მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, საცდურები, ჰუმანიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ჰუმანიზმის ცრუ გამოვლენა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ჰუმანიზმის ცრუ გამოვლენა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


22-08-2017, 00:02

 

   ჩვენ გვეუბნებიან, რომ აბორტის ლეგალიზაცია აუცილებელია უკვე ცამეტი წლის ასაკიდან, ანუ ბავშვობიდანვე, ორსულობის რომელ სტადიაშიც არ უნდა იყოს ნაყოფი, ვინაიდან ფარული აბორტები, რომელთაც მაინც მიმართავს ხალხი, არასტერილურ პირობებში, არაპროფესიულად კეთდება, და ამიტომ საფრთხე ექმნება ქალის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

   ჯერ ერთი, ჩვენ მცირე შეპასუხებით დავიწყებთ: აბორტის ლეგალიზაციის გარდა, ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად სხვა საზრუნავს რატომ ვერ ვხედავთ? რატომ ვლინდება ეს ზრუნვა არა დედობის დაცვაში, არამედ მის მოსპობაში? ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროს ნამდვილად რომ აღელვებდეს ქალის ჯანმრთელობის საკითხი, ის მას უფასო მშობიარობას შესთავაზებდა, და არა ნაყოფის განადგურებას (რასაკვირველია, როცა ვლაპარაკობთ უფასო მშობიარობაზე, აქ ჩვენ ამ სიტყვის არა დეკლარაციულ, არამედ რეალურ მნიშვნელობას ვგულისხმობთ).

   მეორე, უსაფრთხო აბორტი საერთოდ არ არსებობს - ეს სიცრუეა. ამ სფეროში ქირურგიული ჩარევა მძიმე შედეგებს ტოვებს სიმსივნური დაავადებებისადმი მიდრეკილების სახით, ხოლო არცთუ იშვიათად, სტერილური პირობების მიუხედავად, ტრაგიკულად მთავრდება, გარდაუვალ ფსიქიკურ ტრავმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

   ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქალი, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს აბორტის გაკეთება, ამას მაინც არ დაიშლის. ე.ი. ჩვენ კი არ უნდა ვებრძოლოთ დანაშაულს, არამედ ხელი შევუწყოთ მას და კანონისა და საზოგადოებრივი აზრის საშუალებით კეთილსასურველი ატმოსფერო შევქმნათ შვილთა მკვლელობისათვის. თუ ასეა, მაშინ რატომ არ უნდა დავეხმაროთ ნარკომანებს და ნარკოტიკების გაყიდვის ლეგალური პუნქტები არ გავხსნათ, ან საერთოდ, უფასოდ არ დავარიგოთ ისინი? უფრო მეტი არგუმენტის მოყვანა შეგვიძლია: აკრძალვის მიუხედავად, ნარკომანები მაინც იკეთებენ წამალს თავიანთი ვნების დასაკმაყოფილებლად, რომელიც უკვე მავნე ჩვევად და სნეულებად გადაექცათ. ისინი დანაშაულს სჩადიან: ფულს ჰპარავენ მშობლებს, საკუთარ შვილებს საარსებო საშუალებებს ართმევენ და ნარკობიზნესს ამდიდრებენ. არ ჯობია, ქალაქებსა და სოფლებში კონსულტაციები გავხსნათ, სადაც ექიმი სტერილურ პირობებში შეუშხაპუნებს პაციენტს ნარკოტიკულ ნივთიერებას, რათა ნარკომანი შიდსით არ დაავადდეს და მის გადამტანი არ გახდეს? ნარკოტიკული ნივთიერებები სკოლის მოწაფეებსაც უნდა დაურიგდეთ, რათა ბავშვმა ამისთვის ფული არ მოიპაროს, და ვასწავლოთ - თავისი წონის შესაბამისად - რამდენი ნარკოტიკული ნივთიერების მიღება შეიძლება მისთვის. ისინი ხომ პრაქტიკულად სადღაც ქუჩაში ისწავლიან ამას ჭარბი დოზისგან შეიძლება „გაიპარონ" კიდეც. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, ვიზრუნოთ მათზე და პროფესიულად და სტერილურად შევუშხაპუნოთ ვენებში შხამის ოპტიმალური რაოდენობა. ერთი სიტყვით, დედამიწაზე „კულტურული ჯოჯოხეთი" მოვაწყოთ!

   რატომ არის, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელება და პროპაგანდა დანაშაულად ითვლება, ხოლო აბორტის ლეგალიზაცია და პროპაგანდა - ქალისადმი ჰუმანურობად, ერთიც და მეორეც ხომ ერის გადაგვარებასა და განადგურებას იწვევს?

   ჩვენს ქალაქში დანას ატრიალებენ ხშირად, ხდება მკვლელობები. დანების სტერილიზაციის პუნქტები ხომ არ გაგვეხსნა, ჭრილობები რომ არ დაინფიცირდეს? დანაშაულს ხომ მაინც ჩაიდენენ და რატომ არ გააკეთონ ეს უფრო ჰუმანურად?

   ჩვენ გვეუბნებიან: „აბორტი ყოველთვის იყო და იქნება", მაგრამ აბორტის დაკანონება ხრწნის ზნეობრივად საზოგადოებას. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი ზრუნავს მკვლელის უვნებლობაზე, ანუ უშვებს დანაშაულს და აქეზებს კიდეც მის ჩამდენთ. კანონი ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე უნდა იდგეს და, უპირველეს ყოვლისა, დანაშაულს მსხვერპლს - მოსაკლავად განწირულ ბავშვებს უნდა იცავდეს, და არა მოძალადე, სინდისდაკარგულ დედებს. როგორ გავიგოთ, კანონი მკვლელებზე ზრუნავს? - ის უმძიმესი დანაშაულისთვის კი კრძალავს სიკვდილით დასჯას და უდანაშაულოთა ხოცვის ნებას რთავს? ჩვენ გვარწმუნებენ, რომ საავადმყოფოს პირობებში გაცილებით მეტი ქალის სიცოცხლეს გადაარჩენენ, მაგრამ ვის სიცოცხლეს? - იმ დედებისა, რომელთაც სინდისთან ერთად ყოველგვარი ადამიანობა დაკარგეს? სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ ხორცის იმ მასას, რომელმაც საკუთარ შვილთან ერთად თავისი სულიც ეშმაკს მიჰყიდა? რისთვის შეუნარჩუნებენ? რათა ვნება იკმაყოფილოს, მუცლად იღოს და ჟლიტოს ბავშვები? როცა აბორტი კანონის მიერ ერის ლეგალიზებული, მაშინ მთელ საზოგადოებას ხელები სისხლში აქვს გასვრილი, მაშინ ჩვენ ყველას, პირდაპირ თუ ირიბად, ყოველი სიცოცხლის წართმევაში, თითოეული ბავშვის სიკვდილში მიგვიძღვის ბრალი.

   ზოგიერთ ხალხში ასეთი ადათი არსებობდა: როცა ადამიანს დანაშაულისთვის სიკვდილით სჯიდნენ, მას კისერზე გრძელთოკიან მარყუჟს აბამდნენ. თოკს მთელი სოფელი ეწეოდა, რათა პერსონალურად არავინ ჩაეთვალათ ჯალათად. იქნებ ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ სისხლის აღება აეცილებინათ თავიდან. ასეა თუ ისე, თუკი ჩვენ ვდუმვართ, ჩვენი ხელით სწორედ იმ თოკს ვეწევით, რომლითაც უდანაშაულო ჩვილებს ახრჩობენ და ამაზე ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ღვთისა და საკუთარი სინდისის წინაშე.

   ფონი, რომელზეც ჩვილთა მკვლელობა ხდება (და ამ მკვლელობათა რიცხვმა უკვე ქოლერისა და შავი ჭირის ეპიდემიების მსხვერპლის რაოდენობას გადააჭარბა), გარყვნილებაა. იგი ოჯახებს ანგრევს, ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემას აღმოფხვრის. აღვირახსნილობა დასაშვებ მოვლენად იქცა, მაგრამ როგორც ჩანს, სულ მალე პრესტიჟული გახდება. გარყვნილება, ცინიზმი და მკვლელობა ერთი ჯაჭვის რგოლებია. ჩვენთან ბავშვები ავხორცობის ყველაზე ამაზრზენი სურათებისგანაც კი არ არიან დაცულნი. ბავშვის სული განსაკუთრებით ფაქიზი და მგრძნობიარეა როგორც კარგის, ისე ცუდის მიმართ. ბავშვებზე მასიური ძალადობა მიმდინარეობს და მათი სულიერი გახრწნა ხდება. თითქოს უნდათ, რომ ბავშვობიდანვე მოუსპონ ადამიანს სინდისისა და ღირსების გრძნობა, მოსწყვიტონ ეროვნულ ტრადიციებს და ოჯახის გავლენას ჩამოაშორონ. რატომ არ არის აკრძალული პორნოგრაფია ტელევიზიაში, ქუჩებსა და ჟურნალ-გაზეთებში? გვპასუხობენ: „ქვეყანაში თავისუფლებაა!" მაგრამ რისგან ვართ თავისუფალნი, ან რისთვის გვინდა ეს თავისუფლება? ზნეობისგან ვართ თავისუფლები, რათა უბილწესი ვნებები დავიკმაყოფილოთ და ყოველგვარი ავხორცობა გავამართლოთ? ეს არის განა თავისუფლება?! ვგონებთ, რომ არა! ჩვენ ყოველი მხრიდან თავს გვატყდება სიბილწის ნიაღვრები, რომლებმაც მთელი საზოგადოება დატბორა. გადაშლი თუ არა ჟურნალს, ან ჩართავ ტელევიზორს, არ შეიძლება უმალ ინტიმური ცხოვრების ამაზრზენი სიშიშვლე არ დაინახო. ადამიანებში სიყრმიდანვე ძალდატანებით შეჰყავთ შხამის ინექცია და ამას თავისუფლებას უწოდებენ. ყველაზე დიდი საშინელება თავად ფაქტი კი არ არის, არამედ მისი ლეგალიზაცია, - დანაშაული ყოველდღიურ ჩვეულებად გადაიქცა, მას ცხოვრების განუყრელ ნაწილად თვლიან, ის აღარ აღაშფოთებს საზოგადოების სინდისს, მას ეგუებიან და ეჩვევიან, ის აღარავის ანაღვლებს და არც არავის ეხება. ეს უკვე ერის გადაგვარების საწინდარია.

   ჩვენ გარყვნილების თანაზიარ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. შეუძლებელია, აბორტი მისგან განყენებულად განიხილებოდეს, ის სულიერებადაკარგული საზოგადოებისა და კულტად ქცეული ავხორცობის განუყრელი ატრიბუტია. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ აბორტი დანაშაულად ითვლებოდა, ახლა ის ჩვეულებრივობად იქცა, მაგრამ სულ მალე აბორტი, როგორც ცივილიზაციის ნიშანი, პრესტიჟულიც კი გახდება. მაშინ მათ, ვინც აბორტის დაგმობას გაბედავს, მოიძულებენ და, როგორც ფანატიკოსებსა და ობსკურანტებს, აბუჩად აიგდებენ.

   აბორტის თავისუფლება მკვლელობის თავისუფლებაა, მკვლელებისათვის მიცემული შეღავათია! რატომ არის, რომ თანამედროვე ტელეგადაცემები მუდამ ერთი ღერძის - სექსისა და მკვლელობის ირგვლივ ბრუნავენ? ოცდაოთხი საათის განმავლობაში ცდილობენ ჩაგვაგონონ, რომ გარყვნილება ზნეობრივი ანომალია და ადამიანური ღირსების შებღალვა კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული დეტალია, როგორც, მაგალითად, საუზმე ან სუფთა ჰაერზე გასეირნება. მრუშობისა და ავხორცობის შედეგი ადამიანთა ემოციური სიცივეა. გარყვნილება კლავს ადამიანს, როგორც პიროვნებას, და მისგან მხოლოდ ცხოველი რჩება. თუ სული დაკარგულია, მაშინ ყველაფერი დანარჩენი ძვალ-რბილით სავსე ტომარაა. ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ერის გამხრწნელნი ბედავენ, თავს ქრისტიანები უწოდონ. რა არის მათთვის ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის ღირსება, რა არის მათთვის უკვდავი სულის ფენომენი, რომელსაც მხოლოდ სპეტაკი სულის მოხვეჭით ძალუძს უფლის ჭვრეტა. მოციქული პავლე წერს: „რომელმან ტაძარი ღმრთისა განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისა წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ". გამხრწნელთა შესახებ ქრისტემ თქვა: „უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა". მან უწოდა სატანას „კაცის მკვლელი დასაბამითგან". ხოლო თქვენ ვისი მოდგმა ხართ - აბელის თუ კაენის?

   P. S. აბორტის ლეგალიზაცია ადრეული ასაკიდან ბავშვების მოწოდებაა მრუშობისა და მკვლელობისაკენ. ყმაწვილი უკვე ჩამოყალიბებული ბოროტმოქმედი ხდება. მისი ცხოვრების გზას დასაწყისშივე სისხლის ლაქები ატყვია. II საუკუნის ცნობილი ქრისტიანი მწერალი, კლიმენტი ალექსანდრიელი წერდა: „მუცლის მოწყვეტით ქალი ნაყოფთან ერთად ყოველივე ადამიანურს გამოდევნის თავისგან", ე.ი. ამაზე მძიმე დაცემა არ არსებობს.

   ვიმეორებთ, აბორტის ლეგალიზაცია ცამეტი წლის ასაკიდან, სკოლებში სექსოლოგიის სწავლების პროექტები და ამის მსგავსი „კულტურული" და „საქველმოქმედო" ღონისძიებანი ბავშვთა სულიერი და ფიზიკური გახრწნის სანქციონირებაა, მრუშობისა და ავხორცობის თუნდაც მორალური აღვირის ახსნაა, ის უფსკრულისკენ დაშვებაა, რომლის სიღრმეს არა აქვს დასასრული.




წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება