მთავარი > წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ჩვილი მოწამეები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ჩვილი მოწამეები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


22-07-2017, 00:03

 

   XIV საუკუნის დასასრულსა და XV საუკუნის დამდეგს საქართველო საშინელი განსაცდელის წინაშე დადგა, რომელიც შესაძლოა ყველაზე მძიმე განსაცდელი იყო მთელი მისი ისტორიის მანძილზე - თემურ ლენგი შემოესია ქვეყანას. აღმოსავლეთის ამ მრისხანე დამპყრობლის წარმოუდგენელი დემონური სისასტიკის სურათები, შემონახულნი მატიანეებისა და წმინდანთა ცხოვრებებში, იმ აპოკალიფსურ კატასტროფებს მოგვაგონებენ, რომლებიც ბოლო ჟამს უნდა დაატყდეს თავს კაცობრიობას. მრავალი შემოსევა იწვნია საქართველომ, მრავალჯერ დაიტბორა მისი მიწა ქრისტესთვის წამებულთა სისხლით. მურვან ყრუმ, ჯალალ ედ-დინმა, სპარსელებმა, არაბებმა, თურქებმა და მონღოლებმა ქალაქები ნაცარტუტად, ტაძრები - ნანგრევებად, ხოლო მინდვრები და ბაღები - გადაბუგულ უდაბნოდ აქციეს. მაგრამ მათ შორის ყველაზე სასტიკი თემურ ლენგი აღმოჩნდა. ამ მაჰმადიანმა ფანატიკოსმა ქრისტიანობის უკანასკნელი კერები ჩააქრო სამარყანდსა და კასპიის ალბანეთში, შემდეგ კი ფიცი დადო, რომ ქართველებსაც გაანადგურებდა, თუ მაჰმადიანობას არ მიიღებდნენ.

   თემურ ლენგის ლაშქრობის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში, მიუვალი მთიანი ადგილების გარდა, მოსახლეობის რაოდენობა განახევრდა და ზოგან კიდევ მეტად შემცირდა. თბილისის აღების შემდეგ თემურ ლენგმა იუდეველთა მეფის - ჰეროდეს ბოროტმოქმედების გამეორება გადაწყვიტა. მან ბრძანა, თავი მოეყარათ ყველა ქრისტიანი ბავშვისა და ჩვილისთვის, წაეყვანათ ისინი ქალაქის გალავნის გარეთ, კალოუბნის მინდორში, სადაც ხორბალს ფქვავდნენ, და მორებითა და ლოდებით გაესრისათ. ბეთლემელი ჩვილები ქრისტესთვის პირველნი მოწამეები არიან. თბილისელი ბავშვებიც ქრისტესთვის აწამეს, რადგან მათმა მშობლებმა უარი თქვეს სჯულის შეცვლაზე. ბეთლემელი ჩვილები წმინდანთა დასს მიაკუთვნეს, ხოლო თბილისელი ჩვილი მოწამენი, სამწუხაროდ, დაგვავიწყდა. ქრისტიან ყრმათა წამების ადგილზე ძველად კალოუბნის ეკლესია იყო აგებული, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში - სამხედრო ტაძარი. ორივე ტაძარი განადგურებულია, კალოუბნის ეკლესიის ადგილზე კი კინოთეატრის „რუსთაველი" ააშენეს. არა გვგონია, რომ, მონაზვნად აღკვეცილი, ჯვრის მონასტერში დაკრძალული შოთა რუსთაველი ინებებდა, მისი სახელით შენიღბულიყო ვანდალიზმი - ძველი სიწმინდის განადგურება. სამხედრო ტაძრის დარბევის დროს დახოცეს ნაწილი მღვდლებისა და მრევლისა, რომლებიც ამ ეკლესიის დაცვას ცდილობდნენ. მათი სისხლი თემურ ლენგის მიერ დახოცილ ჩვილთა სისხლს შეუერთდა. საქართველოს ეკლესიის კომპეტენტურმა ორგანოებმა იქნებ განიხილონ საკითხი თემურ ლენგის მიერ ქრისტესთვის წამებული ჩვილების წმინდანებად შერაცხვისა, ძველი ეკლესიის მაგალითისამებრ, რომელმაც ქრისტიანული ერის პირველი მოწამეები - ბეთლემელი ჩვილები განადიდა.






წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება