მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა-პასუხი

კითხვა-პასუხი


31-10-2012, 23:01
            ნინოს შეკითხვა.

      მამაო, მრავალი თვლის რომ საკმარისია გულით გწამდეს, ეკლესიაში სიარული კი არ არის აუცილებელი. სწორია თუ არა ეს?

 

                  პასუხი:

      ეს შეხედულება ჩვენს საზოგადოებაში საბჭოთა კავშირის არსებობის დროს დამკვიდრდა და დღესაც მყარად მკვიდრობს ადამიანის ცნობიერებაში.

     ვინც ამგვარად ლაპარაკობს, იგი ორ მნიშვნელოვან შეცდომას უშვებს. პირველი, სიტყვები „გულით გწამდეს" მეტად აბსტრაქტული ნათქვამია. აქ არ ჩანს რწმენა ჭეშმარიტი ღვთისა. ეს არის რწმენა რაღაცისა ან ვიღაცისა, მაგრამ გაუგებარი არსებისა.

     გარდა ამისა, „ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან" (იაკ. 2.19).

     მეორეც, მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ დააარსა ეკლესია დედამიწაზე და არა მრავალრიცხოვანი კრებული, რომლებსაც არ გააჩნიათ ჭეშმარიტი ორიენტირები.

     ქრისტიანული სათნოებები, მცნებები არ ჰგავს არც ანტიკური სამყაროს ფილოსოფოსების და არც კომუნისტურ - ათეისტურ - ნიჰილისტური მორალის მქონე ადამიანების შეხედულებებს.

     ქრისტეს ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და ყოველი მართლმადიდებელი ამ ორგანიზმის წევრია. ეკლესიას თავისი მყარი დოგმატური ცხოვრება და წეს - განგება გააჩნია, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან". ამრიგად, წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთი არის მამა".

     ერთია მხოლოდ გონებით იმსჯელო რაღაც მაღალ იდეალებზე, მეორე კი - იცხოვრო აქტიური სწორი სულიერი ცხოვრებით. სცადონ „გულით გწამდეს" მთქმელებმა ეკლესიური  წესების მიხედვით ცხოვრება და მაშინ მიხვდებიან, რომ რაღაც შეიცვლება მათ მსჯელობაში, რადგან ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისათვის საჭიროა სულიერი სისუფთავე.

     ეს უკანასკნელი კი მივიწყებულია მათ მიერ.

     ღმერთმა დაგლოცოთ!


უკან დაბრუნება