მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძიოთ შეღავათები - წმინდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი 2)
ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძიოთ შეღავათები - წმინდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი 2)8-12-2019, 00:03 |
როგორ გავბედავთ ქრისტეს კანონში რაიმეს გამრუდებას, როცა ამის გამო ჩვენც დავიღუპებით და თქვენც! ამ მოძღვრების მაცხოვნებლობა ჩვენს მოსაზრებებსა და დათანხმებაზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ კიდევ აზრი ექნებოდა რომ მავანს და მავანს უძლურების გამო ამ საუკუნის მიდრეკილებისდა მიხედვით ქრისტიანობის გარდაქმნა და მისი ბოროტი გულისთქმებისათვის მისადაგება მოენდომებინა. ქრისტიანული განმგებლობის მაცხოვნებელი ძალა კი ჩვენზე არაა დამოკიდებული, იგი ღვთის ნებისაგან გამომდინარეობს. გამომდინარეობს იქიდან, რომ თავად ღმერთმა დაგვისახა სწორედ ეს გზა ცხონებისა და ამასთანავე იმგვარად რომ სხვა გზა არც არსებობს და არც იარსებებს - თუკი ასეა, სხვაგვარად სწავლება სწორი გზიდან გადახვევას უნდა ნიშნავდეს და თქვენსა და ჩემს დაღუპვასაც. ამაში კი რა აზრია? ნახეთ როგორი მკაცრი სასჯელი დაადგინა, როცა ისრაელის ერთი ამგვარი რამ მოხდა, მათი ტყვეობის ჟამს ზოგ წინასწარმეტყველს ნათრევ-ნატანჯი ხალხი ებრალებოდა და ღვთის სიტყვას უცილობლად კი არ აუწყებდნენ, არამედ თავისი გულისკარნახის მიხედვით. აი, რა უბრძანა უფალმა იეზეკიელს: „და შენ, ძეო კაცისაო, განამტკიცე პირი შენი ასულთა ზედა ერისა შენისათა, რომელნი წინასწარმეტყველებენ გულით გამო მათით და წინასწარმეტყველებად მათ ზედა... ვაი, რომელნი შეაკერვენ სასთაულებსა ყოველსა ზედა თავსა ყოვლისა ჰასაკისასა გარდასაქცეველად სულთა". - ეს ნიშნავს, ვაი მათ, ვინც ყოველგვარ შეღავათებს ეძიებს და შერბილებულ წესებს გვთავაზობს, რათა არც მაღლიდან და არც დაბლიდან არანაირმა უსიამოვნებამ არ შეგვაწუხოს. იმას კი აღარ ჩივიან, გვაცხოვნებს ეს თუ წარგვწყმედს, ღვთისათვის სათნო იქნება თუ საძაგელი. ვაი მათ, რამეთუ „ამათ იტყვის ადონაი უფალი: აჰა მე თავისსაცოებსა თქვენსა ზედა" - ე.ი. მაცდურ და შემამსუბუქებელ სწავლებათა ზედა, - რომელთა ზედა თქვენ მიმოიქცევით მუნ სულთა დასარღუეველად, და განვხეთქნი... და განვავლინნე სულნი, რომელთა თქუენ გარდააქცევთ სულთა მათთა განბნეულებად". თქვენ კი გამხრწნელთ, წარგწყმედთ (იეზეკ. 13,18-21). აი სარგებელი იმ შეღავათებისა და შემსუბუქებისა, მქადაგებელთა პირიდან რომ გსურთ გაიგონოთ! გულისხმა რომ ჰყოთ, იმას კი არ უნდა ნატრობდეთ, რომ თქვენს საამებლად რაიმე დათმობაზე წავიდეთ, არამედ პირიქით, დაჟინებით უნდა გვთხოვდეთ ქრისტეს სწავლებაზე რაც შეიძლება მკაცრად და შეურყეველად დადგომას. მოგიყვებით ერთ შემთხვევას რომლის თითქმის მოწმეც ვიყავი აღმოსავლეთში. ერთმა ქრისტიანმა სცოდა. მივიდა, სულიერ მამასთან, შეინანა და ეუბნება: მოიქეცი კანონისამებრ, - მე შენ ჭრილობას გიჩვენებ, მიმკურნალე, არ დამზოგო, და როგორც საჭიროა, ისე ჰქმენ. - მოძღვარს გული მოულბო მისმა გულახდილობამ და ჭრილობაზე იმდენი მალამო აღარ დაადო, რამდენიც ეკლესიაშია დაწესებული. - გარდაიცვალა ეს ქრისტიანი, გავიდა რამდენიმე ხანი. ეცხადება თავის მოძღვარს სიზმარში და ეუბნება: მე ჭრილობა გიჩვენე და წამალი გთხოვე. - შენ კი საკმაო მალამო არ მცხე. - და ახლა ამის გამო არ მამართლებენ. გამოეღვიძა მოძღვარს. მჭმუნვარებამ მოიცვა მისი სული. არც კი იცოდა, რა ექნა? მიცვალებული კი ისევ ეცხადება, მეორედ, მესამედ, და ყოველდღე, დღეგამოშვებით, კვირაგამოშვებით. - იგივე სიტყვებს უმეორებს: მე წამალი გთხოვე, შენ კი არ მომეცი. და ახლა ცუდად ვარ. - შეაშთო მოძღვარი მწუხარებამ და შიშმა. - წავიდა ათონზე, იქაურთა რჩევით მძიმე ეპიტიმია დაიდო და რამდენიმე წელი მარხვაში, ლოცვასა და მოღვაწეობაში გაატარა, სანამ არ მიიღო უწყება, რომ მასაც ეპატია და იმ ქრისტიანსაც, რომელსაც ცრუ შემწყნარებლობის გამო არ უმკურნალა. აი, სადამდე მივყავართ შემსუბუქებებსა და შეღავათებს! - და ვინ მოგცა მათი გამოწერის უფლება? - ამას ჩვენგან ნუ მოელით! გსმენიათ რომის პაპის ინდულგენციების შესახებ? აი ესაია - შემსუბუქება და შეღავათები, რომლებსაც პაპი ქრისტეს კანონის წინააღმდეგ იძლევა. მაგრამ რა? ამან შეურყვნა მთელს დასავლეთს რწმენა და ცხოვრება... და ახლა ურწმუნოებაში იღუპება ამსოფლიურ თავისუფლებაში ჩაფლული თავისი ინდულგენციებითურთ. პაპმა ბევრი დოგმატი შეცვალა, ყველა საიდუმლოება შერყვნა, ეკლესიის მმართველობის წესები და ზნეობრივი კანონები შეარბილა და ყველაფერი ღვთის ნებით კი არ წარმართა, - არამედ უარესად და უარესად. შემდეგ გამოჩნდა ლუთერი - გონიერი მაგრამ თავისნება კაცი. ამბობს - პაპს რაც მოუნდება, ყველაფერს ცვლის, მე რატომღა არ შევცვალო? და დაიწყო ყველაფრის თავის ჭკუაზე მოწყობა და გადაწყობა. და ამგვარად შექმნა ახალი ლუთერანული სარწმუნოება, სრულიად განსხვავებული უფლის მიერ დადგენილი და წმიდა მოციქულთა მიერ გადმოცემული სარწმუნოებისაგან. ლუთერის შემდეგ გამოჩნდნენ ფილოსოფოსები. ამბობენ: ლუთერმა ახალი რელიგია გამოიგონა. მართალია თითქმის სახარებისეულია, მაგრამ თავის ჭკუაზე გაწყობილი. - ჩვენ რატომღა არ შევადგინოთ სახარებისაგან განსხვავებული სწავლება ჩვენი საკუთარი გონებით? და ყველამ თავისებურად დაიწყო ფილოსოფოსობა და მკითხაობა - ღმერთზე, სამყაროზე, ადამიანზე, და იმდენი მოძღვრებები ჩამოაყალიბეს, რომ მარტო იმათი ჩამოთვლით გონება აგერევა - და ახლა ასე დადგინდა: როგორც ფიქრობ, ისე ირწმუნე; როგორც გსურს, ისე იცხოვრე; დატკბი, რითაც მოგეგუნებება. - არ ცნობენ არანაირ კანონებსა და შეზღუდვებს, ღვთის სიტყვას არ ემორჩილებიან. - სიფართოვეა: ყველა ზღვარი წაშლილია. მაგრამ, როგორც უფალმა ბრძანა, „ფართო არს გზაი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად". - აი, სადამდე მიგვიყვანა სწავლებისა შემსუბუქებამ! ღმერთო, დაგვიფარე ამგვარი სიფართოვისაგან! სჯობს ყოველგვარ სივიწროვეს ვიყუარებდეთ, ჩვენივე ხსნისათვის რომ გვირჩია უფალმა. - ვიყუარებდეთ ქრისტიანულ დოგმატებს, მათით შევაიწროთ ჩვენი გონება და სხვაგვარ აზროვნებას გადავაჩვიოთ. ვიყუარებდეთ ქრისტიანულ ცხოვრების წესს და ამით შევაიწროთ ჩვენი ნება, ვაიძულოთ სიმდაბლით და მოთმინებით ატაროს ეს ტკბილი უღელი. - ვიყუარებდეთ ყველა დამმოძღვრავ, გამომასწორებელ და გამწმენდელ განწესებებსა და მსახურებებს, ამით შევაიწროთ ჩვენი გული და ვაიძულოთ ჩვენი გულისთქმა მიწიერობისა და ხრწნადობიდან ზეციურამდე და უხრწნელობამდე აიყვანოს. შევიკეტოთ, თითქოსდა გალიაში, ანდა იწრო ბჭესთან მივათრიოთ ჩვენი თავი. დაე, იყოს იწრო, რომ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ გადახრა არ შეიძლებოდეს; - სამაგიეროდ ეს ვიწრო გზა სასუფევლამდე მიგვიყვანს - ღმრთის სასუფევლამდე. უფალმა ეს ვიწრო გზა დაგვიდგინა და გვიბრძანა: ამ გზით იარეთ და სასუფეველში შეხვალთ. - როგორღა შეიძლება დავეჭვდეთ, რომ ამ გზით მიმავალი ბოლომდე მიაღწევს? და ვინ ჭკუათმყოფელი ისურვებს რამენაირ გადახვევას, როცა ამით იმწამსვე გზას აცდები და დაიღუპები? მყარად დადექით ამ აზრზე და ნუ სწუხართ, თუკი ჩვენს სწავლებაში რაიმე მკაცრად მოგეჩვენებათ, და მხოლოდ იმაში დასარწმუნებლადღა იზრუნეთ, ღვთისაგანაა ეს თუ არა. როცა დარწმუნდებით, რომ ღვთისაგანაა, მთელი გულით მიიღეთ, როგორი მკაცრი და შემავიწროებელიც არ უნდა იყოს. სწავლებასა და ცხოვრების წესში შეღავათებსა და შერბილებებს ნუ ეძიებთ, არამედ განერიდეთ, როგორც გეენიის ცეცხლს. ეს სატანჯველი არ ასცდება მათ, ვინც ამ შეღავათებს იგონებს, ამით ხიბლავს სულიერად არამტკიცე ადამიანებს და თავისთან ერთად ღუპავს, ამინ!
წმინდა თეოფანე დაყუდებული წიგნიდან: „მართლმადიდებლობა და თანამედროვე მსოფლიო" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |