მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ისტორია

ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ისტორია


24-10-2017, 00:03

ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ისტორია

 

   ასწლოვანი ჭადრის ჩრდილში დგას ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია და ეკლესიის სამრეკლო.

   ქლიავისფერად დაბინდული მთები გარე შემოწყობიან სოფელს და სოფლის შუაგულში აღმართულ ეკლესიას.

   1873 წელს დიმიტრი ბაქრაძემ ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის სამრეკლოს დასავლეთ ფასადზე მიაგნო 1422 წლით დათარიღებულ ასომთავრულ წარწერას, რომელიც გვაუწყებს, რომ სოფელ ლიხაურს ძველად რეხუელი ჰრქმევია. სოფელი საკმაოდ დიდი ყოფილა. გასული საუკუნის მიწურულს მის შემადგენლობაში შედიოდა სოფლები: ლიხაური, ჭანეთი, ქაქუთი, აჭი, ნაცხავათევი, კვაჭალათი, ნიაბაური.

   „ლიხაური, - გადმოგვცემს ცნობილი ეთნოგრაფი თედო სახოკია, - ისტორიული ადგილია. აქ საყურადღებოა მისი პატარა, მაგრამ ძველისძველი ეკლესია, მაღლობზე წარმოდგმული, სოფლის შუაგულ ადგილას. ეკლესიის ქვემოთ, ჯვართან განივრად გადაშლილი მუხა დგას... ამ მუხის ძირას ქვის ჯვარია მიყუდებული და ალბათ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს ჯვარი".

   „ლიხაურის ეკლესია ოდნავ შემაღლებულ ადგილას დგას იმავე სახელწოდების სოფლის შუაგულში, - წერს დიმიტრი ბაქრაძე, - ლიხაური ოზურგეთიდან შვიდი ვერსითაა დაშორებული... ეკლესიის ეზო საკმაოდ ვიწროა, მას მხოლოდ ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვისაგან ნაგები ოთხკუთხოვანი სამრეკლო".

   ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის აგების თარიღი მისსავე საგანძურში დაცული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასომთავრულ წარწერებშია გაცხადებული. ეკლესია ექვსნახევარი საუკუნის წინ აუგია გურიის ერისთავთ-ერისთავთა შორის უპირველესს - კახაბერ გურიელს.

   კახაბერ გურიელი მოღვაწე და აღმშენებელი ყოფილა გურიის მხარისა. სოფელ შემოქმედის ეკლესიის მაცხოვრის ხატის გარსამოსზე 1352 წლით დათარიღებული ასეთი ჭდეული ასომთავრული წარწერაა:

   „ქ. ხატო ღვთაებისაო, მეოხ და მფარველ ექმენ ერისთავთ-ერისთავსა და სვანთა ერისთავს გურიელსა კახაბერს".

   კახაბერ გურიელს დიდ გამზიდაობაზე მიუთითებს ოზურგეთის მახლობლად მდებარე ექადიის წმიდა გიორგის ეკლესიის წარწერები. ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან ერთად, გურიისა და სვანეთის ერისთავთ-ერისთავი კახაბერ ვარდანის ძე, - გურიის მხარის მფლობელობის გამო გურიელად წოდებული, ექადიის წმიდა გიორგის ეკლესიის აღმშენებელიც ყოფილა.

   ლიხაურის ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან სამი სარკმელი აქვს დატანებული. სარკმლები გარეთა მხრიდან ფაქიზი და დახვეწილი ორნამენტებითაა შემკული. სამწუხაროა, რომ არაფერი ვიცით ტაძრის ჩუქურთმებით შემამკობელი ოსტატების შესახებ.

   ეკლესიის მახლობლად, იმავე ეზოში, ეკლესიის სამრეკლოა აღმართული, რომელიც 1422 წელს ააგეს ერისთავთ-ერისთავმა გიორგი გურიელმა და დედოფალმა ელენემ.

   მსგავსად კახაბერ (ვარდანის ძე) გურიელისა, გიორგი და ელენე გურიელები ამაგდარნი ყოფილან გურიისა. მათ ლიხაურის, ჯუმათის, ბაილეთისა და შემოქმედის ეკლესიებისათვის ძვირფასი ქვებითა და ოქროთი მოჭედილი ხატები შეუწირავთ.

   აურაცხელი საფასე, თვალ-მარგალიტი, ძვირფასი ქვები და ხატები ინახებოდა ლიხაურის ეკლესიაში. აქვე ელაგა სიგელ-გუჯრები და სხვა საყურადღებო ფოლიანტები.

   „ლიხაურის ეკლესიაში არის დღემდე დაცული ძველისძველი ხატები. უმეტეს მათგანს წარწერები აქვს, რომლებიც ნათელს ჰფენენ ზოგიერთ ბუნდოვან და გამოუკვლეველ საკითხებს ჩვენი ისტორიისას" (თედო სახოკია).

   ტაძარში დაცული იყო ძველისძველი ხატი წმიდა იაკობისა. ხატის ოქროს გარსამოსი წარმოადგენდა ნამდვილ სამშვენისს ქართული ოქრომჭედლობისას. ექვსი ხოშორი მარგალიტი ამკობდა ხატის ერთ მხარეს, ხოლო ხატის გარსამოსის მეორე მხარეს ამოტვიფრული იყო ქართული პალეოგრაფიის საუცხოო გამოვლინება - „კიდურ წერტილოვანი" ასომთავრული.

   ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა: „წმ. იაკობის ოქროს ხატის ასომთავრული წარწერა საშუალებას გვაძლევს ხატი თამარ მეფის დროს მივაკუთვნოთ".

   ლიხაურის ეკლესიაში დაცული იყო ოქროში ნაჭედი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. ასევე ცხრა საუკუნის წინათ შექმნილი წმიდა ოთხთავი, რომლის შესახებ თედო სახოკია წერდა: „ლიხაურის ეკლესიაში შენახულია ტყავზე დაწერილი ოთხთავი ასომთავრული ხუცურით. აქაურს მღვდელს კონტრიძეს დაუკაზმინებია ეს განძი ჩვენის საეკლესიო მწერლობისა და საკმაოდ სისუფთავითაც შეუნახავს".

   მღვდელი ნესტორი (კონტრიძე) ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი იყო. ის საუკეთესო მგალობელი ყოფილა. გაზეთ „შინაურ საქმენში" მის შესახებ ვკითხულობთ: „...ეკლესია სავსე იყო ხალხით და ტკბებოდა მღვდელ ნესტორ კონტრიძისა და მელქისედეკ ნაკაშიძის გუნდთა გალობით... ნესტორ კონტრიძე იშვიათი მოსაუბრეა და ზედმიწევნით მცოდნეა სამშობლო ენისა. ამასთან დიდი მოსიყვარულე ყოფილა გურული გალობისა".

   1916 წლის 13 თებერვალს გატეხეს მამა ნესტორის ბინა. წაიღეს ეკლესიის გასაღები და ტაძარი გაძარცვეს.

   მამა ნესტორი მოწამეობრივად აღესრულა კომუნისტური რეჟიმის დროს. მხცოვანი მღვდელი კომკავშირელებმა უმოწყალოდ სცემეს და სასიკვდილოდ დაჭრილი მიატოვეს. კეთილმა ადამიანებმა სისხლისაგან დაცლილი მოძღვარი ეკლესიის ეზოში მდებარე თავის სენაკში აიყვანეს. იქ განეშორა მისი სული სხეულს და მარადიულობას შეუერთდა.

   იგი ლიხაურის ეკლესიის უკანასკნელი მოძღვარი იყო.

   ექვსნახევარი საუკუნე გავიდა დღიდან ლიხაურის ეკლესიის აგებისა.

   ხუთნახევარმა საუკუნემ გადაუქროლა ეკლესიის სამრეკლოს.

   დღეს, ღვთის წყალობით, ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიაში კვლავ აღევლინება წირვა-ლოცვა. კვლავ გაისმის ლოცვის დაწყების მაუწყებელი ზარების ხმა.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება