მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > წმ. მამათა ერთსულოვანი სწავლების თაობაზე (ნაწილი 2)

წმ. მამათა ერთსულოვანი სწავლების თაობაზე (ნაწილი 2)


23-06-2017, 00:02

წმ. მამათა ერთსულოვანი სწავლების თაობაზე (ნაწილი 2)

 

   განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ცალკეული წმ. მამის აზრი ეწინააღმდეგება ერთიან მამებისეულ სწავლებას. რა პრინციპს მიმართავს ამ დროს ეკლესია? ამ დროს მართლმადიდებელი ეკლესია ერთიანი მამებისეულ ცნობიერების - consensus partum-ის პრინციპს იყენებს. სწავლების სახით ეს პრინციპი წმ. ბიკენტი ლირინელმა ჩამოაყალიბა ცნობილ ფრაზაში: „გვმართებს დავიცვათ ის სწავლება, რისიც სწამდათ ყველგან, რისიც სწამდა ყველას, რისიც სწამდათ ყოველთვის". წმ. ბიკენტიმ საფუძვლიანად განიხილა ყველა შრე, ნიუანსი ამ საკითხისა და დაასკვნა: „თუ მავანი თავს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, ამავდროულად შემოაქვს ახალი სწავლება, მაშინ ქრისტიანი ვალდებულია მიმართოს ძველ მამებს, რომლებიც არ არიან სიახლით ცბიერად გაყალბებულნი; ხოლო თუ თავად ძველ ნაშრომებში შეინიშნება ორი ან სამი ადამიანის ცდომილება, მაშინ უნდა ვეცადოთ მცირერიცხოვანთა უმართებულო მოსაზრებას ვამჯობინოთ ეკლესიის მთელი სისავსის გადაწყვეტილება. უმართებულობას ვაწყდებით იქ, სადაც ვერ ვპოულობთ ეკლესიის სისავსის გადაწყვეტილებას. ამ დროს უნდა შევადაროთ ეს შეხედულება ძველ, სხვადასხვა დროსა თუ სხვადასხვა ადგილას მყოფ მამათა სწავლებას, მამებისა, რომლებიც უთუოდ იმყოფებოდნენ რწმენასა და კათოლიკე ეკლესიის ერთობაში, იყვნენ პატივცემული, ღირსეული მასწავლებლები. თუ აღნიშნული საკითხის შესახებ არა ერთს ან ორს, არამედ ყველას ერთსულოვნად ეპყრათ მართებული სწავლება, წერილობით გადასცემდნენ, იუწყებოდნენ ღიად, ხშირად, მტკიცედ, მაშინ გულისხმავყოთ, რომ ამ სწავლებას უნდა დავუჯეროთ უყოყმანოდ, უეჭველად".5

   წმ. ბიკენტი ლირინელი მკაცრად ამხელს მათ, ვინც მზაკვრულად, სათავისოდ იყენებს წმ. მამათა ცალკეულ შეხედულებებს: „მზაკვრობად უნდა მივიჩნიოთ მიდგომა ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი ერესის გავრცელება შენიღბულად განიზრახეს, როდესაც რომელიმე ძველი მამის, ერთი შეხედვით, ბუნდოვნად თქმული, ნაკლებად ცნობილი თხზულება თავიანთი სწავლებისთვის ხელსაყრელად წარმოაჩინეს, თითქოსდა რასაც ისინი ქადაგებენ, მარტო მათი მოსაზრება არ იყოს".6

   სწორედ ამ მზაკვრულ მეთოდს იყენებენ მარჯვედ ზოგიერთები. რომელიმე წმ. მამის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, მკაფიოდ ჩამოუყალიბებელი ან, გნებავთ, კერძო აზრი მათ სათავისოდ, თავიანთი მცდარი შეხედულების არგუმენტად აქვთ მოშველიებული. მავანი სარგებლობს, რომ დოგმატური ღვთისმეტყველების ენა რთულია, რომ საღვთისმეტყველო საგნები გონებისთვის ადვილმისაწვდომი არ არის და... ყოველივეს სათავისოდ განმარტავს. მაგრამ წმ. მამათა სწავლების ზედმიწევნით განხილვა მავანის მიერ წარმოდგენილისაგან სრულიად განსხვავებულ სურათს წარმოაჩენს ხოლმე.

   მოგვყავს წმ. ბიკენტის საგულისხმო სიტყვები: „ზოგიერთ წმინდა მამას შესაძლოა აქვს კერძო აზრი, რომელიც არ შეესაბამება ეკლესიის კრებსით ცნობიერებას. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც სათავისოდ იყენებენ ამ აზრს, ორმაგად იმსახურებენ გაკიცხვას, ვინაიდან: წმინდანის აზრი, რომელიც კრძალვით უნდა დაეფარათ, წარმოაჩინეს კვლავ. ასეთები თავიანთი მასწავლებლის - ქამის კვალდაკვალ დადიან, რომელმაც არათუ დაფარა მამის (ნოეს) სიშიშვლე, არამედ სხვებსაც უამბო ამის შესახებ, რითაც შთამომავლობით წყევა დაიმსახურა".7

   როგორც ვხედავთ, წმინდა მამები ქამის ცოდვად მიიჩნევდნენ წმ. მამის იმ აზრის ციტირებას, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის მიერ არ იყო აღიარებული. ე.ი. თუ რომელიმე წმ. მამას რაიმე კონკრეტულ საკითხზე კერძო აზრი გააჩნია, არ ეგების მისი სათავისოდ გამოყენება. ყველა ან უმრავლესი წმ. მამის საღვთისმეტყველო აზრს, დოგმატურად დადასტურებულს ეკლესიის მიერ, მართლმადიდებელ ეკლესიაში consensus partum ანუ წმ. მამათა ერთსულოვანი გადაწყვეტილება ეწოდება. (გაგრძელება...)

 

 

 

 

5Рассуждение о вере. Св. Викентия Лиринского. Пресвитера и монаха Лиринского монастыря, писанное в 434 г.

6იქვე. Св. Викентия Лиринского.

7იქვე. Св. Викентия Лиринского.

 

 

  

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება