მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, თანამედროვე მამები, სიძვა, მთავარი გვედის ფოტო > მოაქვს კი სიძვას ბედნიერება? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მოაქვს კი სიძვას ბედნიერება? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


1-07-2017, 00:02

 

   როდესაც ზნეობის შესახებ ვსაუბრობთ და ქრისტიანებს მივმართავთ, ხშირად ვგრძნობთ, რომ თანამოსაუბრეებს ჩვენი არ ესმით, ჩვენ თითქოს სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. თანამედროვე ადამიანს შეცვლილი აქვს ქრისტიანული მენტალიტეტი. ის შეიძლება მორწმუნე იყოს, ლოცულობდეს და ეზიარებოდეს კიდეც, მაგრამ, ამავე დროს, აზროვნებდეს და ფასეულობათა სკალას ადგენდეს მისთვის ჩვეული ჰუმანიზმის პოზიციიდან, რომელშიც ცენტრალური ადგილი უკავია, და არა ღმერთს. თანამედროვე ქრისტიანებს თითქოს დავიწყებიათ პირველქმნილი ცოდვა, პირად ცოდვებს თუმცა აღიარებენ, მაგრამ მათ მთლიანად ეთიკის სფეროს მიაწერენ, მაშინ, როდესაც ცოდვამ ადამიანის ბუნებაში გაიდგა ღრმა ფესვები. ჰუმანიზმი გვასწავლის, რომ ყველაფერი თანდაყოლილი და ემპირიული ბუნებრივია, ხოლო ბუნებრივს რეალიზაციის და დაკმაყოფილების უფლება აქვს, ოღონდ ეს უფლებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაზღვრული წესებით უნდა რეგულირდებოდეს.

   ქრისტიანობა სხვას გვასწავლის, კერძოდ იმას, რომ ემპირიული ბუნება სრულებითაც არ არის იდეალური. მან დეფორმაცია განიცადა. ჩვენი ბუნება ავადმყოფობის ბეჭედს ატარებს, რომლისგანაც გახრწნილია სულიც და სხეულიც. ეს ავადმყოფობა ცოდვაა. ამიტომ ცხოვრების აზრი ემპირიულიდან იდეალურზე გადასვლაა და არა განუახლებელი ადამიანის ყველა იმპულსის და სურვილის დაკმაყოფილება. თვითონ სიტყვა ცხონება, გადარჩენა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვიმყოფებით არჩევანის მდგომარეობაში სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, რომ მუდმივი საფრთხის წინაშე ვდგავართ.

   მოულოდნელად, თუმცა, შესაძლოა, არცთუ მოულოდნელად, საზოგადოების წინაშე, რომლის უმეტესი ნაწილიც თავს ქრისტიანად თვლის, დადგა საკითხი: არის თუ არა გარყვნილება ზნეობრივი დანაშაული და შეიძლება თუ არა ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზაცია. და აი, ზოგიერთი ადამიანი იწყებს თეორიის განვითარებას იმის შესახებ, რომ გარყვნილება თურმე დანაშაული კი არა, ჰორმონალური დარღვევაა, ფაქტია, რომელსაც სუბიექტური კი არა, ობიექტური ხასიათი აქვს. ამიტომ ჰომოსექსუალიზმი, რომელიც სექსუალური უმცირესობის სახელს არის ამოფარებული, თურმე უნდა გავამართლოთ და დავიცვათ გაკიცხვისა და დასჯისაგან, თუნდაც ეს გაკიცხვა საზოგადოებრივი აზრის გამოთქმით ხდებოდეს. ნიშანდობლივია, რომ ცოდვის გამართლებას ბიოლოგიაში ეძებენ და, ვინაიდან ჰორმონალური კომპოზიცია ფუნქციური თვისებაა, შესაბამისად, ჰომოსექსუალიზმი გარკვეულ რეალიად უნდა მივიღოთ. უცნაური არგუმენტაციაა! მკვლელისა და სადისტის სისხლში ადრენალინი მატულობს და მისი ქიმიური შემადგენლობა იცვლება. შესაბამისად, თურმე უნდა ვცნოთ, რომ ადრენალინის არსებობა მკვლელობასა და სადიზმს ბუნების ჩვეულებრივ გამოვლინებად აქცევს; ამიტომ ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ მკვლელი გამართლებული უნდა იქნეს, რადგან ის ბუნებრივად მოიქცა. მსიძავისა და მოძალადის სისხლშიც ხდება ჰორმონალური ცვლილება, რომელიც ფსიქიკაზე მოქმედებს. ნუთუ ამის გამო სიძვა და ძალადობა რეაბილიტირებული უნდა იქნენ? ზოგიერთ ბოროტმოქმედს აღენიშნება გამოხატული მემკვიდრეობითობა და დეგენერატობა. ნუთუ ამის გამო მისი დანაშაული ამორალური აღარ არის? ამ შემთხვევაში ჰუმანიზმი თავის თავს ეწინააღმდეგება. მაგრამ მას ლიბერალიზმი ეხმარება და ამ შინაგან წინააღმდეგობებს არბილებს. მაგრამ ჰუმანიზმი მუდმივად დისონირებს ქრისტიანობასთან. ქრისტიანობის მიზანი ემპირიული ადამიანის რეალიზება კი არ არის, არამედ მისი იდეალურ ადამიანად ტრანსფორმირება, ხორცშესხმა თვით ადამიანის იდეისა, რომელიც ქრისტემ განახორციელა თავის თავში და სიცოცხლედ მოგვევლინა. ქრისტიანული მორალი მოითხოვს, რომ გარყვნილება სინდისისა და საზოგადოების წინაშე ყოველთვის შეფასდეს, როგორც დანაშაული, როგორც ადამიანის დემონიზაცია, როგორც შებღალვა ღვთის ხატებისა ადამიანში, როგორც უარყოფა ქრისტიანობისა. ადამიანი, რომელიც თავის მანკიერებებს ებრძვის, თავს კი არ განიძარცვავს, არამედ უფრო შინაარსიანად ცხოვრობს. ამის საპირისპიროდ კი, ადამიანი, რომელიც ბილწ გულისთქმებს ეძლევა და, მით უმეტეს, ამართლებს კიდეც მათ, ავადმყოფურ დემონურ კომპლექსებში ცხოვრობს.

   დღევანდელ ჰუმანიზმს, რომელიც რომანტიზმს გაეყარა და ლიბერალიზმის - თავისი პარტიული მეგობრის მოკავშირე გახდა, სურს დაამკვიდროს აზრი, რომ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური არსებაა. ეს ძალა კი სრულებითაც არ წარმოადგენს ისეთ აუცილებლობას, როგორიც საზრდო და ჰაერია. ის შეგნებით უნდა დარეგულირდეს და, უპირველეს ყოვლისა, შთამომავლობის გასაგრძელებლად წარიმართოს, ე.ი. ცოლქმრულ კავშირში განხორციელდეს, და არა იმპერატივად იქცეს ადამიანისთვის. შიშველი სექსი პათოსექსად გადაგვარდება, ხოლო ამ უკანასკნელს ერი და ხალხი ზნეობრივ და ფიზიკურ განადგურებამდე მიჰყავს. ჩვენში ცოდვა მკვიდრობს, მაგრამ ის არ სპობს ადამიანის თავისუფალ ნებას და არ განაპირობებს ჩვენს ქცევებს. უფალი ბიბლიის პირველსავე ფურცლებზე ამბობს: „სცოდე, დაყუდენ შენდამი მიქცევაი მისი და შენ ჰმთავრობდი მას". ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ, მაშინ ავხორცული ჟინი არ უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების დომინანტი. რაფინირებული ავხორცობა კანის დაავადებას ემსგავსება, რომელიც განუწყვეტელ ქავილს იწვევს. გარყვნილების გამართლება, ანუ მისდამი ადაპტირება ქრისტიანული ცხოვრების აზრის დაკარგვას ნიშნავს. ამ შემთხვევაში პატიოსანი საქციელი ის უფრო იქნება, რომ ადამიანმა თავის თავს ქრისტიანი აღარ უწოდოს და ჯვარი მოიხსნას მკერდიდან. პავლე მოციქული, საუბრობს რა წარმართულ სიბილწეებზე, რომლებმაც კაცობრიობა გადაგვარების საფრთხის წინაშე დააყენა, იმ საძაგელ და ამაზრზენ ცოდვასაც ახსენებს, რომელიც კაცს ქალად აქცევს, ხოლო ქალს - კაცად.

   მაგრამ განა მოაქვს სიძვას ბედნიერება? მრავალი გამოჩენილი მოაზროვნე ამბობდა, რომ ადამიანის უმაღლესი ღირსება ცოლქმრული თავშეკავებაა, თუკი სრული უბიწოების დაცვა შეუძლებელია. ქრისტიანობის ისეთი მტრებიც კი, როგორებიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და მაქსიმ გორკი, აღიარებდნენ ამ საკითხის ტრაგიკულობას. თავშეკავება და საკუთარი ვნებების ფლობა ვაჟკაცობის ნიშნად ითვლებოდა ყოველთვის. მაგრამ სასოწარკვეთას ნუ მიეცემიან ისინი, ვისი სულებიც ცოდვის ზრახვებს შეუპყრიათ და საცდურებით გამოიცდებიან. წმიდა იოანე სინელი წერს: „მინახავს ბუნებით მშვიდი ადამიანები, მაგრამ მშფოთვარე და მრისხანე სულებიც მიხილავს, რომელთაც სულიერ ბრძოლაში მოიპოვეს სიმშვიდე; და ეს უკანასკნელნი პირველებზე მაღლად შევრაცხე". უბიწოება ადამის დროიდან აღარ არის ჩვენი სულის თვისება. ის სასტიკ სულიერ ბრძოლაში მოიპოვება. მაგრამ ჩვენ გვაქვს შემწეობა, ეს ღვთის მადლია, მთავარია, ადამიანს მტკიცე ნება-სურვილი ჰქონდეს.




წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება