მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ღვთივსათნო ცხოვრების წესი
ღვთივსათნო ცხოვრების წესი19-05-2016, 00:01 |
ეცადე ყოველთვის ადრე და განსაზღვრულ დროს ადგე. განსაკუთ-რებული მიზეზის გარეშე შვიდ საათზე მეტს ნუ იძინებ. გაღვი-ძებისთანავე ღრმა თაყვანისცემით გადაიწერე პირჯვარი და გაიხსენე ჩვენი ცხონებისათვის ჯვარზე გაკრული და მომკვდარი უფალი იესო ქრისტე. სასწრაფოდ ადექი საწოლიდან, ჩაიცვი და ნუ მისცემ თავს უფლებას ინებივრო საწოლში. ჩაცმის დროს გახსოვდეს, რომ იმყოფები ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე. შემდეგ წაიკითხე დილის ლოცვა. მუხლმოდრეკის შემდეგ ილოცე ყურადღებით, ღრმა თაყვანისცემითა და სიმდაბლით. გამოითხოვე რწმენა, იმედი, სიყვარული და კურთხევა. ასევე ძალა, ღვთის მიერ ამ დღისათვის გამოგზავნილი თუ დაშვებული ყოველგვარი სირთულის, უბედურების, განაწყენების, თავდასხმის, მწუხარების, ავადმყოფობის და ყველა სხვა მოვლენის სულგრძელობით მიღებისათვის იესო ქრისტეს სიყვარულისათვის. ყოველი დილით 15 წუთი მაინც დაუთმე რწმენის ჭეშმარიტებებზე ფიქრს, განსაკუთრებით ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმ-ლოზე, მის საშინელ მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე. ყოველ დილით იფიქრე, რომ მხოლოდ ახლა იწყებ და გინდა იყო ქრისტიანი, ხოლო წარსული დრო ამაოდ დაიკარგა. ლოცვისა და განჯის შემდეგ, თუკი დრო გექნება, წაიკითხე რომე-ლიმე სულიერი წიგნი, მაგალითად: წმინდა დიმიტრის „Алфавит духовный", ან წმ. ტიხონ ზადონელის „Сокровище от мира собираемое" და იკითხე მანამ, სანამ შენი გული არ მოლბება. კითხვის დროს დაუფიქრდი და კარგად ჩაწვდი, თუ რას ეუბნება უფალი შენს გულს. ამის შემდეგ მიხედე შენს საქმეებს. დაე, ყოველი შენი ქმედება ღვთის სადიდებლად იყოს მიმართული. გახსოვდეს, რომ ღმერთი ყველგან გხედავს. ხედავს შენს ყოველ მოძრაობას, საქმეს, გრძნობებს, ზრა-ხვებსა და სურვილებს და გულუხვად დაგაჯილდოებს კეთილი საქმეებისთვის. ნუ დაიწყებ საქმეს ლოცვის გარეშე. სადილის დროს წარმოიდგინე, რომ შენს დასაპურებლად ზეციური მამა გიწვდის ხელს. არასდროს გამოტოვო სადილის წინა ლოცვები, უწილადე შენი სუფრიდან ღარიბებსაც. ყოველთვის გაიხსენე უფალი ღმერთი და მისი წმინდა სიყვარული ჩვენ ცოდვილთა მიმართ. ეცადე ყველაფერში ღვთის ნებას აღასრულებდე და სათნო ეყო მხოლოდ მას. ყველაფერი ღვთისათვის აკეთე და დაითმინე. ნუ იშრომებ კაცთა შორის სიყვარულისა და პატივის მოსაპოვებლად, არამედ იმისთვის, რომ სათნო ეყო ღმერთს და შენი სინდისი ცოდვებისათვის არ გამხილებდეს. იფხიზლე ყურადღებით საკუთარ თავზე, გრძნობებზე, ზრახვებზე, გულსა და ვნებათა მოძრაობებზე. ნურაფერს ჩათვლი მეორეხარის-ხოვნად, როცა საქმე შენს გადარჩენას ეხება. იყავი მორჩილი და მდაბალი. დადუმდი და ითმინე იესოს მაგალითით. სათნოებათა მოხვეჭა სულის მწუხარებისა და ტკივილის გარეშე არც იფიქრო. გამოითხოვე უფლისაგან მადლი მისი წმინდა მცნებების რაც შეიძლება უკეთ შესასრულებლად. მცირე დროითაც ნუ დარჩები უსაქმოდ, არამედ იყავი ყოველთვის შრომასა და საქმიანობაში. წვრილმან ცოდვებსაც კი გაექეცი, ვინაიდან მცირე ცოდვებს აუცი-ლებლად მოსდევს დიდი და მძიმე. იმისათვის, რომ არ შეგაწუხონ ბოროტმა ზრახვებმა, სიმდაბლით მიიღე დამცირება და ხორციელი მწუხარება არა ერთ რომელიმე შემთხვევაში, არამედ ყოველთვის, ყველგან და ყოველ საქმეში. ღვთისგან დამაშორებელი ყოველი ზრახვა, განსაკუთრებით, ბილწი ხორციელი ზრახვა, განაგდე გულიდან რაც შეიძლება მალე, ისევე როგორც ტანსაცმელზე მოხვედრილი ნაპერწკალი. ამ დროს ძლიერად ილოცე: უფალო შემეწიე და შემიწყალე, ნუ დამიტევებ და ბოროტთაგან მიხსენ მე. განსაცდელმა არ აგაფორიაქოს. შეინარჩუნე სულის სიმშვიდე და მიენდე ღმერთს: თუკი ღმერთი შენთანაა, ვინ დაგამარცხებს? ისურვე იცხოვრო და მოკვდე მხოლოდ უფლისათვის და ეკუთვნოდე მას. როცა ადამიანებისაგან რაიმე დამცირებას მიიღებ, იცოდე, რომ ღმერთმა გამოგიგზავნა შენს სადიდებლად და ასეთი მიდგომით შეურაცხყოფილიც, მწუხარებისა და აფორიაქების გარეშე, დიდებაში იქნები. თუ საკვები და სამოსელი გაქვს, ამითაც კმაყოფილი იყავი. არასოდეს იკამათო და ზედმეტად ნუ დაიცავ თავს; ნუ მოითხოვ ბოდიში მოგიხადონ. ხელმძღვანელებისა და მოყვასის წინააღმდეგ საჭიროებისა და მოვალეობის გარეშე ნუ იტყვი ნურაფერს. იყავი გულით უბრალო და გულწრფელი. სიყვარულით მიიღე რჩევა-დარიგება, შეგონება და მხილება სხვებისაგან, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო. ნუ იქნები მოძულე, შურიანი, მეტისმეტად მკაცრი სიტყვითა და საქმით. რაც შენთვის არ გინდა, სხვას ნუ გაუკეთებ და რაც სხვამ გინდა გიყოს, პირველად თვითონ გაუკეთე. თუკი ვინმე გესტუმრება, გულით ევედრე ღმერთს, მოგმადლოს მორჩილებისა და სიმდაბლის სული. იყავი ალერსიანი, მოკრძალებული, ფრთხილი, კეთილგო-ნიერი, მდგომარეობის მიხედვით ყრუ და ბრმა. იფიქრე, რომ იესო იმყოფება მათ შორის, ვისთანაც საუბრობ. გახსოვდეს, რომ ადამიანს ყოველი უქმი სიტყვისათვის მოეკითხება. დაუფიქრებლად ნურაფერს იტყვი. უფრო მეტად მოუსმინე, ვიდრე ილაპარაკებ. მრავალ-მეტყველების დროს ცოდვას ვერ გაექცევი. ახალი ამბების მიმართ ცნობისმოყვარე ნუ იქნები - ის ართობს სულს. თუკი სიტყვით ვინმეს სარგებლობას მოუტან, ღვთის მადლს მიაწერე. ეცადე ყველას სიკეთე გაუკეთო, მიუხედავად იმისა, დაგიფასებენ თუ არა, იქნებიან თუ არა მადლიერნი. ვახშმობის დროს გაიხსენე იესო ქრისტეს უკანასკნელი საღამო და ევედრე მას, რომ ზეციური საღამოს ღირსი გაგხადოს. დაძინებამდე გამოსცადე საკუთარი სინდისი; სთხოვე ღმერთს საკუთარი ცოდვების შეცნობისათვის გაგინათლოს გონება; განიხილე შენი ცოდვები; ითხოვე მათთვის შენდობა; განსაზღვრე ნათლად და ზუსტად რა გზებით და როგორ აპირებ საკუთარი თავის გამოსწორებას. შემდეგ მიენდე ღმერთს. თითქოს იმ ღამით მის წინაშე უნდა წარ-სდგე, სთხოვე მფარველობა ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს და წმინდანს, რომლის სახელსაც ატარებ. წარმოიდგინე საწოლი კუბოდ, ხოლო საბანი სუდარად; გადაიწერე პირჯვარი. ემთხვიე ჯვარს, რომელსაც ატარებ და დაიძინე ღვთის მფარველობის ქვეშ. თუ ვერ იძინებ, ან ფხიზლობ ღამის განმავლობაში, გაიხსენე სიტ-ყვები: „შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაი იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს..."; ან ის ბოლო ღამე მოიგონე, როდესაც იესო სისხლიანი ოფლით ევედრებოდა მამას; ილოცე ამ დროს მძიმედ სნეულთა, სასიკვდილო სარეცელზე მყოფთა, ტანჯულთა და მიცვალებულ-თათვის, და ევედრე უფალს, რომ არ დაგფაროს სამუდამო ბნელეთმა. ავადმყოფობის ჟამს, უპირველეს ყოვლისა, მიენდე ღმერთს და საკ-უთარი სულის განსამტკიცებლად ხშირად გაიხსენე და იმსჯელე იესო ქრისტეს ტანჯვასა და სიკვდილზე. აუცილებლად ილოცე, რაც იცი და როგორც შეგიძლია. ითხოვე ცოდვათა მიტევება და მოთმინება სნეულებისას. ყველანაირად ეცადე, არ იწუწუნო და არ გაღიზიანდე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ავადმყოფობისას. უფალმა იესო ქრისტემ დაითმინა ჩვენი ცხონებისათვის საშინელი ტანჯვა-წამება, ხოლო ჩვენ რა გავაკეთეთ, ან რა დავითმინეთ ჩვენი გადარჩენისათვის? რაც შეიძლება ხშირად იარე ღვთის ტაძარში ღვთისმსახურებაზე, განსაკუთრებით ეცადე დაესწრო ლიტურგიას; კვირა დღე და დღესასწაულები აუცილებლად შესწირე უფალს; ტაძარში დგომისას ყოველთვის გახსოვდეს, რომ იმყოფები ღვთის, ანგელოზებისა და წმინდანთა თანდასწრებით; ლიტურღიის შემდეგ დღის დანარჩენი დრო მიუძღვენი სულის მაცხოვნებელი წიგნების კითხვას, ქველ-მოქმედებასა და სხვა ღვთივსათნო საქმეებს. შენი ანგელოზისა და დაბადების დღეც ღვთის სადიდებლად წარმართე. ყოველი თვისა და წლის გასვლის შემდეგ სინდისი უფრო მკაცრად გამოსცადე; თქვი აღსარება და ეზიარე რაც შეიძლება ხშირად. წმ. ზიარებაში მონაწილეობა მიიღე მოწყურებული სულით, შემუსვრილი გულით, ღრმა თაყვანისცემით, სიმდაბლით, რწმენით, იმედით და სიყ-ვარულით. რაც შეიძლება ხშირად გაიხსენე იესო ქრისტეს ტანჯვა და სიკვდილი და ევედრე მას, აღხოცოს შენი ცოდვები და მიგიღოს თავის სამფლობელოში. იესოს სახელი ყოველთვის გქონდეს ბაგეებზე, გონებასა და გულში. რაც შეიძლება ხშირად იმსჯელე შენს მიმართ უფლის უდიდეს სიყვარულზე, იმისათვის, რომ შენც შეიყვარო ის ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. თუ ასე იცხოვრებ, გექნება ამ სოფლად მშვიდი, ზეცაში კი ნეტარი ცხოვრება უკუნითი უკუნისამდე.
კოსტრომის არქიეპისკოპოსის პლატონის თხზულებიდან Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |