მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ღვთისმშობელი - ჩვილების მფარველი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ღვთისმშობელი - ჩვილების მფარველი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


10-07-2017, 11:46

ღვთისმშობელი - ჩვილების მფარველი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად ითვლება, ეს ქვეყანა მისი წილხვედრია. იგი დედაც არის და ქალწულიც. ის შვილისადმი სრული სიყვარულის მაგალითია. ღვთისმშობლის საფარველი საქართველოზე მისი უპირატესობა როდია, არამედ ღვთისმშობლის მოწოდებაა მისი მიბაძვისაკენ; ეს ამპარტავნების საბაბი კი არ არის, არამედ - უზარმაზარი პასუხისმგებლობა: ვისაც მეტი მიეცემა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენ უდიდესი წყალობა გვერგო, რადგან შეგვიძლია ღვთისმშობლის წილხვედრი ვუწოდოთ საქართველოს.

   გადახედეთ ჩვენი ერის ისტორიას, რით განირჩეოდა ქართველი ქალი? - უმანკოებითა და შვილების თავგანწირული სიყვარულით. თუ ქალწული უბიწოებას კარგავდა, ანდა ცოლი ქმარს ღალატობდა, სირცხვილი მხოლოდ მას კი არა, მთელ მის ოჯახსა და საგვარეულოს აჩნდებოდა შავ ლაქად. ასეთი საგვარეულოდან ცოლის შერთვა არავის უნდოდა. თუმცა ქართველი ქალი კარჩაკეტილი როდი იყო, მას ხშირად მეტად მძიმე სამუშაოს შესრულება უხდებოდა და არცთუ იშვიათად ხელში იარაღის აღებაც კი უწევდა. მისი კიდევ ერთი, შესაძლოა, უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი თვისება შვილებისა და ოჯახური კერის სიყვარული იყო. მტრის შემოსევების დროს, როცა ის მიწურებში იმალებოდა, საკუთარი სხეულით ათბობდა ბავშვს. მთის ბილიკებითა და ტყით მიმავალი იავნანას უმღეროდა თავის პატარებს. დამპყრობლები ანგრევდნენ ქალაქებს, ბუგავდნენ სოფლებს და ამ დროს დევნილთა ყველაზე დიდი სიხარული ბავშვები იყო. ხოლო ომის ჭექა-ქუხილი რომ გადაივლიდა, ისინი შინ ბრუნდებოდნენ, რათა ნაცარტუტად ქცეული კერა კვლავ აღედგინათ.

   საქართველოში ღვთისმშობლის მრავალი სასწაულმოქმედი ხატია ცნობილი. ზოგი მათგანი სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში იმყოფება. მაგალითად, ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ათონის მთაზეა დავანებული და კურნების მადლით არის შემოსილი, ის ათონის მთის მფარველად ითვლება. იმ ხატთა შორის, რომლებსაც რუსეთში დიდ პატივს მიაგებენ, ერთ-ერთი ივერიის ღვთისმშობლის ხატია („Грузинская"). ღვთისმშობელი ყრმით ხელში გამოისახება. მის მზერაში სიყვარული და მოწყალება გამოსჭვივის, მის წინაშე თითქოს ყველანი ბავშვები ვხდებით. ღვთისმშობელი ჩვილების მფარველია; ყოველი მოკლული ჩვილი ღვთისმშობლის თვალს მომწყდარი სისხლის ცრემლია.

   ჩვენ წარმართული სამყაროს კეთილშობილების ნარჩენებსაც კი ვკარგავთ. საქართველო დიდ საფასურად - გმირთა და მოწამეთა სისხლით იყო სყიდული. ახლა კი მას ჩალის ფასად ვყიდით, ვყიდით, რადგანაც ჩვილების სახით ჩვენ საქართველოს ვკლავთ. როცა ბერძნებმა ტროა აიღეს, მათ ტროას დამცველებს შესთავაზეს, რომ თითოეულ მათგანს ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთი აეღო და განწირული ქალაქის საზღვრები დაეტოვებინა. ტროელმა მეომარმა ენეასმა მხრებზე იტვირთა თავისი ავადმყოფი, მხცოვანი მამა, რომელსაც სიბერის გამო სიარული აღარ შეეძლო, და თქვა: „ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, რაც კი გამაჩნია", - და ის ქალაქიდან გაიყვანა. ვერგილიუსი წერს, რომ სწორედ ამ საქციელის გამო ენეასის მთელი მოდგმა იკურთხა. თუ დედა ყველაფერს შესწირავს შვილის სიცოცხლის შენარჩუნებას, მის ამ საქციელს ყველაზე მეტად შეიწირავს ღვთისმშობელი და ღვთის კურთხევა იქნება მასზე.

   





წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება