მთავარი > თანამედროვე მამები, სიყვარული, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარულის დეფიციტი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
სიყვარულის დეფიციტი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)21-06-2017, 00:02 |
ადამიანებს სხვადასხვანაირი ხასიათი, გემოვნება და მოთხოვნილებები აქვთ: ის, რაც ერთისთვის ცხოვრების მთავარი მიზანია, მეორისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, და პირიქით. მაგრამ არსებობს ერთი რამ, რაც მატერიის საზღვრებს სცდება, რაც ყველა ადამიანს ასე ძალიან სურს, თუნდაც აშკარად არ ამხელდეს ამას და ეს მისი გულის საიდუმლო იყოს. ის, რაც ყოველ კაცს ასე სჭირდება, სიყვარულია. სიყვარულია სწორედ ის გრძნობა, იდუმალი და საოცარი, რომლის კალთაში სულის გათბობაც ყოველ ჩვენთაგანს, მკვლელიც რომ იყოს, ასე სწყურია. ადამიანის ღვთისადმი სიყვარული მისი უმაღლესი ფორმაა. ყველაზე სრულყოფილად და უშუალოდ ეს გრძნობა მონაზვნობაში ვლინდება. მონაზვნისთვის ღვთისადმი სიყვარული მთელი მიწიერი ცხოვრების ქვაკუთხედია. ამ სიყვარულმა არ იცის არც სიყალბე, არც ღალატი; ის თუმცა ბევრს ითხოვს, მაგრამ სანაცვლოდაც უხვად გასცემს. ღვთისადმი სიყვარულის დაკარგვამ მთელი კაცობრიობა გააუბედურა, ხოლო ცივილიზაციის ყველა მიღწევა სულების ”სასაფლაოზე” აღმართულ ობელისკებად აქცია. ბედნიერი ადამიანი ცოტაა დღეს. მუდმივი შინაგანი დაუკმაყოფილებლობა, მიტოვებულობისა და მარტოსულობის განცდა თანდათანობით ღვარძლში გადაიზრდება და ნგრევისა და განადგურების ჟინად ტრანსფორმირდება. გარეგნულად ეს ყველაფერი სხვადასხვა ფორმით ვლინდება: ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმში, ოჯახურ სადიზმში, ნაციონალიზმში, საკუთარ წრეში ტირანიის გამოვლინებაში, სისასტიკის უაზრო აქტებსა და გესლიან დაცინვაში, ადამიანი თითქოს ჯავრს იყრის სხვებზე და თავის თავზე. გარდა ამისა, ადამიანს სულიერი სიცარიელე და გარშემომყოფთა ემოციური სიცივე მუდმივ დაძაბულობას ქმნის. ადამიანი სულ მუდამ მორალურ დარტყმებს მოელის მისთვის ყველაზე ახლობელი ადამინებისაგან. თავის დაუცველობისა და უმწეობის შეგრძნება მთელ რიგ ფსიქიკურ დაავადებათა კომპლექსს წარმოშობს. ადამიანს თითქოს სურს, გაექცეს რეალობას და სნეულებას შეაფაროს თავი. პიროვნებებისა და მთელი საზოგადოების სულიერი სიცარიელე ადამიანს ან პრიმიტიულ არსებად აქცევს, რომელსაც არანაირი ზნეობრივი საყრდენი არ გააჩნია და, არსებითად, ძალიან უბედურია, ან მოძალადედ ხდის მას, ან ადამიანად, რომელიც ამქვეყნად ისე გრძნობს თავს, თითქოს ნადირით სავსე ტყეში ცხოვრობდეს - სულ ეშინია და სულ უბედურებას მოელის. ჩვენი საზოგადოება მძიმედ დასნეულებული და ძალზედ უბედურია. ჩვენ ვთვლით, რომ ინტერესებისა და დეპრესიების სათავე ეგოცენტრიზმი და სიყვარულის დეფიციტია. უმაღლესი სიყვარული - სიყვარული ღვთისადმი უკვე თითქმის დაკარგულია და მისი მოპოვება მხოლოდ ცოდვებთან და ვნებებთან ბრძოლით არის შესაძლებელი. გარდა მონაზვნობისა, რომელიც თავისი არსით ღვთისადმი სიყვარულია, არსებობს სხვაგვარი სიყვარულიც; იგი ქრისტიანულ ოჯახში აისახება ანარეკლივით. სახარების პრინციპებზე, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახი, რომელსაც მხოლოდ რწმენა აერთიანებს, ცოცხალ ოაზისს ჰგავს მკვდარ უდაბნოში - ჩვენს უსულგულო პანტექნოლოგიურ ცივილიზაციაში. თუ ეკლესია უზარმაზარი ცეცხლოვანი სვეტია, მაშინ ქრისტიანული ოჯახი ამ ცეცხლისგან დანთებული პატარა სანთელია. პავლე მოციქული ოჯახს სახლის ეკლესიას უწოდებს. ოჯახში ინერგება პასუხისმგებლობის გრძნობა და თავმდაბლობა. ოჯახის წევრები ერთმანეთს ემსახურებიან. ქრისტიანულ ოჯახს რწმენა, ლოცვა და გულმოწყალება უნდა აერთიანებდეს. იგი პირველი სკოლაა ქრისტიანი ბავშვებისათვის. ეშმაკი ოჯახის დანგრევას ცდილობს, ისევე, როგორც ეკლესიისას - გარედანაც და შიგნიდანაც. მას სურს, ან საერთოდ მოსპოს ოჯახი, როგორც ადამიანთან ურთიერთობის ფორმა, ან გარეგნული ნიშნები შეუნარჩუნოს მას; მაგრამ, სამაგიეროდ, მოაკვდინოს ოჯახის სული - ქრისტიანული სიყვარული და სულიერი სითბო, რომელთა გარეშეც ცხოვრებას აზრი ეკარგება და ტრაგედიად იქცევა. ოჯახი ღვთისაგან კურთხეული კავშირია, შექმნილი როგორც ადამიანების ერთმანეთისადმი თანადგომისთვის, ისე კაცთა მოდგმის გასამრავლებლად. ოჯახის განადგურების ყველაზე საზარელი ფორმაა მშობლების მიერ თავიანთი შვილების გაჟლეტა. ეს კი ღვთის ნების უარყოფაა, ოჯახის იდეისა და არსის დამახინჯებაა, და ამგვარი ოჯახი, სახლის ეკლესიის ნაცვლად, ავაზაკთა ბუნაგად გადაიქცევა. უფალმა ბრძანა: ”გამრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სყუარული მრავალთაჲ” (მათ. 24.12). ორ მკვლელს არ ძალუძს ერთმანეთის არც სიყვარული, არც პატივისცემა. ამიტომ მათი ურთიერთობა გადაგვარების საფრთხის წინაშე დგას. ის ან ოჯახურ ეგოიზმში გადაიზრდება - ოჯახის წევრები ერთმანეთს საჭირო ინსტრუმენტებად აღიქვამენ - ან შიშველ სექსად და აღვირახსნილობად იქცევა, რომელსაც ვერც ბედნიერება მოაქვს კაცისთვის, ვერც სითბო, ვერც სიყვარული. შვილების მკვლელობა ცოლ-ქმრული სიყვარულს ანადგურებს და ოჯახი იშლება, თითქოს ორად იხლიჩება. ეგოიზმი შინაგანი ბრძოლაა, რომელიც ოჯახში ძალაუფლებისა და საკუთარი პრივილეგიებისთვის მიმდინარეობს, ბავშვის მკვლელი მეუღლეები ერთმანეთს ზნეობრივად ანადგურებენ. ჩვილის მკვლელობა ჯოჯოხეთის ბნელ და ბოროტ სულებს იზიდავს. ასეთ ოჯახებში შავი დემონური ენერგიის არე იქმნება, რომელიც თრგუნავს ადამიანის სულს და თითქოს დევნის მას იმ ადგილიდან. ხშირად მეუღეებს ყოვლად გაუგებარი მრისხანება იპყრობს ერთმანეთის მიმართ და ისინი არარსებულ ბედნიერების ძებნას ოჯახის გარეთ იწყებენ. ბიბლიაში უფალი საოცარი სიტყვებით მიმართავს მკვლელ კაენს: ”ხმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენდა მომართ ქუეყანით” (დაბ.4,10). უდანაშაულო ბავშვების სისხლი აბელის სისხლივით შეჰღაღადებს ცას. მკვლელები მხოლოდ საუკუნო ცხოვრებაში როდი ისჯებიან, ისინი საზღაურს ამქვეყნადაც იღებენ. გასვრილი სინდისი ყველაზე მთავარს - სულიერ სიმშვიდესა და სიხარულს ართმევს ადამიანს. მხოლოდ სინანულის გზით ძალუძს სულს მათი დაბრუნება. მსოფლიო ლიტერატურაში ასახული ძველი გადმოცემები მოგვითხრობენ, სინდისის როგორ ქენჯნასა და შინაგან ტანჯვას გრძნობს მკვლელი. შესაძლოა, ახლა უკვე ასე ემოციურად აღარ განიცდიან ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ადამიანის სისხლი სისხლის წილს ითხოვს უწინდებურად. მკვლელები ამჟამადაც კლავენ საკუთარ სულებს და შინაგან სიცივესა და სიცარიელეში ცხოვრობენ. ბოროტმოქმედების სტატისტიკა არა მხოლოდ ოჯახების დანგრევის სტატისტიკასთან არის მჭიდრო კავშირში, არამედ ფსიქიკურ დაავადებათა მაჩვენებლის პირდაპირპროპორციულიცაა.
წიგნიდან ”სულის უდაბნო” Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |