მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენ ვსწავლობთ სჯულის კანონს

ჩვენ ვსწავლობთ სჯულის კანონს


7-01-2018, 00:04

 

მოციქულთა კანონი IV

  

„ხოლო სხუაი ყოველივე დასაბამი ნაყოფთა და ხილთაი სახლთა მათთა წარეცემოდედ ეპისკოპოსსა და ხუცესთა და ნუ საკურთხევლად მიმართ. ხოლო ცხად არს, ვითარმედ  ეპისკოპოსნი და ხუცესნი განუყოფენ მას დიაკონთა და სხუათა მოყვასთა" 

 

  

   მოციქულთა მეოთხე კანონი ბრძანებს: ყოველი ნაყოფისაგან შენაწირი გავუგზავნოთ სახლში ეპისკოპოსსა და პრესვიტერს, რათა ამ შენაწირით მოხდეს მათი და ეკლესიის სხვა მსახურთა შენახვა. ეკლესიის არსებობის პირველ პერიოდში მართალთა მიერ შენაწირი იყო ერთ-ერთი საშუალება სასულიერო წოდებათა შესანახად. მართალია ეს შესაწირი ძალდაუტანებლად კეთდებოდა, მაგრამ მართლებს ევალებოდათ ეზრუნათ სასულიერო პირების შენახვაზე.

   უფალმა იესო ქრისტემ მოკლედ თქვა, რომ მუშაკი ღირს არს სასყიდლისა (მთ; 10, 10), პავლე მოციქულმა კი უფლის სიტყვებზე დაყრდნობით ცოცხალთათვის გაიმეორა: „ეგრეცა უფალმა ბრძანა: რომელნი იგი სახარებასა მიუთხრობდა, სახარებისაგან ცხოვრობდეო".

   ამავე ეპისტოლეს ამავე თავში მოჰყავს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და მოსეს სჯულისაგან.

   შემოწირულობას დიაკვანი შეკრებდა, ეპისკოპოსს წარუდგენდა და ეს უკანასკნელი საჭიროების მიხედვით ანაწილებდა მას.

   შემოწირულობა სამ ნაწილად იყოფოდა. პირველი - სასულიერო პირთა შენახვას, მეორე - ღვთისმსახურების საჭიროებას, მესამე კი გაჭირვებულთ ხმარდებოდა.

   თუ რა ნაწილი ეძლეოდა თითოეულს, დამოკიდებული იყო შენაწირის რაოდენობაზე. განსაზღვრული გასამრჯელო კანონის მიერ არ იყო დადგენილი, სასულიერო პირთა სხვაგვარი შემოსავლები უფრო გვიან წარმოიშვა, მაშინ, როცა სახელმწიფო ხელისუფლება სასულიეროს დაუახლოვდა. ეს მოხდა IV საუკუნეში.

   ამ საკითხის მოსაწესრიგებლად ამ პერიოდში გამოიცა საეკლესიო და სახელმწიფო კანონები, დადგენილ იქნა თუ რომელი წყაროებიდან რამდენი მისცემოდა თითოეულ ეკლესიის მსახურს, გარდა თავისუფალი შენაწირისა.

 

 

მოციქულთა კანონი VI

 

„ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი სოფლიოთა ზრუნვათა ნუ შეეყოფვის. უკუეთუ არა, განიკუეთენ" 

 

   ეს კანონი სჯულდებითი დადგენილების სახით გამოხატავს პავლე მოციქულის აზრს, მოცემულს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში (2;4), სადაც ნათქვამია, რომ არავინ, ქრისტეს მხედართაგან (იგულისხმება ყოველი სასულიერო პირი), არ უნდა იყოს დაკავებული საერო საქმიანობით, რომელიც არ შეეფერება სასულიერო წოდებას და საერთოდ, სულიერ მსახურს ეკლესიაში. ეს განწესება გადმოცემულია აგრეთვე მოციქულთა დადგენილებაში (2;6) და როგორც ამას ვნახავთ შემდგომში, განმეორებულია სხვა მრავალ კანონში.

   სასულიერო პირი, რომელიც არღვევს ამ კანონს, ექვემდებარება სასულიერო წოდებისაგან განყენებას როგორც უღირსი ამ პატივისა.

 

 

მოციქულთა კანონი VII

 

„უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან წმიდაი დღე აღვსებისაი უწინარეს გაზაფხულისა დღეთაისა ჰურიათა თანა სრულ-ყოს, განიკუეთენ"  

 

   ეს კანონი მიგვითითებს თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის ჩატარების თარიღი, რომლის საზომადაც გაზაფხულის ბუნიობაა მიჩნეული.

   კანონში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული და იუდეველთა პასექი არ უნდა დაემთხვას ერთმანეთს. იგივეა ნათქვამი მოციქულთა დადგენილებაში (5, 17).

   იმისათვის, რომ ეჩვენებინათ განსხვავება ძველი და ახალი აღთქმის პასექს შორის, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ, აგრეთვე იმისათვის, რომ გაეცალკევებინათ ყველა შესაძლო მსგავსება რელიგიური რიტუალებისა ქრისტიანთა და იუდეველთა შორის და დაეგმოთ ეგნომიატელთა სექტა, სადაც ასეთმა აღრევამ შეაღწია, და რომ გაეფრთხილებინათ ყველა სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიაშიც ასე იქცეოდნენ - ეს კანონი განაწესებს, რომ აუცილებლად დავიცვათ გაზაფხულის ბუნიობა და ასე ვიდღესასწაულოთ ქრისტეს აღდგომა და არავითარ შემთხვევაში იუდეველებთან ერთად. სასულიერო პირი, რომელიც დაარღვევს ამ კანონს, ექვემდებარება სასულიერო ხარისხისაგან განკვეთას.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება