მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > „პოსტმოდერნისტული“ კულტურა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„პოსტმოდერნისტული“ კულტურა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


5-01-2021, 19:50

 

„პოსტმოდერნისტული“ კულტურა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

 

   მართლმადიდებლურ სივრცეში ხშირად საუბრობენ ლიბერალური ჰუმანიზმისა და მებრძოლი ანტიქრისტიანული სეკულარიზმის შემოტევებზე, რომ ეს იდეოლოგიები, ვით ახალი ნორმა თავს ესხმიან ქრისტიანულ ტრადიციასა და კულტურას. ცხადია, ეს ყველაფერი სრული სიმართლეა. მაგრამ თანამედროვე ქრისტიანები ძალიან ზედაპირულად განიხილავენ მათგან მოყენებულ სულიერ ზიანს, იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რომლებიც ეტაპობრივად არყევენ ქრისტიანულ საფუძვლებს. ამდენად, საჭიროა საფუძვლიანი ანალიზი იმისა, თუ როგორი ანთროპოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს თანამედროვე ადამიანში ზემოთხსენებულ მსოფლმხედველობათა მიერ დანერგილი ტექნოლოგიების მეშვეობით. ამის გააზრება გადამწყვეტი, ლამის საბედისწერო მნიშვნელობისაა, რათა ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ და თავი დავაღწიოთ ქრისტიანული ზნეობის, ტრადიციის მოქიშპეთ.

   როდესაც საუბარია თანამედროვე კულტურასა და ხელოვნებაზე, დაკვირვებული ადამიანი ხვდება, რომ საუბარია არა შემოქმედებით განვითარებასა და კულტურულ ტრადიციაზე, არამედ ქრისტიანული ტრადიციის, სულიერებისა და კულტურის პაროდიაზე, რომელიც ამ უკანასკნელის განადგურებაზეა გათვლილი. მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ ტენდენციებს აპოკალიფსურ ჭრილში, ვით ლაოდიკურ სულისკვეთებას განიხილავს და ამ ეპოქას პოსტმოდერნისტულს (მოდერნიზმის შემდგომი) უწოდებს. იგულისხმება არსობრივად განსხვავებული სულიერი ატმოსფერო, როგორც ტრადიციის, ისე თავად მოდერნიზმის თვალსაზრისით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მრავალი თანამედროვე ქრისტიანის რელიგიური ხედვა „პოსტქრისტიანულია", ე.ი. ჭეშმარიტი ქრისტიანული ორიენტირები სრულიად უგულებელყოფილია და „ახალი ქრისტიანობისა", უფრო სწორად, ანტიქრისტიანული რელიგიისა და კულტურის ჩამოყალიბებისკენაა მიმართული. ეს, კულტურის გარდა, საღვთისმეტყველო სფეროსაც ეხება. თავდაპირველად კულტურის სფეროს პოსტმოდერნიზმზე ვისაუბროთ.

   პოსტომოდერნიზმი თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემური კრებულია, რომლის მიზანი ყოველი ტრადიციული იდეისა და მსოფლმხედველობის გაბათილება, მისთვის შინაარსის ამოცლაა. შედეგად, ადამიანისთვის ყველაფერი სულერთი ხდება. ამიტომაა პოსტმოდერნისტული ეპოქის გეგმა ჭეშმარიტად ვერაგული - ცდილობს საფუძველშივე გაანადგუროს საღი აზრი, იდეა, ორიენტირი ჭეშმარიტებისა. მას სურს ადამიანი აცხოვროს სიცარიელეში, საიდანაც გამოსავალი არსაით იქნება.

   ზემოხსენებულ ტექნოლოგიათა გამოყენების ასპექტში წამყვანი როლი მასმედიასა და ზოგადად ტექნოლიგიურ პროგრესს უკავია. მათ შვეს, შეთხზეს ვირტუალური, მოგონილი რეალობა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს კულტურასთან. ის წმინდა წყლის ანტიკულტურაა, მაგრამ... მასმედიის მიერ საზოგადოებაზე თავსმოხვეული შოუებისა თუ სხვა გასართობი გადაცემების მეშვეობით, ადამიანი მეორე რეალობის ანუ ვირტუალური სამყაროს ზემოქმედების ქვეშ ექცევა. აქ კი ძნელი გასარკვევი ხდება, ზნეობა უზნეობისაგან, ჭეშმარიტება სიცრუისაგან.

   დღეს დიდი დაკვირვებაც კი არ არის საჭირო, რომ დაინახო თანამედროვე „კულტურის" ამორალური შინაარსი. თანამედროვე შოუებში აშკარად ჭარბობს ზნეობრივ ნორმათა გაშარჟების, აშკარა ბილწსიტყვაობის დანერგვის ტენდენციები. პროცესმა შეუქცევადი ფორმა მიიღო. ამ გადაცემების მიზანი არა მარტო ქრისტიანული ნორმებისა და კულტურის გადაფასება, არამედ საერთოდ ამორალური ადამიანის, „პოსტადამიანის" ფენომენის დამკვიდრებაა.

   თანმიმდევრულად მიმდინარეობს ქრისტიანული მცნებების, მორალის, ტრადიციისა და სიწმინდის ჩანაცვლება სექსუალური თავაშვებულობით, ვით „კულტურული" ცხოვრებით. მასმედიის მეშვეობით იქმნება ახალი ადამიანის ტიპი, ფენომენი.

   განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ის ტექნოლოგიები, რომლებიც ქრისტიანობისა და ანტიქრისტიანობის, ზნეობისა და უზნეობის ერთგვარ ნაზავს გვთავაზობენ. ეს გეგმა შემდეგნაირად სრულდება: კონკრეტული პიროვნება, ვთქვათ, შოუმენი, ერთი მხრივ, წარმოჩენილია ქრისტიანად, კარგი ოჯახის შვილად, დადებით პიროვნებად, რომელიც დიდი სიმპათიით სარგებლობს საზოგადოებაში; მეორე მხრივ, იგივე პიროვნება ტელეეკრანზე აშკარად ამორალურად გამოიყურება - არ თაკილობს პირდაპირ ეთერში ბილწსიტყვაობას, უხამს ხუმრობასა და მისთ. როგორც ჩანს, თანამედროვე „კულტურის" ტექნოლოგიებისთვის ერთი (დადებითი) მეორეს (უარყოფითი) გარეშე უინტერესოა, არ მუშაობს, რომ იტყვიან მავანის გეგმით ქრისტიანობა (ზნეობა) და ანტიქრისტიანობა (უზნეობა) უნისონში უნდა იყოს ერთმანეთთან. ადამიანი, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს ტრადიციას, იმავდროულად თურმე ქველმოქმედია, ჰუმანურია, მოყვასის მოყვარულია, ანუ: სწორედ ამორალური პიროვნება უნდა მოგვევლინოს ქრისტიანული ნორმების დამფასებელ ადამიანად. სწორედ ესაა ჩვენს თვალწინ მიმდინარე „პროექტების" მამოძრავებელი მექანიზმი. შედეგად, საზოგადოებაში ყალიბდება აზრი: თუ ესა და ეს ცნობილი პიროვნება, კარგი ოჯახის შვილი, კარგი ქრისტიანი შეიძლება პირდაპირ ეთერში ბილწსიტყვაობდეს და ა.შ., მაშასადამე, მსგავსი რამ მისაღებია, ნორმაა, ცუდი არაა. მაყურებელი ქვეცნობიერად ფიქრობს: მე რა, მასზე უკეთესი ვარ? თუ მისთვის შეიძლება ესე იგი ნებადართულია და მისთ. ერთი სიტყვით, მასმედიამ თავისი როლი პირნათლად შეასრულა. მიზანი მიღწეულია - არანორმალურობა ნორმად ცხადდება. პოსტმოდერნისტული კულტურის მიერ ჩამოყალიბებული თანამედროვე ადამიანისთვის ძნელად მისაღებია მართლმორწმუნე ქრისტიანის ტრადიცია, კულტურა. მართლმადიდებლობა თავისი ჭეშმარიტი ფასეულობებით თანაარსებობს. თანამედროვე სამყაროს აღარ შეუძლია ჭეშმარიტი კულტურის გაზიარება, მას მარტოოდენ თვალყურის დევნა ძალუძს. ამიტომ საჭიროებენ სიმართლისა და სიცრუის ნაზავს ზემოხსენებული იდეები: პოსტმოდერნიზმი, ლიბერალიზმი, სეკულარიზმი. ამ გზით შეინარჩუნებენ ისინი სიცოცხლისუნარიანობას, რომ ჩაანაცვლონ ქრისტიანული რწმენა და მათ მიერ შემოთავაზებულმა „კულტურამ" შეაღწიოს, ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე ადამიანში.

   მართლმორწმუნე ქრისტიანებს, ფილადელფიელებს, გვმართებს დავინახოთ ეს ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ. ვკითხოთ საკუთარ თავს: რა ფაქტორები ანიჭებს ერთგვარ „სიდიადეს" ფსევდო კულტურას? - ის, რომ ჭეშმარიტება გაიგივებულია სიცრუესთან. ქრისტიანობა ჩართეს ამ ბრძოლაში, მაგრამ ის არაამსოფლიური უნდა დარჩეს. მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანობას შეუძლია სამყაროსა და პიროვნების შეცვლა უკეთესობისკენ.

   თუ ქრისტიანობა დაექვემდებარა პოსტმოდერნისტული კულტურის ცვლილებებს, მაშინ ის დაკარგავს მარილს. „ახალ ქრისტიანობასა" და კულტურას არ ძალუძს სამყაროსა და პიროვნების გაკეთილშობილება - ის თავად იცვლება მავანთა კარნახით.



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 



უკან დაბრუნება