მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > წმ. მამათა ერთსულოვანი სწავლების თაობაზე (ნაწილი 3)

წმ. მამათა ერთსულოვანი სწავლების თაობაზე (ნაწილი 3)


24-06-2017, 00:03

წმ. მამათა ერთსულოვანი სწავლების თაობაზე (ნაწილი 3)

 

   ძირითად დოგმატურ განსაზღვრებათა თაობაზე არსებობს წმ. მამათა ერთიანი და ერთსულოვანი მართლმადიდებლური სწავლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წმ. მამებს ყველა საღვთისმეტყველო საკითხზე ჰქონდათ ამგვარი თანხმობა. ეკლესიის ისტორია ცხადყოფს, რომ არაერთ წმ. მამას გააჩნდა კერძო შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. მაგრამ ზოგიერთი მამა თავის შეხედულებას მანამ იცავდა, სანამ საკითხს საეკლესიო კრება განიხილავდა. ამის შემდეგ კი ყველა ეთანხმებოდა საეკლესიო კრების სარწმუნოებრივ განაჩენს. ამას ნათლად მოწმობს ქილიასტების ამბავი. მათ აზრს II საეკლესიო კრებამდე იზიარებდნენ წმ. იუსტინე, წმ. ირინეოსი, წმ. იპოლიტე, მაგრამ კრების შემდეგ არც ერთი. ე.ი. დოგმატი წერტილს უსვამს ნებისმიერ სადავო საკითხს. ამრიგად, დიდი მნიშვნელობა აქვს წმ. მამის საბოლოო შეფასებას ამა თუ იმ საღვთისმეტყველო საკითხთან მიმართებაში. მაგალითად, წმ. კირილე ალექსნადრიელის ღვთისმეტყველებას სამ ეტაპად ჰყოფენ: 1) ადრეული, 30-იან წლებამდე პერიოდი; 2) მესამე მსოფლიო კრების პერიოდი; 3) დრო, რომელიც ალექსანდრიელი მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა. ეს იოანე ანტიოქიელთან და აღმოსავლეთის მამებთან შეთანხმებისა და დაახლოების პერიოდია. უნდა ითქვას ერთიც: წმ. კირილე ალექსანდრიელის გვიანდელი შემოქმედება იმდენად განსხვავდებოდა მისი ადრეული სწავლებისაგან, რომ წმინდანის მომხრეებისა და მიმდევრების ერთი ნაწილი განუდგა მას. (იხ. წმინდანის ცხოვრება).

   ამრიგად, როდესაც წმ. მამის აზრები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, მაშინ ის სწავლებაა მეტად სანდო, რომელიც ეკლესიის დოგმატური განსაზღვრების იდენტურია.

   ზოგიერთ საღვთისმეტყველო საკითხზე, რომლებიც ცხადად არც განუხილავს მსოფლიო კრებებს, რჩებოდა აზრთა სხვაობა. ამ შემთხვევაში სწორედ უმრავლესი წმ. მამის აზრი იყო უფრო სარწმუნო, როგორც ამბობს წმ. ბიკენტი ლირინელი. 

   ამრიგად, ყველანაირი კამათი საღვთისმეტყველო საკითხების ირგვლივ წმ. მამათა ერთიანი სწავლების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ამასთან, ჭეშმარიტების უცილობელ მტკიცებად მხოლოდ წმ. მამების ერთსულოვანი აზრი გამოდგება, მხოლოდ ასეთი სწავლებაა ყველასათვის მისაღები ვით უცდომელი კანონი და არა ცალკეული მამის აზრი და ვარაუდი.


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება