მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ყრმათა საკითხავი - დედის ლოცვა

ყრმათა საკითხავი - დედის ლოცვა


15-01-2018, 00:03

ყრმათა საკითხავი - დედის ლოცვა

 

   ბევრი რამ არის ქვეყანაზე აუხსნელი. სასწაულები ჩვენს ურწმუნო დროშიც ბევრი ხდება, - თქვა ჩვენმა მასპინძელმა, გადამდგარმა მეზღვაურმა, რომელიც სასადილო ოთახში ბოლთას სცემდა. ამ სიტყვების დასადასტურებლად მან მოგვითხრო ერთი საოცარი შემთხვევა თავისი ცხოვრებიდან.

   მე მიჩმანად ვმსახურობდი. მოგზაურობა, ამჯერად, რთული და ხიფათიანი გამოდგა. ოკეანე პირქუშად ხმაურობდა, ჩვენი კაპიტანი კეთილი კაცი იყო, მაგრამ საქმეში მკაცრი და მომთხოვნი. ყველას ძალიან გვეშინოდა მისი. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო. მეზღვაურმა კანდელი აანთო, კაიუტის ფანჯრებს ოკეანის მძლავრი ტალღები მოაწყდა.

   უცებ გვესმის კაპიტნის ჩქარი, მტკიცე ნაბიჯების ხმა. მისი სიარულით დავასკვენით, რომ გაბრაზებული იყო.

   - ბატონებო, - თქვა მან - ვინ მისცა თავს ნება, რომ ჩემს კაიუტაში დაუკითხავად შესულიყო? მიპასუხეთ!

   ჩვენ ხმას არ ვიღებდით გაოცებისაგან, მხოლოდ ერთმანეთს ვუცქერდით გაუგებრად.

   - მაშ, ვინ იყო ახლახანს იქ? - მრისხანედ იკითხა მან, მერ კი ალბათ ჩვენს სახეებზე აბსოლუტური გაოგნება ამოიკითხა, შეტრიალდა და ზემოთ ავიდა. ახლა იქ გაისმა მისი მრისხანე ხმა.

   გონს მოსვლა ვერც მოვასწარით, რომ ჩვენც გვიბრძანეს ზემოთ ავსულიყავით. იქ მთელი შემადგენლობა მოეწყო.

   - ვინ იყო ჩემს კაიუტაში, ვინ გაბედა ეს კადნიერი ხუმრობა? ვინ? - მრისხანედ გაიძახოდა კაპიტანი.

   საერთო გაოგნება და იჩუმე იყო პასუხი მისი სიტყვებისა.

   მაშინ კაპიტანმა მოგვითხრო, რომ როგორც კი თავის კაიუტაში მიწვა, ნახევრად ბინდ-ბუნდში გაიგონა ვიღაცის ხმა. „აიღე გეზი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. სვლის სიჩქარე არ უნდა იყოს 300 მილზე ნაკლები, იჩქარე, სანამ გვიანი არაა!"

   ჩვენ გოცებულნი ვუსმენდით კაპიტნის საუბარს.

   გადაწყდა ამ მიმართულებით წასვლა.

   ადრე დილით, ჩვეულებისამებრ, ყველანი გემბანზე ვიყავით გამოსულნი. მესაჭემ უხმოდ მიუთითა კაპიტანს მცურავ შავ წერტილზე. კაპიტანმა ბოცმანს დაუძახა და რაღაც უთხრა. როცა კაპიტანი ჩვენსკენ შემობრუნდა, სახე ჩვეულებრივზე მეტად გაფითრებოდა. ნახევარი საათის შემდეგ შეუიარაღებელი თვალით დავინახეთ, რომ იყო ტივის მსგავსი რაღაც საგანი, რომელზეც ორი ადამიანი იწვა - მეზღვაური და ბავში. ტალღები ტივს ზედ ევლებოდა, სულ ცოტა და უკვე გვიანი იქნებოდა.

   კაპიტანი მზრუნველ დედასავით ევლებოდა თავს სასწაულებრივად გადარჩენილ ბავშვს. ორი საათის შემდეგ მეზღვაურიც გონს მოვიდა და სიხარულით ატირდა. ბავშვს ღრმად ჩასძინებოდა შეფუთულს და გამთბარს.

   - უფალო, გმადლობ შენ! - აღტაცებით წამოიძახა მეზღვაურმა, - ნამდვილად დედაჩემის ლოცვა ისმინა ღმერთმა.

   ჩვენ ყველანი მის გარშემო მოვგროვდით. იგი მოგვიყვა გემის სევდიან ისტორიას, რომელიც, თურმე, წყალქვეშა კლდეს დაეჯახა და ჩაიძირა. ზოგიერთები ნავებში ჩასხდნენ, დანარჩენები კი დაიღუპნენ. თვითონ სასწაულით გადარჩა. იგი გემის ნამსხვრევს ჩასჭიდებოდა. ბავშვი უცხო იყო. უბედურების ჟამს ისიც მას ჩაბღაუჭებოდა და მასთან ერთად ცურავდა.

   - ნამდვილად, დედაჩემი ლოცულობს ჩემთვის მხურვალედ, - ამბობდა მეზღვაური, მონანიებით იწერდა პირჯვარს და ზეცას შეჰყურებდა, - მისმა ლოცვამ გადამარჩინა, იგი გულმხურვალედ ლოცულობს ჩემზე. აი, მის წერილსაც ვატარებ.

და მან ამოიღო წერილი, უბრალო, სადა ხელით დაწერილი.

   - „გმადლობ, შვილო, ხსოვნისა და ალერსისათვის; მოხუცს რომ არ მივიწყებ, უფალი არ მიგატოვებს. მე დღე და ღამ შენთვის ვლოცულობ. იყავი ჯანმრთელად და ნუ დაივიწყებ შენს მოხუც დედას, რომელიც შენთვის ლოცულობს. ჩემი გული მუდამ შენთანაა, იმით ვგრძნობ ყველა შენს ჭირსა და სიხარულს და ვლოცულობ შენთვის. გაკურთხოს ღმერთმა, გაცხოვნოს და დაგიფაროს ჩემთვის".

   მეზღვაურს ეტყობოდა ძალიან უყვარდა თავისი დედა და მუდამ ახსოვდა იგი.

   ბავშვი კი რომელიც 6 წლისა იყო, კაპიტანს შეუყვარდა და გადაწყვიტა თავისთან დაეტოვებინა.

   საოცარია განგება უფლისა!

   უდიდესი ძალა გააჩნია დედის ლოცვას!

   ძალიან ბევრი რამეა ამქვეყნად ადამიანის სუსტი გონებისათვის იდუმალი, აუხსნელი, გაუგებარი.

 

 

თარგმნა დეკანოზმა ზაქარიამ (მარგალიტაძემ) 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება