მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მგლები ცხვრის ტყავში - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მგლები ცხვრის ტყავში - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


20-08-2017, 00:03

 

   საავადმყოფო არის დაწესებულება, რომელშიც ხორცი ესხმება ყველაზე მაღალ ქრისტიანულ სათნოებებს - სიყვარულსა და ადამიანისადმი თანაგრძნობას. მკურნალს ძველთაგანვე არა მარტო პროფესიონალური ცოდნა, არამედ ზნეობაც მოეთხოვებოდა. ექიმი ე.წ. ჰიპოკრატეს ფიცს დებდა, რომ არაფერს ავნებდა ავადმყოფს, თავის ცოდნას ადამიანის ჯანმრთელობის საზიანოდ არ გამოიყენებდა და მის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიდა. ამ ფიცით იგი ირწმუნებოდა აგრეთვე, რომ გაჭირვებულს დახმარებაზე არასოდეს ეტყოდა უარს, არ გადაიქცეოდა ინტრიგების იარაღად და საიდუმლოდ შეინახავდა ყოველივეს, რასაც ავადმყოფისგან მოისმენდა; უიმედო შემთხვევებშიც კი არ ჩათვლიდა უფლებამოსილად თავს, შეეწყვიტა ადამიანის სიცოცხლე. ექიმი ვალდებული იყო, ტყვედ ჩავარდნილ დაჭრილებსაც გულმოწყალედ მოჰქცეოდა და მათთვისაც გაეწია დახმარება, მას სიკვდილმისჯილ ბოროტმოქმედთათვისაც კი უნდა შეემსუბუქებინა ტანჯვა. ექიმი ოჯახისთვის ყველაზე სანდო პირი იყო, ხშირად - მისი მრჩეველი და ლამის ოჯახის წევრი. ბიბლიური მცნება „არა კაც-ჰკლა" მთელი მისი სისრულით უნდა დაეცვა ექიმს. მას არანაირ პირობებსა და სიტუაციებში არ უნდა შეესრულებინა ჯალათის სამუშაო. ძველად ექიმებს აბორტის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ, ამას მხოლოდ მედიკოსი ბოროტმოქმედნი სჩადიოდნენ, ან კიდევ ის ადამიანები, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო საექიმო ხელოვნებასთან და მხოლოდ ნაყოფის საწამლავით მოწყვეტის საშუალებები იცოდნენ. ასეთი ადამიანები კანონით ისჯებოდნენ, მათთვის სიკვდილის განაჩენიც კი გამოჰქონდათ, ხოლო ეკლესია, როგორც ავაზაკებსა და მკვლელებს, მათ ზიარებისგან განაყენებდა. სიტყვათა ყველა ფუძეში, რომლებიც მედიცინას განეკუთვნებიან, ძირად გვევლინება: „ჯანმრთელობა", „წამლობა", „მკურნალობა" და ა.შ. ასე რომ, ექიმის მოწოდება, მოვალეობა და ფიცი ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლაა. საპირისპირო ქმედება ჯალათის საქმეა. ადამიანის, თუნდაც კანონით სიკვდილმისჯილი ავაზაკის, მოკვლა მუდამ შემზარავ განცდას იწვევდა. ჯალათის პროფესია ყველაზე ამაზრზენად და სამარცხვინოდ ითვლებოდა. ჯალათს ხელს არავინ ართმევდა, მასთან ერთად პურს არ შეჭამდნენ, ყველა ცდილობდა, მისი სახლისთვის გვერდი აექცია. ეშაფოტს, რომელზეც ავაზაკს სიკვდილით სჯიდნენ, თეატრის სცენასავით გარს ეხვეოდა ხალხი, მაგრამ, როგორც წესი, ჯალათი უფრო მეტ ზიზღს იწვევდა, ვიდრე ყაჩაღი. კოლიზეუმის მაყურებლები ტაშით აჯილიდოებდნენ გლადიატორებს, მაგრამ როცა ჯალათი თავის საქმეს შეუდგებოდა, რაგინდ სამართლიანიც არ უნდა ყოფილიყო სასჯელი, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვებოდა. ჯალათი შავ სამუშაოს ასრულებდა, იგი იქნებ საჭიროც კი იყო, მაგრამ უფრო ამაზრზენი, ვიდრე ასენიზატორების სამსახური. ჯალათს მეგობრები არ ჰყავდა, საკუთარ შვილებსაც კი რცხვენოდათ ეთქვათ, ვინ იყო მათი მამა. საერთოდ, ჯალათი ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა, სტუმარი არასოდეს შედიოდა მის ეზოში, მხოლოდ ციხის გუშაგი თუ მიუკაკუნებდა კარზე და ეტყოდა, რომელ დღეს უნდა გამოცხადებულიყო განაჩენის აღსასრულებლად. მაგრამ ისიც ცდილობდა, არ შეეღო იმ სახლი კარი, რომელიც ადამიანთა სისხლის ფასად იყო აშენებული.

   შუა საუკუნეების მატიანეში აღწერილია ერთი ამბავი: გერმანიის სამთავროებს შორის ოცდაათწლიანი ომი მძვინარებდა. ერთ-ერთ ბრძოლაში მეფე დამარცხდა. სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გაქცეულიყო და მტერს დაჰმალვოდა. მან მწირის ლაბადა მოისხა, სახე კაპიშონით დაიფარა, რომ არ ეცნოთ, და ასე ღამღამობით, ბილიკ-ბილიკ, მთავარი გზების გვერდის ავლით იარა. ბოლოს სასაზღვრო ქალაქს მიაღწია. ის ერთ სახლს მიადგა, დააკაკუნა, რათა ღამის გათევა ეთხოვა, მაგრამ არავინ გაუღო კარი. მივიდა მეორე სახლთან და პასუხად მხოლოდ ძაღლის ყეფა შემოესმა. და აი, ქალაქის ბოლოს მან დაინახა სახლი, რომელშიც შუქი მოჩანდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ იქ არ ეძინათ. მეფემ კარზე დააკაკუნა. „რა გინდა?" - ჰკითხა პატრონმა. „მე ერთი ღატაკი მწირი ვარ, შიმშილისა და დაღლილობისგან დამაშვრალი, შემომიშვი და ღამე გამათენებინე", - მიუგო მეფემ. „შემოდი", - თქვა პატრონმა. სტუმარი დააპურეს, ღვინო მიართვეს და შემდეგ ლოგინიც დაუგეს. მეორე დილით მწირმა ჰკითხა მასპინძელს: „მიცანი, ვინცა ვარ?" პატრონმა უპასუხა: „საიდან უნდა გიცნობდე, როცა კაციშვილი არ სწვევია ჩემს სახლს?" მწირმა გადაიხადა კაპიშონი, მოიხსნა ლაბადა და თქვა: „მე შენი ხელმწიფე ვარ და მსურს, მასპინძლობისთვის მეფურად დაგაჯილდოვო. ვინ ხარ, მითხარი". სახლის პატრონი ფეხებში შეუვრდა მას და უთხრა: „მე ჯალათი ვარ, რომ მცოდნოდა, ვინც იყავი, არ მიგიღებდი ჩემს სახლში". მეფემ წარბები შეკრა, თავი დახარა და ჩაფიქრდა. ხალხს რომ გაეგო მეფის ჯალათთან სტუმრობის შესახებ, საქვეყნოდ მოეჭრებოდა თავი. მეფემ ხმალი იშიშვლა. ჯალათმა წამოიძახა: „შენ, ალბათ, მოკვლას მიპირებ ჩემი უნებლიე შეცოდებისთვის". მეფემ თქვა: „მუხლი მოიყარე", - ხმალი მხარზე დაადო და უთხრა: „მე შენ გრაფის წოდებას განიჭებ; მანამ, სანამ შენი სახლის კარს შემოვაღებდი, ჯალათი იყავი, მაგრამ მე ღამე გავათენე გრაფის, როგორც ჩემი ვასალის, სახლში"...

   ამ ადამიანისგან წარმოიშვა გერმანელ რაინდთა საკმაოდ ცნობილი გვარი, ხოლო ყოფილი ჯალათი ომში დაიღუპა ერთ-ერთი ბრძოლის დროს თავისი მეფისთვის. ის სისხლისაგან იცლებოდა, მაგრამ სიხარულით ეგებებოდა სიკვდილს, როგორც საზღაურს მის მიერ დაღვრილი სისხლისათვის.

   ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ დაუწერელი კანონი არსებობდა: ჯალათს ხელს არავინ ართმევდა. ხელის ჩამორთმევა ხომ სოლიდარობის ნიშანია. თუ ჯალათს დაავიწყდებოდა, ვინ იყო, და ხელს გაუწვდიდა ვისმე, ის ჰაერში გაშეშებული რჩებოდა, რადგან მისი ხელის ხლება ისეთსავე შემზარავ გრძნობას იწვევდა, როგორც ადამიანის სისხლთან შეხება. მაგრამ რა განსხვავებაა შუა საუკუნეების ჯალათებსა და თანამედროვე თეთრხალათიან მკვლელებს შორის? პირველნი მხოლოდ მსჯავრდებულებს სჯიდნენ სიკვდილით. მათზე იმის თქმა მაინც შეიძლებოდა, რომ კანონი სჯიდა სიკვდილით, ჯალათს კი განაჩენი სისრულეში მოჰყავდა. მეორეებზე კი რა გვეთქმის? ისინი ხომ ავაზაკებსა და ბოროტმოქმედებს კი არ კლავენ, არამედ უდანაშაულო ჩვილებს. ვინ უფრო დაბლა დაეცა? ვის წარუწყმედავს თავისი სული? ყველასგან მოძულებულ, საღამოობით ცეცხლის კერასთან მარტო მჯდომ ჯალათს, ალის ანარეკლში მეხსიერებიდან ამოტივტივებული მოჩვენებებივით რომ ელანდება სიკვდილის შიშისა და ტკივილისაგან დამახინჯებული ადამიანთა სახეები, თუ ექიმს, რომელსაც ფიცი აქვს დადებული, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძოლებს? ამის ნაცვლოდ იგი ასჯერ მეტ ადამიანს ასალმებს სიცოცხლეს, ვიდრე ნებისმიერი ინკვიზიტორი და ჯალათი, და სინდისის ქენჯნასაც არ განიცდის. მას ხელს ართმევს იმ ქალის ქმარი, ვისაც აბორტი გაუკეთა, და ფულს უხდის, გეგონება კი არ მოკლა მან მათი შვილი, არამედ სიკვდილს გადაარჩინაო. ძველად ამბობდნენ, რომ დანაშაული იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც მისი დაკანონება. ყველაზე საშინელი ისაა, რომ მკვლელობა კანონით არის დაშვებული; ეს ფაქტი საზოგადოებას არ ზარავს და არც პროტესტის გრძნობას იწვევს მასში. ჩვილების სისხლით ნაყიდ მანქანას ან აგარაკს რომ დაინახავს ზოგიერთი, შურით ჩაილაპარაკებს: „რა ფულს შოულობს! იცის ცხოვრება". როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს ქრისტიანი ეწოდოს? განა შესაძლებელია, რომ მას ღმერთი სწამდეს? თუკი მას სჯერა, რომ არშობილი ჩვილი ადამიანია და მას უკვდავი სული აქვს, რომ ღვთის სამართალი და საუკუნო სასჯელი არსებობს, მაშინ მის მიერ მოკლულ ჩვილთა აჩრდილები მოსვენებას არ უნდა აძლევდნენ და დღედაღამ უნდა სტანჯავდნენ მას. მაგრამ თუ სასწაული მოხდება - ამ ადამიანის გულს ღვთის მადლი შეეხება და განანათლებს მას, როგორც მზის სხივი - უფსკრულს, მაშინ ის სასოწარკვეთას ნუ მიეცემა, სჯეროდეს მტკიცედ, რომ ღვთის წყალობას არ აქვს საზღვარი. ოღონდ დანაშაული მან ღრმა სინანულით უნდა გამოისყიდოს და მთელი ცხოვრება ეცადოს, გადაარჩინოს ისეთივე ჩვილები, როგორებსაც კლავდა. ღმერთი ხომ უფრო მოწყალეა, ვიდრე ის მეფე, რომელმაც ყოფილი ჯალათი თავის რაინდად შერაცხა.




წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება