მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გამოსასყიდი სიცოცხლისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გამოსასყიდი სიცოცხლისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


1-08-2017, 00:02

გამოსასყიდი სიცოცხლისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   იმ საზარელ ბოროტმოქმედებათა შორის, რომელიც ოდესმე ჩაუდენიათ დედამიწაზე, ყველაზე ამაზრზენი ადამიანთა გატაცება და გაყიდვაა, მეტადრე კი - ჩვილების მოპარვა. ავაზაკთა შორის იყვნენ განსაკუთრებით სპეციალიზებული ყაჩაღები, რომლებიც ბავშვებს იპარავდნენ. ისინი ზიზღს იწვევდნენ თანამოძმეთა შორისაც: თვით ქურდები და მკვლელებიც კი ზურგს აქცევდნენ მათ. ისინი მშობლებისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ, ხოლო შეყოვნების ან უარის შემთხვევაში ბავშვს კლავდნენ, ზოგჯერ წამებითაც კი, შემდეგ მოჭრილ თავს და აკუწულ სხეულს მათი სახლის კართან აგდებდნენ. უბედური მშობლები მზად იყვნენ, რაც კი ებადათ, ყველაფერი გაეყიდათ, რათა ბავშვის სიცოცხლე გადაერჩინათ, მაგრამ ყოველთვის როდი ახერხებდნენ ამ ორფეხა, სისხლისმსმელი ვამპირების დაკმაყოფილებას. მაშინ ისინი სატანურ ძღვენს - თავიანთი შვილის გვამს იღებდნენ. ხან კი მკვლელები ზედმეტად ფრთხილობდნენ და მოკლული ბავშვის სხეულს უკვალოდ აქრობდნენ. ზოგჯერ ბავშვებს მათხოვრებს მიჰყიდდნენ ხოლმე, უფრო ხშირად მოხეტიალეებს, რომელთაც ღვიძლი შვილები ენანებოდათ, ხოლო ნაყიდ ბავშვებს ადვილად ასახიჩრებდნენ: სახეს უწვავდნენ, ან თოთო ხელს აჭრიდნენ, რათა გულჩვილ ადამიანთაგან მეტი მოწყალება გამოეძალათ. როცა ბავშვი წამოიზრდებოდა, ხშირ შემთხვევაში მას კლავდნენ, რათა მათი ბოროტმოქმედება არ გამჟღავნებულიყო.

   ახლაც იგივე საშინელება ტრიალებს, ოღონდ დღეს ადამიანი დაუცველია მართლმსაჯულებისაგან. მომავალი დედა იძულებულია გამოისყიდოს თავისი შვილი: თუ საჭირო თანხა ვერ შეაგროვა, მისი შვილი განწირულია დასაღუპავად. უწინ ყველა სოფელში იყვნენ ქალები, რომელთაც მშობიარობის მიღება შეეძლოთ. ეს ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა, და, უნდა ითქვას, რომ მრავალი ბებიაქალი დახელოვნებული იყო თავის საქმეში. ბავშვი იშვიათად იღუპებოდა მშობიარობის დროს. შემდგომში უმაღლესი სამედიცინო განათლების გარეშე აიკრძალა მშობიარობის მიღება და ეს სისხლის სამართლის დანაშაულს მიეკუთვნა. რამდენიმე ათწლეულში ეს ხელობა დავიწყებას მიეცა, ამჟამად კი, ალბათ, აღარც მოიძებნება ვინმე, მშობიარობის მიღება რომ იცოდეს. ღარიბებისთვის საავადმყოფოებისა და სამშობიარო სახლების კარზე უზარმაზარი ბოქლომი კიდია. ბავშვის სიცოცხლე ისეთი თანხით არის შეფასებული, რომელიც გაჭირვებულ ადამიანს ხელში არასოდეს სჭერია. რა უნდა ქნას მან? - დანაშაული ჩაიდინოს, გაქურდოს ან მოკლას ვინმე, რომ საავადმყოფოში ფული მიიტანოს და თავის ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნოს? ვისგან უნდა გამოისყიდონ დედებმა თავიანთი შვილები? რომელ მაფიას სურს ჩვილების მოტაცება? როგორ შეიძლება ბავშვის სიცოცხლე ფულით იყოს შეფასებული? ისევ ისეთივე ავაზაკური პირობებია წამოყენებული: ან გამოსასყიდი მოიტანე, ან შენი ბავშვი განწირულია დასაღუპავად.

   მაგრამ აქ კიდევ ერთი ზნეობრივი კატასტროფაა: ადრე ბავშვების გატაცება დიდ აღშფოთებას იწვევდა და დანაშაულზე დაჭერილ ყაჩაღს შეწყალების იმედი აღარ უნდა ჰქონოდა. ახლა კი ხალხი გულგრილად უყურებს, როგორ ითხოვენ გამოსასყიდს სიცოცხლისათვის და როგორ იღუპებიან ჩვილები დედის საშოში იმის გამო, რომ მშობლებს აღარაფერი აქვთ გასაყიდი და ვერ აგროვებენ საჭირო თანხას იმისთვის, რომ დედამ ახალშობილი ცოცხალი ნახოს და მისი პირველი ტირილი გაიგონოს.

   ჩვენ კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება კი არ გვსურს, არამედ ყველას მივმართავთ. თუ ასე გაგრძელდება, ყველა მკვლელები გავხდებით - საქართველოს მესაფლავენი. თბილისში „ქართვლის დედის" ძეგლია აღმართული, ნუთუ ჩვენ საკუთარი ხელებით ჩავდებთ მას სამარეში?




წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება