მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > საყოველთაო ბოროტმოქმედება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

საყოველთაო ბოროტმოქმედება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


24-07-2017, 00:03

საყოველთაო ბოროტმოქმედება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   განა მარტო ქალს მიუძღვის ბრალი აბორტის ცოდვაში? კაცი სად იყო ამ დროს? ნუთუ ის განზე გადგა, როგორც მხდალი და მოღალატე? განა ასევე დამნაშავე არ არის ის მეუღლეც, რომელმაც აბორტისკენ უბიძგა ცოლს და ამით მისი ცხოვრება ფსიქიკურ ტანჯვად აქცია? ან ქალის მშობლები, ოჯახის წევრები, რომლებიც მას აბორტის გაკეთებას ურჩევდნენ, განა არ არიან სისხლში გასვრილნი? განა მკვლელობის ინიციატორი არ არის კაცი, რომელმაც ქალი ან ქალწული აცდუნა? განა ბოროტმოქმედი არ არის ქმარი, რომელიც თავის ცოლს დედობის მოლოდინში მყოფს მიატოვებს? ნუთუ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ქალია?

   აბორტი - ეს არის წყევლა, რომელიც მთელ ოჯახს ეწევა. მაგრამ ეს ბოროტმოქმედება ოჯახის ფარგლებს სცილდება და მთელი საზოგადოების ცოდვად იქცევა. ბავშვის დაბადებასა და აღზრდისათვის პირობები არ არის შექმნილი, ხელი ეწყობა არა შობას, არამედ აბორტს, ანუ მკვლელობას, ადამიანები ვერ გრძნობენ თავიანთ პასუხისმგებლობას ერის გადაგვარების წინაშე. თუ ბავშვის ყოფნა-არყოფნის საკითხი მშობლების პირად საქმედ ითვლება, თუ ჩვილი, რომელიც ჯერ არ შობილა, უკვე კანონგარეშეა და შესაძლებელია თვითნებობის მსხვერპლი გახდეს, თუ საზოგადოება დუმს, მაშინ ყოველი ბავშვის მკვლელობა საყოველთაო ბოროტმოქმედება ხდება.

   უდანაშაულო სისხლი პირველად კაენმა დაღვარა. უბიწო ჩვილთა სისხლისღვრით ჩვენ კაენის მიმდევრები ვხდებით. აბელის სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს; მოკლული ბავშვების სისხლი შავი ღრუბელივით შემოჰკრებს ჩვენს თავზე მომავალ კატასტროფებს. უფალი ეკითხება კაენს: „სადა არს აბელ, ძმა შენი", მაგრამ კაენის გული ქვას დამსგავსებია და იგი სატანური კადნიერებით მიუგებს ღმერთს: „ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე". ჩვენც ვცდილობთ, არ დავინახოთ დახოცილი ადამიანები და მათი უხმო გოდება არ ვისმინოთ. ეს უმოწყალო გულგრილობაც კაენის სულიერი მემკვიდრეობაა. გულცივობისა და ინდიფერენტულობის ნიადაგზე ჩინებულად ხარობენ ბოროტების შხამიანი ყვავილები.

   საშინელ სამსჯავროზე ჩვენ სისხლს აქაფებულ ზღვასა და მასში მოტივტივე ბავშვების გვამებს ვიხილავთ. მაშინ შეგვაძრწუნებს ჩვენი უწინდელი გულგრილობა, მაშინ დავინახავთ, რომ თავად ვყოფილვართ შებღალულნი ამ სისხლის ქაფით, რადგანაც ვდუმდით. ჩვენი შვილები ჩვენივე მძევლები ხდებიან. როგორ ხვედრს ვუმზადებთ მათ?

   შვილის მკვლელობა დემონური ცოდვაა. მაგრამ ადამიანი ეშმაკისაგან იმით განსხვავდება, რომ რაც უნდა მძიმე ცოდვით იყოს დაცემული, მას სინანული და ზნეობრივი აღდგენა ძალუძს. ძველი თქმულება მოგვითხრობს, რომ მოკლულის სისხლის ლაქა თითქოს სამუდამოდ დააჩნდა მკვლელს და მას სხეულიდან არ სცილდებოდა. მაგრამ ცოდვის სისხლის ლაქები სინანულის ცრემლით განიბანება, თუ ისინი, ვინც შვილებს ხოცავდნენ ან მათ მკვლელობაში მონაწილეობდნენ, აღარ გაიმეორებენ ამ საზარელ ცოდვას და ყველაფერს იღონებენ, რათა არც სხვებმა ჩაიდინონ ეს საშინელი ბოროტმოქმედება. სხვაგვარად მარადისობაში ვეღარაფერი ჩამორეცხავს სისხლს, რომელიც კაენის ბეჭედივით დაესმება მათ სახეებს.



       

 

წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება