მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > უდანაშაულო მსხვერპლის გოდება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

უდანაშაულო მსხვერპლის გოდება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


18-07-2017, 00:03

უდანაშაულო მსხვერპლის გოდება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   მე ვარ ადამიანი, რომელსაც ადამიანის სახელი არ მეღირსა. მე ვარ ბავშვი, რომელსაც მშობლები არ ჰყავს. სიკვდილმა დაბადებამდე მომიტაცა. სიბნელიდან ისე გადავინაცვლე წყვდიადში, რომ ნათლის ხილვა ვერ მოვასწარი. და მე მაინც შენ მოგმართავ სიტყვით „დედა" - შენ, რომელმაც ჯერ საკუთარი მუცლით მატარე და მერე სიკვდილის ძვლიან მკლავებზე მიმაგდე, თითქოს მდინარეზე გადასვლისას შუა წყალში მომისროლე.

   დედა, მე მინდა გითხრა, რომ მიყვარდი ჯერ კიდევ დაბადებამდე, რომელიც ჩემთვის სიკვდილად იქცა. იმ დროს, როდესაც რკინის მარწუხები ჩემს სხეულს უახლოვდებოდნენ, მე უხმოდ გეძახდი: „დედა, მიშველე", ხოლო როცა ისინი ურჩხულის ეშვებით ჩამესვნენ სხეულში, მაშინ ავყვირდი: „დედიკო, ნუ მომკლავ, დედიკო, შემიბრალე", მაგრამ ამაოდ, - შენი საშო ჩემთვის სასაკლაოდ იქცა.

   დედა! რატომ მომკალი. რისთვის წამართვი სიცოცხლე?  ალბათ არ იცოდი, როგორ მიყვარდი, როცა მე და შენ ერთი სისხლი და ხორცი ვიყავით. როგორ მინდოდა, ყელზე მოგხვეოდი, მაგრამ ხელები ჯალათმა მომკვეთა. მინდოდა, მკერდზე, მოგკრობოდი ჩემი გულით, მაგრამ იგი რკინამ განგმირა. მინდოდა, ხელით გეტარებინე, მაგრამ შენ საუკუნო ღამის ცივ წყვდიადში ჩამაგდე. ჩვილებს აკვანში აწვენენ, ასო-ასოდ აქნილი ჩემი სხეული კი სანაგვეზე მოისროლეს სისხლით გაჟღენთილ დოლბანდებთან და გახრწნილ ნარჩენებთან ერთად. არავინ დამიტირა, არავინ ჩაასვენა ჩემი სხეული პაწაწინა კუბოში. ჩემი სამარე ვირთხების კბილებში ვპოვე, რომლებიც სანაგვეზე დაძრწიან. დედა ლოცვებს უკითხავს მძინარე ბავშვს, აქ კი ვინ მიპოვის, ვინ მომიალერსებს? მე კი სიტყვა „დედის" წარმოთქმისაც მეშინია იმ მარწუხების გახსენებისას, ჩემს სხეულს რომ გლეჯდნენ. მაშინ დედის წიაღი ჩემთვის გველის ცივ სხეულად იქცა. 

   ორი წმინდა სიტყვა არსებობს - „ღმერთი’’ და „დედა’’. ღმერთმა არ მომაკლო თავისი წყალობა, მაგრამ ჩემი თვალები, ნათლისღებით გაუნათლებელნი, ვერ ხედავენ მას. მეორე წმიდა სიტყვა - „დედა’’ მე დავკარგე, ჩემი სიყვარული შენთვის ზედმეტი აღმოჩნდა. 

   როცა ბავშვს რამე უჭირს, ყვირის: „დედა!’’ სანამ დედა ცოცხალია, ადამიანი ეული და მარტოხელა არ არის. მან იცის, რომ დედის გული არასოდეს უღალატებს მას, თუნდაც მთელი სამყარო აუმხედრდეს; დედა გაათბობს თავისი სიყვარულით. მე კი ობოლი ვარ, თუმცა დედა ცოცხალი მყავს. დედაჩემმა საუკუნო ღამის წყვდიადში ისე ჩამაგდო, სახეშიც არ შემომხედა. უდანაშაულო გამასამართლა, უმსჯავროდ მომისაჯა სიკვდილი. მაგრამ ის ჩემზე უბედურია. როდესაც მკვლელის მახვილი სხეულს მიგლეჯდა, მან დედაჩემის გულიც განგმირა, მაგრამ საბრალომ არც კი იცის, რომ უგულოა. 

   დედა, განა მარტო მიწიერი ცხოვრება მომისწრაფე, შენ ეკლესიის გარეშე დამტოვე. მე მის ზღუდესთან ვდგავარ, მაგრამ შიგ ვერ შევდივარ. მე ვხედავ ნათელს, რომელიც იქიდან გამოსჭვივის, მაგრამ მასთან მიახლება არ ძალმიძს. ასე რომ, შენ განა მარტო ჩემი სხეულის, ჩემი სულის მკვლელიც ხარ. გახსოვდეს, დედა, რომ უბრალო სისხლის დათხევით ქრისტეს სამსჯავრო მეორდება. იუდამ ოცდაათ ვერცხლად გაყიდა მართალი სული. შენ კი იმისთვის გამყიდე, რომ საკუთარი შვილისგან თავისუფალი ყოფილიყავი და თვითონ გადაუხადე ჩემს მკვლელს საზღაური. შენ იუდასავით მოიქეცი. კაიაფამ უდანაშაულო დასაჯა. მან თქვა: უმჯობესია ერთი მოკვდეს, ვიდრე მთელი ერი წარწყმდესო. შენ კი გადაწყვიტე, რომ ჯობს უდანაშაულო ბავშვი მოკვდეს, ვიდრე ოჯახი დაზარალდეს, თითქოს მე შენი შვილი არ ვიყო. ქრისტე ჯვარს აცვეს და შენც ჯვარცმა მომისაჯე. მართალია მე ვერ ვხედავ უფლის სახეს, მაგრამ ვიცი, რომ მას ყველას გადარჩენა სურს. ვერ გაგაგონე ჩემი სიტყვები, როცა შიშისგან შეძრწუნებული გეძახდი შენი წიაღიდან: „დედა, შემიბრალე’’. ახლა მაინც შეისმინე ჩემი ვედრება: „შეიცოდე შენი თავი, შეიბრალე შენი სული და სინანულის ცრემლით განიბანე იგი. ხოლო თუ სხვა შვილი გეყოლება, მიეცი მას ის სიყვარული, მე რომ დამაკელი, მან მაინც იგრძნოს დედას ხელების სითბო და მის აკვანთან წაკითხული ლოცვა ისმინოს. ნათლისღებით განანათლე იგი, რათა ჩემსავით ბრმა არ წავიდეს იმქვეყნად. და თუ ის ჩვილი გარდაიცვლება, თავის კუბოსთან ეკლესიის წმინდა ვედრება ისმინოს და ზეცაში ანგელოზთა გალობა - ის, რაც შენ მე მომაკელი. და მაინც, იმქვეყნად მე ვხედავ ქრისტეს ნათლის ანარეკლს, თუგინდ შორიდან დანაფრქვევს, და ამ ნათლის სხივებში მე შენ მაინც მიყვარხარ, ჩემო უბედურო დედავ!’’

          

 

 

წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება