერობას, სისტემატურ ინტრიგებს, კარიერიზმსა და რელიგიისადმი სრულ გულგრილობას ხედავდა. ინტელიგენციაში ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი, უხეში ცრურწმენა სუფევდა. უბრალო ხალხში კი სულიერი საკითხებისადმი გაუთვითცნობიერებულობას, ცრურწმენას, ქრისტიანული პრინციპების შესუსტებას, მემთვრალეობას და საშინელ ზნედაცემულობას ჭვრეტდა.

   წმ. ეგნატეს მეტად ფრთხილი, მაგრამ ზუსტი განსაზღვრებით ხედავდა, რომ მაღალი წოდების იერარქები სულიერად სუსტები და ქრისტიანულ ცხოვრებაზე მცდარი შეხდულების მქონენი იყვნენ. დაბალი წოდების სასულიერო პირებში კი გაუნათლებლობასა და მრევლისადმი უყურადღებობას ამჩნევდა.

   დაკვირვებიდან გამომდინარე, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი მოშურნე დარწმუნდა, რომ მრავალ სასულიერო პირს ქრისტიანობაზე ბნელი და მცდარი შეხედულებები გააჩნდათ. „დღეს ვხედავთ, რომ მრავალი თვლის საკუთარ თავს ქრისტიანად და მეტიც, ქრისტეს ეკლესიის მასწავლებლად, - წერდა წმ. მღვდელმთავარი, - მათგან ზოგს სახარებაში ჩამოთვლილი სასწაულების არ სწამს, ზოგს ეშმაკის არსებობისა, ზოგიც ქრისტიანული სწავლების მხოლოდ ნაწილს აღიარებს, მეორეს კი უარყოფს და ა.შ."

   ღვთივგანბრძნობილი მოძღვრების უკიდურესმა შემცირებამ, ღვთის სიტყვის ქადაგების შესუსტებამ და ყოვლისმომცველმა სარწმუნოებრივმა გაგრილებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მრავალმა ქრისტიანმა ქრისტეს ერთიანი მისტიური სხეულის - წმიდა ეკლესიის წევრობის შეგნება დაკარგა. „დღეს ყველას მეტნაკლებად - წერს წმ. ეპისკოპოსი, - თავისი რელიგია, თვითნებურად ან შემთხვევით არჩეული საკუთარი გზა გააჩნია..."

წმ. ეგნატე წინასწარ ჭვრეტდა, რომ სარწმუნოებისაგან საყოველთაო განდგომილების ჟამი დგებოდა, და ამიტომ ეკლესიის თავისი ძველებური ბრწყინვალებით აღდგენას არ ელოდებოდა. მეტიც, ეკლესიის „საშინელ და სწრაფ შერყევას" ვარაუდობდა. მას არაერთგზის უთქვამს, რომ დროის რეალური მდგომარეობის ხედვა აუცილებელია, ამასთანავე საკუთარი თავისადმი დიდი ყურადღების მიქცევას გვირჩევდა. „ნათელია, რომ ქრისტიანობა, - ადამიანთა ეს სულიერი საგანძური, - საკუთარი ცხოვრებისადმი დაუდევრობით გამორჩეულ საზოგადოებას შეუმჩნევლად განეშორება. უნდა დავინახოთ ეს, რათა მსახიობებისაგან და ღვთისმოსაობით მოთამაშეთაგან ცთუნებულნი არ დავრჩეთ, ასევე ამ სამწუხარო სანახაობისაგან მზერის მორიდება და საკუთარი ცხოვნებისადმი ზრუნვა გვმართებს".

   ეკლესიის მდგომარეობაზე ამგვარი შეხდულება არ მარტო წმ. ეგნატეს ჰქონდა. იმ დროის სულიერი სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლები ქრისტიანულ საზოგადოებაში იგივე სენს ხედავდნენ. ნიკიფიროს უდაბნოს გამოცდილმა მოძღვარმა ისაიამ ერთ-ერთი საუბრის დროს არქიმანდრიტ ეგნატეს უთხრა: „შეიცანი ჟამი, ეკლესიის სრულ კეთილმოწყობას ნუ ელი, არამედ დაკმაყოფილდი არსებულით, აიღე მისგან საუკეთესო - კერძოდ ის, რაც ადამიანის საცხოვნებლად არის მონიჭებული".

   გარემომცველი ცხოვრების მთელი სირთულის მიუხედავად, წმ. მღვდელმთავარი მის ირგვლივ მრავალ ჭეშმარიტ ქრისტიანს ხედავდა. ზოგი მათგანი თვითონ აღზარდა და ჭეშმარიტების გზაზე დააყენა. ეჭვგარეშეა მას ღრმად სწამდა, რომ მომავალ თაობაშიც მოინახებოდნენ ადამიანები, რომლებიც მისი ნაშრომებით იხელმძღვანელებდნენ.

   წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ბოლო ჟამის მოახლოების ნიშნებს უკვე მე-19 საუკუნეში ჭვრეტდა. „ჩვენი დრო უკანასკნელს ჰგავს" - დაახლოებით 130 წლის წინათ ამბობდა წმიდა მღვდელმთავარი. განა, ჩვენ ამ სიტყვების განმეორების უფრო მეტი უფლება არა გვაქვს? რადგან სულიერი და ზნეობრივი დაცემულობის თვალსაზრისით ცხოვრება ამ უკანასკნელ პერიოდში ბევრად უფრო რთული გახდა.

   ჩვენი დროის ქრისტიანები უსაზღვრო მადლიერებას უნდა გამოვხატავდეთ წმიდანის წინაშე, რადგან მან ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, მკაფიოდ დაგვიხატა ის. სურათი დღეს ჩვენს თვალწინ რომ ხდება და რაც კიდევ უნდა მოხდეს ახლო მომავალში.

   წმ. ეგნატეს ნაშრომები განსაკუთრებულად ძვირფასია ჩვენთვის, რადგან საკუთარი სულიერი გამოცდილებით არის დაწერილი. ყურადსაღებია ისიც, რომ მღვდელმთავარი ყოველთვის წმ. მამათა ნაშრომებით და ძალიან იშვიათად საკუთარ თავზე დაყრდნობით პასუხობდა და ხელმძღვანელობდა.

   წმიდანის შეხედულება თავისი დროის სულიერ მდგომარეობაზე დღესაც ქრისტიანულ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ეხმაურება. თუ წმ. მღვდელმთავარი მე-19 საუკუნეში ამგვარად აფასებდა მოვლენებს, იოლი წარმოსადგენია, რას იტყოდა იგი დღეს, 21-ე საუკუნის მიჯნაზე.

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება