მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არაფერი ისე არ უბიძგებს ადამიანს ღვთისგმობისაკენ, როგორც ერეტიკული წიგნების კითხვა

არაფერი ისე არ უბიძგებს ადამიანს ღვთისგმობისაკენ, როგორც ერეტიკული წიგნების კითხვა


13-03-2018, 00:03

არაფერი ისე არ უბიძგებს ადამიანს ღვთისგმობისაკენ, როგორც ერეტიკული წიგნების კითხვა

 

   გონების ჭეშმარიტი გზიდან აცდენა რთული საქმე როდია, ამისთვის ერთი მცდარი აზრიც კი კმარა: „სანთელი გუამისა არს თუალი, ოდეს თვალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს, და უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს" (ლუკ. 11. 34). ჩვენ, საერთოდ, დავივიწყეთ ეს წმიდათაწმიდა ანდერძი; არ ვუფრთხილდებით ჩვენს ნათელს, ანუ გონებას, რათა იგი არ მოიცვას ბნელმა, ვაყრით მას ყოველგვარ სიავეს, საბოლოოდ კი ის ბნელად გადაიქცევა და მოეფინება ჩვენს ქცევას ცხოვრების ბოლომდე.

   რას უნდა მივაწეროთ შენში ღვთისმგმობელი აზრების გაჩენა? - უსათუოდ უშინაარსო, უცხოურ წიგნთა კითხვით გაერთე, ან ყური უგდე უსაფუძვლო, ჭეშმარიტებას მოკლებულ ცრუ რელიგიურ მსჯელობებს, რითაც ესოდენ მდიდარია ჩვენი დრო.

   „არაფერი ისე არ უბიძგებს ადამიანს ღვთისგმობისაკენ, როგორც ერეტიკული წიგნების კითხვა"  - ამბობდა ისააკ ასური. მიატოვე ეს მოუწესრიგებელი კითხვა, რის გამოც გონება აბნეული და უკუღმართი წარმოდგენებით გევსება, კარგავ თვითმყოფადობისა და სიმტკიცის შეგრძნებას, სცილდები ჭეშმარიტ გზას და სკეპტიკური მერყეობით ავადდები. შეუდექი მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემისა და წმიდა მამათა ნაშრომების ძირეულ შესწავლას. შენ მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი ხარ! შენი მოვალეობაა სათანადოდ შეისწავლო იგი. შეხედე, რელიგიის რა მტკიცე ცოდნა აქვთ არამართლმადიდებელ ევროპელებს! - თუმცა, თავიანთი რელიგიის შესწავლა მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. პაპისტმა - რომელმაც იწამა პაპი, ვითარცა ღმერთი, მიაღწია ყველაფერს: ის სრულყოფილი პაპისტია! პროტესტანტი კი ეჭვით უყურებს მთელ სახარებისეულ გადმოცემას. აპროტესტებს ქრისტეს სწავლებას, თუმცა, ინარჩუნებს ქრისტიანის სახელს და ამით საწადელს აღწევს. ის სრულყოფილი პროტესტანტია!

   წერენ უამრავ წიგნებს, შემდეგ მათი მონაჩმახით დატვირთული ტრანსპორტი მორწმუნეთა სულების დასამახინჯებლად ყველა მიმართულებით იგზავნება. ნუ წაიკითხავ მათ ნაწერებს, რადგან არ იციან, რას წერენ. სამწუხაროდ, დღეს გაბატონებული მოდის გამო, შენ ნაკლებად იცნობ ქრისტიანულ რელიგიას, ამიტომ ადვილად შეიძლება თავს მოგახვიონ მცდარი აზრი და წარიწყმიდო სული.

 

 

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი 

თარგმნა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება