მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სილამაზე გადაარჩენს სამყაროს - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
სილამაზე გადაარჩენს სამყაროს - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)28-06-2017, 00:03 |
ამჟამად ჩვენ ვხედავთ კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არნახულ ზნეობრივ გახრწნას, რომელმაც ზოგადსაკაცობრიო კატასტროფის ხასიათი მიიღო. ადამიანი, როგორც ზნეობრივი პიროვნება, განადგურებულია. სიკეთესა და ღირსებაზე ძველი შეხედულებების გადმონაშთები ჯერ კიდევ შემორჩენილია, მაგრამ სულ მალე მათი კვალიღა დარჩება მხოლოდ. ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენტროპიას - ღვთის მადლია. მაგრამ პირობა მადლის მოქმედებისთვის ადამიანის ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულია. როდესაც სიყვარული იშრიტება, მადლი განეშორება და იწყება დაცემა: ადამიანი ემსგავსება მხეცს და მხეცი დემონს. იქ, სადაც ქრება მსგავსება ღვთისა, დემონის მიმსგავსება იწყება. სიყვარული მშვენიერს ეძებეს. სიყვარულის გრძნობა სილამაზის ცნებისგან განუყოფელია. ქრისტიანობა განაცხადებდა ადამიანის სულის, როგორც ღვთის ხატებისა და მსგავსების, უკვდავ სილამაზეს. ღვთისკენ მიმართული ქრისტიანის სული ღვთიური ნათლის ანარეკლს ყოველ ადამიანში ხედავდა. თავგანწირვა უსიყვარულოდ შეუძლებელია. ადამიანებმა დაკარგეს რა მისტიკური გრძნობა, როგორც უნარი ადამიანში ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტისა, ავტონომიური და არარსებული სილამაზის ძებნას შეუდგნენ ამა სოფელში. სიყვარული იდეალურისკენ სწრაფვაა და ამ იდეალთან ერთობის სურვილი. აქ ჩნდება რომანტიკა მშვინვიერი და ხორციელი სიყვარულისა, მოქალაქეობრივი სიმამაცისა და ა.შ. ამასთან სიყვარულის ობიექტი რეალური სახით კი არ აღიქმება, არამედ წარმოსახვით გამშვენიერებული. სახელმწიფო, ერი და ა.შ. აღიქმებიან, როგორც სრული სიკეთის მატარებლები. მაგრამ ერის, მეგობრების, ხელოვნებისა და ბუნების რომანტიკული სიყვარული მეტადრე კი კაცისა და ქალის სიყვარული, ერთგულებაში, თავგანწირვასა და საგმირო საქმეებში ვლინდებოდა, თუნდაც პერიოდულად და სპორადულად. სპარტანელებისთვის იდეალი სპარტის ისტორია იყო, ათენელებისთვის - ათენის სახელმწიფოებრივი წყობა, მეჯნუნისათვის - ლეილი, კონფუცის მიმდევრისთვის - ოჯახი თავისი წინაპრებით. სიყვარული, თუნდაც მიწიერი და მიმქრალი, ასაზრდოებდა ადამიანების ერთობას, სოლიდარობას, მოვალეობის გრძნობას, ურთიერთპატივისცემას, ყოველივე იმას, რასაც კეთილშობილება ჰქვია. ადამიანს არ შეუძლია უყვარდეს სისაძაგლე, ის მაცდუნებელი ცოდვის სახითაც რომ წარმოუდგეს მას. ადამიანების სოლიდარობა რომ მოისპოს, გმირობა და თავგანწირვა უსარგებლოდ შეირაცხოს და მათი ნიადაგი გამოეცალოს, იდეები და სილამაზე უნდა განადგურდეს, თვით იდეალურის ცნება უნდა გამასხარავდეს. ადამიანი რთული და წინააღმდეგობრივი არსებაა. ის ტალახში ჩაგდებულ ოქროს ჰგავს. ამ ოქროს ათინათი ჯერ კიდევ მოგვაგონებს ადამიანის სილამაზეს: ის ლაფში უნდა ჩაიძიროს მთლიანად და მაშინ თვით სიყვარულიც შეუძლებელი გახდება. ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, მაგრამ მასში ფესვგადგმულია ცოდვა, რომელიც მან ნებისყოფით უნდა დაძლიოს. არარელიგიურ ადამიანებშიც კი წესიერებაც ხომ გარკვეული იდეაა. ეს არის იდეა ადამიანის ღირსებისა, თუმცა თავად სიტყვა „ღირსება" მათთვის გაუგებარია. ჩვენთვის საყვარელი ადამიანი უეცრად, როგორც ზღაპარში, ცხოველად ან რეპტილიად რომ იქცეს, ჩვენ ვერ შევძლებთ სიყვარულის შენარჩუნებას მწვირეში მწოლიარე ღორის, ან უზარმაზარი ობობას, ან შხამიანი გველის მიმართ. ის ბინძურ და ჟინიან მაიმუნადაც რომ იქცეს, არა გვგონია, რომელიმე ჩვენგანს მოუნდეს, თავი შესწიროს მის კეთილდღეობას - იმას, რომ მან ჭამოს ბანანები და ჟინი დაიკმაყოფილოს. დღეს დემონურ ძალებს ლიბერალიზმის სახელით სურთ სილამაზის ნაშთების განადგურება ადამიანში. აღვირახსნილი ადამიანი ცოდვაში პარტნიორობა, მაგრამ მისი შეყვარება ერთგული და თავგანწირული სიყვარულით შეუძლებელია. ადამიანი არ შესწირავს თავის სიცოცხლეს მას, ვინც ცოცხალ ჩირქგროვად ქცეულა, სულითაც და ხორცითაც, ის არ იგრძნობს პასუხისმგებლობას მის წინაშე. გახრწნილ სამყაროში სიყვარული ქრება. სულიერი სიცივე და სიცარიელე უღიმღამოს და უმიზნოს ხდის ცხოვრებას. ადამიანი გულგრილი გახდა ადამიანის მიმართ. მეტიც, ის მტრად აღიქვამს მას. თუ ერთი იხრჩობა, მეორე თავს საფრთხეში არ ჩაიგდებს და საშველად ხელს არ გაუწვდის, მას ხომ მის თვალში ფასი დაუკარგავს. ის არ თვლის მას მეგობრად, მოყვასად, თუნდაც ადამიანად, - დაე, დაიხრჩოს გახრწნილი ხორცის ნაჭერი. ტელევიზია ყოველდღიურად გვიტარებს გაკვეთილებს: როგორ უნდა ვიქცეთ ღორად ან ვეფხვად, და ადამიანებიც თანდათან ეგუებიან იმ აზრს, რომ ცხოვრების მიზანი სიბინძურის გამუდმებული ქექვაა, რომ ადამიანისთვის ყველაფერი ნებადართულია, რომ სიწმინდე შუა საუკუნეების გადმონაშთია. ნეფე-პატარძლის უმანკო სიყვარულიც კი, ხოტბაშესხმული ყველა ერის პოეზიაში, თანდათან ქრება. ქრისტიანობა, მით უმეტეს მართლმადიდებლობა, განაახლებს ადამიანს, როგორც პიროვნებას. ის ძალას ანიჭებს მას, რათა წინ აღუდგეს ცოდვას. ამიტომ მართლმადიდებლობა იდევნებოდა და მომავალშიც იდევნება. ცოდვამ გაყო, დაანაწევრა კაცობრიობა, ის ჯაჭვის რგოლებივით დაიშალა. ცოდვამ დააჭკნო ადამიანის სულის სილამაზე. არსებობს ცოდვის კიდევ ერთი - არა ფსიქოლოგიური, არამედ მეტაფიზიკური ფაქტორი: ადამიანის სული უხილავ ემანაციებს ასხივებს, რომლებიც მიუწვდომელია ჩვენი სენსორული გრძნობებისთვის, მაგრამ ჩვენი სული აღიქვამს მათ. ცოდვილი ადამიანი განსაკუთრებულ სიმყრალეს გამოსცემს, რომლისგანაც პირს იბრუნებს მისივე მსგავსი ცოდვილი ადამიანის სულიც კი. ამიტომ ცოდვაში ყოველთვის იგრძნობა მეტაფიზიკური სიმძიმე, განსაკუთრებით - ბილწ ცოდვებში, რომლებიც დღეს უკვე ჰობია ბევრი ადამიანისთვის. ამიტომ პირუტყვის მიბაძვას აღარ ვჯერდებით და დემონს ვემსგავსებით. სხვისი უბედურება ჩვენში ამიტომაც იწვევს ფარულ სიხარულს, თითქოს შურისძიების განცდა გვეუფლება იმისთვის, რაც ადამიანებმა დაკარგეს და ფეხქვეშ გათელეს. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, რომელიც თავგანწირვაზეა დაფუძნებული. მან იხსნა ადამიანი ყველაზე საშინელი მონობისგან, ახლა კი ადამიანი ნებაყოფლობით დაემონა ყველაზე ცუდ ბატონს - ცოდვასა და დემონს. სულიერ სილამაზესთან ერთად ადამიანმა სიყვარულის ნიჭიც დაკარგა. მან მონობა მოიწადინა და მიიღო კიდეც. ძველმა ბრძენებმა თქვეს, რომ სილამაზე გადაარჩენს სამყაროს. უმაღლესი სილამაზე ღმერთია, მისი ანარეკლია, ხატი ღვთისა - ადამიანი. სილამაზესთან ერთად გაქრა სიყვარულიც და დადგა მეტაფიზიკური ღამე.
წიგნიდან „სულის უდაბნო" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |