მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, საცდურები, ჰუმანიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ჰუმანისტი ტერეზა (მონაზონ ტერეზას წინააღმდეგ) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ჰუმანისტი ტერეზა (მონაზონ ტერეზას წინააღმდეგ) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)5-08-2017, 00:03 |
ჰუმანიზმი პერმანენტულ კონფლიქტშია ქრისტიანობასთან. ჰუმანისტებს ჰყავთ თავიანთი გმირები, მოღვაწეები და მოწამეები. ხშირად გვეჩვენება, რომ ჰუმანისტური სულისკვეთებით ნასაზრდოები ქველმოქმედება ქრისტიანულ ზნეობას შეესაბამება. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული მსგავსებაა. უფრო ღრმა შრეებში თუ ჩავიხედავთ, არა მარტო სხვაობას დავინახავთ მათ შორის, არამედ ურთიერთდაპირისპირებასაც. ჰუმანისტი შესაძლოა ქრისტიანად თვლიდეს თავს, ის შეიძლება მონაზონიც კი იყოს და საეკლესიო ხარისხიც ჰქონდეს, შეიძლება გულწრფელადაც ემსახურებოდეს თავის იდეას და თავგანწირვით იქმოდეს სიკეთეს, მაგრამ ჰუმანიზმი მაინც ის რელიგიაა, რომელსაც ღმერთი არ სჭირდება. დედა ტერეზა, ისევე, როგორც ბუდა, ჰუმანისტია. მათი პრაქტიკული სოტეროლოგია ადამიანის ტანჯვისაგან ხსნაში მდგომარეობს. მაგრამ მათ დაჰკარგვიათ იდეა, რომ ადამიანის დანიშნულება და მისი ამქვეყნიური ყოფის საბოლოო მიზანი მარადიული ცხოვრებაა. აქ მარადისობა დროის წინაშე იჩრდილება. ბუდა აგნოსტიკოსი და ათეისტია, ხოლო დედა ტერეზა - მორწმუნე კათოლიკე, მაგრამ ღმერთი მისთვის ადამიანის გაგებას ერწყმის. უფრო მეტს ვიტყვით: მისთვის ღმერთი ადამიანში ტრანსფორმირდება, ამიტომ მისი სარწმუნოება ადამიანის გაღმერთებაა, ეს არის ადამიანის, როგორც უმაღლესი ფენომენის თაყვანისცემა, ანუ ის, რასაც იეზუიტი მღვდელი ტეიარ დე შარდენი ქადაგებდა. ნიშანდობლივია, რომ თავად დედა ტერეზას სულიერ აღზრდასა და ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს იეზუიტებმა, რომლებსაც ის სიცოცხლის ბოლომდე მადლიერებით იხსენებდა. დე ტეიარის კოსმიზმმა და ეგნატე ლოიოლას მატერიალიზებულმა კონკრეტულობამ (ამ უკანასკნელს ტრანსცენდენტური დაუსრულებლად დაჰყავდა სოციალურ-პოლიტიკურამდე), დიდწილად განსაზღვრეს დედა ტერეზას მსოფლგაგება. მისთვის ქრისტე, როგორც პიროვნება, დაკარგულია. ის მისთვის, ისევე, როგორც ტეიარისთვის, ხდება პრინციპი, რომელიც ადამიანში ცოცხლობს. ამიტომ დედა ტერეზა თავის ლოცვაში შლის იმ ზღვარს, თეოლოგიასა და ანთროპოლოგიას შორის რომ არსებობს. ის ამბობს: „იესო ნარკომანია, რომელსაც უნდა მოვუსმინო, იესო მეძავია, რომელსაც უნდა დავეხმარო". მართლმადიდებელი სხვაგვარად მიმართავს უფალს: „მე შენი გამოუთქმელი დიდების ხატება ვარ, თუმცაღა ცოდვათა წყლულებით შემწიკვლული". დედა ტერეზასთვის მსგავსება შეცვლილია მისტიკური გაიგივებით ღმერთისა - ადამიანთან, რომელიც არ განწმენდილა და ფერისცვალება არ განუცდია. „იესო ჩემი მეუღლეა", - ამბობს იგი. რასაკვირველია, ჩვენ არ მივაკუთვნებთ დედა ტერეზას იმ ეგზალტირებულ ქალბატონთა რიცხვს, რომელნიც ქრისტეს პაემანზე იხმობენ; რა თქმა უნდა, ის ამას სავსებით სიმბოლურად ამბობს, მაგრამ ერთობის უმაღლეს სიმბოლოს ირჩევს და ამით ადასტურებს, რომ თავის თავს არა მხოლოდ უკვე ცოდვებშენდობილად და ცხონებულად თვლის, არამედ ღმერთთან განუყრელ ერთობაში მყოფადაც. ღვთისმშობელი ქალწული კი თვლიდა, რომ მხოლოდ მხევალი იყო ღვთისა. შესაძლოა, კათოლიკური სიმბოლოებისა და სახეების ენა განსხვავდება მართლმადიდებლურისაგან, მაგრამ ფორმაში მაინც შინაარსი აისახება, ხოლო გამოსახულებაში - გრძნობა. ქრისტემ ბრძანა: „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათ. 25, 40). მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით და არც გვაქვს იმის თქმის უფლება, რომ გლახაკი, მშიერი ან სნეული არის ქრისტე. დედა ტერეზა არ ამბობს, რომ ლოთი, როგორც ადამიანი, ღვთის გულისათვის უყვარს, არამედ ადამიანის ღვთისადმი მსგავსებას პარადოქსად აქცევს, როცა ლოცვით წარმოათქვამს: „ქრისტე - ეს არის ლოთი". დედა ტერეზა მონაზონი ან თუნდაც ქრისტიანი რომ არ იყოს, ჩვენს სხვა რა დაგვრჩებოდა, თუ არა მისი ღვაწლით აღფრთოვანება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ის ქრისტიანული მორალის საერთო თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ. ჩვენი აზრით, მონაზვნობის უმთავრესი მიზანი სულიერი ღვაწლია ღვთის წინაშე, ხოლო სხვა მსახურება, რაოდენ საჭირო და აუცილებელიც არ უნდა იყოს, მაინც თვით მონაზვნობის იდეის პროფანაცია იქნება. ერთ ცდომილებას მოსდევს მეორე, მესამე და ა.შ. ამაში ჩვენ დავრწმუნდით, როცა წავიკითხეთ წიგნი „დედა ტერეზა!"1. აღმოჩნდა, რომ დედა ტერეზა ოჯახის დაგეგმარების ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო ხერხების დაჟინებულ პროპაგანდას ეწეოდა. ოჯახის დაგეგმარება მთელ რიგ საშუალებებს გვთავაზობს, რომელთა შორისაც დედა ტერეზა მხოლოდ აბორტის წინააღმდეგია. ეს კი მოწმობს იმას, რომ მონაზონი უგულებელყოფს ქორწინების ქრისტიანულ გაგებას, სექსს შვილიერებისაგან განაცალკევებს; ემბრიონის მკვლელობას, რაც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა ხმარების უმეტეს შემთხვევაში ხდება, დასაშვებად თვლის და ცოლქმრული ინტიმი მასტრუბაციამდე დაჰყავს, თუმცა კი თვით კათოლიკური ეკლესია კრძალავს შვილთა სხმის საიდუმლოებაში შეჭრას. იგი, ისევე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, ასწავლის, რომ ებრიონს ადამიანის უკვდავი სული აქვს. ღმერთთან ფამილიარობა ქორწინებისადმი ცინიკურ დამოკიდებულებაში გადაიზარდა. ვინღა იცავს ქრისტეს მცნებას: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა"? ვის ახსოვს ანანიას სამარცხვინო სიკვდილი? სად იხსენიება მოციქულ პავლეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ხელით ცდუნებულნი და ბილწნი (თესლის დამღვრელნი) ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. ვინ ასრულებს მის სიტყვებს, რომ ქორწინება წმინდაა? ოჯახის დაგეგმარების შესახებ სწავლებით ჰუმანისტმა ტერეზამ შემმუსვრელ ნოკაუტში ჩააგდო მონაზონი ტერეზა.
1„დედა ტერეზა", „წმინდა პეტრეს" ორდენის გამოცემა, 2000 წ., სანკტ-პეტერბურგი.
წიგნიდან „სულის უდაბნო"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |