მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანულ-ეროვნული თვალთახედვა ლიბერალურ-ნაციონალურ თვალთახედვის წინააღმდეგ

ქრისტიანულ-ეროვნული თვალთახედვა ლიბერალურ-ნაციონალურ თვალთახედვის წინააღმდეგ


14-08-2017, 00:03

ქრისტიანულ-ეროვნული თვალთახედვა ლიბერალურ-ნაციონალურ თვალთახედვის წინააღმდეგ

 

„დიდი მამულისშვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა." 

                                                                                  წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) 


   ქრისტიანულ-ეროვნული თვალთახედვა არ გახლავთ ცვალებადი, დროებითი ცნება. იგი არ არის პოლიტიკა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ისტორიული რეალობიდან გამომდინარე და არც გარკვეული საზოგადოებრივი სეგმენტის მიერ არჩეული ან თავზე მოხვეული იდეოლოგიური მიმართულებაა.

   ქრისტიანულ-ეროვნული თვალთახედვა - მარადიულ ღირებულებებზე, მრავალსაუკუნოვან სარწმუნოებრივ, ტრადიციულ, კულტურულ ფესვებზე, მოყვასის სიყვარულზე აღზევებული და დაფუძნებული ჭეშმარიტი ეროვნული სულისკვეთებაა. 

   წმინდა ილია მართალი შემდეგი დიდებული სიტყვებით აღგვიწერს ეროვნულ თვალთახედვას: „ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ" წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ, სხივოსანი სასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესია ყოველსა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი."

   თანამედროვე ეპოქას თამამად შეიძლება ვუწოდოთ მარადიულ ღირებულებებთან და ტრადიციებთან ბრძოლის სასტიკი ეპოქა. ეს ბრძოლა ჩვენთან არ დაწყებულა, მაგრამ მრავალი ქვეყნის მსგავსად, ჩვენს ქვეყანასაც გადმოედო და სამწუხაროდ დიდი ზიანიც მიაყენა. ჩვენი ეპოქის ბრძოლის სირთულე ის არის, რომ თუ ადრე მტერი აშკარა ბრძოლას გვიცხადებდა და მისი ვინაობა გაურკვევლობას არ იწვევდა, დღეს მტერმა ტაქტიკა შეცვალა და მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ერს შინაგანი, ძლიერი იდეოლოგიური დარტყმა მოაყენა. ერთ-ერთი ასეთი ეფექტური ბრძოლის ხერხი ლიბერალიზმის დამკვიდრება გახლავთ.

   ლიბერალურ-ნაციონალური თვალთახედვით მარადიული ღირებულება ფასეულობას არ წარმოადგენს, მათი აზრით, მხოლოდ დასავლური ღირებულებებია ეროვნული სულისკვეთების გასაღვივებლად საკმარისი.

   ქრისტიანულ-ეროვნული თვალთახედვა მკაცრად მარადიულ ღირებულებებზე იყო და არის დამყარებული. ჩვენი წინაპრებისთვის ჭეშმარიტ გზად და ორიენტირად სათნოება და წმინდანთა ცოცხალი მაგალითი ითვლებოდა და ერის სიძლიერის უალტერნატივო გზად მიიჩნეოდა. „სიმაგრე ქვეყნისა, ქვეყნის ძალ-ღონე, ერის შემნახველი და გამდიდებელი ქვიტკირი ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და მარტო სათნოებიანი კაცი ჰქმნის ამ წუთისოფელს ტაძრად, – სადაც ღმერთს ადიდებენ, – საცა ბედნიერება ადამიანისა ჰსადგურობს."- გვასწავლის წმინდა ილია.

   ლიბერალ-ნაციონალები ეროვნული იდეის განმარტებისას თანამედროვე მოდერნისტ-ლიბერალებს ციტირებენ და ახლად ჩამოყალიბებულ ტრადიციებზე გვესაუბრებიან. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მომავალ თაობას დაავიწყონ ჩვენი ისტორია და წმინდანთა მაგალითები.

   ქრისტიანულ-ეროვნული სულისკვეთების ადამიანი კი ერში გაბრწყინებულ წმინდანებს, თავდადებულ გმირებს ციტირებს. ადამიანებს, რომელთაც თავი გასწირეს რწმენისა და მამულისთვის და ცხოვრების წესით გვიჩვენეს მაგალითი ქართველობისა და ქრისტიანობისა. „აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს", - ამბობს წმ. ილია. „ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწრვთნელსა, თავის ღონეს და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ლოცულობს... ამიტომაც საჭიროა იმათი თხოვნა, იმათი დაუვიწყარობა. თუნდ ეგეც არ იყოს, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქედან დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა".

   ლიბერალ-ნაციონალთა თვალთახედვით, ტრადიციებს ნებისმიერი საშუალებით უნდა ებრძოდე, მთავარია საზოგადოების დასანახად გარეგნული ეთიკური ნორმები იყოს შენარჩუნებული.

   ქრისტიანულ-ეროვნული ბრძოლა ნებისმიერი ხერხით დაუშვებელია და სჯულის კანონს ეწინააღმდეგება. ამასთანავე, ჩვენი წინაპრები, მოსახლეობის დაცვის მიზნით, თავდადების გზას ირჩევდნენ, რასაც უფრო დიდი გამარჯვება მოჰყვებოდა ერის გამხნევებისა და სულიერად გაძლიერების კუთხით. „საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად დამკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა".

   ლიბერალ-ნაციონალურ თვალთახედვა ერის მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ხშირად გაისმის: ევროპაში ყველაფერი მოწესრიგებულია, სუფთა ქუჩებია, ლამაზი ფასადებია, ხალხს სახეზე ღიმილი აქვს და ა.შ. რა თქმა უნდა, გარეგნული მოწესრიგების წინააღმდეგი არავინაა და ბევრი რამე ნამდვილად გვაქვს დასავლეთისგან სასწავლი, მაგრამ იგივე საზოგადოება, რატომღაც არ საუბრობს სკოლებში ბავშვების მკვლელობებზე, პედოფილიაზე, ჰომოსექსუალიზმის გამო გამრავლებულ დაავადებებზე. არავის ახსოვს უამრავი ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ახალი წესრიგის შენებით ბედნიერება წაართვეს.

   ქრისტიანულ-ეროვნული თვალთახედვა წარმოუდგენელია სულიერების გარეშე. აქ მატერიალურთან ერთად სულიერება უნდა ვითარდებოდეს, რადგან სულიერების უკუგდებით, ისტორიულად, მატერიალურის დაკარგვა და მრავალი განსაცდელის გადატანა უხდებოდა ქვეყანას. ამ სულისკვეთებას ქართველი მეფენი და მთელი ერი იზიარებდა.

   „ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად, პილიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალი ნაწილის გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. დრო იყო ამისთანა და სხვა არა-რა ელემენტი მაშინ შემძლებელ არ იყო ეს ჩვენის ისტორიის დასაბამიდამ სასურველი ერთობა დაედგინა. სხვათაშორის, ქართველი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც, თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა. ამ სიკეთეს დიდი ხანია მიაგნეს ჩვენთა ბედის-გამგებელთა და არ არის ჩვენში არც ერთი სახელგანთქმული კაცი, ან მეფე, რომ, სხვათაშორის, ამ თვალით არ ეყურებინა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. ამიტომაც, მოაცალებდათ თუ არა პოლიტიკური ტრიალი ბედისა, ყოველი მათგანი სცდილობდა, არაფერს ზოგავდა, ქრისტეს რჯული, შინაგანის ღირსებით განდიდებული და მიმზიდველი, გარეთა ღირსებითაც განედიდებინათ, გაემშვენიერებინათ და მისი მონასტრები და ტაძრები ყველგან მოეფინათ ქრისტეს რჯულის სახსოვრად და სადიდებლად”.

   „გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი."

   „ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი."

   „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე არაა".

   ბოლოს, უნდა გვახსოვდეს წმ. ილიას დიდებული სიტყვები: „კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი".



დავით ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება