მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ნორმა“ და არანორმალურობა

„ნორმა“ და არანორმალურობა


26-06-2017, 00:03

„ნორმა“ და არანორმალურობა

 

   თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობისთვის ცოდვილი ცხოვრება ისეთივე ნორმა გახდა, როგორც დილით გაღვიძება, სამსახურში წასვლა და საკვების მიღება. ცნება „ნორმა" თითქოს ოქროს შუალედს, სამეუფო გზას განსაზღვრავს, რომლისაგან გადახვევა უპატიებელ შეცდომად მიიჩნევა. თითოეული ადამიანი თითქოს თავისი დოზის „ნორმას" ეძებს განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც იმყოფება. ზოგნი, თავისი ქცევის „ნორმას" ნებსით თუ უნებლიეთ, ტელევიზიისა და მედეა საშუალებების მეშვეობით აყალიბებს. სხვანი, „ნორმას" მსახიობის, ცნობილი სახის ან გავლენიანი პირების ცხოვრების წესით განსაზღვრავენ. ადამიანთა უმრავლესობისთვის ცხოვრების „ნორმა" - საზოგადოების უმეტესი ნაწილის მიერ ჩამოყალიბებული მიწიერი, დროებითი ფასეულობების ერთობლიობის ერთგვარი კრებულია. ცხოვრების „ნორმა" და უმრავლესობის აზრი (პარტიულ უმრავლესობას არ ვგულისხმობ. ავტ.) - გაიგივებულია. უმრავლესობისთვის მისაღები „ნორმაა", მაშასადამე - ჭეშმარიტია. ერთი სიტყვით, ადამიანის ცხოვრების ნორმას განსაზღვრავს ყველაფერი გარდა სინდისისა და ღვთაებრივი კანონებისა.

   მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე გლობალიზმი, ევოლუციონიზმი, პროგრესი ჩვენგან დამოუკიდებლად გამუდმებით ცვლის ცხოვრების „ნორმის" განსაზღვრებას და არცთუ ისე იშვიათად ჩვენთვის დადგენილი „ნორმები" აშკარა წინააღმდეგობაშია ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ დამკვიდრებული „ნორმისაგან", - ჩვენ მაინც შემოთავაზებული „ნორმის" ერთგულნი ვრჩებით და ბრმად ვემორჩილებით მას.

   შედეგად, პოლიტიკოსების უმრავლესობისაგან გამუდმებითი ტყუილის მოსმენა - „ნორმაა", ჟურნალისტებისაგან და ტელეწამყვანთაგან ტენდენციური ინფორმაციის გავრცელება და ეკლესიის დისკრედიტაცია - „ნორმაა", თავისუფალი და მდიდარი სექსუალური ცხოვრების პროპაგანდა - „ნორმაა", სკოლებში გარყვნილების შეტანა და ბავშვების გარყვნა - „ნორმაა", ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება - „ნორმაა", საზოგადოებაში ბილწსიტყვაობის პროპაგანდა - „ნორმაა", მსუბუქი ნარკოტიკების პროპაგანდა - „ნორმაა", მლიქვნელობა და ნებისმიერი გზით მიზნის მიღწევა - „ნორმაა", ლიბერალ-მოდერნისტული მსოფლმხედველობა - „ნორმაა". მხოლოდ ამქვეყნიური კომფორტისა და კეთილდღეობის ძებნა - „ნორმაა". ერთი სიტყვით, ჩვენი ქვეყნის შვილების მრავალსაუკუნოვანი სარწმუნოებრივი და ეროვნული ღირებულებების დაკნინება - „ნორმად" გაგვიხადეს. უფრო მეტიც - ცხოვრების იდეალადაც წარმოგვიდგინეს.

   ჩვენი საზოგადოების საშუალო და ხანდასმული ასაკის ადამიანებისთვის რაც სულ ცოტა ხნის წინ ითვლებოდა აბსოლიტურად არანორმალურად, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინება და მამათმავლობის პროპაგანდა, დღეს ამას „ნორმად" წარმოგვიდგენენ და კანონით ამყარებენ.

   ჩვენთვის თანამედროვე ცხოვრების „ნორმა" ერთგვარი გამამართლებელი საბუთი, უდავო არგუმენტი, ყველა კითხვაზე პასუხი და ზოგიერთი მოხიბლული ადამიანისთვის, ზეცისკენ მიმავალი გზაცაა. ეს „ნორმა" კომფორტულია, ადვილად გასაგები და განსახორციელებელია, ის არ საჭიროებს მოთმინებასა და თავდადებას, „ტოლერანტობა" და „ინდეფერენტულობა" ცვლის მას. ამ „ნორმით" ცხოვრება არ საჭიროებს ვაჟკაცობას, ცრუ-ვაჟკაცებით და ლაჩრებით გაივსო ქვეყანა. მერე რა, რომ სინდისი გვამხელს, საღი აზრისა და ანალიზის ჩარჩოში არ თავსდება შემოთავაზებული „ნორმების" ერთობლიობა - „ნორმა" მაინც აღმატებულია, პრიორიტეტულია, ძვირფასი და გასაფრთხილებელია, რადგან მისი უდიდებულესობა „უმრავლესობა" ფლობს მას.

   ვაი თუ დადგენილ „ნორმაში" ვერ მოვთავსდი, - ფიქრობს თანამედროვე ადამიანი. რას იტყვის და იფიქრებს უმრავლესობა ჩემზე? ვაი თუ დამცინა ვინმემ? მერე რა, რომ ზნეობრივ ნორმებს არ ვაღიარებ, მერე რა, რომ ვცოდავ და ვღალატობ ღმერთსა და ქვეყანას. მერე რა, რომ ქართულ მიწას ჰყიდიან. მთავარი დადგენილი ღირებულება ხომ ამქვეყნიური ცხოვრების „ნორმაა". იგი გაგვამართლებს, დაგვიცავს და არ გაგვწირავს. 

   მაგრამ, ღვთის წყალობით, ადრე თუ გვიან მრავალი ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც ნათდება გონება, იღვიძებს მიძინებული სული, აეხილება თვალები და აშკარა ხდება, რომ ეს „ნორმა" - არანორმალურია.

   არანორმალურია - მარადიული ღირებულებების დავიწყება და დაკნინება, ხოლო დროებითი ღირებულებების გაკერპება.

   არანორმალურია - მართლმადიდებლური და ეროვნული სულისკვეთების დევნა, მათი გაყალბება და ცრუ სწავლებების შემოპარება.

   არანორმალურია - უზნეო ცხობრების წესის პროპაგანდა და მათი სკოლებში დანერგვა.

   არანორმალურია - დუმილი, შიში და ლაჩრობა, როდესაც ღმერთს ღალატობენ, სამშობლოს გიჩანაგებენ და ტერიტორიებს გართმევენ.

   არანორმალურია - მრავალი ჟურნალისტის ტენდენციური, გაყალბებული და არაობიექტური გადაცემების საშუალებებით საზოგადოების დემორალიზაცია და შეცდომაში შეყვანა.

   არანორმალურია - იეზუიტური, გამყიდველური სულისკვეთების პროპაგანდა, როდესაც მიზანი ნებისმიერი ხერხით ამართლებს საშუალებას. 

   არანორმალურია - ნარკომანია, მრუშობა, მკვლელობა, ბილწსიტყვაობა, ადამიანების მიმართ უპატივცემულობა და დაცინვა.

   არანორმალურია - ლიბერალური, ნიჰილისტური, მოდერნისტული, ათეისტური მსოფლმხედველობა, რაც ჩვენს ერს ხრწნის და განადგურებას უქადის.

   არანორმალურია - „ნორმა", რომელსაც თანამედროვე მსოფლიო ქადაგებს!



დავით ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება