მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > მსხვერპლის გაღება (მრავალშვილიანი დედები)

მსხვერპლის გაღება (მრავალშვილიანი დედები)


21-07-2017, 00:05

მსხვერპლის გაღება (მრავალშვილიანი დედები)

 

„როდესაც ადამიანს მსხვერპლიანობის განცდა აქვს, ის არ დრტვრინავს და სიმძიმეს არ განიცდის, არამედ აღუწერელი სიხარულის განცდაშია" 


წმ. პაისი მთაწმინდელი 

 

 


   ქრისტიანისათვის მსხვერპლის გაღების უდიდესი მაგალითი თავად მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტეა. უფლის მიერ გაღებული მსხვერპლი იყო ურთულესი და უმძიმესი. მან აიტანა ტანჯვა, შეურაცხყოფა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის. 

   ამ დღიდან მოყოლებული, თითოეულ ჩვენგანს ევალება, თავადაც გაიღოს მსხვერპლი ღვთისა და მოყვასისათვის და მიართვას ის უფალს შესაწირად, ცოდვათა მისატევებლად. მართალია, ჭეშმარიტი, ყველაზე დიდი მსხვერპლი ღვთისათვის შემუსვრილი, დამდაბლებული გულია, მაგრამ არსებობს მსხვერპლის გაღების სხვადასხვა ფორმა და გამოვლინება, რომელთა შესრულება ყოველ ჩვენგანს ევალება. „მსხვერპლის გაღება არის სულიერი ცხოვრების საფუძველი! ადამიანი მსხვერპლის გაღებისას იმდენად დიდ სიხარულს განიცდის, რომ მას სიტყვებით ვერ გამოთქვამს..." - ამბობს წმინდა პაისი მთაწმინდელი. „სიკეთე, - აღნიშნავს წმინდა პაისი, - არის სიკეთე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩამდენი მსხვერპლად გაიღებს რაიმე პირადულს (ძვირფასს): ძილს, სიმშვიდეს, დასვენებას და ა.შ. ამიტომაც ბრძანა მაცხოვარმა: „რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა" (ლუკ 21.4). თუ მე დასვენებული ვაკეთებ სიკეთეს, ის ძვირად არ ფასობს. ხოლო, თუ მე დაღლილი და დაუძლურებული ვარ და, მაგალითად, გამოვალ და გზას მივუთითებ მთხოვნელს, ეს მეტად ფასობს."

   მსხვერპლის გაღება და თავდადება ჩვენი წინაპრებისათვის ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო. ისინი თავდადებისა და სიმამაცის მაგალითებით სულდგმულობდნენ და თავიანთი ცხოვრების იდეალად სწორედ მათ მიიჩნევდნენ. ამიტომაც გვყავდა უამრავი ქრისტესთვის მოწამე ადამიანი და მამულისათვის თავდადებული გმირი. სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენდნენ ჩვენი ერის იმ ხერხემალს, რომლის საშუალებით ვინარჩუნებდით რწმენასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მსხვერპლის გამღებ ადამიანებს განადიდებდა ქართველი ხალხი და მათი ცხოვრება ოქროს ასოებით შევიდა ჩვენს ისტორიაში. მათ ეძღვნებოდა გამოჩენილ ქართველთა ლექსები და მოთხრობები, მათ უმღეროდა და უგალობდა მთელი ერი. დღევანდელ ცხოვრებაში მსხვერპლის გაღების, თავდადების ნაცვლად კომფორტულ ცხოვრების წესს, გალაღებას, თვითრეკლამას (გაპიარებას) გვიქადაგებენ. მსოფლიო მმართველნი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ადამიანებმა დაივიწყონ ჩვენი წინაპრების, თავდადებულთა მაგალითები. ნაცვლად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ლიბერალიზმს, მოდერნიზმსა და ეგოიზმზე დამყარებულ სულისკვეთებას პროპაგანდირებენ. რასაც, სამწუხაროდ, გარკვეული სავალალო შედეგები უკვე მოჰყვა. სერაფიმე როუზის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ხრწნადი აღწევს თავის უმაღლეს სიხრწნადეს".

   მსხვერპლის გამღები, თავდადებული ადამიანები ხშირად არ ჩანან. მაცხოვრის სიტყვისამებრ: „ნუ დაინახავს მარცხენა შენი, რასაც აკეთებს მარჯვენა." ამ ადამიანთა ღვაწლი, ვაჟკაცობა შერწყმულია თავმდაბლობასთან რაც სათნოა ღვთის წინაშე და დაფასებულია საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლების მხრიდან.

   ჩვენ შესაძლოა მსხვერპლის გაღება ყოველდღიურად გვიხდებოდეს. ჩვენი მსხვერპლი ის იქნება, თუ ღვთივსათნოდ ვიცხოვრებთ, თუ შევეწინააღმდეგებით ჩვენს ვნებებს, ცოდვილ ბუნებას და უფლის მცნებათა დაცვით წარვმართავთ ჩვენს ყოფას; თუ ავიტანთ უსამართლობას, მოვუთმენთ მოყვასს, განსაცდელების დროს ღვთის გმობას არ მივეცემით და ა.შ. ერთი სიტყვით, თუ ვიცხოვრებთ ქრისტიანულად და განვიწმენდთ ცოდვილ გულებს. როგორც ამბობს დავით მეფე: „მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული".

   არ შემიძლია დიდი პატივისცემით არ აღვნიშნო იმ ადამიანთა გმირობა,  რომლებიც განსაკუთრებული ღვაწლით გამოირჩევიან ჩვენს რთულ რეალობაში. ეს ადამიანები  გახლავთ მრავალშვილიანი დედები. მრავალშვილიანი დედა მსხვერპლის გაღების ერთ-ერთი უდიდესი მაგალითია ჩვენს რეალობაში. „პროგრესიული" საზოგადოებისაგან განრიყულნი, ლიბერალ-მოდერნისტებისაგან დამცინავად მოხსენებულნი, მთავრობისაგან უყურადღებოდ მიტოვებულნი, ხშირად სიდუხჭირეში მყოფი მრავალშვილიანი დედების ცხოვრება, ნათელი მაგალითია გმირობისა და თავდადებისა ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება არ აღფრთოვანდე იმ უდიდესი სიყვარულითა და მსხვერპლიანობით, რომელიც მათ გააჩნიათ შვილების მიმართ. აქვე უნდა ითქვას, გაიგებენ რა სხვა მრავალშვილიანი დედების ტვირთის შესახებ, ისინი განსაკუთრებულ მოწყალებას გაიღებენ ხოლმე მათ მიმართ. მათი ყოველდღიური ცხოვრება შვილებისა და ოჯახისათვის თავგანწირვა, საკუთარი სიამოვნების მოკლება, შვილების ტკივილის მთელი გულით გაზიარება და დაუღალავი შრომაა, ეს ყველაფერი, თითქოს, შვილებისაგან განახლებული ენერგიით უბრუნდებათ.

   წმინდა პაისი მთაწმინდელი ამბობს: „უბრალოდ გიყვარდეს - ცოტაა. ადამიანი საკუთარ თავზე მეტად უნდა შეიყვარო. დედას შვილები თავზე მეტად უყვარს. ისინი რომ გამოკვებოს, ხშირად მშიერი რჩება, მაგრამ მის მიერ განცდილი სიხარული აღემატება შვილების სიხარულს. ბავშვები ხორციელად იღებენ საზრდოს, ხოლო დედა - სულიერად. ისინი გემრიელ კერძს შეექცევიან, დედა კი სულიერი სიხარულით ხარობს".

   წმინდა მამა განაგრძობს: „უნდა ითქვას ისიც, რომ დედას უფრო მეტად შეუძლია სიყვარული და მსხვერპლის გაღება, ვიდრე მამას, ვინაიდან მამას არ მისცემია ამდენი ხელსაყრელი შემთხვევა თავდადებისთვის. დედა უფრო მეტ დროს ატარებს შვილებთან, ვიდრე მამა და უფრო მეტადაც იქანცება, გასცემს ყველაფერს და იმავდროულად მათგანვე იღებს მუხტს". 

   დედაკაცის სხეული შესაძლოა მამაკაცისაზე სუსტი იყოს, მაგრამ მას ძლიერი გული აქვს და მისი მეოხებით ისეთ ცხოველმოსილებას იღებს, რომელიც მამაკაცის ძალას აღემატება. მამაკაცი ფლობს ფიზიკურ ძალას, მაგრამ მას არა ქვს ისეთი გული, როგორიც ქალს... დედას არაქათი ეცლება, მაგრამ არც მწუხარებას და არც დაღლას არ განიცდის. ის თავს აიძულებს, იშრომოს, მაგრამ მას უყვარს შვილები და ამიტომ ყველაფერს სიხარულით აკეთებს... დიდი მნიშვნელობა აქვს დედის კეთილმოკრძალებას. თუ ქალი თავმდაბალია, აქვს შიში ღმრთისა, მაშინ მის სახლში ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა... მე ვიცნობ ახალგაზრდა დედებს, რომელთაც სახე უბრწყინავთ, მიუხედავად იმისა, რომ არსაიდან იღებენ შეწევნას. ბავშვებთან ურთიერთობისას მათი დედების სულიერ მდგომარეობას ვხვდები".

     ახლა კი მოვისმინოთ ჩვენი თანამედროვე მამის, არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) სიტყვები: „დღეს კი ჩვენ შორის ამა სოფლისთვის უცნობი რამდენი აღმსარებელი მოწამეა ქრისტესი, რომელნიც ღვაწლად არც კი მიიჩნევენ თავიანთ ღვაწლს. ესენი ის ქრისტიანი ქალები არიან, რომლებმაც უარი თქვეს შვილის მკვლელობაზე და მძიმე გამოცდას გაუძლეს ყველაზე ახლობელი ადამიანებისაგან. მათ სატანჯველად გაწირეს თავი, რათა შვილისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა..."

   მამა რაფაელი დედების გასამხნევებლად შემდეგ სიტყვებს ამბობს: „ამგვარი ღვაწლისთვის ჯილდო ამქვეყნად სულიერი სიხარულია, დამშვიდებული სინდისია, ხოლო იმქვეყნად - ღვთის უდიდესი წყალობა. იქნებ ეს ქვეყანაც იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ შორის საიდუმლოდ არიან ღვთისათვის სათნო ადამიანები. ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ".

   მრავალშვილიანი დედა ქვეყნის საყრდენია, რომელზეც დაფუძნდება ჩვენი მომავალი.

   მრავალშვილიანი დედა ის მაგალითია, რომელიც მისაბაძი იქნება მომავალი თაობისთვის.

   მრავალშვილიანი დედის სიყვარულით აღსავსე თვალები მეუღლის იმედი და გაჭირვების ჟამს გამამხნევებელია.

   მრავალშვილიანი დედა ფემინისტების მამხილებელია.

   მრავალშვილიანი დედა გლობალიზაციის მოწინააღმდეგეა.

   მრავალშვილიანი დედა ქვეყნის მშვენება და ღირსებაა.

   მრავალშვილიანი დედა კეთილგონიერი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია, ერის სიმდიდრე და სიმრავლეა.

   მრავალშვილიანი დედის ლოცვა ღვთის იმედით აღსავსეა და მისდამი სრულად მინდობილია.

   მრავალშვილიანი დედა აბორტის ჩამდენის მამხილებელია.

   მრავალშვილიანი დედა ზნეობისა და სიმართლის მასწავლებელია, რომელიც შვილებს ერთმანეთზე ზრუნვასა და თანაბრად გაყოფას ასწავლის.

   მრავალშვილიანი დედა ღვთისაგან კურთხეულია და ცხონების იმედით გამსჭვალული, რამეთუ პავლე მოციქული ბრძანებს: „ქალი შვილთა სხმით ცხონდება".


დავით ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება