მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ისინი სიყვარულს მისდევენ მოსაკლავად

ისინი სიყვარულს მისდევენ მოსაკლავად


2-01-2018, 00:03

ისინი სიყვარულს მისდევენ მოსაკლავად

 

რა როლს თამაშობს თანამედროვე ჩაცმის მოდა?

 

   „ზნეობრივი და განათლებული ქალი, ოჯახის დედა, უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოების მორალურ ცხოვრებაზე. რაც მეტად ზნეობრივია ქალი, მით კეთილშობილურია საზოგადოება და პირიქით" (მღვდელი შჩუკინი). გვაგონდება ერთი კარგი ქართული სიმღერის სიტყვები: „გახსოვს გიკრეფდი იებს, კრძალვით გიბნევდი თმაში". ყველა ქალიშვილი ოცნებობს ნამდვილ სიყვარულზე, ყველა ნატრობს, რომ მას პატივისცემით და კრძალვით ეპყრობოდეს მისი რჩეული მამაკაცი სიცოცხლის ბოლომდე. თუ ყურადღებით დავაკვირდებით თანამედროვე ახალგაზრდების ურთიერთდამოკიდებულებას, შევამჩნევთ მამაკაცების მხრივ ქალებისადმი ინტერესების დაქვეითებას, ინდიფერენტულობას, მომრავლდნენ დაუქორწინებელი ახალგაზრდები, გახშირდა გაყრა. ყოველ მოვლენას თავის გამომწვევი მიზეზი აქვს. ჩვენი აზრით, სხვა ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, აღნიშნული მოვლენების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ჩაცმის მოდა, შესაბამისად - ქცევა. რადგან თანამედროვე მოდაში იგრძნობა ადამიანის ფიზიოლოგიის, მისი ფსიქოლოგიის გაუთვალისწინებლობა, მათ საწინააღმდეგოდ მოქმედება, რასაც, რასაკვირველია არ მოაქვს სასურველი შედეგი.

   გვინდა მოგაწოდოთ ზოგიერთი ცნობა ადამიანის ფიზიოლოგიიდან, რომლის ცოდნა ყველასთვის აუცილებელია. ადამიანის ფიზიოლოგია სიტყვასიტყვით ნიშნავს მოძღვრებას ადამიანის ბუნების შესახებ. იგი შეისწავლის როგორც მთლიანი ორგანიზმის, ასევე ცალკეულ ორგანოთა სისტემების მუშაობის მექანიზმებს, მათ თვისებებს. ადამიანისთვის გარემოსთან კავშირის დასამყარებლად აუცილებელია თავის ტვინი. თავის ტვინი ნერვული უჯრედებისგან შედგება, რომელთაც განსაზღვრული თვისებები ახასიათებთ. ეს თვისებები არ იცვლება. ის ახასიათებს თანამედროვე ადამიანის თავის ტვინს და ეს თვისებები ჰქონდა მას მრავალი საუკუნის წინათაც. თავის ტვინის ერთ-ერთ თვისებაზე გვინდა შევჩერდეთ, რომელსაც კავშირი აქვს ჩვენი საუბრის ძირითად თემასთან. ამ თვისებას შეგუება ან ადაპტაცია ეწოდება. ადაპტაცია - ეს არის თვისება შეეგუოს ხანგრძლივად მოქმედ გამღიზიანებელს. იგი ვლინდება იმაში, რომ ქვეითდება მგრძნობელობა არა მარტო ამ მოქმედი გამღიზიანებლის მიმართაც. ამ თვისებას თავდაცვითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მუდმივი აღგზნება ნერვული უჯრედების გამოფიტვას გამოიწვევდა.

   როდესაც გონების თვალს ვავლებთ, ვფიქრობთ, როდის და როგორ დაიწყო ჩვენში ეს ყოველივე? ეს დაიწყო ჩვენი საუკუნის 70-იან წლებში. თავდაპირველად სათნოებათაგან ერთ-ერთი კარგის - მოკრძალებულობის, მორიდებულობის აბუჩად აგდება დაიწყეს. შეამკეს იგი დამამცირებელი ეტიკეტებით. სინამდვილეში მოკრძალებულობა, კდემამოსილება, თვინიერება სამკაულია ქალისა. მამაკაცს მოსწონს ასეთი თვისების ქალი ცოლად, რადგან, მარიკა ბარათაშვილის ერთი პიესის გმირისა არ იყოს, არავის არ უნდა „ფრონტის გახსნა" ოჯახში. მორიდებულობა ხომ გარშემო მყოფთა პატივისცემასაც გულისხმობს. ეხლა რომ ვაანალიზებთ, გაირკვა, რომ მოკრძალებულობის დაკარგვა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ადამიანებს მიეღოთ ჩაცმის ის მოდა, რაც შესთავაზეს.

   თავდაპირველად დაიწყო მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის ფერის გათანაბრება. მანამდე მამაკაცს არ ეცვა წითელი, ყვითელი, ღია მწვანე ფერის ტანსაცმელი, რადგან ეს ფერები სინაზეს აძლევს სახეს. შემდეგ ქალებმა ჩაიცვეს შარვალი. ცნობილია, რომ ტანსაცმელი თანდათანობით გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე. ამიტომ შეიცვალა მათი ქცევაც. შარვალმა ქალი გააუხეშა. სიარულისას ადგამს მამაკაცურად დიდ ნაბიჯებს. შეეცვალა ჯდომისა და დგომის მანერა. ადრე თუ სიგარეტს ერთეული ჩუმად ეწეოდა, ახლა მრავალი მოურიდებლად ეწევა. გახშირდა მეტყველებისას ცუდი, არალიტერატურული სიტყვების ხმარება. ყველაფერმა ამან განაპირობა მამაკაცებში ქალების მიმართ უპატივცემულობის განვითარება, მათდამი ინტერესის დაქვეითება, ინდიფერენტიზმი. ეს შეუმჩნეველი არ დარჩათ მოდელიორებს. თითქოს შეცდომის გამოსწორება მოინდომესო, ახლა ქალებს გამომწვევი ტანსაცმლის მოდა შესთავაზეს: მუხლებს ზევით კაბა, ღრმად ამოჭრილი გულისპირი, შიშველი იღლიები, ძალზედ შემოტმასნილი (სპორტსმენი მამკაცის) მაისური, გრძელი, მაგრამ ღრმად ჩაჭრილი ქვედა ბოლო და სხვ. როგორც მოსალოდნელი იყო, მამაკაცთა თავდაპირველი ინტერესი ისევ ინდიფერენტიზმმა შეცვალა, რადგან ასეთია ადამიანის ფიზიოლოგია და ფსიქოლოგია.

   თუ როგორია შეყვარებული ადამიანის ფსიქოლოგია, კარგად არის გადმოცემული ერთ ქართულ სიმღერაში: „ო, რომ შემეძლოს თბილისის ღამეს შემოგახვევდი სახეზე ჩადრად, რომ სილამაზე, მშვენება შენი ჩემს მეტს არავის არ დაენახა". ადვილი წარმოსადგენია შეყვარებული მამაკაცის სულიერი მდგომარეობა, მისი ტანჯვა, როდესაც მის მეუღლეს, მისი გამომწვევი ჩაცმის გამო, ვნებით უყურებენ მილეთის მამაკაცები. ტანჯვას და სულიერ აფორიაქებას ორგანიზმი ხანგრძლივად ვერ უძლებს, იგი იფიტება და ადამიანისაგან დამოუკიდებლად, მასში ამოქმედდება თავდაცვის ინსტიქტი, რაც მიმართულია მეუღლის სიყვარულის შესუსტებისაკენ. როცა არ გიყვარს, არც იტანჯები. სიყვარულის გაქრობას მოჰყვება ოჯახური უსიამოვნება.

   რატომ ითვლება გამომწვევად (ურცხვობად) მუხლების გამოჩენა, ღრმად ამოჭრილი გულისპირი, შიშველი იღლიები? იმიტომ, რომ სხეულის ამ მიდამოების კანში არის ისეთი მგრძნობელობის ნერვული დაბოლოებები, რომელთა შეხებაც მამაკაცში სიძვის მოთხოვნილებას (აღგზნებას) იწვევს. ასეთივე შედეგს იძლევა მათი შეხედვაც, მაგრამ განსაზღვრული დროის შემდეგ, როდესაც ასეთი გაღიზიანება აღიქმება ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში (ქუჩაშიც, სამსახურშიც, სახლშიც) მგრძნობელობა თანდათან სუსტდება თავის ტვინში ე.წ. შეგუების, ანუ ადაპტაციის განვითარების გამო. იგი თავდაცვითი რეაქციაა და ორგანიზმს გამოფიტვისაგან იცავს. მხოლოდ ასეთი გაღიზიანებისაგან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ხდება მისი აღდგენა.

 

 

რატომ არ უკრძალავს ზოგიერთი თავის მეუღლეს გამომწვევად ჩაცმას და თავად ქალებს რატომ აქვთ ასეთი ჩაცმის სურვილი?

 

   მიმბაძველობის გამო ტყვიასავით ეშინიათ მათმა ტოლებმა არ უწოდენ „ძველმოდური", „ჩამორჩენილი". შეცდომაში არ უნდა შევიდეთ და არ უნდა გვეგონოს, რომ რადგან ბევრი, ე.ი. უმრავლესობა ასე იქცევა, ის სწორია. აი, რას წერს მსოფლიოს დიდი მოძღვარი ბასილი დიდი პირველი ფსალმუნის განმარტებისას: „არ გინახავს როგორ დასცინიან უმანკოებს მეძავნი, რომელნიც სავაჭრო მოედნებზე სხედან, საკუთარ სამარცხვინო საქმეებსა და თავგადასავლებს, თავიანთი დაცემის შემთხვევებს ისე ჰყვებიან და ისე ჩამოთვლიან, ვითარცა საგმირო, სასახელო ღვაწლს? ეს უსჯულონი ცდილობენ, რომ საკუთარი ბიწიერება ყველას გადასდონ, ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება ბევრი დაიმსგავსონ, რათა ცოდვა საერთო გახდეს და ყვედრებასა და ლანძღვას ამ გზით დააღწიონ თავი. ამას კი მართლა უნდა ვერიდოთ, რადგანაც ცოდვილთან ხანგრძლივი ყოფნით სულში რაღაც გამოუსწორებელი ჩვევები ყალიბდება; ხშირად ხდება, რომ ეს ჩვევები კაცის ბუნებად იქცევა, ხოლო დაძველებული ვნება სულისა და დროით განმტკიცებული ფიქრები ბოროტებაზე ან ძნელად განიკურნება, ან კიდევ სრულიად განუკურნებელია".

   თანამედროვე ჩაცმის მოდა უბიძგებს ადამიანებს უზნეო ყოფა-ქცევისაკენ. ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის გათანაბრებას, გამომწვევ ჩაცმასა და ქცევას ბევრი უარყოფითი შედეგი მოაქვს: იზრდება ვენერიულ დაავადებათა რიცხვი, იზრდება ნევროზების რიცხვი. ასეთი ჩაცმულობა ხელს უწყობს პათოლოგიური მიდრეკილებების განვითარებას, ჰომოსექსუალიზმს. იზრდება დაუოჯახებელი მამაკაცების რიცხვი, რადგან მათში ეჭვს ბადებს ასე ჩაცმული ქალის უღალატობა და ერთგული მეგობრობა. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ გამომწვევი ჩაცმა, რომელიც მიმართულია მამაკაცში სიძვის მოთხოვნილების (აღგზნების) გამოწვევისაკენ - გაუმართლებელია, რადგან განსაზღვრული დროის შემდეგ მამაკაცისათვის მას მოაქვს საწინააღმდეგო შედეგი - ქალებისადმი ინტერესის დაქვეითება, ინდიფერენტულობა, თავის პოტენციურ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა, სულიერი წონასწორობის დაკარგვა.

 

 

გამომწვევად ჩაცმა დაუშვებელია სახლშიც, ოჯახის წევრების წინაშეც, შვილებთანაც

 

   უმიზეზოდ, ალბათ, არ წარმოითქმება ის შემაძრწუნებელი გინება: „ჩემი დედა...", რომელსაც დამშვიდებული სახით წარმოთქვამს ახალგაზრდა „დედას გეფიცების" მაგიერ, როდესაც უნდა თავისი სიმართლე დაუმტკიცოს თანამოსაუბრეს. ასეთ სიტყვებს ქუჩაში რამდენიმე წლის წინ იშვიათად გაიგონებდით, ახლა კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის, ე.ი. იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც ამას წარმოსთქვამს. ბოლომდე მიუწვდომელია, რა აზრები აღეძვრება ვაჟიშვილს, როდესაც გამომწვევად ჩაცმულ დედას ხედავს. რთულია ადამიანის ფსიქოლოგია და აღნიშნული ფაქტი - დასაფიქრებელი. თავისი ჩაცმითა და შესაბამისად - ქცევით ქალი ცდილობს ზრდასრული მამაკაცის ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ქუჩაში ხომ ბავშვებიც და მოზარდებიც არიან; ამის გამო ირყვნებიან ისინი. მოდისადმი მონური დამოკიდებულება, ისე, როგორც ყოველგვარი მონობა ადამიანის ღირსების შემლახავია.

   ივანე ბერიტაშვილისა და დიმიტრი უზნაძის ქართული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სკოლები მთელ მსოფლიოშია აღიარებული. აღნიშნულ დარგებში ცოდნის გასაღრმავებლად ყოველი კუთხიდან ჩამოდიოდნენ და ჩამოდიან მეცნიერები საქართველოში. მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილი ფაქტები მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას როდი ემსახურება მხოლოდ. დაგროვილი ცოდნა ადამიანებს უნდა ემსახურებოდეს. თუ ჩვენი საუბრის თემას შევეხებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანთა განსხვავებული ანატომიური აგებულება მათ განსხვავებულ ჩაცმულობაშიც უნდა აისახოს. ამაში არის დიდი სიბრძნე. არასწორი ჩაცმულობა თანდათანობით ცვლის ადამიანის ბუნებას, ხელს უწყობს პათოლოგიური მიდრეკილებების განვითარებას.

   სჯულის კანონი ბრძანებს: „თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეიცვალოს სამოსელი და ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს". თუკი ღმერთი შეგაჩვენებს, სიხარულს როგორღა ეღირსები?

   დასაფიქრებელია მე-17 საუკუნეში მოღვაწე ღირსი ნილოს მირონმდინარე ათონელის წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის შესახებ: „ვეღარ მოხერხდება ერთურთისაგან ქალისა და მამაკაცის გარჩევა, იმდენად შეურაცხი იქნება ფორმა მათი სამოსისა და ვარცხნილობისა".

   ზნეობრივი კანონები ითვალისწინებენ ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას. იგი ადამიანისათვის ფარია, ჯავშანია. განამტკიცებენ ადამიანებს შორის სიყვარულს, პატივისცემას, იცავენ მათ ღირსებას. ზნეობრივ ქცევას ალტერნატივა არ გააჩნია. ის ყოველთვის თანამედროვეა, მოდაშია, რადგან ადამიანის სასარგებლოდ არის მიმართული.

   ადამიანის ქცევაზე და მის მიდრეკილებებზე დიდი ზეგავლენის გამო ჩაცმულობა არ არის უმნიშვნელო რამ. ამიტომ ტანსაცმლის მოდელის შექმნა მოითხოვს სათანადო სამედიცინო განათლებასაც და იგი სამედიცინო კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.

   საქართველოში უამრავი ადამიანია უმაღლესი განათლებით. ალბათ, მოსახლეობის ნახევარზე მეტს სამედიცინო განათლება აქვს მიღებული. ეს ძალიან სასარგებლოა, მაგრამ სასურველია ეს განათლება აისახოს ჩვენი ცხოვრების წესში, ჩვენს ქცევაში, რათა არ დავარღვიოთ კანონი ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც კრძალავს გარშემო მყოფთა საზიანოდ მიმართულ ქმედებას.

   ქართველი ქალი სინამდვილეში სიყვარულისაკენ ისწრაფვის, მაგრამ სატელევიზიო მდარე დონის ფილმებისა და სხვა მსგავსი გადაცემების გავლენით, მამაკაცში სიძვის მოთხოვნილების აღძვრას სიყვარულს უწოდებს, თავს იტყუებს. თუმცა, ქართველმა ქალმა კარგად იცის, რომ „სიყვარული სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი". ამიტომ ასეთმა ქცევამ ადამიანებს არ მოუტანა სულიერი სიმშვიდე და სიხარული, პირიქით.

   შენ, ჩემო გულკეთილო, ჭკვიანო, თვალებმზიანო ქართელო ქალო! ასი ათასი მოწამის, თამარისა და ქეთევანის შთამომავალო! ჯერ შენ ურცხვი არ გამხდარხარ. შენში საუკუნეების მანძილზეა ჩადუღაბებული ზნეობრივი ქცევა. შენ უზნეო ქალის ნიღაბი გიკეთია მხოლოდ, რომელსაც მრავალი თქვენგანი სულიერი ტკივილის ფასად ირგებს, რათა „თანამედროვე" გამოჩნდეს. მთავარია მოსალოდნელი საფრთხე შეიგრძნოთ. ნიღბის მოხსნა კი ადვილია, თუკი ადამიანი ამას მოისურვებს. მაშინ კრძალვით ჩაგიბნევენ თმაში იებს.

   ჩვენი წერილი გვინდა დავასრულოთ ბასილი დიდის მიერ მეშვიდე ფსალმუნის განმარტებით: „მე ვფიქრობ, რომ ყველა სამართლიანი მსაჯულის მიერ ყველა ერთნაირად როდი განისჯება. წარმოვიდგინოთ, რომ სამსჯავროზე მრუშობა განისჯება, მაგრამ ერთმა შესცოდა იმიტომ, რომ ქვეყნად გარყვნილი მშობლებისაგან გაჩნდა, ყრმობიდანვე უკეთური ჩვეულებებით: ლოთობით, თამაშით, სამარცხვინო საუბრებით აღიზარდა. მეორეს კი ბევრი რამ ჰქონდა ისეთი, რაც ზნეობრივი ცხოვრებისაკენ მოუწოდებდა: აღზრდა, მასწავლებელნი, მოსმენა ღვთის სიტყვებისა, სულის მხნელი საკითხავები, მშობელთა შეგონებანი, საუბრები, რომლებიც პატიოსნებისა და უმანკოების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს, ზომიერება საზრდელის მიღებისას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ჩათრეულ იქნა პირველი ცოდვის მსგავს ცოდვაში და პასუხი უნდა აგოს თავისი ცხოვრებისათვის. განა სამართლიანად არ არის ეს უკანასკნელი პირველთან შედარებით უფრო მძიმე სასჯელის ღირსი?"

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება