მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 4 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა მოციქულთასწორისა ამბერკისა - იერაპოლის ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (+დაახლ. 167)

4 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა მოციქულთასწორისა ამბერკისა - იერაპოლის ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (+დაახლ. 167)


3-11-2021, 15:51

 

   წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების საცხოვნებელ გზაზე მოსაქცევად. ერთხელ წმიდანის წინაშე ანგელოზი წარდგა და უბრძანა, წარმართთა საკრებულოში მდგარი კერპები შეემუსრა. საღვთო შურით აღძრული ეპისკოპოსი ღამით შევიდა აპოლონის ტაძარში და ზეციური კურთხევა შეასრულა. როცა ინათა, კერპთმსახურებმა შეიტყვეს მომხდარი და წმიდა ამბერკის შესაპყრობად მეომართა რაზმი შეკრიბეს. კეთილისმყოფელებმა ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს წმიდა ამბერკი და ურჩიეს, სადმე დამალულიყო, მაგრამ იგი, ქრისტესთვის მარტვილობის სურვილით ანთებული, ქალაქის მოედანზე გავიდა და საჯაროდ ამხილა წარმართთა ცრუსარწმუნოება. უსჯულოები კიდევ უფრო გააფთრდნენ და კბილების ღრჭიალით გაიწიეს მისკენ, მაგრამ ამ დროს ბრბოში მდგარმა სამმა ეშმაკეულმა ჭაბუკმა უეცრად საზარელი ღრიალი მორთო. ხალხი დაფრთხა. წმიდა მღვდელმთავარმა კი ლოცვის ძალით ბოროტი სულები განდევნა ყმაწვილებისგან. ეს სასწაული რომ იხილეს, შემოკრებილი უღმერთოები გონს მოეგნენ, ერთობით ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა ამბერკის და სთხოვეს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განესწავლა ისინი. მხოლოდ რამდენიმე ღვთისმებრძოლი განერიდა უჩუმრად იქაურობას. უფლის რჩეული გვიან საღამომდე ქადაგებდა, შემდეგ კი დალოცა ხალხი და უბრძანა, წმიდა ნათლისღებისთვის მომზადებულიყვნენ.

   ამ დღიდან მოყოლებული, ეპისკოპოსი ამბერკი დაუბრკოლებლად აღასრულებდა მწყემსმთავრის უმძიმეს მოვალეობას, მას შემდეგ კი, რაც მომძლავრებული ეპიდემიის აღმოსაფხვრელად წმიდანის ლოცვით მიწიდან თბილმა და მაკურნებელმა წყაროებმა ამოხეთქა, მთელი იერაპოლი ქრისტეს სამწყსოს შეუერთდა. რამდენიმე ხანში საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს რომში მოუწოდეს, სადაც მან, ექიმების ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (161-180) სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული ასული განკურნა. ამის შემდეგ მადლიერმა თვითმპყრობელმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და წმიდა ამბერკის თხოვნით თითოეული გლახაკი იერაპოლელისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინიდან ხორბალი გამოყო.

   გარდა იერაპოლისა, წმიდა მღვდელმთავარი ამბერკი ქადაგებდა სირიაში, კილიკიაში, მესოპოტამიაში. სადაც ურიცხვი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. დაუცხრომელი ღვაწლისთვის ნეტარს მოციქულთასწორი უწოდეს. წმიდა მამა მრავალი წლის მანძილზე იცავდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან, განამტკიცებდა მაცხოვრის მსასოებელთა სარწმუნოებას, გზაშეცდომილებს წრფელ გზაზე აყენებდა, სნეულებს კურნავდა. ბოლოს კი, დაახლოებით 167 წელს, სამოცდათორმეტი წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.

 

Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება