მთავარი > ჰუმანიზმი, მთავარი გვედის ფოტო > სიკეთე და ბოროტება ჰუმანიზმის თვალთახედვით (ნაწილი II)
სიკეთე და ბოროტება ჰუმანიზმის თვალთახედვით (ნაწილი II)2-06-2017, 00:03 |
ბოროტების მიერ ადამიანის ბუნების დაზიანება, არ არის რაღაც თეორიული ვარაუდი, არამედ დაკვირვების შედეგად დადასტურებული ფაქტია. ამ ფაქტს წმინდა მამების გარდა საერო ფილოსოფოსებიც ადასტურებენ. მაგალითად, კანტის აზრით, ადამიანში არის ბუნებრივი მიდრეკილება ბოროტებისკენ... ეს ბოროტება რადიკალურია, რადგანაც ანადგურებს ყოველგვარი მაქსიმუმის საფუძვლებს. ამავე დროს, როგორც ბუნებრივი მიდრეკილება შეუძლებელია დაძლეულ იქნეს მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, ადამიანი ვერ დაუდგენს კაცობრიობას სიკეთისა და ბოროტების კრიტერიუმს. რამეთუ თვითონ არის დაზიანებული ცოდვით, ანუ ბოროტებით. თუ ჩვენ ადამიანს დავაყენებთ ეტალონად, გამოდის, რომ ეს ეტალონი დეფექტს შეიცავს. დაახლოებით იგივეა, რომ ვენდოთ უზუსტო საათს ან სასწორს. ჰუმანიზმის მიმდევრები იძულებულნი არიან უარყონ ადამიანის ბუნების დაცემულობა, რადგან ამ შემთხვევაში კარგავენ თავიანთი მსოფლმხედველობის საფუძვლებს. ისინი მზად არიან აღიარონ ბოროტების ცალკეული გამოვლინებები, მაგრამ არა ადამიანის ბუნების არსებითი დაზიანება, - ამ შემთხვევაში მათი იდეოლოგიის უსუსურობა მათთვისაც კი აშკარა გახდებოდა. თუ ექიმი ქირურგიულ ოპერაციას გააკეთებს დაბინძურებული ინსტრუმენტით, რაგინდ პროფესიონალურად არ უნდა შეასრულოს მან ეს ოპერაცია, შედეგად, ავადმყოფი დამატებით დაავადებას შეიძენს. ამიტომაც ყველა ინსტრუმენტი სათანადო დეზინფექციას საჭიროებს ვირუსებისა და მიკროორგანიზმებისაგან დასაცავად. ასევეა ადამიანის მიერ გაკეთებული ყოველი კეთილი საქმე. ცოდვით დასნეულებული იგი „ვირუსის", ანუ ბოროტების მატარებელია. სამედიცინო ინსტრუმენტი თავისი თავის დეზინფექციას ვერ მოახდენს, მაგრამ ამას იოლად გააკეთებს ადამიანი, რომელმაც შექმნა ინსტრუმენტი. ბუნებრივია, ადამიანის „დეზინფიცირება", ანუ ბოროტებისაგან გაწმენდა, მხოლოდ მის შემოქმედს შეუძლია. თანამედროვე მსოფლიოში მიჩნეულია ნორმად ის, რაც ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინ იყო მიუღებელი. ჰუმანიზმის იდეებმა რეალიზება ჰპოვა ეგრეთ წოდებულ „ადამიანის უფლებებში", რაც, არსობრივად, სხვა არაფერია თუ არა ცოდვის ჩადენის გამო დაუსჯელად დარჩენის უფლებებისთვის ბრძოლა. მუცლად მყოფ ჩვილთა კვლა ორსულობის შეწყვეტის უფლებად ითვლება. ჰომოსექსუალიზმს - თავისუფალი სიყვარულის უფლებად წარმოგვიდგენენ. მშობლების მიმართ დაუმორჩილებლობას - ბავშვის უფლებად აცხადებენ და ა.შ. ამრიგად, დაივიწყა ღმერთი ადამიანმა და იმედი თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევებზე დაამყარა. სკანირებს სიკეთისა და ზნეობის მის მიერ შექმნილ ნორმებზე, რაც არსობრივად ცოდვის ლეგალიზაციაა. 1960 წლამდე ცივილიზებული ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი დანაშაულად ითვლებოდა. „ერთსქესიანთა ოჯახების" შესახებ სერიოზულად არც არავინ საუბრობდა. მშობლებისადმი მორჩილება კი აბსოლუტურ ნორმად ითვლებოდა. მაგრამ, მას შემდეგ რაც ადამიანმა უარყო ქრისტე სიკეთისა და ბოროტების ცნებების განმარტებამ სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადა. ამ სიტყვების ჭეშმარიტი განსაზღვრება შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეში. წმ. ტიხონ ზადონელი ამბობს: „ქრისტეს ნათელით განათებული სული შეიცნობს სიკეთეს, გაუნათებელი კი - ვერ დაინახავს მას." ზოგიერთი ადამიანი არ დაგვეთანხმება და იტყვის, რომ ადამიანის ბუნებას ახასიათებს არა მარტო ბოროტება, არამედ უმეტესად სიკეთე. ჩვენ ვიცით უამრავი მაგალითი არამართლმადიდებელთა თავდადებული ქმედებებისა. დიახ, ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ამ ხატების ერთ-ერთი თვისება არის სიყვარული. წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობს: „გული თავისი არსით სიკეთის საგანძურია - ბოროტება მოგვიანებით შემოვიდა". ანუ, არსებობს ბუნებრივი სიკეთე, სულის ბუნებრივი თვისება - უყვარდეს და ილტვოდეს სიკეთისკენ. სულის ამ ბუნებრივ თვისებებზე საუბრობენ ჰუმანისტები, ათეისტები, მორალისტები, კომუნისტები, ფილოსოფოსები და სხვანი. მათ სჯერათ, რომ ადამიანს შეუძლია იყოს კეთილი ღვთის გარეშე. ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უარყოფენ ადამიანის ბუნების აშკარა მიდრეკილებას ბოროტებისკენ, რაც თანდათანობით ხრწნის მის სულს. მართლმადიდებლებს კი გვწამს, რომ ამ წყლულის განკურნება შეუძლია მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს. რას შეიძლება შევადაროთ ჰუმანისტების ბუნებრივი სიკეთე? ალბათ პირველყოფილ ცხოველურ სიკეთეს. კეთილი ქმედებები შეინიშნება უამრავ ცხოველში. მაგალითად ძაღლები ერთგულად და პატიოსნად ემსახურებიან თავიანთ პატრონს. ცნობილია ძაღლების მიერ ჩადენილი მრავალი თავდადების მაგალითი. ისინი სიხარულს გამოხატავენ მეპატრონის მიმართ, არ ცრუობენ, არ იპარავენ, სიკვდილამდე ერთგულნი არიან. მაგრამ ეს სიკეთე არ ხდის ცხოველებს სამოთხის ღირსად და მას ვერ შევადარებთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიკეთეს. აქ დროულია ჰუმანიზმის შესახებ ღირსი იუსტინე პოპოვიჩის შეფასება მოვიყვანოთ: „თუ ვამბობთ, რომ არ გვაქვს ცოდვა, - ვატყუებთ საკუთარ თავს, და ჭეშმარიტება არ არის ჩვენთან". „როგორც ქრისტესაგან მოგვეცა ნათელი, ასევე ცოდვისაგან იშვა სიბნელე. ცოდვის სიბნელე ვრცელდება ყველა ადამიანზე. ერთადერთი ადამიანი, რომელიც სრულიად თავისუფალია ცოდვისაგან, რომელიც არის „ჭეშმარიტი ნათელი მოსული სოფლად", არის - ღმერთკაცი იესო ქრისტე". ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ის იტყუებს საკუთარ თავს. სხვაგვარი წარმოდგენა ადამიანზე არის მცდარი და სწორედ ასეთია ჰუმანიზმი. იგი აღმერთებს ადამიანს, რომელიც ცოდვების გამო უწმინდურია. ჰუმანიზმი არის კერპთაყვანისმცემლობა, უფრო სწორად, კერპთაყვანისმცემლობის ყველაზე ამაზრზენი სახე - ადამიანთთაყვანისმცემლობა. ჰუმანიზმი იმდენად ქედმაღლურად და პატივმოყვარედ აღმერთებს ადამიანს, რომ უარყოფს თვით ცოდვის არსებობას. „ცოდვა არ არსებობს" - ეს არის ჰუმანიზმის უდიდესი მიღწევა. რეალურად კი ადამიანის ნაკლოვანებებს და დაცემებს საზღვარი არა აქვს; ომები, ძალადობა, მკვლელობები, ტრაგედიები, ტერაქტები და ა.შ დასტურია ადამიანში ნეგატიური და დამღუპველი ძალების არსებობისა. რაც სხვა არაფერია, თუ არა ცოდვის ძალა. ჰუმანიზმი კი ამ ძალას საკუთარ თავზე მინდობას უპირისპირებს. არ არსებობს იმაზე უფრო ტრაგიკული განმარტება ადამიანის დანიშნულებისა და ცხოვრების აზრისა ვიდრე ჰუმანიზმია, ამიტომ ყოველი მისი მიმდევარი დაღუპვისაკენ მიემართება. ამრიგად, ადამიანის სული საწყისიდანვე მიილტვის ღვთისკენ, სიყვარულისა და სიკეთისაკენ, მაგრამ, ამავე დროს, იგი დაზიანებულია ცოდვის სიმძიმით, ბოროტებით. თვითონ ბოროტება არის ღვთის ნებისა და კანონებისადმი წინააღმდეგობა. ნებისმიერი ბოროტება ყოველთვის არის კონკრეტული პიროვნების თავისუფალი არჩევანი. ბოროტება ამახინჯებს თვით სიკეთის ცნებას, და მისი აღმოფხვრა ადამიანის სულიდან შეუძლია მხოლოდ ღმერთს. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გვასწავლის: „ასეთია ქრისტეში ცხოვრების კანონი. თუ ადამიანი უპირველესად არ შეიმოსება ქრისტესმიერი მადლით, და შემდეგ არ ცხოვრობს ქრისტიანულად, ის ამაოდ შრომობს. ფუჭია მისი სიკეთეც და ტანჯვის გადატანაც... ყოველი ადამიანის უპირველესი საზრუნავი არის ღვთის მადლის მოხვეჭა, ქრისტეს რწმენის, იმედის, სინანულის, აღსარებისა და ლოცვის საშუალებით". მადლი არ მიენიჭება მას, ვინც განეშორა ღმერთს, ეკლესიას, საიდუმლოებს. ამიტომ, ნუ ცდუნდებით ძმანო და დანო - ღვთის მადლის გარეშე, რომელსაც ძალუძს ჩვენი სულის ფერისცვალება, შეუძლებელია სიკეთე, სიყვარული, თავისუფლება და მით უფრო ცხონება.
Источник: Альманах „Православие" თეიმურაზ ქრისტინაშვილი მოამზადა დავით ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |