მთავარი > წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ღვთისმშობლის თავგანწირული ღვაწლი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ღვთისმშობლის თავგანწირული ღვაწლი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)28-08-2017, 00:03 |
გვინდა გაგიზიაროთ აზრები იმ ღვაწლის შესახებ, ქალწულმა მარიამმა რომ აღასრულა, მიუგო რა მთავარანგელოზ გაბრიელს: „აჰა, მხევალი უფლისაი; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!". ჩვენ ამ ღვაწლის ადამიანური მხარე გვაქვს მხედველობაში. უფალი თავის დიდ საქმეთა აღსრულებისას ადამიანის ნებას თავისუფალს ტოვებს. ამიტომ ღვთისმშობლის პასუხი თავგანწირვის ღვაწლი იყო. იერუსალიმის ტაძრის მღვდელმსახურებმა იცოდნენ, რომ მარიამს ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული და სწორედ ამიტომ დაწინდეს იგი ოთხმოცი წლის მოხუცებულზე - მართალ იოსებზე, რომელიც მისთვის მეორე მამა უნდა გამხდარიყო. ბავშვის დაბადება მრუშობად ჩაითვლებოდა, რაც მოსეს სჯულით სიკვდილით ისჯებოდა. ღვთის განხორციელების საიდუმლოს განცხადება ქალწულ მარიამს არ შეეძლო, რადგან ტაძრის მღვდელმსახურნი ამას ღვთის გმობად მიიღებდნენ და მას სიკვდილის ღირსად მაინც ჩათვლიდნენ. მართალ იოსებს, მიუხედავად მისი ღვთისმოსაობისა და უზომო სიკეთისა, ამ საიდუმლოს რწმუნება მხოლოდ საღვთო გამოცხადებით შეეძლო და არა ახალგაზრდა ქალწულის სიტყვებით. უფრო მეტიც, სჯულის მიხედვით, ის ვალდებული იყო ქალწულ მარიამის მდგომარეობა სამსჯავროს წინაშე განეცხადებინა; წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფიცის გამტეხი აღმოჩნდებოდა. სახარება, რომელიც მოციქულ იაკობს მიეწერება, მოგვითხრობს, რომ იერუსალიმის ტაძარში მარიამი და იოსები შეფიცული წყლით გამოცადეს: მისი მიღებით კვდებოდა ის, ვინც ცრუ მოწმობას წარმოთქვამდა, ან ფიცს გატეხდა. ნათელი და შორსმჭვრეტელი გონების მქონე ქალწულმა მარიამმა იცოდა, რომ სამეფო ძალაუფლების უზურპატორ ჰეროდეს ეშინოდა, დავითის შთამომავალთა კუთვნილი იუდეის ტახტი ვინმეს არ წაერთმია მისთვის. ქალწულ მარიამის მოწმობა მისი საკვირველი ჩასახვის შესახებ კიდეც რომ მიეღოთ, მას მაინც სიკვდილის განაჩენი მოელოდა ჰეროდესგან - მარიამი იოსებ დამწინდველთან ერთად ხომ დავითის შტოს ეკუთვნოდა, რომლის შთამომავლებისაც განსაკუთრებით ეშინოდა ჰეროდეს. საკვირველი ყრმა მის თვალში მეფე - მესია გახდებოდა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დავითის ტახტს დაიბრუნებდა და იდუმიელთა ძალაუფლებას დაამხობდა. ამიტომ, ადამიანურად, სიკვდილის მოლოდინი შავი ღრუბელივით ჩამოწვა ქალწულ მარიამზე: თუ სამსჯავრო ზებუნებრივ ჩასახვას არ ირწმუნებდა, მაშინ მოსეს სჯულით მას სიკვდილი ელოდა; და თუ ირწმუნებდა, მაშინ სიკვდილი ჰეროდესგან ემუქრებოდა. რა უნდა დაეპირისპირებინა ამისთვის ნორჩ ქალწულს? - ღვთის სასოება და მისი ნებისა და განგებისადმი მინდობა სიკვდილამდე. უფალი იფარავს ქვეყანას და ყოველ ადამიანს; მან ბრძანა, რომ ღვთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება ადამიანის თავიდან. მაგრამ ამისათვის რწმენაა საჭირო, რწმენა არა მხოლოდ იმისა, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმისაც, რომ ის ახლოს არის ჩვენთან და მისი ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა. ძველი აღთქმის პერიოდში ყველაზე ნათელი მოვლენა ბიბლია იყო, მაგრამ ამჯერად მოსეს ხუთწიგნეული - თორა - თითქოს მარიამის წინააღმდეგ მიმართულიყო ადამიანთა ხელში და სასიკვდილო განაჩენს უქადდა მას. ჰეროდეს მმართველობა ყველაზე ბნელი ხანა იყო იუდეის ისტორიაში. ახლა კი ამ ბნელ ძალას, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს სპობდა, საკვირველ ყრმაზე, მესიაზე უნდა გადმოენთხია შიშისაგან გამოწვეული მთელი თავისი სატანური სიძულვილი და შემმუსვრელი ხმლების პირები ნორჩი ქალწულის მკერდისკენ მიემართა. რა უნდა დაეპირისპირებინა მას ყოველივე ამისთვის? - სარწმუნოება, მდუმარება და ლოცვა. დღეს საყოველთაო სიხარულის დღეა. ქალწულ მარიამს მერყეობა რომ დაეწყო და უფლის სასოება დაეკარგა, მაშინ კაცობრიობის ისტორია სხვაგვარი იქნებოდა. ძე ღვთისა განხორციელდა, გახდა ძე ქალწულისა და ჩვილივით იშვა, რამაც ჩვენ უნდა დაგვანახოს, თუ რაოდენ ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე. დაე, ხარების ნათელმა გააცისკროვნოს იმ ქალების სინდისი, რომელნიც ჰეროდეები გამხდარან თავიანთი შვილებისათვის. დაე, მათ თავად განიკიცხონ თავი კაცისკვლის ამ საშინელი ცოდვისათვის, რათა პირველ კაცისმკვლელთან - სატანასთან ერთად არ აღმოჩნდნენ მის შავბნელ სამეფოში. მადლის დაბრუნება შესაძლებელია მონანიებით, მაგრამ ამისათვის არ უნდა გვეშინოდეს ჩვენი დაცემის სიღრმის დანახვისა. იმ დროს, როდესაც მოძღვარი ქრისტეშობისა და ხარების დღესასწაულს ულოცავს მრევლს, დაე, ტაძრის მფარველმა ანგელოზმა აქ მოსულთა შორის სისხლით შებღალული ჰეროდეს ასულები კი არ იხილოს, არამედ ღვთისმშობლის მორჩილები, ან კიდევ ის ცოდვილები, რომელთაც საკუთარი ცოდვები სინანულის ისეთივე მწარე ცრემლით განიბანეს, როგორიც მათ მიერ მოკლულ შვილთა სისხლი იყო. შენიშვნა: იმის შესახებ, თუ ღვთის განგებით, რა მძიმე განსაცდელში და, ადამიანური გაგებით, რა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქალწული მარიამი, სახარების მწირი სიტყვები მეტყველებენ. იოსები მართალი ცხოვრებით ცხოვრობდა და ამიტომ მარიამის ფარულად განტევება განიზრახა. ძველი აღთქმის სჯულისა და ზეპირი გარდამოცემის შემსრულებელი იოსები ვერ დაიტოვებდა სახლში ქალს, რომელსაც (როგორც მას ღვთის საიდუმლოს განცხადებამდე ეგონა) ბავშვი სიძვით ჰყავდა ჩასახული. თავისი სიკეთის გამო მას არ ემეტებოდა იგი, სჯულის სწავლებისამებრ, სამსჯავროსთვის გადასაცემად, რადგან ეს თავისი დაწინდულის საკუთარი ხელით მოკვლის ტოლფასი იქნებოდა. მარიამის მიმართ საყვედური ერთხელაც არ დასცდენია მოხუცებულს, რადგან თავად მართალი, არავის განიკითხავდა და განსჯას ღმერთს მიანდობდა. მას ერთი სიტყვითაც არ განუკიცხავს მარიამი, თუმცა გულის სიღრმეში ის ძლიერ იტანჯებოდა, ამიტომ მისი დუმილი ყვედრებაზე მძიმე იყო. იოსები თუ იტყოდა, რომ ბავშვი მისი იყო, მაშინ ის იცრუებდა მღვდელმსახურთა წინაშე, ეს კი შეუძლებლად მიაჩნდა მოხუცებულს: ტაძარში ტყუილის თქმა უფლის მოტყუებას ნიშნავს. იოსებს ერჩივნა მომკვდარიყო, ან მარიამი ეხილა კუბოში, ვიდრე ის სამსჯავროსათვის გადაეცა. ამიტომ მართალი იოსები მის ფარულად განტევებას განიზრახავს: ის სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვუფიქრდებით, რა აზრს იტევენ ეს სიტყვები. მარიამმა მოხუცებულის სახლი უნდა დატოვოს, მაგრამ სად წავიდეს: მისი მშობლები უკვე სამარეში წვანან, მათი სახლი სხვის კუთვნილებაშია; ნათესავებს მარიამი უნდა დაემალოს, ე.ი. უცხო მხარეში გადაიხვეწოს და თავისი სახელი დაფაროს. რა უნდა ეფიქრათ მასზე? - გაქცეულ მონად, ან დამნაშავედ მიეჩნიათ? ნათესავებისა და სახლის გარეშე დარჩენილს სად უნდა ეძებნა თავშესაფარი? - მწირივით ეხეტიალა? მისი ნორჩი სილამაზე ხომ გლახაკის დაძონძილ სამოსშიც კი მიიპყრობდა მტაცებელთა მსგავსი კაცების მზერას. მაგრამ მართალ იოსებს ეს განზრახვა ერთადერთ გამოსავლად ესახებოდა, რათა მარიამისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ქალწულ მარიამს შეეძლო, გულში ეთქვა ფსალმუნის ის სიტყვები, ჯვარზე გაკრულმა მისმა ღვთაებრივმა ძემ რომ წარმოთქვა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე". მაგრამ უფალი მაშინ შეეწევა ადამიანს, როცა მას სხვა იმედი აღარ რჩება. ანგელოზი ქალწულ მარიამს ხარების დღეს გამოეცხადა. იოსებს ძილში ეჩვენა ანგელოზი, რადგან მას ძალა არ შესწევდა, ცხადლივ ეხილა იგი. მან უთხრა: „ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა", ე.ი. ნუ შეგეშინდება, ცოლი უწოდო მას, რამეთუ არ დაურღვევია ქალწულების აღთქმა და შენ წმინდა იქნები მოსეს სჯულის წინაშე. ვისაც უფალი თავისთვის ირჩევს, განსაცდელისა და ტანჯვის გზით ირჩევს.
წიგნიდან „სულის უდაბნო" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |