მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ციმბირული გოლგოთა (წითელი ტერორის ისტორიიდან)

ციმბირული გოლგოთა (წითელი ტერორის ისტორიიდან)


30-10-2017, 00:03

ციმბირული გოლგოთა (წითელი ტერორის ისტორიიდან)

 

   1917 წლის თებერვალ-ოქტომბერში აღსრულდა ის, რასაც გვიწინასწარმეტყველებდნენ წმ. სერაფიმ საროველი, წმ. იოანე კრონშტანდტელი და სხვა ღირსი მოღვაწენი. დაიწყო წითელი ტერორი.

   წმ. პატრიარქი ტიხონი (1865-1925) თავის მიმართვაში სახალხო დეპუტატთა ყრილობას სწერს: „უსაფრთხოდ არავინ გრძნობს თავს, ყველა ძარცვის, ჩხრეკის, გადასახლების, პატიმრობისა და დახვრეტის მოლოდინშია. ათასობით უდანაშაულო ადამიანს თვეობით ალპობენ ციხეში, ხშირად ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე პირდაპირ ხვრეტენ. სიკვდილით სჯიან არა მხოლოდ იმათაც კი, ვინც თქვენს წინაშე აწამებენ უდანაშაულო ეპისკოპოსებს, მღვდლებს, ბერ-მონაზვნებს, რომელთაც რაღაც ბუნდოვან და გაურკვეველ „კონტრრევოლუციონერობაში" სდებენ ბრალს. არაადამიანურ წვალებას ისიც ემატება, რომ მართლმადიდებლებს, უკანასკნელ ნუგეშს - წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობას, ნათესავებს კი გარდაცვლილთა სხეულის ქრისტიანულად დამარხვას უკრძალავენ".

   რევოლუციის შემდგომი რეპრესიები ატარებდა მასიურ და მკაცრად ორგანიზებულ ხასიათს. აი რას წერს ლაცისი „საგანგებო კომისიის ყოველკვირეული"-ს ფურცლებზე: „იმას კი ნუ ეძებთ, ბრალდებულმა სიტყვით ან საქმით რა ავნო საბჭოთა ხელისუფლებას. პირველი შეკითხვა უნდა იყოს, რა წარმოშობის ადამიანია, როგორი აღზრდა აქვს მიღებული, როგორი განათლება ან რა პროფესიისაა. სწორედ ამ კითხვებმა უნდა გადაწყვიტოს ბრალდებულთა ბედი". იგივე გაზეთში ნათქვამია: „უკუვაგდოთ ეს უნაყოფო და ამაო საუბრები წითელი ტერორის შესახებ. აწ დროა, თუ გვიანი არაა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით გავატაროთ ყველაზე დაუნდობელი, მკაცრად ორგანიზებული ტერორი".

   ძერჟინსკის ერთ-ერთი თანაშემწე ჩეკისტი როგოვი, თავის დღიურში წერს: „ვერ გამიგია: საბჭოთა დედაქალაქი და საეკლესიო ზარები? რატომ არიან ბნელეთის მოციქულები თავისუფლად? ჩემი აზრით, მღვდლები უნდა დავხვრიტოთ, ეკლესიები კლუბებად გადავაქციოთ - და ბოლო მოვუღოთ რელიგიას!"

   ხშირად „დამნაშავეთ" მაშინვე კი არ ხვრეტდნენ, არამედ, ჯერ დიდხანს და სასტიკად აწამებდნენ, შემდეგ კი კლავდნენ. „მრავალი ღვთისმსახური განიცდიდა ამგვარ წამებას: მათ აკრავდნენ ჯვარზე ან აღსავლის კარზე, აგდებდნენ ადუღებულ გუდრონში, „აზიარებდნენ" გადამდნარი ტყვიით, აცლიდნენ სკალპს, ახრჩობდნენ ჯურღმულში".

   „წითელი ტერორის" დროს ჩადენილ მკვლელობათა სტატისტიკა ამგვარია - რევოლუციამდე მცხოვრებ ასი ათასი ღვთისმსახურიდან 1919 წელს ცოცხალი მხოლოდ ორმოცი ათასი დარჩა. (მომდევნო 24-37 წ.წ. და ხრუშოვის პერიოდის უსასტიკეს დევნაზე აღარაფერს ვამბობთ. რედ.).

   1919 წლის 19 იანვრის მოწოდებაში, პატრიარქი ტიხონი წერდა: „მოყვასის სიყვარულის მცნება დავიწყებული და შებილწულია, ყოველდღიურად ჩვენამდე აღწევს უდანაშაულო, ხშირად სნეულებაში მყოფ ადამიანთა სასტიკი, დაუნდობელი ცემის ფაქტები. მათი დანაშაული, ალბათ, მხოლოდ ის არის, რომ ისინი პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ ადამიანურ მოვალეობას სამშობლოსა და ხალხის წინაშე. და ყოველივე ეს განა ღამით ან ფარულად ხდება? არამედ დღისით, მზისით, აშკარად, დღემდე გაუგონარი და ბარბაროსული სისასტიკით. სასტიკი დევნა ხორციელდება ქალაქებში, სოფლებში, გარეუბნებში - მთელს ქვეყანაში. ჩვენს გულისტკივილს არა აქვს ზღვარი და ვალდებულნი ვართ, მოციქულის სიტყვისამებრ: „და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთაისა, ამხილე, რაითა სხუათა მათ ეშინოდის" (1 ტიმ. 5, 20), - მოგმართოთ მკაცრი, მამხილებელი სიტყვით: „შეჩერდით, უგუნურნო, შეწყვიტეთ სისხლიანი დევნა. რასაც თქვენ სჩადიხართ, განა მხოლოდ სასტიკი საქმეა, ეს ჭეშმარიტად სატანური ქმედებაა, რისთვისაც მომავალ ცხოვრებაში ჯოჯოხეთის ცეცხლი, მიწიერ ცხოვრებაში კი საშინელი წყევლაა თქვენი და თქვენი შთამომავლობის ხვედრი".

   1921-22 წ.წ. რუსეთში დადგა შიმშილობის პერიოდი. 1922 წლის 19 თებერვალს პატრიარქმა ტიქონმა მოუწოდა ყველა ეკლესიის მსახურს, მთელი ეკლესიური სიმდიდრე, გარდა ღვთისმსახურების დროს აუცილებელისა, შეეწირათ გაჭირვებულთა დასახმარებლად. გაზეთები კი ამ დროს ეკლესიურ ხელისუფლებას ხალხის გაჭირვებისადმი გულგრილობაში სდებდა ბრალს. 1922 წლის 23 თებერვალს კი ეკლესიურ ფასეულობათა ამოღების დეკრეტიც გამოვიდა.

   1922 წლის 19 მარტს ლენინმა საიდუმლო წერილი მისწერა მოლოტოვს და პოლიტბიუროს წევრებს: „ვალდებულნი ვართ მთელი მძვინვარებით და ენერგიით ამოვიღოთ ეკლესიური ქონება და ჩავახშოთ ყოველგვარი წინააღმდეგობა. განვახორციელოთ საეკლესიო განძეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად... ჩვენ სწორედ ახლა უნდა გავუმართოთ შავრაზმულ სამღვდელოებას გადამწყვეტი და დაუნდობელი ბრძოლა და ჩავახშოთ მისი წინააღმდეგობა ისეთი სისასტიკით, რომ მათ არ დაივიწყონ ეს ამბავი ათეული წლის მანძილზე... ამ საბაბით რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი".

   ეკლესიას არბევდნენ არა მარტო აშკარა მეთოდებით, არამედ შიგნიდანაც - განმაახლებლების და განხეთქილების შემომტანთა წახალისებით. თუმცა, ამ უკანასკნელთაც, საბოლოოდ განადგურება ელოდა.

   შეუძლებელია XX ს. რუსეთის (და არა მარტო რუსეთის. რედ.) ახალმოწამეთა, რწმენისათვის და მართლმადიდებელი ეკლესიისათვის წამებულთა სახელების სრული აღრიცხვა. 1917-20 წ.წ. მასიური მკვლელობები ყოველგვარი დოკუმენტების შედგენისა და ბრალდებების მიყენების გარეშე ხდებოდა.

 

 

შემდგენელი მღვდელი ვლადიმერი (დმიტრიევი) 

თარგმნა დავით ჯინჭარაძემ 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება